გადაწყვეტილება №23599/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2024
№ დოკუმენტი 23599/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23599/2/2024

16 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 31.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23599/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2024 წლის №072-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.07.2024 წლის №17583 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 799 599,13 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 428 601

დღგ - 90 133

საშემოსავლო გადასახადი - 338 468

ჯარიმა - 213 785

საურავი - 157 213,13

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით.

აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

14.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა შეტყობინება საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული საბუღალტრო მონაცემები, არც სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ცნობები საბანკო ანგარიშების შესახებ. მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარდგენის გამო გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ გადამხდელის მიერ გამოწერილი და მიღებული ანგარიშფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა როგორც ერთობლივი შემოსავალი, ასევე ხარჯები. ასევე, სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია.

საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი საბაჟო დეკლარაციების და მათი დანართების, ასევე სხვა ელექტრონულ მასალებზე (მათ შორის, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) დაყრდნობით და რეპორტალზე წარდგენილ ანგარიშგებებში ასახული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრულ იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება, ხოლო აღნიშნულის და დოკუმენტით რეალიზებული საქონლის შესაბამისად განხორციელდა თითოეული იდენტიფიცირებადი საქონლის ფასნამატის განსაზღვრა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. არაიდენტიფიცირებად საქონელზე, ან ისეთ საქონელზე, რომლის შესაბამისი სარეალიზაციო დოკუმენტი გამოწერილი არ ყოფილა, განსაზღვრულ იქნა ფასნამატი შესაბამისი საქონლის ჯგუფიდან გამომდინარე. მიღებული ფასნამატებით განისაზღვრა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელსაც გამოაკლდა გაწეული ხარჯის ოდენობა, ასევე გათვალისწინებული იქნა ფინანსურ ანგარიშგებებში მითითებული დებიტორ-კრედიტორის ნაშთები და გაანგარიშებულ იქნა თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2024 წლის №072-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.07.2024 წლის №17583 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადასახადის გადამხდელს 12.07.2024 წელს გაეგზავნა №21-04/------ წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა არგუმენტები დარიცხვის უსწორობასთან დაკავშირებით. მომჩივანი წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო მიმდინარე წლის 15 ივლისს და დაზუსტებული საჩივარი წერილით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, 41-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 51-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 267-ე მუხლზე, 268-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ ეს მიდგომები დარღვეულია. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. კონკრეტულად არ დაადგინა როგორ იმოქმედა ინვენტარიზაციის შედეგებმა კომპანიის მხრიდან საგადასახადო დეკლარირებაზე. საქართველოს ფინანასთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.

დავის ეტაპზე გამოთხოვილია ინვენტარიზაციის მასალები და ინვენტარიზაციით გამოვლენილია დანაკლისი, რომელიც საერთოდ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლინება ცვლის ჯარიმების დარიცხვის რეგლამენტს, დანაკლისის ფარგლებში გამოვლენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულება, აღარ არის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ჯარიმის დაკისრების საფუძველი. რეალურად ინვენტარიზაციის შედეგები ასახული იქნა კომპანიის მიერ დანაკლისის აღმოჩენის პერიოდის მიხედვით დეკლარაციაში, რაზეც განმეორებით დარიცხვების განხორციელება აშკარად საგადასახადო კოდექსის დარღვევაა.

ასეთ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო მხოლოდ ჯარიმის 10%-ის დარიცხვა. საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში აქტში აღნიშნულია, რომ დარიცხული თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორებზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. რეალურად ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის ფაქტიური ნაშთების მიხედვით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შემმოწმებელმა გადაანაწილა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების პერიოდის პროპორციულად. ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაბეგრა პერიოდის ბოლოს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი არა მარტო არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, ასევე არ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. რეალურად აღნიშნულ შემთხვევაში გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა საბაზრო ფასით, შესაბამისად მასზე შეიძლება გავრცელებულიყო მხოლოდ 10%-იანი ჯარიმა. კომპანიას დოკუმენტურად აქვს ხე-ტყის ახალი აღრიცხვის მოდულიდან ინვენტარიზაციის ჩატარებამდე ჩამოწერილი როგორც დანაკლისი და დაბეგრილი დღგ-ით, მოგების და საშემოსავლო გადასახადებით, რაც აუდიტორისთვის ცნობილი იყო და მოახდინა ხელმეორედ დარიცხვა.

მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება 29.05.2024 წლის №072-5 საგადასახადო მოთხოვნის (ასევე აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2024 წლის №12562 ბრძანების), 21.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის და შემოსავლების სამსახურის 29.06.2024 წლის №17583 ბრძანების ბათილად ცნობის (სრულად გაუქმების) შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საბუღალტრო მონაცემები და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივანი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილის, 41-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილების, 51-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილების, 267-ე მუხლის, 268-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრის საფუძველი არ არსებობს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ფინანსური ანგარიშგებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონოდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების 2020 წლის საწყისი ნაშთი. ამავდროულად ხე-ტყის რეალიზაციის დროს დოკუმენტში ეთითებოდა შეძენის დოკუმენტის ნომერი და აღნიშნული ნომრებითაც დასტურდებოდა, რომ ხანდაზმულ პერიოდში შეძენილ მასალას ყიდდა შესამოწმებელ პერიოდში, რითაც დასტურდება, რომ ნამდვილად ჰქონდა საწყისი ნაშთი. აღნიშნულით გაიზარდა რეალიზებული საქონლის რაოდენობა.

საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია მართებულად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ასევე მართებულია თავისუფალი ფულადი სახსრების სახელფასო განაცემად ჩათვლა, ვინაიდან შემოწმებით დადგენილი დამატებით შემოსავლების გამოყენების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, მომჩივნის საგადასახდო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

14.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა შეტყობინება საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული საბუღალტრო მონაცემები, არც სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ცნობები საბანკო ანგარიშების შესახებ. მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარდგენის გამო გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ გადამხდელის მიერ გამოწერილი და მიღებული ანგარიშფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა როგორც ერთობლივი შემოსავალი, ასევე ხარჯები. ასევე, სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია.

საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი საბაჟო დეკლარაციების და მათი დანართების, ასევე სხვა ელექტრონულ მასალებზე (მათ შორის, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) დაყრდნობით და რეპორტალზე წარდგენილ ანგარიშგებებში ასახული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრულ იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება, ხოლო აღნიშნულის და დოკუმენტით რეალიზებული საქონლის შესაბამისად განხორციელდა თითოეული იდენტიფიცირებადი საქონლის ფასნამატის განსაზღვრა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. არაიდენტიფიცირებად საქონელზე, ან ისეთ საქონელზე, რომლის შესაბამისი სარეალიზაციო დოკუმენტი გამოწერილი არ ყოფილა, განსაზღვრულ იქნა ფასნამატი შესაბამისი საქონლის ჯგუფიდან გამომდინარე. მიღებული ფასნამატებით განისაზღვრა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელსაც გამოაკლდა გაწეული ხარჯის ოდენობა, ასევე გათვალისწინებული იქნა ფინანსურ ანგარიშგებებში მითითებული დებიტორ-კრედიტორის ნაშთები და გაანგარიშებულ იქნა თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №072-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №17583 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია მართებულად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ასევე მართებულია თავისუფალი ფულადი სახსრების სახელფასო განაცემად ჩათვლა, ვინაიდან შემოწმებით დადგენილი დამატებით შემოსავლების გამოყენების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, მომჩივნის საგადასახდო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“); 164(1);