ბრძანება N 1804

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.02.2023
№ დოკუმენტი 1804
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1804

03.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის:----------)

2022 წლის 15 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს ,,-----“ (ს/ნ-----) №77298/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 18 ნოემბრის №EL191455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11116/28 (№001-28) საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდა მძღოლი და განუცხადა რომ ტვირთი იმყოფებოდა მწვანე დერეფანში, შესაბამისად წარმომადგენელმა მისცა დანიშნულება, თუ სად უნდა მოეხდინა ტვირთის ტრანსპორტირება. ნაწილი ტვირთის გაიყიდა, ხოლო ნაწილის გადაზიდვა მოხდა ობიექტზე, რაც დასტურდება კომპანიის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით. რადგან დეკლარაციის შეფასება პორტალზე არ მოხდა გადაწყდა გადაეხადათ კუთვნილი დღგ და აეტვირთათ განცხადება დეკლარაციის შეფასებასთან დაკავშირებით, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღეს. მოითხოვეს მანქანის საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადება, რადგან ტვირთი ყვითელ დერეფანში ყოფილა მოქცეული. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიას ამ დრომდე არ გააჩნდა. აღნიშნულის შესახებ გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისში“ წარადგინა განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ მძღოლის მიერ მოხდა მისი შეცდომ აში შეყვანა. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 12 ნოემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით საქართველოში შემოვიდა №----- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებოდა №----- (9.11.2022) საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე წინასწარ დეკლარირებული შპს „-----“ კუთვნილი საქონელი (-----). აღნიშნულ დეკლარაციას განესაზღვრა „ყვითელი“ დერეფანი, რის შემდეგაც კონტროლის განხორციელების მიზნით საქონელი გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ის დანიშნულებით.

2022 წლის 16 ნოემბრის შპს „------“ წარმომადგენელმა საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №------21-10-22 განცხადებით, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გეზ „-----“-ისა გამოცხადდა ქალაქ ----- მდებარე საწყობში (-----) სადაც განხორციელდა იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის განკარგვა.

2022 წლის 17 ნოემბერს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „------“ საწყობში განთავსებული №----- საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კომპანიის მიერ კი საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადებები) წარდგენილი არ ყოფილა.

ვინაიდან შპს ,,-----'' მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე 2022 წლის 18 ნოემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,-----''-ის უფლებამოსილი პირის მიერ შედგა №EL191455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზე შპს ,,------'' დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 13 470.31 ლარის ოდენობით. ამასთან 2022 წლის 18 ნოემბერს გამოიცა №EL11116/28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს ,,-----'' გადასახდელის სახით დაერიცხა 13 484,01 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია:

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს;

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ არსებობს უკანონოდ განკარგული/დაკარგული/განადგურებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, იწვევს დაჯარიმებას იმავე ან იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირველადი საგადასახადო დოკუმენტით შესაძლებელია სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელების ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევის შედეგად უკანონოდ განკარგული საქონლის იდენტიფიცირება, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის გამოყენება შესაძლებელია ამ იდენტიფიცირებულ საქონელზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზნით, უკანონოდ განკარგულ საქონელთან მიმართებაში საჭიროებს დამატებით შესწავლას. მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს მითითებულ ვადაში მომჩივნის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს, გაანალიზოს და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იდენტიფიცირებულ საქონელზე, რომელზეც არსებობს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განახორციელოს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო საბაჟო დეპარტამენტს, თავის მხრივ დაევალოს მითითებულ ვადაში გადამხდელის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს, გაანალიზოს და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იდენტიფიცირებულ საქონელზე, რომელზეც არსებობს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განახორციელოს 2022 წლის 18 ნოემბრის №EL191455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი სადავო აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე 2022 წლის 18 ნოემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა. ამასთან 2022 წლის 18 ნოემბერს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელის სახით დაერიცხა 13 484,01 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზნით, უკანონოდ განკარგულ საქონელთან მიმართებაში საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163; 172(2);