გადაწყვეტილება №24578/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.03.2025
№ დოკუმენტი 24578/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24578/2/2025

14 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----ის 7.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24578/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის №056-25 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26516 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 126 792.04 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 75 797 დღგ - 62 307

საშემოსავლო გადასახადი - 13 350

ქონების გადასახადი - 140

ჯარიმა - 37 013

საურავი - 13 982.04

 

ფაქტების აღწერა

მეწარმის საქმიანობაა ჩინეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ბავშვის ტანსაცმლის რეალიზაცია ე.წ. ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2004 წლის 30 აგვისტოს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2011 წლის 29 აპრილს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3445 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 15 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია მოთხოვნილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის ნაწილი. შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანი არ ახორციელებს შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ფლობს მცირე მეწარმისთვის სავალდებულო აღრიცხვის ჟურნალს. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 707 393 ლარს დღგ-ის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. 2024 წლის 21 მარტს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 156 892 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, გაიზარდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი, დაკორექტირდა 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური დეკლარაციები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 89-ე მუხლების საფუძველზე და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის №12490 ბრძანება და №056-25 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 126 792 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 30 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 24 ივლისის №17380 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 26.08.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.11.2024 წლის №23808/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17380 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 17 დეკემბრის №26516 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 90-ე, 93-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს მცირე მეწარმისთვის სავალდებულო აღრიცხვის ჟურნალს და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 21 მარტს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 156 892 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი. შემოწმების მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმის სარეალიზაციო ფასნამატი (განხილულ იქნა კრიტერიუმები: დასაბეგრი ბრუნვა, ტერიტორიული ერთეული, საქონლის დასახელება და ხარისხი, იმპორტირებული საქონლის ოდენობა). შემოსავლების სამსახური, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, C--- საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების არასწორად განსაზღვრასთან და მის მიერ წარდგენილ ინვოისთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დეკლარაციის მიხედვით ჩინეთიდან იმპორტირებული საქონელი შეფასებულია საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტის მიერ და დადგენილია საქონლის საბაზრო ღირებულება. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების სწორად განხორციელების მიზნით, პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლისას შემოწმებამ გაითვალისწინა საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი საქონლის ფასი.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად იყო განსაზღვრული თურქეთიდან იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებაც. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივანი

მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით. აღნიშნული სტატუსით მოსარგებლე პირები შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვისთვის ვალდებულნი არიან ისარგებლონ საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლით განსაზღვრული პრინციპებით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №999 ბრძანებით განსაზღვრულია აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოების წესი, რომელის მიხედვითაც საჭიროა დაფიქსირდეს შესყიდვები, რაოდენობის და თანხის მითითებით. გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა ხორციელდება ძირითადად იმპორტის გზით. შესაბამისად, ყველა შეძენა დადასტურებულია დოკუმენტურად.

„აღრიცხვის სპეციალური ჟურნალისთვის“ საჭირო მონაცემები მეწარმის მიერ აღრიცხულია ექსელის ფაილებში. ამასთან, აუდიტორის მიერ არ მომხდარა კონკრეტულად „აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის“ მოთხოვნა. შესაბამისად, მომჩივნის სააღრიცხვო დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რომელიც განსაზღვრულია მცირე ბიზნესის სტატუსით მოსარგებლე პირისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლებს არ ქონდათ სამართლებრივი საფუძველი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის პერიოდში შემოსავლები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გარდა აღნიშნული გარემოებისა, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა. კერძოდ, 2023 წლის 25 აგვისტოს C--- საბაჟო დეკლარაციით საქონლის შემოტანისას საბაჟო ორგანოს მიერ ექსპერტიზის საფუძველზე აფასებულია საქონლის ღირებულება და შეფასებულია 388 339,59 ლარად, მაშინ როცა ინვოისით მისმა ღირებულებამ შეადგინა 122 315 ლარი. შესაბამისად, არასწორად მოხდა რეალიზებული პროდუქციის ღირებულების განსაზღვრა (არასწორად არის განსაზღვრული შეძენები და საბოლოო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, ნაცვლად 110 188 ლარისა შემმოწმებელს განსაზღვრული აქვს 271 013 ლარი). გარდა აღნიშნული ფაქტისა, შემმოწმებლებს შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით დადგენისას გამოყენებული აქვს რევიზირებული მესამე პირის ფასნამატი - 64%. 2024 წლის 26 მარტს ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად მეწარმის ფასნამატმა შეადგინა 20%.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების მეთოდური მითითების თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების განსაზღვრისას პირველ რიგში გამოიყენება გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციისას დადგენილი ფასნამატი, შემდგომ მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგენილი ფასნამატი და მხოლოდ შემდგომ რევიზირებული მესამე პირის ფასნამატი. მომჩივანთან ჩატარდა ინვენტარიზაცია და თავისუფლად შეიძლება ფასნამატის განსაზღვრა და მისი გამოყენება. გარდა ამ გარემოებებისა, აუდიტის დეპარტამენტში მოიპოვება ---ში მოვაჭრე პირების მონაცემები, რომლებსაც რევიზიის შედეგად ფასნამატი განესაზღვრათ 40%. შესაბამისად, გაუგებარია რატომ მოხდა მაინც და მაინც 64%-იანი ფასნამატის გამოყენება მომჩივანთან მიმართებაში. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სამართლებრივი საფუძვლების არქონის გამო, მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის პერიოდში არ მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება შემოსავლების განსაზღვრისთვის, ხოლო დანარჩენ პერიოდში შემოსავლების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნას ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. შემოსავლების სამსახურს მოყავს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილი. როდესაც დავის განმხილველი ორგანო მიუთითებს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ზოგად პრინციპებზე, რატომღაც არ განიხილავს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლს, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებს და რომელსაც პირნათლად იცავს მომჩივანი.

შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია თუ აღნიშნული მუხლის რომელი მოთხოვნა არ დაიცვა მეწარმემ. შესაბამისად, გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არაარგუმენტირებულია და არასწორია. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ცოტა გაუგებარია. აღნიშნულია, რომ დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტის ზეპირ განმარტებას და უგულვებელყოფილია ფაქტობრივი დოკუმენტაცია, რომელიც საჩივარზე დანართს სახით იყო წარდგენილი (საბაჟო დეკლარაცია, სადაც ცალსახად მითითებულია, რომ გამოყენებულია ექსპერტიზის ფასი; ინვოისი). აღნიშნული მტკიცებულებები არ შეუსწავლია და არ გამოუტანია გადაწყვეტილება მასზე დაყრდნობით. ასევე, გაუგებარია აუდიტორების განცხადება, რომ შემოწმების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ინვოისი. აუდიტორების მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია წარდგენილია შემოწმების მიმდინარეობისას და ეს დასტურდება იქიდანაც, რომ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის არ არის შეფარდებული ჯარიმა. გარდა ამისა, ინფორმაციის მოძიება შეეძლოთ არქივიდანაც, რომელიც შემოსავალების სამსახურში შედის და მარტივად მოხდებოდა ინფორმაციის გადამოწმება.

ამასთან, მომჩივნის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმების საბოლოო შედეგების გავლა გადასახადის გადამხდელთან არ მომხდარა, უბრალოდ უთხრეს, რომ არაპირდაპირი მეთოდით აპირებდნენ შემოსავლების დადგენას, ხოლო კონკრეტული გაანგარიშებების გავლა მეწარმესთან არ მომხდარა.

შემოსავლების სამსახური თავის ბრძანებაში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მცირე მეწარმის აღრიცხვის ჟურნალი. ვერ ხვდება რის საფუძველზე აპელირებს შემმოწმებელი, რომ არ გააჩნია მცირე მეწარმის აღრიცხვის ჟურნალი, ვინაიდან შემოწმების პროცესში არ ყოფილა მოთხოვნილი ჟურნალი და ასევე მომჩივანს არ დაუფიქსირებია არსად, რომ არ ქონდა. მოთხოვნის შემთხვევაში, შეეძლო წარედგინა ჟურნალი. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლაში ყოველთვის გაითვალისწინებოდა დოკუმენტში დაფიქსირებული თანხა და არა საბაჟოს მიერ აფასებული (კორექტირებული ღირებულება), ან ექსპერტიზის მიერ დადგენილი ფასი. თუ შემოსავლების სამსახურმა შეცვალა მიდგომები, ითხოვს დეტალურად განმარტონ რა მიზეზით მოხდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლისას საბაჟოს მიერ (ექსპერტის მიერ შეფასებული) დადგენილი ფასი. როგორც მომჩივნისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება არის პრეცედენტული. შესაბამისად, უნდა განიმარტოს გადაწყვეტილება დეტალურად, რათა სხვა შემთხვევებშიც, მაგალითად, საწარმოს შემთხვევებშიც (ხარჯში გათვალისწინების მიზნით) იხელმძღვანელონ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 2024 წლის 29 მაისის №056-25 საგადასახადო მოთხოვნა და დაკორექტირდეს 2024 წლის 15 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი, ჯარიმა და საურავი. ითხოვს სამართლებრივი საფუძვლების არქონის გამო მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის პერიოდში არ მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება შემოსავლების განსაზღვრისთვის, ხოლო დანარჩენ პერიოდში შემოსავლების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნას ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. ასევე, თუ მაინც ძალაში დარჩება მცირე ბიზნესის სტატუსის პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების დათვლა, მაშინ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლისას გამოყენებულ იქნას არა საბაჟოზე ექსპერტიზის მიერ დადგენილი ღირებულება, არამედ ინვოისის ღირებულება, ხოლო ფასნამატად გამოყენებულ იქნას ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, რომელიც შეადგენს 20% და არა რევიზირებული მესამე პირის ფასნამატი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ 5 ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა და საქონლის იმპორტი.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, საიდანაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ფლობს მცირე მეწარმისთვის სავალდებულო აღრიცხვის ჟურნალს. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 707 393 ლარს დღგ-ის გარეშე.

საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. 2024 წლის 21 მარტს ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 156 892 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინვოისებს, შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნულის ანალიზი და დადგინდა, რომ იმპორტირებული საქონელი შეფასებულია საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტის მიერ და მიყენებულია საქონლის საბაზრო ღირებულება. შესაბამისად, საგადახადო შემოწმების სწორად განხორციელების მიზნით, შემოწმებამ გაითვალისწინა საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი საქონლის ფასი.

ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი თურქეთიდან იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება განსაზღვრულია არასწორად. აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიერ მოთხოვნილი იყო ყველა ინფორმაცია-დოკუმენტაცია, რომელიც მნიშვნელოვანია შემოწმების სრულყოფილად ჩასატარებლად.

საბჭო აღნიშნავს, რომ როდესაც იმპორტირებულ საქონელზე არსებობს შესაბამისი ინვოისი, მომჩივნის მიერ შეძენილი საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს არა საქონლის საბაჟო ღირებულებიდან, არამედ ამ საქონლის საინვოისო ღირებულებიდან და აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, რა დროსაც შეძენილი საქონლის თვითღირებულებისა და ფასნამატის გაანგარიშება განახორციელოს საქონლის საინვოისო ღირებულებიდან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26516 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანი არ ახორციელებს შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ფლობს მცირე მეწარმისთვის სავალდებულო აღრიცხვის ჟურნალს. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 707 393 ლარს დღგ-ის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. 2024 წლის 21 მარტს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 156 892 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, გაიზარდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი, დაკორექტირდა 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური დეკლარაციები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, რა დროსაც შეძენილი საქონლის თვითღირებულებისა და ფასნამატის გაანგარიშება განახორციელოს საქონლის საინვოისო ღირებულებიდან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 90.