გადაწყვეტილება №23519/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2024
№ დოკუმენტი 23519/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23519/2/2024

18 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------------ა“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ას“ 19.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23519/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან სხვადასხვა პირებზე გაცემული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევა;

3. საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხების ხელფასად განხილვა;

4. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №081-84 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-14217 შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13276 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 91 985 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 56 347

დღგ - 5 910

მოგების გადასახადი - 1 041

საშემოსავლო გადასახადი - 49 396

ჯარიმა - 27 995

საურავი - 7 643

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა დამკვეთის მიმართვის საფუძველზე ინერტული მასალების გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, ეწევა ინერტული მასალის შეძენა-რეალიზაციას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №31774 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 14 დეკემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9620 ბრძანება და №081–84 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 91 985 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №081-84 საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-14217 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2024 წლის 2 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 ივნისის №13276 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13276 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებდა პროგრამა ორისში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დადგინდა, რომ საწარმოს კუთვნილი ავტომანქანები (HOWO -------, SCANIA ----), რომლითაც იგი ახორციელებდა საქმიანობას, ფიქსირდებოდა სხვა პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნული ოპერაციები, ასევე, არ იყო აღრიცხული მომჩივნის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებში. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული სატვირთო მომსახურების შესაბამისად განსაზღვრა გადაზიდვის ღირებულებები, რომელიც აღებული იქნა თავად გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების ღირებულებიდან (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული კმ-ის ღირებულება - საშუალო 2.88 ლარი). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის დადებითი სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 1601 , 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ საწარმოს კუთვნილი ავტომანქანები (HOWO --------, SCANIA -----), რომლითაც იგი ახორციელებდა საქმიანობას, ფიქსირდებოდა სხვა პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნული ოპერაციები არ იყო აღრიცხული გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებში. ასევე, აღნიშნულ ოპერაციებზე არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე გაწეული მომსახურების საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვა და გადაზიდვის ღირებულების განსაზღვრა, რომელიც აღებული იქნა თავად გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების ღირებულებიდან (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული კმ-ის ღირებულება - საშუალო 2.88 ლარი) მართლზომიერია. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის გამოვლენილი სხვაობა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა კანონმდებლობის შესაბამისია. ამდენად, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში იმდენად ფრაგმენტულად არის ასახული გარემოებები, რომ დადგენილად არ უნდა ჩაითვალოს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას დაფიქსირებულია ნამრავლი 1 კმ x 2,88 ლარზე. აღნიშნული ფორმულა არასწორია, ვინაიდან ავტომანქანები იჯარით ჰქონდათ მიცემული სხვადასხვა წესით. ზოგ კონტრაქტზე ჰქონდათ მოლაპარაკება ნამუშევარ დღეზე 250 ლარი, ხოლო დანარჩენ მეიჯარე კომპანიებზე 1 მ 3 -ზე გადაზიდვა სხვადასხვა ობიექტებზე სხვადასხვა ფასს შეადგენდა, მანძილის გათვალისწინებით 3-8 ლარი.

ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყვანილი საშუალო ციფრი 2,88 ლარი კილომეტრზე არ შეესაბამება რეალობას. ასეთი პრინციპით დათვლილი შემოსავალი ცხადია გამოიწვევს უსწორობას როგორც დღგ-ს, ასევე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში. ზემოთ აღნიშნულის საილუსტრაციოდ, მტკიცებულებების სახით წარმოადგენენ ცნობებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს პროგრამა ორისში. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, საწარმოს კუთვნილი ავტომანქანები (HOWO -------, SCANIA ----), რომლითაც იგი ახორციელებს საქმიანობას, ფიქსირდება სხვა პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნული ოპერაციები ასევე არ არის აღრიცხული მომჩივნის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებში. საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული სატვირთო მომსახურების შესაბამისად განისაზღვრა გადაზიდვის ღირებულებები, რომელიც აღებული იქნა თავად გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების ღირებულებიდან (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული კმ-ის ღირებულება - საშუალო 2.88 ლარი).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები იჯარით ჰქონდა გაცემული სხვადასხვა წესით, თუმცა არც შემოწმების და არც დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ამასთან, დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვისას, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო დავის განხილვის პროცესში და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა საწარმოს წარმომადგენელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან სხვადასხვა პირებზე გაცემული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევა

ფაქტების აღწერა

კომპანიას საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან უფიქსირდებოდა თანხის გაცემა სხვადასხვა პირებზე. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულ ხარჯთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ წარადგინა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯი დაბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 97-ე, 982 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ თითქოს ვერ წარადგინეს დოკუმენტების ნაწილი თანხობრივ განაცემებზე. საკითხი რომ განეხილათ გადასახადის გადამხდელთან ერთად, აუდიტორი მისცემდათ ამ თანხების რეესტრს და ნებისმიერ დოკუმენტს წარუდგენდნენ, ვინაიდან ყველა ხარჯი იშიფრება და ბანკით არის გადარიცხული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიას საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან უფიქსირდებოდა თანხის გაცემა სხვადასხვა პირებზე. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულ ხარჯთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ წარადგინა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საკითხი რომ განეხილათ გადასახადის გადამხდელთან ერთად, ნებისმიერ დოკუმენტს წარუდგენდა, ვინაიდან ყველა ხარჯი იშიფრება და ბანკის მეშვეობით არის გადარიცხული.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და გადასახადის გადამხდელს მისცა შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხების ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორზე გაცემული ჰქონდა თანხები, რომელიც უძრავად ფიქსირდებოდა 2023 წლის ოქტომბრიდან 1430-ის დებეტურ ანგარიშზე. აღნიშნული ნაშთის მიზნობრიობა/ფაქტობრივად არსებობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დადასტურდა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა არც ერთ საანგარიშო პერიოდში. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.

მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხების ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ საწარმომ ავტომანქანა იყიდა სალიზინგო კომპანიისგან 58 000 დოლარად. ავარიის გამო ავტომანქანამ შეწყვიტა ექსპლუატაცია, ხოლო ლიზინგის ფასი გადაიხადა თავად დირექტორმა კომპანიის ნაცვლად. ამდენად, აღნიშნული თანხა კომპანიას უნდა დაებრუნებინა დირექტორისთვის. მომჩივანი განმარტავს, რომ როცა დირექტორმა დაფარა კომპანიას ვალი, ის უნდა შეეფასებინა აუდიტის დეპარტამენტს სესხის დაფარვად ან კაპიტალის შემცირებად, ვინაიდან საწარმოს დირექტორი ამავდროულად წარმოადგენს 100% წილის მფლობელს და მან შენატანით დაფარა კომპანიის სალიზინგო გადასახადების ვალი. დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხზე აუდიტორს შეეძლო ინფორმაციის მოძიება საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბუღალტრის განმარტება არ არის კომპანიის განმარტება. საკითხი წარმოჩენილია, რომ თითქოს 196 190 ლარი დირექტორმა ხელფასის სახით წაიღო. ბუღალტერმა, ვინც ეხმარებოდათ პროგრამაში დოკუმენტებისა და ფაქტების შეყვანაში, არ იცოდა სრული რეალობა დაფუძნებიდან დღემდე. აღნიშნული 196 190 ლარით კომპანიამ შეიძინა ავტომანქანა დაფი ჯინაფი სახ. ნომრით ------ სალიზინგო კომპანიისგან 58 000 დოლარად. ავარიის გამო ამ ავტომანქანას შეუწყდა ექსპლუატაცია, ხოლო მისი ვალი და პროცენტები დირექტორის გადასახდელი გახდა. აღნიშნული თანხა კომპანიის ინტერესების და მისი მიზნებისთვის დახარჯა დირექტორმა პირადი რესურსებით და კომპანიას უნდა დაებრუნებინა მისთვის. ამდენად, ეს ოპერაცია ეპიზოდურად, სანახევროდ არის აქტში წარმოდგენილი და მთლიანობაში ამ ეპიზოდზე არ უნდა დაერიცხოთ რაიმე გადასახადი. მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენენ ცნობას საპატრულო პოლიციიდან ავტომანქანის ექსპლუატაციის უვარგისობის/შეწყვეტის შესახებ. ე.ი. მინიმუმ 58 000 დოლარიანი ზარალია, რაც კომპანიის ნაცვლად გადაიხადა დირექტორმა, მეორედ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რაც არ არის სამართლიანი და უნდა გაუქმდეს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, 196 190 ლარი არ არის ხელფასი, ვინაიდან თავის დროზე, როცა დირექტორმა გადაიხადა კომპანიის ვალი, ის უნდა შეფასებულიყო აუდიტორის მიერ როგორც სესხის დაფარვა ან კაპიტალის შემცირება. დირექტორი ----ძე ამავდროულად არის 100%-იანი წილის მფლობელი და მან შენატანით დაფარა კომპანიის სალიზინგო გადასახადების ვალი. პრობლემური ავტომანქანების ინფორმაციის მოძიება აუდიტორს შეეძლო საგადასახადო კოდექსის 49.1 მუხლის საფუძველზე, ანალიტიკური პროცედურების გამოყენებით.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად კომპანიამ შეასრულა ავტომანქანის საიჯარო ოპერაციები დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე და არაპირდაპირი მეთოდით არარსებულ ოპერაციად გადაკეთება ამ მუხლს ეწინააღმდეგება. მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენს ყველა მტკიცებულებას.

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორზე გაცემული ჰქონდა თანხები, რომელიც უძრავად ფიქსირდებოდა 2023 წლის ოქტომბრიდან 1430-ის დებეტურ ანგარიშზე. აღნიშნული ნაშთის მიზნობრიობა/ფაქტობრივად არსებობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დადასტურდა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა არც ერთ საანგარიშო პერიოდში. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას და აღნიშნავს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენს ყველა მტკიცებულებას.

შემოსავლების სამსახურმა, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოცემულ სადავო საკითხში ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

4. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 25 აპრილის მდგომარეობით უფიქსირდება ზედმეტობა 312 ლარი, ხოლო აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება - 92 013 ლარი. აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-14217 შეტყობინების შესაბამისად, მომჩივნის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8, 238-ე, 239-ე მუხლებზე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 25 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-14217 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-14217 შეტყობინებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 25 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა და დღესაც ერიცხება საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივნის ქონებაზე მართლზომიერად წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან სხვადასხვა პირებზე გაცემული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევა;

3. საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხების ხელფასად განხილვა;

4. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №31774 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 14 დეკემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9620 ბრძანება და №081–84 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 91 985 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის №081-84 საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის №081-14217 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2024 წლის 2 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №13276 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის №13276 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“. 9 „ბ“); 982( 1 „ა“ და „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 158(1); 159(1 „ბ“); 163(1.2); 164(1); 238(1 „ა“); 239(1.2);