ბრძანება N 18025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18025
02 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.:---) 2024 წლის 26 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 ივლისის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა შპს „--- ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 26 ივლისის №91008/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №006-344 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება გაწეული ელექტროენერგიის ხარჯის არაეკონომიკურად მიჩნევის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ ელექტროენერგიის ხარჯის გაწევა დაკავშირებულია დანადგარის რეალიზაციასთან, შესაბამისად ჩათვლა მართლზომიერია და კომუნალური ხარჯების გაწევა შპს „---''ს სასარგებლოდ დამატებით დაბეგვრას არ იწვევს. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ უკიდურეს შემთხვევაში შემოწმებას შეეძლო აღნიშნული ოპერაციისთვის მიეცა კომუნალური მომსახურების უსასყიდლოდ მომსახურების გაწევის კვალიფიკაცია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აცხადებს, რომ შპს ,,---ის“ მიერ შპს ,,---თვის“ გაწეულია მომსახურება დანადგარის ნასყიდობის პროცესის ფარგლებში, რომელიც არ იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებებს. ხოლო იმ შემთხვევაშიც კი თუ აღნიშნულს მიეცემა უსასყიდლო მომსახურების კვალიფიკაცია, ოპერაცია დაიბეგრება დღგ-ით, თუმცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არამართლზომიერად და ითხოვს დარიცხული გადასახადის კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული ჰქონდა სხვა საანგარიშო პერიოდში, რამაც გამოიწვია მხოლოდ სანქციის დაკისრება. ასევე, განმარტავს, რომ სამართალდარღვევა ძირითადად გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 მაისის №11005 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 2 მაისიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 3 ივლისის №15599 ბრძანება და ამავე თარიღის №006–344 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 66 166 ლარი, მათ შორის გადასახადი 37 058 ლარი, ჯარიმა 17 157 ლარი და საურავი 11 951 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის საგანს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზით ქვიშა-ხრეშის ათვისება, გადამუშავება სამსხვრევი მოწყობილობით (ე.წ. დრაბილკა, რომელიც მიყიდულ იქნა შპს „----ზე“) და რეალიზაცია, ასევე სამშენებლო ბლოკის წარმოებარეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ელექტროენერგიის მოხმარებაზე მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, 2021 წლის ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ხარჯი ( კერძოს სს „---“-სგან მიღებული) აღარ უკავშირდება შპს „---ის“ ეკონომიკურ საქმიანობას, ვინაიდან აღნიშნული სამსხვრევი მოწყობილობით, რომელიც მოიხმარდა დახარჯული ელექტროენერგიის 100%-ს სარგებლობდა შპს „---“ (2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ჯამში შეადგენს 71 191 ლარს). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების თანახმად, დაკორექტირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმებით გამოვლენილი ხარჯი, რომელიც დაკავშირებული არ არის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა მოგების გადასახადით, პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ელექტროენერგიის მოხმარებაზე მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, 2021 წლის ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ხარჯი (კერძოს სს „----“-სგან მიღებული) არ უკავშირდება შპს „---ის“ ეკონომიკურ საქმიანობას, ვინაიდან აღნიშნული სამსხვრევი მოწყობილობით, რომელიც მოიხმარდა დახარჯული ელექტროენერგიის 100%-ს სარგებლობდა შპს „----“ ( 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ჯამში შეადგენს 71 191 ლარს). შედეგად, შემოწმებით, განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და არაეკონომიკურ ხარჯად განხილულ თანხაზე მოგების გადასახადის დარიცხვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა, მოგების გადასახადით დაბეგვრა და მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება გაწეული ელექტროენერგიის ხარჯის არაეკონომიკურად მიჩნევის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, 2021 წლის ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ხარჯი აღარ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ვინაიდან აღნიშნული სამსხვრევი მოწყობილობით, რომელიც მოიხმარდა დახარჯული ელექტროენერგიის 100%-ს სარგებლობდა სხვა საწარმო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების თანახმად, დაკორექტირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმებით გამოვლენილი ხარჯი, რომელიც დაკავშირებული არ არის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა მოგების გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა, მოგების გადასახადით დაბეგვრა და მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება მართლზომიერია
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 982; 174; 269 (7).