ბრძანება N 13370
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13370
05 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 23 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2024 წლის 23 აპრილის №89283/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №021-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების დღგ-ით დაბეგვრას, ასევე, დამფუძნებელზე გადაფორმებული უძრავი ქონების ნამეტი ღირებულების განაწილებულ მოგებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. გარდა ამისა, არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტი მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს. განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვითაც იკვეთება შენობა-ნაგებობის არაარსებითობა მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან მიმართებაში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნაგებობის საყრდენ ნაწილს (რიგელი) გააჩნია მარტივად შესამჩნევი ბზარი, რაც სავარაუდოდ რეკონსტრუქციის მიზეზს წარმოშობს და შესაძლოა მიწის ღირებულებას ამცირებდეს კიდეც რადგან მისი დემონტაჟი თუ რეკონსტრუქცია გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ყოველივე ზემოაღნიშნული, არ წარმოადგენს სიღრმისეულ განხილვის საგანს, ვინაიდან შეწყვეტილია ლიკვიდაციის პროცესი, საწარმოს მინიჭებული აქვს აქტიური სტატუსი და გაუქმდა ქმედება/ოპერაცია, რომელიც საფუძვლად დაედო საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას. 2024 წლის 22 აპრილს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ქონების მესაკუთრედ ისევ ფიქსირდება შპს „------------“, შესაბამისად ითხოვს ითხოვს დამატებით განსაზღვრული ვალდებულებების გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2561 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 29 მარტის №6930 ბრძანება და ამავე თარიღის №021-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 72 259 ლარი, მათ შორის, გადასახადი 47 050 ლარი, ჯარიმა 23 625 ლარი, საურავი 1 584 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „---------“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გაყინული თევზის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 23 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2007 წლის 15 აგვისტოს. საწარმოს დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია ---------- (პ/ნ ----------). გადასახადის გადამხდელის ახნსაგანმარტების მიხედვით, საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელბდა 2012 წლამდე. 2024 წლის 30 იანვარს კომპანიის დირექტორის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე 2024 წლის 12 თებერვლიდან მიმდინარეობს შპს „----------“ ლიკვიდაციის პროცესი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდზე არ განუხორციელებია საბანკო ოპერაცია, ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, არ გააჩნია ფულადი ნაშთები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, პირის სახელზე არ არის რეგისტრირებული მოძრავი ქონება, არ არის გამოწერილი არანაირი საგადასახადო დოკუმენტაცია. ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოწოდებული ინფორმაციით პირის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 23 იანვარს შპს „-----------“ საკუთრებაში არესებული უძრავი ქონება (ს/კ -----------), საწესდებო კაპიტალიდან ხელშეკრულების საფუძველზე გაიტანა საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელმა -----------. აღნიშნული უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ. ექპერტიზის დასკვნის საფუძველზე აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 208 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანა დღგის მიზნებისთვის ითვლება მიწოდებად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა. ასევე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება. გადამხდელის მიერ შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში არ არის ასახული შესაბამისი თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელზე გადაფორმებული უძრავი ქონების ნამეტი ღირებულება ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
პირი შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა უძრავ ქონებას (3 400 მ 2 მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს) და არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებით, დასაბეგრი ქონების ღირებულება შეფასებული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ, საბაზრო ღირებულებით წლების მიხედვით. პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების, ასევე, კუთვნილი მიწის გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების გათვალისწინებით. გადამხდელს ასევე, დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის:
ბ) „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის:
რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2024 წლის 30 იანვარს გადასახადის გადამხდელის მიერ №---------განცხადების საფუძველზე მოთხოვნილ იქნა საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 31 იანვარი -------- გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2561 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
შემოწმებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 იანვარს შპს „------------“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ -----------), საწესდებო კაპიტალიდან ხელშეკრულების საფუძველზე გაიტანა საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელმა ვასილ სვანიძემ. აღნიშნული უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ. ექპერტიზის დასკვნის საფუძველზე აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 208 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). შემოწმებით კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანა ჩაითვალა მიწოდებად, დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელზე გადაფორმებული უძრავი ქონების ნამეტი ღირებულება ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივარში გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ლიკვიდაციის პროცესი დღეის მდგომარეობით შეწყვეტილია, ვინაიდან 2024 წლის 28 მარტს შპს „------------“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს შპს „------------“ ლიკვიდაციის შეჩერებისა და არსებობის გაგრძელების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის 2024 წლის 16 აპრილის ----------- გადაწყვეტილებით და უძრავი ქონებაზე აღდგა საკუთრება, შესაბამისად, 2024 წლის 22 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერით ქონების მესაკუთრედ ისევ ფიქსირდება შპს „-------------“.
ფაქტობრივ გარემოებებსა და დაყრდნობით, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 16 აპრილის -----------გადაწყვეტილებით შეწყდა საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმებით კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანად და მიწოდებად განხილულ უძრავ ქონებაზე აღდგა საკუთრება და დღეის მდგომარეობით ირიცხება საწარმოს საკუთრებაში, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დამფუძნებლის მიერ ქონების კაპიტალიდან გატანის შედეგად დღგ-ში და მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არამართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა. ასევე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა უძრავ ქონებას (3 400 მ 2 მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს) და არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებით, დასაბეგრი ქონების ღირებულება შეფასებული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ, საბაზრო ღირებულებით წლების მიხედვით. პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების (მიწის) გადასახადი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების დღგ-ით დაბეგვრას, ასევე, დამფუძნებელზე გადაფორმებული უძრავი ქონების ნამეტი ღირებულების განაწილებულ მოგებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. გარდა ამისა, არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტი მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. შპს-ს საკუთრებაში არესებული უძრავი ქონება გაიტანა საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელმა.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გაყინული თევზის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდზე არ განუხორციელებია საბანკო ოპერაცია, ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, არ გააჩნია ფულადი ნაშთები.პირის სახელზე არ არის რეგისტრირებული მოძრავი ქონება, არ არის გამოწერილი არანაირი საგადასახადო დოკუმენტაცია. შპს-ს საკუთრებაში არესებული უძრავი ქონება, საწესდებო კაპიტალიდან გაიტანა საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელმა. კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანა დღგ-ის მიზნებისთვის ითვლება მიწოდებად. გადამხდელის მიერ შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში არ არის ასახული შესაბამისი თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და განსაზღვრული ჯარიმა. 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელზე გადაფორმებული უძრავი ქონების ნამეტი ღირებულება ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, პირს შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა უძრავ ქონებას და არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. დასაბეგრი ქონების ღირებულება შეფასებული იქნა საბაზრო ღირებულებით წლების მიხედვით. პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი. ასევე, კუთვნილი მიწის გადასახადი. გადამხდელს ასევე, დაერიცხა განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახური პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მეორე სადაო საკითხთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1);159(1);160(3);163(1);164(1);157(რ);97(1);8(12);201(1);202(1);204(2);205(2)