გადაწყვეტილება №22850/2/2024
📄 სრული ტექსტი
№22850/2/2024
18 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 12.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22850/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27852 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 თებერვლის №125-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 28 566 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 17 294
ჯარიმა - 8 647
საურავი - 2 625
ფაქტების აღწერა
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 2 ივნისიდან. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სილამაზის სალონების მომსახურება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №16438 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში წარმოებაშია სისხლის სამართლის №- საქმე ი/მ "-------"-ის მიერ შესაბამისი ლიცენზიის და ნებართვის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე.
გამოძიებით დადგენილია, რომ ქ. "------"-ში, ----- გზატ. №17ა-ში რეგისტრირებული მეწარმე თავისი სილამაზის სალონიდან ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად ახორციელებდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენას და შემდგომ რეალიზაციას. 2023 წლის 14 ივნისს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული აბები. მეწარმის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ იგი ამ საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე. აღნიშნულ პერიოდში მომჩივანმა შემოსავლის სახით მიიღო 69 200 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხიდან 38 060 ლარი გადახდილი აქვს ფსიქოტროპულ აბებში. შესაბამისად, მის მიერ მიღებული მოგება შეადგენს 31 140 ლარს. აღნიშნულ მოგებას გადამხდელი იყენებდა სისტემატიურად, როგორც ხელფასს, თუმცა გადახდის წყაროსთან არ ბეგრავდა.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც იგი დაადასტურებს გამოსაქვით ხარჯს. შესაბამისად, შემოწმებამ მეწარმის მიღებული შემოსავალი (69 200 ლარი) ჩათვალა მის მიერ მიღებულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის №23415 ბრძანება და №125-21 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 27 805 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების და ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანება 8.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.02.2024 წლის №21546/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27852 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის დასკვნა, 5.02.2024 წლის №2026 ბრძანება და №125-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 6 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით, სრულყოფილად შეისწავლოს მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, მე-20, მე-12, 80-ე, 81-ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 72-ე, 153-ე, 43-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლითაც იგი არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის - 69 200 ლარის ხელფასად დაბეგვრას და აცხადებს, რომ წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს და მისი შემოსავალი უნდა დაბეგრილიყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლისა და მასზე გაწეული ხარჯის - 38 060 ლარის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული და სადავო საკითხი, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით, სრულყოფილად შეისწავლოს მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ხარჯი - 38 060 ლარი შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გაურკვეველი მიზეზით, რადგან როგორც შემოსავალი, ასევე ხარჯი დადგენილია გამოძიების მიერ. თუ შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულია ძიებით დადგენილი შემოსავლები, მაშინ ასევე უნდა გათვალისწინებულიყო ძიებით დადგენილი ხარჯებიც, რადგან არც შემოსავალია დადგენილი დოკუმენტალურად. მომჩივანი არის ინდ. მეწარმე და შემმოწმებელს აღნიშნული შემოსავლები არ უნდა ჩაეთვალა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, არამედ შემოსავალი უნდა დაბეგრილიყო ინდ. მეწარმის წლიური საშემოსავლო დეკლარაციით და უნდა დაბეგრილიყო მხოლოდ 2022 წელს მიღებული შემოსავალი, რაც დაადგინა ძიებამ, ხოლო 2023 წლის 1 იანვრიდან 14 ივნისამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი უნდა დაიბეგროს 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით წლიური საშემოსავლო დეკლარაციით. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ძიების მიერ 22.09.2023 წლის N-PC000474931OSL დადგენილებით დადასტურებულია, რომ მომჩივნის ქმედებით ბიუჯეტი დაზარალდა 6 228 ლარით. კერძოდ, შემოსავალი მიიღო 69 200 ლარი, ხარჯი იყო 38 060 ლარი, ხოლო დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 31 140 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელს დასკვნის შედგენისას უნდა გაეთვალისწინებინა ძიებით დადგენილი ხარჯები 38 060 ლარის ოდენობა, რის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს დასაბეგრი შემოსავალის დადგენა. აღნიშნული შემოსავალი - 69 200 ლარი, ხარჯი - 38 060 ლარი და შესაბამისად დასაბეგრი შემოსავალი - 31 140 ლარი პროპორციულად უნდა განაწილდეს შემდეგ პერიოდებზე, კერძოდ: 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2023 წლის 1 იანვრიდან 14 ივნისამდე. შემმოწმებელს უკიდურეს შემთხვევაში ხარჯების დადგენისას უნდა ეხელმძღვანელა 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი, კერძოდ: „როდესაც ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვლება გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით“.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 601 მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების და ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესწავლა, მათ შორის, მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების დანართი №2-ით განსაზღვრულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, მათ შორისაა საქმიანობები, რომლებიც საჭიროებს ლიცენზირებას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ საქმიანობაში არ აქვს უფლება ისარგებლოს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. რაც შეეხება მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით დაბეგვრას და მის მიერ მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვას, შემოწმების პროცესში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებულია წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელი მიღებულ შემოსავალს განკარგავდა როგორც ხელფასს. შესაბამისად, ხელახალი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დარიცხული თანხა არ ექვემდებარება კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული და სადავო საკითხი, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით, სრულყოფილად შეისწავლოს მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 601 მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე მომჩივანის მიერ შესაბამისი ლიცენზიის და ნებართვის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე.
რეგისტრირებული მეწარმე თავისი სილამაზის სალონიდან ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად ახორციელებდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენას და შემდგომ რეალიზაციას. 2023 წლის 14 ივნისს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული აბები. მეწარმის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ იგი ამ საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე. აღნიშნულ პერიოდში მომჩივანმა შემოსავლის სახით მიიღო 69 200 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხიდან 38 060 ლარი გადახდილი აქვს ფსიქოტროპულ აბებში. შესაბამისად, მის მიერ მიღებული მოგება შეადგენს 31 140 ლარს. აღნიშნულ მოგებას გადამხდელი იყენებდა სისტემატიურად, როგორც ხელფასს, თუმცა გადახდის წყაროსთან არ ბეგრავდა.
შემოწმებამ მეწარმის მიღებული შემოსავალი ჩათვალა მის მიერ მიღებულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილება.