გადაწყვეტილება №25075/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25075/2/2025
25 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 15.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25075/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №007-313 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.04.2025 წლის №6174 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 355 779,7 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 178 786 დღგ - 59 826
საშემოსავლო გადასახადი - 118 960
ჯარიმა - 87 602
საურავი - 89 391,7
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ექსელის ფორმატში წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მასალები, არასრულყოფილია, კერძოდ არ არის აღრიცხული თითოეული საქონლის ჩამოწერა, ბუღალტრული აღრიცხვა არ არის წარმოებული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის გამოწერილი არსებითი რაოდენობის საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა ფასნამატი, გამოყენებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რაც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი პროდუქციის თვითღირებულებაზე. მიღებული შემოსავლები განაწილდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დეკლარირებულის პროპორციულად და დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ახსნა-განმარტების, ცნობების, საბანკო ამონაწერის შესწავლის და შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის ანალიზის, აგრეთვე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა განკარგვადი თანხების ნაშთი, რაც დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად უძრავი ნაშთის შესაბამის პერიოდებში და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №007-313 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.04.2025 წლის №6174 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის მიხედვით, ის არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს და განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე საქონლის გადაწერა ძირითად შემთხვევაში ხდებოდა 5-8%-იანი ფასნამატით, თუმცა ერთი კონკრეტული საქონლის ღირებულება 300%- ით აღემატებოდა დანარჩენი საქონლის ჯამურ ღირებულებას, აღნიშნულმა კი გამოიწვია საშუალო ფასნამატის გაზრდა 20%-მდე. შესაბამისად ითხოვს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე დოკუმენტურად გადაწერილ საქონელზე განსაზღვრული 20%-იანი ფასნამატის შემცირებას 5-8%-მდე. ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა ფასნამატის განსაზღვრა უახლოესი შესყიდვის მიხედვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია უახლოესი შეძენა/რეალიზაციის მითითებით. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საცალო რეალიზაციისას ფასნამატი მერყეობდა 50-60%-ის ფარგლებში. მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე საქონლის მიწოდება ხდებოდა 5%-ის ფასნამატით, რომლებიც თავის მხრივ რეალიზაციას ახორციელებდნენ 50-55%-ის ფარგლებში. აუდიტორის მიერ ფასნამატის გავრცელების პროცესში დოკუმენტური ფასნამატი ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განისაზღვრა 20%-ი, რამაც გამოიწვია საცალო რეალიზაციით გასხვისებული საქონლის რპთ-ის გაზრდა 1 327 515 ლარიდან 1 499 611 ლარამდე. შესაბამისად, 57%-იანი ფასნამატის გავრცელებამ გამოიწვია საერთო ბრუნვის გაზრდა და გადასახადების დარიცხვა. მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებული იქნას მისი არგუმენტები და მოხდეს გადაანგარიშება ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით. აქვე აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა სხვადასხვა პერიოდებში არასამართლიანია. კერძოდ, სალაროში ვირტუალურად არსებული თანხის ხელფასად გაცემა საგადასახადო ორგანომ, დაბეგრა არა იმ პერიოდისათვის, როდესაც აღმოაჩინა მისი არსებობა კომპანიის სალაროში ან/და ანგარიშზე, არამედ ისედაც ვირტუალური დარიცხული თანხის დახარჯვა ივარაუდა, რომ მოხდებოდა სხვადასხვა თვეებში, როდესაც შესაძლებელია კომპანიას ჰქონოდა მეტი შემოსავლები. რამაც გამოიწვია ისედაც არასწორად დარიცხული თანხების გაზრდა საურავების ხარჯზე. დღგ-ის ნაწილში ბრუნვის პროცენტის ზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბრუნვის შესაბამისი თვეების მიხედვით გადასახადის დარიცხვა, მაგრამ კომპანიის მიერ თანხების განკარგვა შემმოწმებელს შეუძლია განსაზღვრის არა ვარაუდების არამედ კონკრეტული ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მოხდეს დარიცხვის პერიოდის ცვლილება და დარიცხვა განხორცილდეს უშუალოდ შემოწმების დაწყების პერიოდში, როდესაც შემმოწმებელმა კონკრეტულად დადგინა, რომ გადასახადის გადამხდელი სალაროში ან/და ანგარიშზე შესაბამისი თანხები არ აქვს. მითუმეტეს, რომ შემმოწმებლის მიერ დარიცხულ თარიღებში კომპანიას ყოველთვის ჰქონდა თანხები ანგარიშზე ან/და სალაროში.
მიუხედავად წარმოდგენილი არგუმენტებისა შემოსავლების სამსახურმა არ დაავალა აუდიტის დეპარატამენტს მოახდინოს გადაანგარიშება 5%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, არამედ საჭიროდ ჩათვალა მომჩივნის მხრიდან დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენა და ხელახლა გადაანგარიშება, როდესაც სათანადო დოკუმენტაციაზე ხელი თავად მიუწვდება შემოსავლების სამსახურს და სრულად შეუძლია მოახდინოს არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შესაბამისი რეაგირება, მითუმეტეს, როდესაც რეალიზებული პროდუქციის ფასანამტის დადგენა ძალიან მარტივად შეიძლება იმ კომპანიის მიმართ, რომელსაც საცალოდ რეალიზებული საქონლის 98% შეძენილი აქვს იმპორტის რეჟიმით და დოკუმენტურ რეალიზაციას ახდენდა იმპორტის დეკლარაციის გაფორმებიდან მომდევნო 2-3 დღეში და საქონლის დასახელება ყოველთვის იდენტურია ზედნადებსა და დეკლარაციაში, ამასთან საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა პერიოდების მიხედვით არასამართლიანია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს მიაწოდა არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის მასალები, ბუღალტრული აღრიცხვა არ იყო წარმოებული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და არ იყო დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო გამოწერილი არსებითი რაოდენობის საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა პირის ფასნამატი, გამოყენებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი და გავრცელებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ პროდუქციაზე. მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირების პროპორციულად შესაბამის პერიოდებში და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ახსნა-განმარტების, ცნობების, საბანკო ამონაწერის შესწავლის და შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის ანალიზის, აგრეთვე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა, რომლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხების ნაშთები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად უძრავი ნაშთის შესაბამის პერიოდებში და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე რომ კომპანიის მიერ საცალო რეალიზაციისას ფასნამატი მერყეობდა 50-60%-ის ფარგლებში. მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე საქონლის მიწოდება ხდებოდა 5%-ის ფასნამატით, რომლებიც თავის მხრივ რეალიზაციას ახორციელებდნენ 50-55%-ის ფარგლებში. აუდიტორის მიერ ფასნამატის გავრცელების პროცესში დოკუმენტური ფასნამატი ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განისაზღვრა 20%-ი, რამაც გამოიწვია საცალო რეალიზაციით გასხვისებული საქონლის რპთ-ის გაზრდა 1 327 515 ლარიდან 1 499 611 ლარამდე. შესაბამისად, 57%-იანი ფასნამატის გავრცელებამ გამოიწვია საერთო ბრუნვის გაზრდა და გადასახადების დარიცხვა. მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებული იქნას მათი არგუმენტები და მოხდეს გადაანგარიშება ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით. აქვე აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა სხვადასხვა პერიოდებში არასამართლიანია.
შემოსავლების სამსახურის 1.04.2025 წლის №6174 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია უახლოესი შეძენა/რეალიზაციის მითითებით. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 1.04.2025 წლის №6174 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს მიაწოდა არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის მასალები, ბუღალტრული აღრიცხვა არ იყო წარმოებული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და არ იყო დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო გამოწერილი არსებითი რაოდენობის საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა პირის ფასნამატი, გამოყენებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი და გავრცელებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ პროდუქციაზე. მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირების პროპორციულად შესაბამის პერიოდებში და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ახსნა-განმარტების, ცნობების, საბანკო ამონაწერის შესწავლის და შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის ანალიზის, აგრეთვე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა, რომლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხების ნაშთები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად უძრავი ნაშთის შესაბამის პერიოდებში და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 101 (1); 154 (1,2).