გადაწყვეტილება №25083/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25083/2/2025
29 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „--------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „--------“-ის 16.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25083/2/2025).
დავის საგანი:
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 1.03.2025 წლის №EL277593 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 1.03.2025 წლის №EL11112/142 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 26.03.2025 წლის №5532 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
16 440.8 ლარი (1.03.2025 წლის №EL11112/142 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 16 393.06
დღგ საბაჟო - 10 276.06
იმპორტის გადასახადი - 6 117
საურავი - 47.74
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 16 393.06 ლარი (1.03.2025 წლის №EL277593 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი).
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
15.02.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება №-----, რომლითაც გადაადგილდებოდა №------ (08.02.2025წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე წინასწარ დეკლარირებული ი/მ „-------“-ის კუთვნილი საქონელი (ხის მასალა).
გაირკვა, რომ საქონლის დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტებიდან საქონლის საბაჟო დეკლარაციაში არასწორად იქნა გადატანილი გამწევი სატრანსპორტო საშუალების ნომერი. შედეგად, სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №------ (15.02.2025წ.) საქონლის და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“.
28.02.2025 წელს მომჩივნის წარმომადგენელმა №-----/21-10-18 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად დანიშნულების ადგილისა, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც განხორციელდა საქონლის გადმოტვირთვა. იმავე დღეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დათვალიერებულ იქნა აღნიშნული საქონელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ადგილი აქვს საქონლის უკანონო განკარგვას, რაზეც მომჩივანს 1.03.2025 წლის №EL277593 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 16 393.06 ლარის ოდენობით. ამასთანავე, №EL11112/142 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ - 10 276.06 ლარი, იმპორტის გადასახადი - 6 117 ლარი) და საურავი - 47.74 ლარის ოდენობით.
სანქციის ოდენობისა და იმპორტის გადასახდელის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას წარმოდგენილი პრეფერენციული სერტიფიკატი - CT-1 №RUGE ------ (05.02.2025წ.).
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.03.2025 წლის №5532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272-ე მუხლზე, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლზე, 70-ე მუხლზე, 163- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე. ამდენად, სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №453 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) პირველ პუნქტზე (ზოგადი დებულებანი), რომლის შესაბამისად, საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
იმპორტის გადასახდელის მიზნებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიეთითება საბაჟო დეკლარაციაში. აღნიშნული დოკუმენტი საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შესაბამისობის დადგენის ერთ-ერთი საფუძველია. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საქონლის დეკლარირებისას წარდგენილი საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან წარმოშობის სერტიფიკატში არსებული ინფორმაციის არაიდენტიფიცირებად საქონელთან იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დარიცხული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
15.02.2025 წელს შემოვიდა საქონლის შემოტანამდე დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ქართული ენის არმცოდნე მძღოლი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დეკლარაციაში გამწევის ნომერი არასწორად იყო მითითებული, რის გამოც გამოიწერა ახალი აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განესაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“, თუმცა საქონელი ნაცვლად განსაზღვრული გაფორმების ეკონომიკური ზონისა, მიტანილ და ჩამოტვირთულ იქნა საქონლის მიმღების საწყობში, რომელიც მდებარეობს ქობულეთში.
მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ კომპანიას არ ჰქონია რაიმე სახის განზრახვა დაერღვია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, სამართალდარღვევის ჩადენა კი გამოწვეულია მძღოლის მხრიდან ენობრივი ბარიერის არსებობის გამო. აღნიშნულზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იმპორტი გადასახდელის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული დეკლარირებისას წარდგენილი პრეფერენციული სერტიფიკატი, ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას და დარიცხული გადასახდელების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:
ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.
დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა. მომჩივნის განცხადების საფუძველზე, საქონლის ჩამოტვირთვის ადგილზე გამოცხადებულმა საბაჟო ორგანოს წარმომადგენელმა ვერ მოახდინა კომპანიის საწყობში არსებული საქონლის გადმოტვირთულ საქონელთან იდენტიფიცირება და ეს უკანასკნელი ჩათვალა უკანონოდ განკარგულად.
მომჩივანი განმარტავს, დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ქართული ენის არმცოდნე მძღოლი, ნაცვლად განსაზღვრული გაფორმების ეკონომიკური ზონისა, მიტანილ და ჩამოტვირთულ იქნა საქონლის მიმღების საწყობში, რომელიც მდებარეობს ქობულეთში. კომპანიას არ ჰქონია რაიმე სახის განზრახვა დაერღვია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, სამართალდარღვევის ჩადენა კი გამოწვეულია მძღოლის მხრიდან ენობრივი ბარიერის არსებობის გამო.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის განხილვისას, განმარტა, რომ 28.02.2025 წელს მომჩივნის წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ კომპანიის საწყობში დათვალიერდა საქონელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, ადგილი აქვს საქონლის უკანონო განკარგვას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №453 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის” პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. იმპორტის გადასახდელის მიზნებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიეთითება საბაჟო დეკლარაციაში. აღნიშნული დოკუმენტი საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შესაბამისობის დადგენის ერთ-ერთი საფუძველია.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, საბაჟო ორგანო, წარმოშობის სერტიფიკატში არსებული ინფორმაციას არაიდენტიფიცირებად საქონელთან მიმართებაში ვერ გამოიყენებდა და შესაბამისად, იმპორტის გადასახდელის მიზნებისთვის საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაუთვალისწინებლობა, საბჭოს მართლზომიერად მიაჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. რაზეც მომჩივანს 1.03.2025 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა. ამასთანავე, საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი. (დღგ, იმპორტის გადასახადი ) და საურავი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172.