ბრძანება N 19887

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.09.2024
№ დოკუმენტი 19887
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19887

06 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 7 აგვისტოს საჩივრის თაობაზე

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №93) განიხილა --------- (პ/ნ ---------) №132269/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №ELC37235 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2024 წლის 26 ივნისის №056-6721 შეტყობინებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ვერ განახორციელა სატრანსპორტო საშუალების დროული დეკლარირება რადგან ვინ კოდის სისწორეში ეჭვი იქნა შეტანილი და აღნიშნულის გამო, ვინ კოდთან დაკავშირებით, დღემდე მიმდინარეობს მოკვლევა, დეკლარირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი კი არის პოლიციაში.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადაო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, 2023 წლის 16 დეკემბერს ------------ (პ/ნ ------------) სახელზე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომრით -----------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომრით ------------) ზოგადი დეკლარირება და ამ ავტომობილის საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2024 წლის 14 თებერვალი.

ვინაიდან საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება ან საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა/გამოცხადება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 25 ივნისს შედგენილი №ELC37235 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ------------ (პ/ნ -----------) შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ---------- (პ/ნ -----------) მთელ ქონებაზე 2024 წლის 26 ივნისის №056-6721 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

სადავო ადმინისტრაციული აქტები მომჩივანს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელთაც გაეცნო 2024 წლის 22 ივლისს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2024 წლის 26 ივნისის №056-6721 შეტყობინების გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს №056-10106 შეტყობინებით გაუქმდა 2024 წლის 26 ივნისის №056-6721 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა 2024 წლის 25 ივნისის №ELC37235 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით“

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის, დეკლარირების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ვადის დარღვევაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, საგულისხმოა, რომ საჩივარზე დართულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ----------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების 2024 წლის 13 მარტის ცნობისა და საბაჟო ორგანოს მიერ ამავე ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვნილი ინფორმაციის (წერილის №-------------, 31.07.2024) მიხედვით, სადავო სატრანსპორტო საშუალების სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარდგენა და სისხლის სამართლის საქმეზე ამოღება განხორციელდა

მ/წლის 13 მარტს, გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადიდან 28-ე დღეს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში რეგისტრირებული მონაცემები არ შეიცავს ინფორმაციას ---------- (პ/ნ -------) მიერ დასახელებულ სატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარირების ვადის გაგრძელების მომსახურებით სარგებლობის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----------- (პ/ნ ------------) საჩივარი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2024 წლის 26 ივნისის №056-6721 შეტყობინების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადაო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, 2023 წლის 16 დეკემბერს მომჩივანის სახელზე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება და ამ ავტომობილის საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2024 წლის 14 თებერვალი.

ვინაიდან საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება ან საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა/გამოცხადება, პირს შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163-ე(1);165;

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი.