გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.01.2018
საქმის ნომერი
010210016001321906
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210016001321906

# 2-1154/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 მარტი, 2017 წელი, ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: შპს ,,მ------------------ი’’

წარმომადგენელი : ჯე--ლ კი----ე, თე---ა ჭუ--------ე

მოპასუხე: ბე--–არ კვ-------ე, თე-------ზ გო-----ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

- ბე--–არ კვ-------ესა და თე-------ზ გო-----ეს შპს ,,მ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 639 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.

- დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზებული იქნეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ქონება.

- მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით გადახდა.

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- 2014 წლის 08 ნოემბერს შპს ,,მ------------------სა“ და ბე--–არ კვ-------ეს შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება N02/11/14, რომლის თანახმად ბე--–არ კვ-------ემ აიღო სესხი 1000 აშშ დოლარი 1 წლის ვადით, 08.11.15 წლამდე. სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,MERCEDES-BENZ C180“, სარეგისტრაციო N B-----, გამოშვების წელი 1996, ტიპი-სედანი, ფერი-რუხი, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - N-----------------, სესხი გაცემულ იქნა 6% სარგებლის ოდენობით.

- ხელშეკრულების თანახმად მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 08 რიცხვში, კრედიტორზე გადაეხადა 60 დოლარის ექვივალენტი ლარში, ყოველ მესამე თვეს მართვის საკომისიო - 20 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, სესხის ან სესხის % დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის კრედიტორზე გადაეხადა პირგასამტეხლო სესხის ოდენობის 0.5 % - 5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მსესხებელი ვალდებული იყო ,,მ------------------ზე’’ გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული ზემოთ მითითებული ავტომანქანა. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაარღვევდა გადახდის გრაფიკს, იგი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის რიცხვიდან მე-4 კალენდარულ დღეს ნებაყოფლობით წარმოედგინა და გაეჩერებინა დალომბარდებული ავტომანქანა კრედიტორთან, თავის მხრივ კრედიტორს უფლება ქონდა დაუყოვნებლივ გაესხვისებინა იგი და ფასი განესაზღვრა თვითონ.

- კრედიტორს უფლება ჰქონდა მსესხებელს სხვა ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ქონებიდან მოითხოვოს და მოახდინოს, სესხის, სარგებლის, ასევე პირგასამტეხლოს ამოღება.

- 08.11.14წ. შპს ,,მ------------------სა“ და თე-------ზ გო-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N02.11.14141, რომლის თანახმად თე-------ზ გო-----ე გახდა ბე--–არ კვ-------ის თავდები.

- ბე--–არ კვ-------ე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც 2016 წლის 16 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება - 1408 აშშ დოლარი. შპს ,,მ------------------ის“ მიერ ბე--–არ კვ-------ისგან წამოყვანილი იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,MERCEDES-BENZ C180“, სახ. ნომრით B------, რომელიც 2016 წლის 16 მარტს მოსარჩელემ გაასხვისა პა---- კო-–--–---–ზე (პ/ნ 59--------5) 1 780.54 ლარად. აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს ბე--–არ კვ-------ესა და თე-------ზ გო-----ეს მოსარჩელის წინაშე აკისრიათ დარჩენილი დავალიანება 639 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. ბე--–არ კვ-------ე სარჩელს არ ცნობს. მოპასუხე განმარტავს, რომ ავტომანქანა დაიმტვრა, შესაბამისად გაიყიდა იაფად, რომ მას გაყიდვის შესახებ არ შეატყობინეს, რეალურად თე-------ზ გო-----ე ფლობდა ავტომანქანას და მანვე დაამტვრია.

 

2.2. მოპასუხე თე-------ზ გო-----ეს სარჩელის მიმართ შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. აღნიშნულ საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ფაქტობრივად, მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს, მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ მან მოპასუხეს სალომბარდო ხელშეკრულებით ასესხა 1000 აშშ დოლარი, თვეში 6 % სარგებლით, ერთი წლის ვადით, უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომ მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 08 რიცხვში გადაეხადა 60 აშშ დოლარი ექვ. ლარში, ყოველ მესამე თვეს მართვის საკომისიო 20 აშშ დოლარი ექვ. ლარში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%- 5 დოლ.ექვ. ლარში.

მოპასუხე აღნიშნული გარემოებებიდან არცერთს არ ეთანხმება. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს, რომელმაც აღნიშნულის დასამტკიცებლად წარმოადგინა 2014 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულება N 02/11/14 და მიუთითა მის პირობებზე.

 

3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.4. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 08 ნოემბერს შპს ,,მ------------------სა“ და ბე--–არ კვ-------ეს შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება N02/11/14, რომლის თანახმად ბე--–არ კვ-------ემ აიღო სესხი 1000 აშშ დოლარი, 1 წლის ვადით, 08.11.15 წლამდე. სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,MERCEDES-BENZ C180“, სარეგისტრაციო N B-----, გამოშვების წელი 1996, ტიპი-სედანი, ფერი-რუხი, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - N-----------------, სესხი გაცემულ იქნა 6% სარგებლის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 08 ნოემბრის სალომბარდო ხელშეკრულება N02/11/14;

 

3.2.5. მხარეებს შორის გაფორმებული სალომბარდო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 08 რიცხვში, კრედიტორზე გადაეხადა 60 დოლარის ექვივალენტი ლარში, ყოველ მესამე თვეს მართვის საკომისიო - 20 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, სესხის ან სესხის % დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის კრედიტორზე გადაეხადა პირგასამტეხლო სესხის ოდენობის 0.5 % - 5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 08 ნოემბრის სალომბარდო ხელშეკრულება N02/11/14;

 

3.2.6. დადგენილია, რომ 2014 წლის 08 ნოემბრის სალომბარდო ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ გირავნობით დატვირთული ავტომანქანა აღირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო მფლობელობაში გადაეცემოდა ბე--–არ კვ-------ეს, სანაცვლოდ მოპასუხე სამ თვეში ერთხელ გადაიხდიდა მართვის საკომისიოს 20 აშშ დოლარს.

 

3.2.7. დადგენილია, რომ 08.11.14წ. შპს ,,მ------------------სა“ და თე-------ზ გო-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N02.11.14141, რომლის თანახმად თე-------ზ გო-----ე გახდა ბე--–არ კვ-------ის თავდები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- 2014 წლის 08 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულება N02.11.14141;

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

 

3.2.8. ბე--–არ კვ-------ე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც 2016 წლის 16 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება - 1408 აშშ დოლარი. შპს ,,მ------------------ის“ მიერ ბე--–არ კვ-------ისგან წამოყვანილი იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,MERCEDES-BENZ C180“, სახ. ნომრით B------, რომელიც 2016 წლის 16 მარტს მოსარჩელემ გაასხვისა პა---- კო-–--–---–ზე (პ/ნ 59--------5) 1 780.54 ლარად. აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს ბე--–არ კვ-------ესა და თე-------ზ გო-----ეს მოსარჩელის წინაშე დარჩათ დავალიანება 639 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- 2014 წლის 08 ნოემბრის სალომბარდო ხელშეკრულება N02/11/14;

- 2014 წლის 08 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულება N02.11.14141;

- ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

 

3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს უფლება აქვს გარკვეული ფაქტების არსებობის შესახებ ზეპირად ამტკიცოს. ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, მაგრამ ზეპირად გაცხადებული ფაქტები გასაზიარებელია მხოლოდ მაშინ, როცა მხარეები ზეპირად გაცხადებულ ფაქტებს სადაოდ არ ხდიან. სადაოობისას, ფაქტების არსებობის დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. მისი განმარტების მართებულობა უნდა დგინდებოდეს სხვა მტკიცებულებებითაც. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით.

 

მოპასუხე ბე--–არ კვ-------ე, ამბობს, რომ ის რეალურად არ ფლობდა ავტომანქანას და მისი რეალური მფლობელი იყო თე-------ზ გო-----ე, რომელმაც დაამტვრია აღნიშნული ავტომანქანა, რის გამოც იგი გაიყიდა იაფად. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი აკისრია მოპასუხეს, რომელიც იძლევა მხოლოდ ზეპირ განმარტებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ასეც რომ იყოს, თუ რამდენად მოახდენდა გავლენას დავაზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე, - აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების კატეგორიას და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ხელშეკრულების თავისუფალი დადების პრინციპი ვრცელდება მოსარჩელესა და მოპასუხეზეც.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე სამეწარმეო სუბიექტია. ის ავტომობილების გირავნობით გასცემს სესხებს და მასზე დაწესებული სარგებელით ღებულობს მოგებას. თავის მხრივ ბე--–არ კვ-------ეს სჭირდებოდა 1000 აშშ დოლარის სესხად მიღება. მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, რის შემდეგაც მხარეები შეთანხმდნენ სესხზე. არსებითი პირობების შეთანხმების შემდეგ, 2014 წლის 08 ნოემბერს შპს ,, მ------------------სა“ და ბე--–არ კვ-------ეს შორის გაფორმდა სალომბარდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბე--–არ კვ-------ეზე გაიცა სესხი 1000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით, ყოველთვიურად 6 %. მოპასუხეს ყოველი თვის 08 რიცხვში უნდა გადაეხადა სარგებელი 60 აშშ დოლარის ექვ. ლარის ოდენობით. მხარები ასევე შეთანხმდენ სესხის სხვა არსებით საკითხებზე. პირობების შეთანხმების შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა.

 

6.5. დადგენილია ის გარემოება, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა ,,MERSEDES BENZ C180“, სარეგისტრაციო ნომერი B------. გირავნობით დატვირთული ავტომანქანა მართვაში გადაეცა მოპასუხეს. მართვაში მიღების სანაცვლოდ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა მართვის საკომისიო 20 აშშ დოლარი. საკომისიო უნდა გადახდილიყო სამ თვეში ერთხელ. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სალომბარდო ხელშეკრულება წარმოადგენს სესხისა და მის უზრუნველსაყოფად გირაოს ხელშეკრულებას. მართალია, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველმყოფი საგანი - მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა ,,MERSEDES BENZ C180“, სარეგისტრაციო ნომერი B------, - გადაფორმებულ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში და მართვის უფლებით გადაეცა მოპასუხეს, რისთვისაც გათვალისწინებული იქნა მართვის საკომისიოც, - რეალურად, შინაარსობრივი თვალსაზრისით და სამართლებრივად სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად ეს არის გირაო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის რეალიზაცია ან მის საკუთრებაში გადაცემა მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელემ მოახდინა მისი რეალიზება, თუმცა რეალიზაციის შედეგად დავალიანება მთლიანად არ დაიფარა.

 

სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები 2014 წლის 08 ნოემბრის სალომბარდო ხელშეკრულებით N02/11/14 და 2014 წლის 08 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულებით N02.11.14141 შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი თუ არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, მაშინ დარჩენილი დავალიანების გადახდევინება მოხდება მათ საკუთრებაში არსებული სხვა ნებისმიერი ქონებიდან.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ

შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ბე--–არ კვ-------ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სესხი სრულად დაებრუნებინა 12 თვის შემდეგ. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ფულის დამსესხებელს აიძულებს გამსესხებლის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება და დაუბრუნოს სესხი. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მოპასუხეს ვალდებულება შესრულებელი არ აქვს.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველი თვის 08 რიცხვში 60 აშშ დოლარის ექვ. ლარის გადახდა. მოპასუხე არ ასრულებდა აღნიშნულ ვალდებულებას. ამდენად, მოპასუხემ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბე--–არ კვ-------ესთან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო თე-------ზ გო-----ესთან. მან იკისრა ვალდებულება ბე--–არ კვ-------ესთან ერთად პასუხი აგოს სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლებმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი უნდა აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

 

დადგენილია, რომ ბე--–არ კვ-------ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ მას აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ბე--–არ კვ-------ის, ასევე თე-------ზ გო-----ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. როგორც ზემოთ განიმარტა და მხარეებიც არ დავობენ, რომ მოპასუხეს სესხად მიღებული ჰქონდა 1000 აშშ დოლარი. მას უნდა გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი და ბოლოს ძირი თანხა. თუ სარგებელის ან ძირი თანხის გადახდის ვადას გადააცილებდა, მოპასუხეს გადასახდელი ექნებოდა პირგასამტეხლო. მოპასუხემ გადახდის ვადას გადააცილა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 639 აშშ დოლარის დაკისრებას. ამ ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. შესაბამისად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მისი ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე-258-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს - ბე--–არ კვ-------ეს და თე-------ზ გო-----ეს მოსარჩელის შპს ,,მ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 639 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

3. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზებული იქნეს მოპასუხეების - ბე--–არ კვ-------ის და თე-------ზ გო-----ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ქონება.

 

4. ბე--–არ კვ-------ესა და თე-------ზ გო-----ეს მოსარჩელის შპს ,,მ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 100 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30)

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე