გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3/ 1696-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - სს ,,ტ------------–------------’’
დირექტორი - ა-–---------- ა---–------ი.
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი - თ----- ფ--------ე.
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
წარმომადგენელი - გ------- ბ--------ე.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 1 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №19475 ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული 2015 წლის 4 ივნისის №021-61 საგადასახადო მოთხოვნა ნაწილობრივ - დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №27551 ბრძანება.
1.4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ,,ტ------------–------------’’-ს საჩივარი.
1.5. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურის აქტით დარიცხული თანხების დაანგარიშება.
სარჩელის თანახმად, 2010 წელს სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა გადამხდელის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და სმფ-ის რეალიზაცია კერძო სუბიექტების კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით. აღნიშნული ოპერაციები საგადასახადო ორგანომ ჩათვალა გადამხდელის მიერ განხორციელებულ მიწოდების ოპერაციად, გამოიყენა სსკ-ის 225-ე მუხლი და დაბეგრა შესაბამისად დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული არის უკანონო ვინაიდან იმ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსი არ შეიცავდა დებულებას იმ შემთხვევისათვის, როდესაც რეალიზაცია ხორციელდება არა გადასახადის გადამხდელის ნების გამოვლენის საფუძველზე, არამდე იძულებითი წესით სააღსრულებო ბიუროს მიერ. ასეთ პირობებში შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა კანონის ანალოგიის პრინციპი და განხორციელებულ ოპერაციაზე გავრცელდა სსკ-ის 225-ე მუხლი, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ზოგადი პრინციპი. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლების მიერ არ იქნა გათვალისიწნებული რომ: ა) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია სააღსრულებო ბიურომ მოახდინა მოვალისათვის შეტყობინების გარეშე, შესაბამისად კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ინფორმაციის მოპოვება თუ რა საგნების რეალიზაცია მოხდა და ვინ იყვნენ მყიდველები, ხოლო აღნიშნული ინფორაციის გარეშე კი შეუძლებელი იყო ოპერაციის დაბეგვრა; ბ) კომპანისას არ ჰქონდა ინფორმაცია რა ფასად გაიყიდა საქონელი და ვისზედ მოხდა თანხის განაწილება, საქონლის ღირებულების გარეშე კი გადასახადის დეკლარირება შეუძლებელია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რეალიზაციიდან მიღებული თანხით დაიფარებოდა ბიუჯეტის დავალიანება მოსარჩელე საერთოდ გათავისუფლდებოდა დღგ-ის გადახდისაგან; გ) ინფრმაციის არქონის პირობებში გაურკვეველი რჩებოდა ოპერაციის განხორციელების დრო, რაც აუცილებელი პირობაა დაბეგვრის განსახორციებლად; დ) იმ შემთხვევაში თუ საჭირო იყო კომპანიას დაებეგრა ოპერაცია, ასეთივე ვალდებულება გააჩნდა სააღსრულებო ბიუროსაც - ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან, რომელიც თავისთავში მოიცავდა დღგ-საც, დაებრუნებინა მოსარჩელისათვის ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი 15,25%.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეეების სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ: შრომითი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების დასაფარავად გატარებულ იქნა იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებანი, რის შედეგადაც ამოღებული თანხა გადაეცა შესაბამის კრედიტორებს (კომპანიაში სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ მუშა მოსამსახურეებს). საზოგადოებამ კრედიტორული დავალიანების დაფარვის მომენტში არ შეასრულა საგადასახადო აგენტის ფუნქცია, კერძოდ არ მოახდინა დაკავებული თანხის დაკავება და ბიუჯეტში გადახდა. საზოგადოებაში სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ მუშა მოსამსახურეების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
მოპასუხეთა განმარტებით 2010 წლის საგადასახადო პერიოდში საზოგადოების მიმართ, კერძო სამართლებრივი ურთიერთბის საფუძველზე წარმოშობილი კრედიტორული დავალიანების დასაფარავად გატარებული იყო იძულებითი აღსრულების ღონისძიებანი, რომლის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები და სმფ-ები იყო გასხვისებული. მეწარმე სუბიექტის მიერ არ მომხდარა წინამდებარე ოპერაციების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით. შესაბამისად შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული იყო სააღსრულებო ბიუროს მიერ რეალიზებული საზოგადოების ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები და სმფ-ები, რაზედაც დარიცხული იყო შესაბამისი ძირითადი გადასახადი და ჯარიმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 30 მაისის №28123 ბრძანებით დაინიშნა სს ,,ტ------------–------------’’-ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე, ხოლო მოგების და ქონების გადასახადის ნაწილში შესამოწმებელმა პერიოდმა მოიცვა 2008-2013 წლების საანგარიშო პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 30 მაისის №28123 ბრძანება (ს.ფ. ).
3.1.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 30 იანვარს შედგა სს ,,ტ------------–------------’’-ს საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, ხოლო 2015 წლის 1 ივნისს შედგა სს ,,ტ------------–------------’’-ს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე კომპანიას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №19475 ბრძანებით ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 363453 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 242302 ლარი, ჯარიმა 121151 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №19475 ბრძანება (ს.ფ. 17-18).
- საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. );
- საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი (ს.ფ. 40-52);
3.1.3. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №19475 ბრძანების საფუძველზე გამოიცა №021-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც სს ,,ტ------------–------------’’-ს დაერიცხა გადასახადი სულ 580883,06 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 242302 ლარი, საიდანაც დღგ-ის გადასახადმა შეადგინა 194189 ლარი, მოგების გადასახადმა - 8382 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 14451 ლარი, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 25280 ლარი. კომპანიას ასევე დაერიცხა ჯარიმა 121151 ლარი და საურავი 217430,06 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №021-61 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 16).
3.1.4. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №27551 ბრძანებით სს ,,ტ------------–------------’’-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საქართველოს სკ-ის 225-ე მუხლზე და განმარტა, რომ შემოწმებით სწორად არის განსაზღვრული საზოგადოების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე განმარტა, რომ გადამხდელის მიმართა შრომითი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების (დავალიანების) დასაფარავად გატარებული იქნა იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებანი, რის შედეგადაც ამოღებული თანხა გადაეცა შესაბამის კრედიტორებს (კომპანიაში სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ მუშა მოსამსახურეებს). საზოგადოებამ კრედიტორული დავალიანების მომენტში არ შეასრულა საგადასახადო აგენტის ფუნქცია, კერძოდ, არ მოახდინა დაკავებული თანხების დაკავება და ბიუჯეტში გადახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №27551 ბრძანება (ს.ფ. 19-22).
- სს ,,ტ------------–------------’’-ს ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 36-39);
3.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,ტ------------–------------’’-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №27551 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №021-61 საგადასახადო მოთხოვნა გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც კომპანიას დარიცხული ჰქონდა ჯარიმა და საურავი, ხოლო სხვა ნაწილში სს ,,ტ------------–------------’’-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 53-58).
- სს ,,ტ------------–------------’’-ს ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 31-35).
3.1.6. დადგენილია, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების ფარგლებში, სადაც მოვალე იყო სს ,,ტ------------–------------’’, განხორციელდა რეალიზაცია სხვადსხვა უძრავი ქონების, მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა მოძრავი ქონების. რეალიზაციის შედეგად დაიფარა შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავალიანებები და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ არსებული დავალიანებები. ასევე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად თანხის ნაწილი გადარიცხული იქნა შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 12 ნოემბრის №85390 მიმართვა (ს.ფ. 23-28).
- იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 9 დეკემბრის №92506 მიმართვა (ს.ფ. 29-30).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საქართველოს საგადასახდო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. ხოლო ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 1 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №19475 ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული 2015 წლის 4 ივნისის N021-61 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №27551 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი არის დასაბეგრი ოპერაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).
სასამართლო განმარტავს, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად გადასახადის იურიდიული გადამხდელია პირი, რომელსაც კანონის ძალით ევალება გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად არაპირდაპირი გადასახადი არის გადასახადი (დღგ, აქციზი, საბაჟო გადასახადი და სხვა), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ არაპირდაპირ გადასახადს იხდის გადასახადის გადამხდელი.
შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ 2010 წლის საგადასახადო პერიოდში საზოგადოების მიმართ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი კრედიტორული დავალიანების დასაფარავად, გატარებული იქნა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, რომლის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები და სმფ-ები იქნა გასხვისებული. მეწარმე სუბიექტის მიერ არ მომხდარა წინამდებარე ოპერაციების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით.
ასევე დადგენილია, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების ფარგლებში, სადაც მოვალე იყო სს ,,ტ------------–------------’’, განხორციელდა რეალიზაცია სხვადსხვა უძრავი ქონების, მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა მოძრავი ქონების. რეალიზაციის შედეგად დაიფარა შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავალიანებები და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ არსებული დავალიანებები. ასევე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად თანხის ნაწილი გადარიცხული იქნა შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ვინაიდან ქონების რეალიზაცია განხორციელდა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში იძულებითი რეალიზაციის გზით კომპანია არ იყო ვალდებული გადაეხადა დამატებული ღირებულების გადასახადი. საყურადღებოა, რომ საქართველოს სკ-ის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 230-ე მუხლის ამომწურავად ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც დღგ-ისაგან გათავისუფლებულია საქონლის/მომსახურების მიწოდება ან/და იმპორტი და მათ შორის ქონების აუქციონზე რეალიზაცია გათვალისწინებული არ არის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №3/ბ-46-2016 საქმეზე განმარტა შემდეგი ,,პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ოპერაცია, მიუხედავად უძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებისა, ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას, რაც აპელანტს არ განუხორციელებია. აპელანტის წარმომადგენლები სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტებისას ადასტურებენ, რომ ამ ოპერაციის შედეგად აპელანტმა გაისტუმრა ბანკის მიმართ არსებული ვალდებულება, ანუ მიიღო როგორც ფულადი, ისე სხვა სარგებელიც - იპოთეკა მოეხსნა ამ ვალდებულების ფარგლებში დატვირთულ შპს ,,.....’’-ს დირექტორის კუთვნილ ქონებასაც, შესაბამისად ცალსახაა, რომ აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენდა დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონლის მიწოდებას (აღნიშნულ საქმეზე საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბს-675-668 (3კ-16) განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული).
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებიც კონკრეტულ გადახდებთან მიმართებით საშემოსავლო/მოგების გადასახადის მიზნებისთვის წარმოადგენენ საგადასახადო აგენტებს.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ განახორციელა ხელფასების გაცემა და აღნიშნული განხორციელდა იძულებითი აღსრულების გზით. გათვალისწინებით იმისა, რომ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ საზოგადოების მუშა მოსამსახურეების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 1 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №19475 ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული 2015 წლის 4 ივნისის N021-61 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №27551 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ეწინააღდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხულ თანხებს დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რაც ჯამში შეადგენს 208640 ლარს. შესაბამისად სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.
სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე სს ,,ტ------------–------------’’-მა წარმოადგინა 150 ლარის ოდენობით (ს.ფ. 68) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის და მავე დროს იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სს ,,ტ------------–------------’’-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელეს გადაუვადდა. გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელის აღძვრისას წარმოდგენილია 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4850 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე უხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ,,ტ------------–------------’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სს ,,ტ------------–------------’’-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 4850 (ოთხიათას რვაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბაჟი ჩარიცხული უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 200122900, კოდი №300183150)
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე