გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2018
საქმის ნომერი
080210017002010810
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
15.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2007-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

 

მოსარჩელე: ა--------–--ე;

წარმომადგენელი: რ--------- ხ----–--–--ა;

მოპასუხე: სს „საქართველოს ბანკი“;

წარმომადგენელი: მ----- ნ-------–---–ი;

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის ნინო ხორგუანის 2017 წლის 27 ივნისის N597-კ ბრძანება ა--------–--ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

1.2. აღდგენილ იქნეს ა--------–--ე სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის N212 სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

1.3. მოსარჩელე ა--------–--ეს აუნაზღაურდეს განაცდური გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე ხელზე ასაღები თვეში 985 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები

 

1.4. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) და ”თ” ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იქნა შრომითი ხელშეკრულება ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა). აღნიშნული განკარგულება დაუსაბუთებელია და არღვევს მოსარჩელის უფლებებს, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირი გადაცდომის ჩადენას, შესაბამისად არანაირი სახდელი არ უნდა ყოფილიყო მის მიმართ გამოყენებული და მით უფრო არ უნდა შეწყვეტილიყო შრომითი ხელშეკრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

2.2. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, ის ითხოვს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 09 დეკემბერს ა--------–--ესა და სს ,,საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც იგი დანიშნულ იქნა სს ,,საქართველოს ბანკის“ უფროსი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. მითითებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა - 2013 წლის 09 დეკემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება(ს.ფ. 127-132)

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.2. 2013 წლის 09 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულებით ა--------–--ე დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შრომის ხელშეკრულება (გაფორმებული 2013 წლის 09 დეკემბერს არსებითი პირობები დანართი Nა) (ს.ფ. 127-129).

 

3.1.3. ყოველთვიურად შრომის ანაზღაურება ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 1056 ლარს და მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შრომის ხელშეკრულება (გაფორმებული 2013 წლის 09 დეკემბერს, არსებითი პირობები, დანართი Nა) (ს.ფ. 127-129);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.4. 2014 წლის 13 მაისს სს ,,საქართველოს ბანკი“-ს N221-კ ბრძანებით სს ,,საქართველოს ბანკის“ N212 სერვის ცენტრის უფროს მოლარე-ოპერატორს ა--------–--ეს გამოეცხადა საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირადი მიზნებისათვის მობილურ ტელეფონზე საუბარი) გამო. აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის 2014 წლის 13 მაისის N221-კ ბრძანება (ს.ფ. 79);

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.5. 2017 წლის 05 მაისს სს ,,საქართველოს ბანკის“ N384-კ ბრძანებით სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის N212 სერვის ცენტრის უფროს/უფროს მოლარე-ოპერატორს ა--------–--ეს გამოეცხადა საყვედური მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის (არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად სერვის ცენტრის სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობა). აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2017 წლის 05 მაისის N384-კ ბრძანება (ს.ფ. 80);

 

3.1.6. 2017 წლის 27 ივნისს სს ,,საქართველოს ბანკის“ N597-კ ბრძანებით სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის N212 სერვის ცენტრის უფროს/უფროს მოლარე-ოპერატორს ა--------–--ეს 2017 წლის 03 ივლისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს ,,შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 27 ივნისის N597-კ ბრძანება (ს.ფ. 21);

 

3.1.7. მოსარჩელეს, ევალებოდა შრომის ხელშეკრულების 2.16 პუნქტით დაეცვა შინაგანაწესი - დამსაქმებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სახელმძღვანელოების, დებულებების, ინსტრუქციების, პოლიტიკების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ/განუყოფელ ნაწილს და მოქმედებენ მასთან ერთად და რომლებიც აუცილებელი წესით მოიცავენ: ,,თანამშრომლის კორპორატიულ სახელმძღვანელოს“, ,,მექრთამეობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას“, ,,ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკას“, ,,შეტყობინების მართვის პოლიტიკას“, იმ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, ინსტრუქციას, მეთოდოლოგიას ან სხვა შიდა ნორმატიულ დოკუმენტს, სადაც საქმიანობს დასაქმებული და ნებისმიერ სხვა დებულებას თუ სახელმძღვანელოს, რომელიც აუცილებელია შესასრულებლად დასაქმებულის მიერ. მიუხედავად აღნიშნულისა 2014 წლის 13 მაისს სს ,,საქართველოს ბანკის“ N221-კ ბრძანებით სს ,,საქართველოს ბანკის“ N212 სერვის ცენტრის უფროს მოლარე-ოპერატორს ა--------–--ეს გამოეცხადა საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირადი მიზნებისათვის მობილურ ტელეფონზე საუბარი) გამო. ასევე

2017 წლის 05 მაისს სს ,,საქართველოს ბანკის“ N384-კ ბრძანებით სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის N212 სერვის ცენტრის უფროს/უფროს მოლარე-ოპერატორს ა--------–--ეს გამოეცხადა საყვედური მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის (არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად სერვის ცენტრის სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობა) და ეს გარემოებები ასევე სადავო არ არის.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სს ,,საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის 2014 წლის 13 მაისის N221-კ ბრძანება (ს.ფ. 79);

 

- სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2017 წლის 05 მაისის N384-კ ბრძანება (ს.ფ. 80);

 

3.1.8. სს ,,საქართველოს ბანკი“, როგორც დამსაქმებელი მუდმივად ზრუნავდა დასაქმებულის შემდგომ პროფესიულ განვითარებასა და მისი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

 

2017 წლის 02 აგვისტოს N1133 ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელე ა--------–--ე 2008 წლის 15 დეკემბრიდან მუშაობდა სს ,,საქართველოს ბანკში“. ბანკში მუშაობის პერიოდში გავლილი აქვს შემდეგი დასახელების ტრენინგები/ტესტები:

- ოქტომბერი, 2008-ოქტომბერი, 2008: მომსახურების სტანდარტები;

- ოქტომბერი, 2010-ოქტომბერი, 2010: გაყიდვები;

- მარტი, 2012-მარტი, 2012: დეკრეტის შემდგომი ტესტები; საოპერაციო პროდუქტები/პროცედურები/ვაბანკი;

- აპრილი, 2012-მაისი, 2012: ტრენინგები ექსპრეს უფროს მოლარე ოპერატორის გადამზადებისათვის; ექსპრეს პროდუქტები, მენეჯერული მოდულები, ფიზიკური პირების ინტერნეტბანკი, სმს და საბანკო სესხები, უნაღდო ანგარიშსწორება, ფიზიკური პირების ვაბანკის მოდულები;

- მაისი, 2012-მაისი, 2012: კლიენტთა მომსახურების იურიდიული ასპექტები;

- ივნისი, 2012-ივნისი, 2012: ჩვენი ბრენდი - ბანკის მიმოხილვა;

- ივნისი, 2012-ივნისი, 2012: საბანკო დოკუმენტების აკინძვისა და შენახვის წესები;

- ივნისი, 2012-ივნისი, 2012: გაყიდვები;

- სექტემბერი, 2012-სექტემბერი, 2012: ტრენინგი შემდეგ საკითხებში: უკონტაქტო ბარათები, ანგარიშების საკომისიო მოდული, შეთავაზების ფორმა;

- სექტემბერი, 2012-სექტემბერი, 2012: EXPRESS BOOKS განვადება;

- ნოემბერი, 2012-ნოემბერი, 2012: ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის სატრენინგო კურსი;

- ივნისი, 2013-ივნისი, 2012: ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის სატრენინგო კურსი;

- თებერვალი, 2014-თებერვალი, 2014: ინფორმაციული და კორპორატიული უსაფრთხოების პოლიტიკა;

- სექტემბერი, 2014-სექტემბერი, 2014: საკვალიფიკაციო ტესტის შემდგომი რეტრენინგი;

- ოქტომბერი, 2015-ოქტომბერი, 2015: დეკრეტის შემდგომი გადამზადება (დისტანციური);

- ოქტომბერი, 2016-ოქტომბერი, 2016: ეფექტური კომუნიკაცია და გაყიდვები;

- აპრილი, 2017-აპრილი, 2017: ლოიალურობის პროგრამა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,საქართველოს ბანკის“ 2017 წლის 02 აგვისტოს N1133 ცნობა (ს.ფ. 99);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) და ”თ” ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იქნა შრომითი ხელშეკრულება ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (მსჯელობას აღნიშნული საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტის ადგილს ეროვნული სასამართლოს მიერ გამოსაყენებელ სამართლის წყაროებს შორის და ასევე მისი სხვადასხვა რეგულაციების თაობაზე ქვემოთ შემოგთავაზებთ). აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

როგორც სამართალწარმოების შედეგად ირკვევა, ბანკის მხრიდან მისი ბიზნეს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ა--------–--ის ძირითად ფუნქციას სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე ოპერატორის პოზიციაზე წარმოადგენდა სერვის ცენტრის ორგანიზაციული განვითარება, სამეურნეო საკითხების მოწესრიგება, რაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა შესრულებული და აღნიშნული სადავო არ გაუხდია მოსარჩელეს, ვინაიდან ბრძანებას საყვედურის გამოცხადების თაობაზე დაეთანხმა და არ გაასაჩივრა.

 

ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო შრომის ხელშეკრულების 2.16 პუნქტით დაეცვა შინაგანაწესი - დამსაქმებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სახელმძღვანელოების, დებულებების, ინსტრუქციების, პოლიტიკების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების ერთობლიობაა, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ/განუყოფელ ნაწილს და მოქმედებენ მასთან ერთად და რომლებიც აუცილებელი წესით მოიცავენ: ,,თანამშრომლის კორპორატიულ სახელმძღვანელოს“, ,,მექრთამეობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას“, ,,ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკას“, ,,შეტყობინების მართვის პოლიტიკას“, იმ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, ინსტრუქციას, მეთოდოლოგიას ან სხვა შიდა ნორმატიულ დოკუმენტს, სადაც საქმიანობს დასაქმებული და ნებისმიერ სხვა დებულებას თუ სახელმძღვანელოს, რომელიც აუცილებელია შესასრულებლად დასაქმებულის მიერ.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით დასაქმებულმა აიღო ვალდებულება დამსაქმებლის წინაშე სრულად და ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით და მათ შორის თანამდებობრივი ინსტრუქციით ნაკისრი ვალდებულება.

 

შინაგანაწესის შემადგენელი ნაწილია ,,თანამშრომლის კორპორატიული სახელმძღვანელო“, რომლის შემადგენელი ნაწილია თავის მხრივ ქცევის კოდექსი - თანამშრომელთა სავალდებულო ქცევის წესები. აღნიშნული დოკუმენტის 2.1.7 პუნქტის თანახმად, თანამშრომელი უნდა იყოს დისციპლინირებული, არ დაუშვას უმიზეზოდ გაცდენა, ხშირი დაგვიანება, ან მუშაობისათვის თავის არიდება. ამავე. წესების 2.1.10 პუნქტში მითითებულია, რომ თანამშრომელმა არ უნდა დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკების, პროცედურების და ინსტრუქციების დარღვევა; 2.1.24 პუნქტის თანახმად კი თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის მომსახურების სტანდარტები და წესები. 2.4.3. პუნქტის თანახმად კი სამუშაო დროის შუალედში დასაქმებულს ეძლევა შესვენება 30 წუთიდან 1 საათამდე.

 

შესაგებელზე თანდართული ვიდეო ფაილებით და ელექტრონული მიმოწერებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა--------–--ე გადაჭარბებულად იყენებდა შესვენების პერიოდს. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ იღებდა მომხმარებელს. ხშირად და ხანგრძლივი დროით ტოვებდა სამუშაო ადგილს. სამუშაო დროის დამთავრებამდე გადიოდა სამსახურიდან. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული ფაქტები არასწორია, თუმცა მოცემული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ფაქტობრივ გარემოებას, იმის შესახებ, რომ ა--------–--ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამსახურებრივ ვალდებულებას წარმოადგენდა უზრუნველყო სერვის ცენტრის სამეურნეო და მარკეტინგული თემების მოგვარება, უზრუნველყო სერვის ცენტრის ტექნიკურად გამართული მუშაობა. მოცემული გამომდინარეობს თანამდებობრივი ინსტრუქციიდან (სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე-ოპერატორის ფუნქციები: მე-17, მე-18 პუნქტები).

 

ასევე სერვის ცენტრის მონიტორინგის ინსტრუქციის მიხედვით ა--------–--ე ვალდებული იყო მომდევნო თვის საკანცელარიო ინვენტარის გამოწერა მოეხდინა თვეში ერთხელ, ყოველი თვის დასაწყისში - მაქსიმუმ 10 რიცხვამდე. 2017 წლის 05 მაისს სს ,,საქართველოს ბანკის“ N384-კ ბრძანებით სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის N212 სერვის ცენტრის უფროს/უფროს მოლარე-ოპერატორს ა--------–--ეს გამოეცხადა საყვედური მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის (არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად სერვის ცენტრის სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობა).

 

საქმეში წარმოდგენილია ასევე ელექტრონული მიმოწერები, რაც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ არაერთგზის ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულების დარღვევას, რასთან დაკავშირებითაც იგი მრავალჯერ იქნა გაფრთხილებული.

 

2016 წლის 14 იანვრის ელექტრონული მიმიწერით, რომელიც გაეგზავნა მოსარჩელე ა--------–--ეს, დასტურდება, რომ N212 სერვის ცენტრის შემოწმების დროს დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევები, კერძოდ, ფასადები ძალიან დასალაგებელი იყო; აქციის პოსტერის ჩასადები ძალიან ტალახიანი იყო; სტენდებში მარტო 2-3 სახეობის ბუკლეტი იყო; რკინის სკამებზე კარდონი იყო, რაც დაუშვებელია; ბანკომატი არ მუშაობდა; დასარეგულირებელია ნაგვის ურნების საკითხი, ფეისბოქსებთან მარტო ნარინჯისფერი უნდა იდგას, თან აუცილებლად თავსახურით; სტიკერები შემოსასვლელ და ზონების გამყოფ კარზე ძალიან დახეული და დაზიანებულია; კონსულტანტები ტერმინალზე მიყრდნობილები და გულხელდაკრეფილები იდგნენ.

 

(ს.ფ. 86-87)

 

2016 წლის 06 დეკემბრის ელექტრონული მიმიწერით, რომელიც გაეგზავნა მოსარჩელე ა--------–--ეს, დასტურდება, რომ შემოწმების დროს დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევა, კერძოდ, ვიტრაჟის ფანჯრის რაფები იყო დამტვერილი, დიდი ხნის გაუწმენდავი; სერვის ცენტრის ფასადზე სხვა ობიექტის სარეკლამო აბრაა და დიდი თაიგული; იატაკის ზოლები შესაღებია; შემოსასვლელ კარზე და ბოძზე მოსაწესრიგებელია მაგნიტის საკეტის სისტემის კაბელები; შემოსასვლელ კარზე დაზიანებულია კარის ნაწილი; რკინის სკამები იყო შესაღები; ნათურები იყო გადამწვარი; სერვის ცენტრში ბუკლეტების დეფიციტი იყო; ფეისბოქსებზე არ მუშაობდა ბარათის წამკითხველი და პინ-პადი. კონსულტანტები იყვნენ ძალიან პასიურები, ფაქტიურად არაფერს არ აკეთებენ. წინა ვიზიტის შემდეგ შენიშვნათა ნაწილი არ არის აღმოფხვრილი, ისეთი ვითარებაა, რომ ფილიალს საერთოდ არ ექცევა ყურადღება.

 

(ს.ფ. 90-91)

 

2016 წლის 21 დეკემბრის ელექტრონული მიმიწერით, რომელიც გაეგზავნა მოსარჩელე ა--------–--ეს, დასტურდება, რომ მას შენიშვნა მისცეს, რომ ყველა შემოვლაზე ფიქსირდება უამრავი მოსაწესრიგებელი საკითხი (სერვის ცენტრის დასუფთავებაზე, ფეისბოქზე პრობლემა), რაზედაც პასუხისმგებლობა აკისრია სერვის ცენტრის მენეჯერს და თუ ვერ აგვარებდა ამ მოთხოვნებს, მაშინ უნდა ჩართოს უფროსები.

 

(ს.ფ. 90-91)

 

2016 წლის 27 დეკემბრის ელექტრონული მიმოწერით, რომელიც გაეგზავნა მოსარჩელე ა--------–--ეს, დასტურდება, რომ ის გააფრთხილეს, რომ თუ მსგავსი პრობლემები განმეორდებოდა ვეღარ ითანამშრომლებდნენ მასთან.

 

(ს.ფ. 89)

 

2017 წლის 10 მაისის ელექტრონული მიმიწერით, რომელიც გაეგზავნა მოსარჩელე ა--------–--ეს დასტურდება, რომ სერვის ცენტრში არ იყო სისუფთავე (ოპერატორის მაგიდაზე მომხმარებლის მხრიდან, ასევე წყლის ბინულის თავზე იყო სიბინძურე), სერვის ცენტრში საერთოდ არ არის კეთილგანწყობა, დაბღვერილები და წარბებშეკრულები ემსახურებიან ხალხს. მოსარჩელე ა--------–--ეს მისცეს შენიშვნა, რომ როგორც მენეჯერმა გამოიყენოს მეტი სერვის პლიუსი, რათა მისგან ისწავლონ თანამშრომლებმა. სერვის ცენტრში მცირე რაოდენობით ანაბრის გახსნა ფიქსირდება. როგორც მენეჯერი ყურადღებას არ აქცევს კონსულტანტის ჩაცმულობას. მოუწესრიგებელი და მოუგვარებელია ბევრი ტექნიკური და მარკეტინგული საკითხები. არ ატარებს თანამშრომლებთან თათბირს, არ ახდენს გეგმების გადანაწილებას, არ აკვირდება საღამოს ვის რა შედეგი აქვს, ვის სად უჭირს. ხშირად ტოვებს სამუშაო ადგილს გარკვეული დროით და ამის თაობაზე არავის არ აფრთხილებს. კლიენტს როდესაც ემსახურება იყურება ფანჯარაში და ახსნა არის, რომ თვალი გაურბის, რაც სერვის ცენტრის მენეჯერის პასუხს არ შეესაბამება. სერვის ცენტრის მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით გეგმა არ აქვს, ფლაერების გავრცელებაზე არ ფიქრობს. ითხოვენ აღნიშნულის თაობაზე მისგან პასუხს.

 

(ს.ფ. 94-95)

 

2017 წლის 10 მაისის მიმოწერით, მოსარჩელე ა--------–--ე დაეთანხმა მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს და გამოთქვა სურვილი, რომ უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენს.

 

(ს.ფ. 93)

 

შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა--------–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნულ დარღვევებს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დასტურდება შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის არამართლზომიერება, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - CASE OF SILIADIN V. FRANCE; CASE OF I.B. v. GREECE; CASE OF OBST v. GERMANY; CASE OF SCHUTH v. GERMANY; CASE OF BAKA v. HUNGARY; CASE OF IVANOVA v. BULGARIA; საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე, 37-ე, 38-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 317-ე და 361-ე მუხლები.

 

5.2. სამართლის ირიბი (შემეცნების) წყაროები

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავა ეხება შრომითი უფლების რეალიზებას, სასამართლო გააკეთებს მცირედ განმარტებას ამ უფლების დამდგენი სამართლის სხვადასხვა წყაროს შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა დაცვა ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, ხოლო ადამიანი, თავად გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი (ჩამოყალიბდა ე.წ. „სპეციფიკური სუბიექტუნარიანობის“ ცნება, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის სრულყოფილი სუბიექტი არის მხოლოდ ისეთი სუბიექტი, რომელიც ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის - სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები). უპირველესი ნაბიჯი ამ კუთხით 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ანსამბლეას მიერ მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გახლდათ. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ადამიანის და ხალხის უფლებათა აფრიკული ქარტია, ევროპის კავშირის ქარტია ძირითადი უფლებების შესახებ და სხვა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.

 

აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლების გარკვეულ გამოვლინებებს, გარკვეულწილად აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY;

 

საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი, იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება. ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.

 

სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მის ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე (აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ პირდაპირი სამართლის წყაროდ წინამდებარე გადაწყვეტილება არ განიხილავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ისეთ აქტებს, რომლებიც არ არის კანონიერ ძალაში საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში).

 

1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომით სამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.

 

თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).

 

სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციას „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.

 

აღნიშნული დოკუმენტის რიგი რეგულაციები განაპირობებენ ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ არსებობის აუცილებლობას დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. კონვენციისეული გონივრული პრინციპის ცნება, უმეტესწილად ეხება დასაქმებულის არასათანადო ქცევისა თუ არასაკმარისი კვალიფიკაციის, ასევე აუცილებელი საწარმოო საჭიროების გათვალისწინებით შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრულობის საკითხს, თუმცა სასამართლოს აზრით, არც იმ საკითხის მოწესრიგება უნდა გასცდეს ე.წ. გონივრულობის პრინციპს, რომელიც ვადიანი თუ უვადო კონტრაქტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება.

 

სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რა თქმა უნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით, რომლის პრეამბულაში გამოხატულია ქართველი ხალხის ურყევი ნება დაამკვიდრონ სოციალური სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს, რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.

 

სამართლის საერთაშორისო წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

 

სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომით ურთიერთობათა სივრცე და სფერო, მოკლებული იქნება სტაბილურობას, რაც ამ სამართალურთიერთობის ხასიათს მერყევს და არასანდოს გახდის.

 

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სამართლის საერთაშორისო წყაროები (ისევე როგორც საქართველოს შიდა ეროვნული კანონმდებლობა), აშკარად შეიცავენ დამსაქმებლის შესაძლებლობას შეწყვიტოს შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, მხოლოდ გონივრული საფუძვლისა და საკმარისი, ადექვატური წინაპირობის არსებობის შემთხვევაში; ანუ უნდა შეიქმნას მოცემულობა, რომელიც თანაზომიერი იქნება მიღებული გადაწყვეტილების - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მაღალი სიმკაცრისა. ასევე, უნდა ნათლად წარმოჩინდეს სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი სახდელის გამოყენების მიზანშეუწონლობა.

 

ზემოაღნიშნული ვრცელი მსჯელობა, ნათელი მინიშნება და დადასტურებაა იმ უფლების დაცვის მაღალი სტანდარტის დადგენისა, რომელსაც სწორედ შრომის უფლება წარმოადგენს. თუმცა ამავე დროს, სასამართლო ვერ დაივიწყებს იმ ფასეული ღირებულებების თაობაზე, რომელიც ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობის დროს სასწორის მეორე პინაზე დევს.

 

ამ მიზნით, სასამართლომ განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა ემყარება ხელშემკვრელი მხარეების განსაკუთრებულ ნდობას და ურთიერთგაგებას. დასაქმებულისათვის ხელმისაწვდომი, ხშირად კონფიდენციალური ინფორმაციის გათვალისწინებით მხარეები შედიან ერთმანეთთან ნდობაში და იღებენ პასუხისმგებლობასაც. პასუხისმგებლობის ფარგლები დამოკიდებულია დასაქმებულის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართალია - შრომით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული სამართლის წყაროების (ზემოთ უკვე მიმოვიხილეთ მრავალი მათგანი) მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული; თუმცა აღნიშნული მიდგომები აბსოლუტურად გამოუსადეგარი და მცდარი იქნება, თუ გონივრულობის ფარგლებში არ მოვთხოვთ დამსაქმებელს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ჩვენი მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ (რომლებიც, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები მოგებაზე ორიენტირებულნი არიან როგორც წესი და თავიანთ ფინანსურ მიზნებს ემსახურებიან) არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. გასაგებია, რომ დამსაქმებელი ნამდვილად უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთმოვალეობათა საწინააღმდეგო განმარტება, უცილობლად შექმნიდა დამსაქმებელი სუბიექტებისათვის შრომის თავისუფალ ბაზარზე ოპერირებისათვის არახელსაყრელ გარემოს და (იმის გათვალისწინებით, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) მოცულობის უდიდეს უმრავლესობას სწორედ კერძო ბიზნესი ქმნის) პირიქით - მოქალაქეთა შრომის პოტენციალის ათვისების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეოდა. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული კარგი მუშაობისათვის, ხოლო ცუდი მუშაობისათვის დასაჯოს იგი, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად აღმოჩნდება არაბუნებრივ მდგომარეობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ა--------–--ე გათავისუფლდა სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის N212 სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე-ოპერატორის თანამდებობიდან.

 

სადავო არ არის, რომ დათხოვნამდე, მოსარჩელის მიმართ შეფარდებული იყო სხვა (ნაკლებად მკაცრი) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და ის სადავოდ არავის გაუხდია. შესაბამისად, ასეთ მოცემულობაში, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ახალი, თუნდაც არა უკიდურესად მძიმე შინაარსის სამსახურებრივი გადაცდომა, სავსებით ლეგიტიმურად შეიძლებოდა რომ გამხდარიყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალური საფუძველი. ასეთი საფუძველი კი სწორედ შეიქმნა შემდეგი სახით:

 

სასამართლო ყურადღებას კვლავ გაამახვილებს, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო შრომის ხელშეკრულების 2.16 პუნქტით დაეცვა შინაგანაწესი - დამსაქმებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სახელმძღვანელოების, დებულებების, ინსტრუქციების, პოლიტიკების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების ერთობლიობაა, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ/განუყოფელ ნაწილს და მოქმედებენ მასთან ერთად და რომლებიც აუცილებელი წესით მოიცავენ: ,,თანამშრომლის კორპორატიულ სახელმძღვანელოს“, ,,მექრთამეობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას“, ,,ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკას“, ,,შეტყობინებების მართვის პოლიტიკას“, იმ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, ინსტრუქციას, მეთოდოლოგიას ან სხვა შიდა ნორმატიულ დოკუმენტს, სადაც საქმიანობს დასაქმებული და ნებისმიერ სხვა დებულებას თუ სახელმძღვანელოს, რომელიც აუცილებელია შესასრულებლად დასაქმებულის მიერ.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით დასაქმებულმა აიღო ვალდებულება დამსაქმებლის წინაშე სრულად და ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით და მათ შორის თანამდებობრივი ინსტრუქციით ნაკისრი ვალდებულება.

 

შინაგანაწესის შემადგენელი ნაწილია ,,თანამშრომლის კორპორატიულ სახელმძღვანელო“, რომლის შემადგენელი ნაწილია თავის მხრივ ქცევის კოდექსი - თანამშრომელთა სავალდებულო ქცევის წესები. აღნიშნული დოკუმენტის 2.1.7 პუნქტის თანახმად, თანამშრომელი უნდა იყოს დისციპლინირებული, არ დაუშვას უმიზეზოდ გაცდენა, ხშირი დაგვიანება, ან მუშაობისათვის თავის არიდება. ამავე წესების 2.1.10 პუნქტში მითითებულია, რომ თანამშრომელმა არ უნდა დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკების, პროცედურების და ინსტრუქციების დარღვევა; 2.1.24 პუნქტის თანახმად კი თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის მომსახურების სტანდარტები და წესები. 2.4.3. პუნქტის თანახმად კი სამუშაო დროის შუალედში დასაქმებულს ეძლევა შესვენება 30 წუთიდან 1 საათამდე.

 

საქმეში წარმოდგენილი ვიდეო ფაილებითა და ელექტრონული მიმოწერებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა--------–--ე გადაჭარბებულად იყენებდა შესვენების პერიოდს. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ იღებდა მომხმარებელს. ხშირად და ხანგრძლივი დროით ტოვებდა სამუშაო ადგილს. სამუშაო დროის დამთავრებამდე გადიოდა სამსახურიდან. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ფაქტები არასწორია, თუმცა მოცემული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, იმის შესახებ, რომ ა--------–--ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამსახურებრივ ვალდებულებას წარმოადგენდა უზრუნველყო სერვის ცენტრის სამეურნეო და მარკეტინგული თემების მოგვარება, უზრუნველყო სერვის ცენტრის ტექნიკურად გამართული მუშაობა. მოცემული გამომდინარეობს თანამდებობრივი ინსტრუქციიდან (სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე-ოპერატორის ფუნქციები: მე-17- 18 პუნქტები).

 

ასევე სერვის ცენტრის მონიტორინგის ინსტრუქციის მიხედვით ა--------–--ე ვალდებული იყო მომდევნო თვის საკანცელარიო ინვენტარის გამოწერა მოეხდინა თვეში ერთხელ, ყოველი თვის დასაწყისში - მაქსიმუმ 10 რიცხვამდე. 2017 წლის 05 მაისს სს ,,საქართველოს ბანკის“ N384-კ ბრძანებით სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის N212 სერვის ცენტრის უფროს/უფროს მოლარე-ოპერატორს ა--------–--ეს გამოეცხადა საყვედური მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის (არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად სერვის ცენტრის სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობა).

 

საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 10 მაისის ელექტრონული მიმოწერა სამეურნეო და მარკეტინგული საკითხების მოუწესრიგებლობის თაობაზე, რაც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ არაერთგზის ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულების დარღვევას, რასთან დაკავშირებითაც იგი მრავალჯერ იქნა გაფრთხილებული.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ფაქტობრივ გარემოებას, იმის შესახებ, რომ ა--------–--ემ დაარღვია შრომითი ხელშეკრულებითა და ორგანიზაციის წესდებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომით მოვალეობათა ნუსხაში შედიოდა ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით და მათ შორის თანამდებობრივი ინსტრუქციით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობას მისი მხრიდან ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერა მოსარჩელესა და ხელმძღვანელს შორის. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით, ნამდვილად გამოიკვეთა ისეთი სამსახურებრივი მოვალეობათა დარღვევა, რომელიც სავსებით მართლზომიერად განაპირობებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და „თ“ ქვეპუნქტის გამოყენებას და რომელიც სასამართლოს აზრით ცალსახად ქმნის იმ „გონივრულ საფუძველს“, რომელიც სამართლის საერთაშორისო წყაროთა რეგულაციების თანახმად უნდა გამოიყენოს დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის მისი ინიციატივით შეწყვეტის დროს. მიღებული სადავო გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას ცალსახად ხელს უწყობს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ, იმავე კალენდარულ წელს, გამოყენებული იყო დისციპლინური სახდელი მსგავსი შინაარსის დარღვევისათვის.

 

ამდენად, სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის ნინო ხორგუანის 2017 წლის 27 ივნისის N597-კ ბრძანება მიღებულია საქართველოს შრომის კოდექსის, კომპანიის შრომის შინაგანაწესის და მოსარჩელის შრომითი ხელშეკრულების პირობებზე დაყრდნობით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ წინაპირობას, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს გამართლებულად, მიზანშეწონილად და რაც მთავარია კანონიერად მიაჩნია სადავო გადაწყვეტილება; შესაბამისად მისი ბათილობის საკითხი ვერ დადგება. აქედან გამომდინარე კი, სამსახურში აღდგენა, როგორც დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ე.წ. თანმდევი შედეგი, ასევე ვერ განხორციელდება უსაფუძვლობის გამო.

 

პირველი და მე-2 სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, სასამართლოს აქვე მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს; იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა--------–--ის (წარმომადგენელი: რ--------- ხ----–--–--ა) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. ა--------–--ეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა