გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქმე N2/201-17 საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - ნ----- გ----------ე;
წარმომადგენელი - ნ---- მ-------–---–ი;
მოპასუხე - სს ,,ლ-------ი ბანკის“ იმერეთის რეგიონალური ფილიალი;
წარმომადგენელი - ნ---- კ-------ა;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება და ხელშეკრულების შეწყვეტა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს (დაზუსტებული სარჩელი):
1.1. სს ,,ლ-------ი ბანკს“ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ნ----- გ----------ის მიმართ, ნ----- გ----------ის მიერ 24.11.2016 წელს შეტანილი თანხიდან არასწორად ტრანზაქცირებული 2753.03 ლარი 24.11.2016 წლიდან მიიღოს კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვად ძირი და პირგასამტეხლო 2%, როგორც მითითებულია ნ----- გ----------ის მიმდინარე ანგარიშიდან გადარიცხვის დანიშნულებაში. გაუქმდეს პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა, რაც განხორციელდა 24.11.2016 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა იმ ფორმით, რაც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება);
1.2. შეწყდეს ნ----- გ----------ეს და სს ,,ლ-------ი ბანკს“ შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება N420/0002/2014/18208 ვალის დაფარვის საფუძვლით.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 26 აგვისტოს ნ----- გ----------ესა და სს ,,ლ-------ი ბანკის“ იმერეთის რეგიონალურ ფილიალს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა იყო 9100 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 36 თვე. ნ----- გ----------ე გადახდებს აწარმოებდა სს „ლ-------ი ბანკის“ პირადი მიმდინარე ანგარიშიდან, 2016 წლის იანვარში სს ,,ლ-------ი ბანკის“ იმერეთის ფილიალის თანამშრომელმა აცნობა, რომ მისი ანგარიში იყო დაბლოკილი, რადგან ლ------------–-ილი (სესხი მასზე სს ,,ლ-------ი ბანკის“ იმერეთის რეგიონალური ფილიალიდან გაცემული იყო 2015 წლის 3 ივნისს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1181884, ნ----- გ----------ე 2015 წლის 3 ივნისის N1181884-53001026357 ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა თავდებად) ვერ აწარმოებდა გადახდას, ვინაიდან ის გარდაიცვალა 2015 წლის 30 დეკემბერს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულება ხდებოდა ჯეროვნად და ის თანხას რიცხავდა მირანდა წაქაძის მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით. 05.05.2016 წელს სს ,,ლ-------ი ბანკმა“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, გარდაცვლილი ლ------------–-ილის თავდებების წინააღმდეგ, მათ შორის, ნ----- გ----------ისაც, რის შემდეგაც დავის სასამართლოში გადანაცვლების შემდგომ ბლოკირება მოეხსნა მის მიმდინარე ანგარიშს. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებამდე დავის განმავლობაში სს ,,ლ-------ი ბანკი“ იძულებით აღსრულებას ვერ აწარმოებდა, რის შესახებაც სესხის ოფიცერმა ნ----- გ----------ეს განუმარტა, რომ მას შეეძლო პირადი სესხის დაფარვა ეწარმოებინა საკუთარი მიმდინარე ანგარიშიდან, რადგან მისი ანგარიში აღარ იყო დაბლოკილი. შესაბამისად, ნ----- გ----------ემ საკუთარი ანგარიშიდან მოახდინა პირადი სესხის დაფარვა 25.06.2016 წლიდან 25.10.2016 წლამდე.
მოსარჩელემ 2016 წლის 24 ნოემბერს წერილობით მიმართა სს ,,ლ-------ი ბანკს“, რომ ვადაზე ადრე დაეფარა დარჩენილი პირადი სესხი და 2014 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მთლიანად შესრულების საფუძველზე შეწყვეტილიყო საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტ-ოფიცერ თემურ ძოწენიძის კონსულტაციით და უშუალო მონაწილეობით შეადგინა განცხადება დარჩენილი ვალდებულების ვადაზე ადრე დაფარვის მიზნით. კრედიტ-ოფიცერის მოწოდებული ინფორმაციით ვადაზე ადრე დასაფარი სესხი შეადგენდა 3068,05 ლარს და მისი დაფარვით მთლიანად დასრულებული იქნებოდა ნ----- გ----------ის ვალდებულება, რაც განხორციელდა კიდეც, კერძოდ, ნ----- გ----------ემ 24.11. 2016 წელს ბანკის ანგარიშზე შეიტანა 3068.05 ლარი, მაგრამ ბანკმა არ მოახდინა იმავე დღესვე კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვა და მოგვიანებით 30.11.2016 წელს გადარიცხა 1300 ლარი, ხოლო 2.12.2016 წელს - 1453,03 ლარი, დანიშნულებაში მიუთითა კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვა - ძირი. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 25 დეკემბერს ბანკის კრედიტ-ოფიცერი დაუკავშირდა და აცნობა, რომ მის მიერ შეტანილი თანხა მოხმარდა გარდაცვლილი ლ------------–-ილის სესხის დაფარვას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბანკსა და მას შორის დაირღვა შეთანხმება სესხის ვადაზე ადრე გადახდის თაობაზე, ბანკმა თვითნებურად განკარგა თანხა და მიმართა იმ სესხის დასაფარად, რომლის თაობაზეც სასამართლოში მიმდინარეობს დავა მხარეებს შორის. 30.12.2016 წლის მდგომარეობით ბანკმა გასცა ცნობა, რომ ნ----- გ----------ეს სს „ლ-------ი ბანკში“ ერიცხება დავალიანება პირად სესხზე (სესხი ძირი - 2660,25 ლარი; პროცენტი - 61,06 ლარი; ჯარიმა - 10,75 ლარი), ხოლო პროცენტი და ჯარიმა ყოველდღიურად ერიცხება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს ,,ლ-------ი ბანკის“ წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
მისი მითითებით, მოსარჩელე ნ----- გ----------ემ სრულად იკისრა იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება, რაც გამომდინარეობდა ლ------------–-ილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან. შესაბამისად მისი საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხა შეესაბამება მის მიერ ნაკისრ თავდების ვალდებულებას. 2016 წლის 24 ნოემბერს მოსარჩელის მიერ სს „ლ-------ი ბანკში“ შეტანილი 3068.05 ლარიდან ჩამოიჭრა 323.67 ლარი, რითაც დაიფარა სესხის ძირი და პროცენტი, ხოლო დარჩენილი 2753.03 ლარი მოხმარდა ნ----- გ----------ის მეორე ვალდებულების (თავდებობიდან გამომდინარე ვალდებულების) შესრულებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 26 აგვისტოს სს ,,ლ-------ი ბანკს“ და ნ----- გ----------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა ამ უკანასკნელზე სესხი 9100 ლარის ოდენობით; 36 თვის ვადით; წლიური 24% დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულება (ს. ფ. 17-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2015 წლის 03 ივნისის N1181884 სს ,,ლ-------ი ბანკს“ და ლ------------–-ილს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა ამ უკანასკნელზე სესხი 9500 ლარის ოდენობით; 36 თვის ვადით; წლიური 30% დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 03 ივნისის N1181884 ხელშეკრულება (ს. ფ. 47-52);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადებით მოსარჩელე ნ----- გ----------ე სოლიდარულ თავდებად დაუდგა ძირითად მოვალეს, ლ------------–-ილს. აღნიშნულით მოსარჩელე ნ----- გ----------ემ აიღო ვალდებულება სს ,,ლ-------ი ბანკის“ წინაშე 2015 წლის 03 ივნისის N1181884 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უზრუნველყო ბანკის სასარგებლოდ არსებული სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მსესხებელის მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების, და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადება (ს. ფ. 55-56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. სს ,,ლ-------ი ბანკის“ მიერ გაცემული 2016 წლის 30 დეკემბრის N360 ცნობის მიხედვით 2016 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ნ----- გ----------ის დავალიანება სს ,,ლ-------ი ბანკის“ მიმართ შეადგენს: სესხი ძირი - 2660,25 ლარი; პროცენტი - 61,06 ლარი; ჯარიმა - 10,75 ლარი; სალომბარდე სესხი: მიმდინარე კრედიტი 410 ლარი და 206 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ლ-------ი ბანკის“ 2016 წლის 30 დეკემბრის N360 ცნობა (ს.ფ. 30);
3.1.5. სს ,,ლ-------ი ბანკის“ მიერ გაცემული მირანდა წაქაძის ანგარიშების ამონაწერით დადგენილია, რომ მისი ანგარიშიდან ხდებოდა მოსარჩელე ნ----- გ----------ის სესხის დაფარვა; 2016 წლის 25 იანვარი - 324 ლარი; 2016 წლის 25 თებერვალი - 324 ლარი; 2016 წლის 25 მარტი - 324 ლარი; 2016 წლის 25 აპრილი - 325 ლარი; 2016 წლის 25 მაისი - 325 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მირანდა წაქაძის ამონაწერი ანგარიშებიდან (ს.ფ. 127-128);
3.1.6. 2016 წლის 24 ნოემბერს მოსარჩელე ნ----- გ----------ემ განცხადებით მიმართა სს ,,ლ-------ი ბანკს“ წინსწრებით 3076 ლარის დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 24 ნოემბრის ნ----- გ----------ის განცხადება(ს.ფ. 129);
3.1.7. 2016 წლის 24 ნოემბრის N5122560385 შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ----- გ----------ემ თავის ანგარიშზე შეიტანა 3068.05 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 24 ნოემბრის N5122560385 შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 31);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები სადავო არაა, სადავოა დადგენილად მიჩნეული გარემოებები სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ სასამართლო სხდომის ოქმი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ----- გ----------ემ მოპასუხე სს ,,ლ-------ი ბანკის“ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, რის გამოც უნდა შეწყდეს ნ----- გ----------ესა და სს ,,ლ-------ი ბანკს“ შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება N420/0002/2014/18208 და წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
_ საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან სესხად კრედიტი მიიღო მოპასუხე სს ,,ლ-------ი ბანკი“-სგან, მაგრამ იგი მის მიერ სრულად იქნა დაფარული წინსწრებით. სასამართლო განმარტავს, რომ თუ ნ----- გ----------ეს მოპასუხისათვის სრულად აქვს დაფარული სესხი და მოპასუხე მას არ თვლის სრულად დაფარულად, მაშინ მისი ქმედება შეფასებული უნდა იქნეს მოსარჩელის უფლების დარღვევად. მოსარჩელეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით უფლება აქვს სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხის სესხის დაფარვის აღიარება და ხელშეკრულების შეწყვეტა.
6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ 2014 წლის 26 აგვისტოს სს ,,ლ-------ი ბანკს“ და ნ----- გ----------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის იმავე დღეს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ----- გ----------ეზე გაიცა კრედიტი 9100 ლარის ოდენობით, 2017 წლის 25 აგვისტომდე ვადით, წლიური 24 %-ის სარგებლის დარიცხვით. კრედიტი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ----- გ----------ეს აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულება არ დაურღვევია. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულება ხდებოდა ჯეროვნად და ის თანხას რიცხავდა მირანდა წაქაძის მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სს ,,ლ-------ი ბანკმა“, ხელშეკრულების დადებისა და სესხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ნ----- გ----------ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ნ----- გ----------ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ კრედიტით სესხად მიღებული თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეს ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება.
მოსარჩელე ნ----- გ----------ემ შეასრულა ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულება და 2016 წლის 24 ნოემბერს განცხადებით მიმართა სს ,,ლ-------ი ბანკს“ და წინსწრებით გადაიხადა 3068 ლარი, რომლითაც დაიფარა 2014 წლის 26 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება,რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.
კანონის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ გააჩნია სხვადასხვა საფუძვლიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე, რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, საუბარია ორი სხვადასხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე. მითითებული ნორმა შესრულების არჩევანის პრიორიტეტს ანიჭებს მოვალეს. ასეთი მიდგომა ემყარება იმ გარემოებას, რომ მოვალემ ყველაზე უკეთ იცის რომელი ვალია მისთვის ყველაზე მძიმე და რომელი მათგანის გასტუმრების შემთხვევაში იქნება დაზღვეული დამატებითი ხარჯებისაგან. ამ პრიორიტეტის საიდუმლო იმ დებულებაშია, რომელიც იუწყება, რომ საეჭვო გარემოებებისას უპირატესობა ენიჭება სამართლებრივი ტვირთის მატარებელ მხარეს. ამიტომაცაა, რომ მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტოს ჯერ რომელი ტვირთი მოიხსნას. შეიძლება ეს არ შედიოდეს კრედიტორის ინტერესებში, მაგრამ მისი მოთხოვნის უფლება შეუძლებელია წინ დავაყენოთ მოვალის არჩევანის უფლებაზე სწორედ აღნიშნულ გარემოებათა გამო. მოვალე არჩევანში არამარტო უფლებამოსილია, არამედ ხშირად კრედიტორის მხრიდან თანხმობასაც არ საჭიროებს. სკ-ის 387-ე მუხლი ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობის სხვადასხვა შემთხვევებს აფიქსირებს. აქ ის შემთხვევა გვაქვს, როდესაც რამდენიმე მსგავსი შესრულებიდან ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს. ხშირად მოვალე უფლებამოსილია ვადამდე შეასრულოს ვალდებულება (სკ-ის 364-ე მუხლი). აღნიშნულ შემთხვევაში შეიძლება სესხის დაბრუნების ვადა არ იყოს დამდგარი, მაგრამ მოვალემ მოახდინოს შესრულება. თუკი მოვალე არ გამოიყენებს სკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით მინიჭებულ უფლებას, მაშინ შესრულების რიგითობა განისაზღვრება კანონის ობიექტური ნებით, კერძოდ, დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.
საქმეში არსებული ნ----- გ----------ის 2016 წლის 24 ნოემბრის განცხადებით კი დადგენილია, რომ მის მიერ წინსწრებით გადახდილი 3068.05 ლარით უნდა მომხდარიყო 2014 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული N0002/2014/18208 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაფარვა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის სესხის ვადაზე ადრე დაფარვა.
სასამართლოს მიერ ვერ იქნება მოპასუხე მხარის მოსაზრება გაზიარებული, ვინაიდან მოვალის მიერ პირდაპირ იყო განსაზღვრული თუ რომელი ვალდებულების დაფარვა უნდა მომხდარიყო, რის საშუალებას მას სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი აძლევდა.
6.6. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.
ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად: ა. იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები; ბ. მას ეკისრება ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან დაღუპვის რისკი; გ. მას აღარა აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება.
მოცემულ საქმეში მოვალის მიერ პირნათლად შესრულდა ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, რაც მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა შესრულებული, რის გამოც მოსარჩელე ნ----- გ----------ეს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რაც მიადგა სს ,,ლ-------ი ბანკის“ ბრალეული გადაცილების გამო, კერძოდ, აღდგენილ იქნეს პირვანდელი მდგომარეობა და მოსარჩელეს გაუუქმდეს პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა, ვინაიდან მას ბანკის მიმართ დავალიანება აღარ აქვს 2016 წლის 24 ნოემბრიდან და შესაბამისად ბანკს უფლება არ აქვს მისგან მიიღოს პროცენტი.
6.7. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
მოსარჩელის მოთხოვნა შეწყდეს ნ----- გ----------ეს და სს ,,ლ-------ი ბანკს“ შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება #420/0002/2014/18208 ამ ნაწილში საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მას სრულად აქვს დაფარული 2014 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული N0002/2014/18208 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხე სს ,,ლ-------ი ბანკს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
7.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 500 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 110 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----- გ----------ის (წარმ: ნ---- მ-------–---–ი) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. სს ,,ლ-------ი ბანკს“ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ნ----- გ----------ის მიმართ, ნ----- გ----------ის მიერ 24.11.2016 წელს შეტანილი თანხიდან არასწორად ტრანზაქცირებული 2753.03 ლარი 24.11.2016 წლიდან მიიღოს კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვად ძირი და პირგასამტეხლო 2%, როგორც მითითებულია ნ----- გ----------ის მიმდინარე ანგარიშიდან გადარიცხვის დანიშნულებაში. გაუქმდეს პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა, რაც განხორციელდა 24.11.2016 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა იმ ფორმით რაც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).
1.2. შეწყდეს ნ----- გ----------ეს და სს ,,ლ-------ი ბანკს“ შორის 2014 წლის 26 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება N420/0002/2014/18208 ვალის დაფარვის საფუძვლით.
1.3. მოპასუხე სს ,,ლ-------ი ბანკს“ მოსარჩელე ნ----- გ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი და საადვოკატო მომსახურების თანხა 110 ლარის (ას ათი ლარი) ოდენობით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა