გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 411210017002195988
საქმე N 2/192-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 2018 წელი ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: ე-–--- ხ--–--------–ი
წარმომადგენელი: ე-–---- პ---–--–---–-
მოპასუხე: ზ---- ლ----------ე
დავის საგანი: რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა; ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა ე-–--- ხ--–--------–სა და ზ---- ლ----------ეს შორის;
1.2. ზ---- ლ----------ეს ე-–--- ხ--–--------–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შვილის - ლ---- ლ----------ის სარჩენი ალიმენტი ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სარჩელის თანახმად, მხარეები ჯერ ფაქტობრივი, ხოლო შემდეგ რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ 2004 წელის 9 დეკემბერს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2003 წლის 30 ივლისს დაბადებული ლ---- ლ----------ე (პირ. N 0----------). ხასიათის შეუთავსებლობის გამო ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელემ სხვა ოჯახიც შექმნა. მოპასუხე ზ---- ლ----------ე იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ის არ ზრუნავს შვილზე. მოსარჩელე ითხოვს ზ---- ლ----------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას, ე-–--- ხ--–--------–მა სარჩელით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 150 (ასორმოცდაათი) ლარი სასამართლო სხდომაზე შეამცირა და მოითხოვა ზ---- ლ----------ისათვის შვილის - ლ---- ლ----------ის სარჩენი ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ სცნო და განმარტა, რომ თანახმაა მეუღლესთან რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს, ხოლო ალიმენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და არანაირი მატერიალური საშუალება გააჩნია ალიმენტის გადასახდელად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ 2004 წელის 9 დეკემბერს;
მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა;
3.1.2. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2003 წლის 30 ივლისს დაბადებული ლ---- ლ----------ე
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა;
3.1.3. ზ---- ლ----------ე სასჯელს იხდის N 17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მტკიცებულება: N 17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2017 წლის 15 დეკემბრის მომართვა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–--- ხ--–--------–ის სარჩელი ზ---- ლ----------ის მიმართ რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზეა როგორც ქორწინების შეწყვეტის, ასევე ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის საფუძველზე, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად კი, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება.
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–--- ხ--–--------–ის სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, მოსარჩელის პოზიციიდან გამომდინარე, მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან მან სხვა ოჯახი შექმნა.
ასეთ ვითარებაში, მათთვის შერიგების ვადის მიცემას ექნება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათი და ყოველგვარ აზრს მოკლებული. მათი რეგისტრირებული ქორწინება ატარებს ამგვარ ფორმალურ ხასიათს და უნდა გაუქმდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1189-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
ამავე კოდექსისს 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი.
სასამართლო ალიმენტის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ზ---- ლ----------ე სასჯელს იხდის N 17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
ბავშვის ნორმალური აღზრდა განვითარებისთვის საჭიროა, ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს მისი ინტერესების დაკმაყოფილებას, რათა მომავალში იგი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გარკვეულწილად ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი გადატანილია დედაზე, ხოლო მამა - იმ დოზით, როგორც დედა, ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში.
სწორედ ალიმენტის შესაბამისი თანხის განსაზღვრით უნდა მოხდეს იმ მდგომარეობის გათანაბრება, რაც მოცემულ შემთხვევაში არის მხარეთა შორის. სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვლისწინებით, ასევე მოპასუხის, როგორც ალიმენტის გადამხდელის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად მხარეთა მიერ იქნა წარმოდგენილი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის სახით შვილის მიმართ 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრება წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რაც, დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე, უნდა დაეკისროს ზ---- ლ----------ეს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 150 ლარიდან შეამცირა 50 ლარამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ალიმენტის უფრო მეტი თანხის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები დღეის მდგომარეობით არ არსებობს.
ის ფაქტი, რომ ზ---- ლ----------ე იმყოფება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, არ აქარწყლებს მის ვალდებულებას, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დავის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოპასუხისათვის ალიმენტის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის დაკისრების საკითხიც, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, შეადგენს დავის საგნის ღირებულების (ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით) 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, იმავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რამდენადაც მოცემული საქმე მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია.
აქედან გამომდინარე, ზ---- ლ----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განქორწინების ნაწილში მოპასუხემ სარჩელი სცნო, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დაუბრუნდეს ე-–--- ხ--–--------–ს და მხარეები ქორწინების შეწყვეტის ნაწილში გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 248-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. შეწყდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამოქალაქო სამსახურის მიერ 2004 წლის 9 დეკემბერს N 0030953 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება ე-–--- ხ--–--------–სა (დაბადებული: 1978 წლის 1 დეკემბერს; პ/ნ № 3----------) და ზ---- ლ----------ეს (დაბადებული: 1976 წლის 7 იანვარს; პ/ნ № 0----------) შორის.
1.2. ზ---- ლ----------ეს (პ/ნ №0----------) ე-–--- ხ--–--------–ის (პირ. N 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის – 2003 წლის 30 ივლისს დაბადებული ლ---- ლ----------ის (პირ. N 0----------) სარჩენი ალიმენტი ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის შეტანის დღიდან – 2017 წლის 1 დეკემბრიდან ლ---- ლ----------ის სრულწლოვანებამდე ან სხვა მდგომარეობის შეცვლამდე.
3. ზ---- ლ----------ე განქორწინების ნაწილში გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. ე-–--- ხ--–--------–ს დაუბრუნდეს განქორწინების ნაწილში მის მიერ 2017 წლის 27 ნოემბერს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
5. ზ---- ლ----------ეს ალიმენტის ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
6. გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. №124) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
8. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი