გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2018
საქმის ნომერი
050210017002218202
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210017002218202 (N2/993-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი

 

(შესავალი ნაწილი)

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა დავითაძე

 

მოსარჩელე - შპს ,-----–------------ი''

წარმომადგენელი - ნი------------–---–ი

მოპასუხე - ან---------------–---–-

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ან---------------–---–ს შპს ,-----–------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 450 ლარი, პროცენტი - 96.26 ლარი და პირგასამტეხლო - 453.74 ლარი;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

20---–-–--------------რს შპს ,-----–------------ისა" და ან---------------–---–ს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N---------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 450 ლარის ოდენობით, 31 დღის ვადით. სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 0.69%-ით, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 2%-ი. დასაფარი თანხის ოდენობა სესხის 31 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში - 546.26 ლარი.

 

მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2016 წლის 02 იანვარს და 2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 7077.26 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 450 ლარი, პროცენტი - 96.26 ლარი, პირგასამტეხლო - 6531 ლარი, საიდანაც ერთჯერადი ჯარიმა შეადგენს - 150 ლარს, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე - 6381 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, იგი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ნამდვილად იმყოფებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში მოსარჩელესთან, თუმცა ავადმყოფობის გამო ვეღარ შეძლო თანხის დაფარვა და ითხოვს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–--------------რს შპს ,-----–------------ის'' და ან---------------–---–ს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N---------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 450 ლარის ოდენობით, 31 დღის ვადით. განისაზღვრა სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი - 0.69%-ი, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 2%-ი. დასაფარი თანხის ოდენობა სესხის 31 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში - 546.26 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- 20---–-–---------------ის N---------- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 20---–-–---------------ის N---------- სესხის ხელშეკრულება ან---------------–---–-ს მიერ დარღვეულია 2016 წლის 02 იანვრის შემდეგ, რის შემდგომაც სესხის დაფარვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად მოსარჩელის, მხრიდან, გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რაც გამოიხატა ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობაში. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოპასუხე მხარესთან საკრედიტო ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 1-13);

- საგადახდო ისტორია (ს.ფ. 26);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 20---–-–--------------რს N---------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ან---------------–---–-ს დავალიანება მოსარჩელე შპს ,,ონლაილ ფაინენსის'' მიმართ შეადგენს 7077.26 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 450 ლარი, საკომისიო - 96.26 ლარი, პირგასამტეხლო - 6531 ლარი, სარჩლით მოთხოვნილ იქნა შემცირებული პირგასამტეხლოს სახით - 453.74 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 1-13);

- საგადახდო ისტორია (ს.ფ.26);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. 20---–-–---------------ის N---------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულებას მოპასუხე ან---------------–---–-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია 2016 წლის 02 იანვრის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,-----–------------ის'' სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 405-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის 20---–-–--------------რს შპს ,-----–------------ის'' და ან---------------–---–ს შორის ელექტრონული ფორმით გაფორმდა სესხის N---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 450 ლარის ოდენობით, 31 დღის ვადით. სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 0.69%-ი, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ყოველდღიური პირგასამტეხლოს - გადასახდელი თანხის 2%-ის ოდენობით. დასაფარი თანხის ოდენობა სესხის 31 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში - 546.26 ლარი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, ლერძოდ ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ამასთან მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება;

 

სასმართლო მიუთითებს, რომ 20---–-–---------------ის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ანუ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების არსებობას ხელშკრულების მოქმედების პერიოდში სრულად.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო 31 დღის ვადაში, რომლის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,-----–------------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ან---------------–---–ზე გაიცა კრედიტი. მოვალის მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 20---–-–---------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის სახით - 450 ლარის და დარიცხული პროცენტის - 96.26 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პროცენტის ოდენობა მოიცავს მოთხოვნას 2016 წლის 02 იანვრიდან (ვალდებულების დარღვევიდან) ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 20---–-–---------------ის N---------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 100 ლარის ოდენობით გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 03 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს, განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე.

 

ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არანაკლებ 100 ლარს, მოცემული დავა კი წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით, რისი გადახდაც დაეკისრა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,-----–------------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ან---------------–---–ს შპს ,-----–------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------------ის N---------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 646.26 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 450 ლარი, პროცენტი - 96.26 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი;

3. მოპასუხე ან---------------–---–ს შპს ,-----–------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ციცინო როხვაძე