გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210017001801778
# 2-437/2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - სს სა---------–--------------------------------------–-ა”
წარმომადგენელი - მ---- ტო------ე, თე------ე ღა-----ე
მოპასუხე- შპს ,,ბუ--------------------8"
წარმომადგენელი - ტ----- ჭე-–--ე, მა------- ქა------ე (დირექტორი)
დავის საგანი - აუცილებელი გზის მოწყობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” დაერთოს ნება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ 39 294 კვ.მ. (საკადასტრო კოდი #20.37.01.0--) მიწის ნაკვეთზე 3 515 კვ.მ. მიწის ფართობის გამოყენებაზე, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.
1.2. შპს ,,ბუ--------------------8"-ს დაეკისროს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
1.3. აუცილებელი გზის უფლების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურში დაუყოვნებელი რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 ივლისის N1410 განკარგულებით სს სა---------–--------------------------------------–-ას” დაევალა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქო----–----ს განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის და მისი წარმატებით განხორცილების ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება. აღნიშნული ნებართვის მისაღებად ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, აუცილებელია ,,კორპორაციამ" მოიპოვოს და სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" დაარეგისტრიროს მიწის სარგებლობის უფლება, მილსადენის სამშენებლო დერეფანში მოყოლილ ყველა მიწის ნაკვეთზე. იმისათვის, რომ პროექტი დროულად და შეუფერხებლად განხორციელდეს, აღნიშნულის მიზნით მოსარჩელე მხარემ გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ძირითად ნაწილთან და დაარეგისტრირა თავისის უფლებები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მოპასუხე მხარის კუთვნილ მიწაზე ვერ ხერხდება მოსარჩელის სასარგებლოდ სერვიტუტის უფლების დარეგისტრირება, რადგანაც მხარე უარს აცხადებს ხელშეკრულების გაფორმებასა და კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სასარგებლოდ სერვიტუტის უფლებით დატვირთვაზე.
- მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა ხელშეკრულების პირობების, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა, მოპასუხე არ დაეთანხმა კომპენსაციის ოდენობას, ხელშეკრულების პირობებს და უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუმცა კონკრეტული მოსაზრება ცალკეულ პირობებთან დაკავშირებით არ გამოუხატავს. მოსარჩელე კი, როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთებზე უფლებების მფლობელი, ვერ ახერხებს მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობას, რათა შეძლოს აუცილებელი კავშირის დამყარება მეზობელი მიწის ნაკვეთებთან, პროექტით გათვალისწინებული მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება და მოცემული მიწის ნაკვეთებზე გამავალი მაგისტრალური მილსადენის შემდგომი შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლუატაცია, გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება და სხვა. მოპასუხე კი საკუთრების უფლებას ბოროტად იყენებს, რითაც არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის აუცილებელ ინტერესებს, არ იცავს თავის და საზოგადოების ამ ინტერესთა გონივრულ ბალანსს.
- ,,კორპორაციის" მიერ განხორციელებულია მთელი რიგი სამუშაოები. სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" მიერ 2016 წლის 27 დეკემბერს გამოცემულია ბრძანება #226-04, რომლითაც პროექტისათვის დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება, დასამტკიცებლად წარდგენილია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
- მიწის ნაკვეთი, რომელზედაც გაივლის შერჩეული მარშრუტი, არის გარემოსდაცვითი, ტექნიკური და ეკონომიკური კუთხით არის საუკეთესო ვარიანტი, მას დასავლეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება დაცული ტერიტორიები - ქო----–----ს ნაკრძალი და აღ-------–ი, ასევე სოფელი ოჩ-------ი. საპროექტო ხაზით აცილებული იქნება როგორც გარემოზე, ასევე მოსახლეობაზე ზიანის მიყენება, შენობა-ნაგებობების არსებობის გამო სამშენებლო დერეფნის კონფიგურაციის ცვლილება არ არის შესაძლებელი.
- ,,კორპორაციას" 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვაზე 10 483 799,00 ლარის ღირებულებით დღგ-ს გარეშე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2017 წლის 17 მარტს #53-04 ბრძანებით შეთანხმებულია პროექტი, გაცემულია მშენებლობის ნებართვა და მშენებლობა უნდა განხორციელდეს მის მიერ სამშენებლო მიზნებისათვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების/დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. მოპასუხის ქმედების გამო კი ყოველივე ეს ყოვნდება, რის გამოც ვერ ხორციელდება პროექტი და ზიანი ადგება სახელმწიფოს, საზოგადოებას.
- ,,კორპორაცია" მზად არის ნებისმიერ დროს გააფორმოს მოპასუხესთან სერვიტუტის ხელშეკრულება და გადაუხადოს კომპენსაცია ექსპერტიზის მიერ დადგენილი ოდენობით.
- მოსარჩელე განმარტავს, რომ პროექტის თანახმად, დერეფნის დაცვის ზონა სიგანეში არის 4 მეტრი, მე-2 ზონა კი 20 მეტრი, ჯამში 25 მეტრი. შეზღუდვის ზონა მარცხნივ-მარჯვნივ - ჯამში 50 მეტრია. მოპასუხეს 4 მეტრის დაცილებით შეუძლია გააშენოს თხილიც, ერთწლიანი ნარგავები. მილსადენი იმარხება მიწაში 1 მეტრის სიღრმეში.
(იხ. სარჩელი, 27.11.2017წ. სხდომის ოქმი-მოსარჩელის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
მოპასუხის წარმომადგენელი თავის პოზიციას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- მოპასუხე მხარე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წლის წინათ მიმდინარეობდა დიალოგი და ამის შემდეგ რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა. მისთვის მოულოდნელი აღმოჩანდა აღნიშნული სარჩელი შესახებ. მოპასუხე მხარე აპელირებს იმის შესახებ, რომ შემოთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში მას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს მოპასუხის 2016 წლის მარტის თვის მდგომარეობას, ამ დროისათვის ნაკვეთზე მხოლოდ თხილის ნარგავები იყო და ითესებოდა კარტოფილი. მას შემდეგ მოპასუხე მხარეს გაშენებული - დარგული აქვს 120 ერთეული სპეციალური ჯიშის ნიგოზის ნერგები.
- მიწის ნაკვეთი მასზე მილსადენის გაყვანით კარგავს ფუნქციურ მნიშვნელობას, რითაც მცირდება მისი საბაზრო ღირებულება. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში აუცილებელი გზის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, სხვა შემთხვევას აქვს ადგილი.
- მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ შეუთავაზებია მისთვის სამართლიანი ანაზღაურება-კომპენსაცია. შესთავაზა 4 880,50 ლარის გადახდა, რაც მის მიერვე წარმოდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის მიხედვით არის ნარგავების ღირებულება მხოლოდ.
- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით, 3 515 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უნდა გავიდეს მილსადენი და მთლიან ნაკვეთს შუაზე კვეთს, რაც მთლიან მიწის ნაკვეთს უკარგავს ღირებულებას, ამცირებს მისი გამოყენების ეფექტურობას.
- მოპასუხე მიიჩნევს, რომ თუ მილსადენის გაყვანა ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს, ამ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ" კანონი და აუცილებელი მისასვლელი გზის მოწყობის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს და ამ საფუძვლით არ უნდა შეიზღუდოს საკუთრების უფლება მხარეთა შეთანხმების გარეშე.
- მოპასუხე დაეთანხმება გავიდეს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მილსადენი, თუ მოსარჩელე გადაიხდის სამართლიან კომპენსაციას ან შეისყიდის მას სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
- მოპასუხესთან არ ყოფილა შეთანხმებული პროექტის დამტკიცება, ამით ირღვევა მესაკუთრის უფლება.
- მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მყარი მტკიცებულება - ექსპერტის დასკვნა, რომ სხვა ალტერნატიული გზა - ტრაექტორია მილსადენის გასაყვანად არ არსებობს, გარდა ამისა, მოსარჩელეს მშენებლობის საბოლოო ნებართვა არ აქვს.
- თუ მოსარჩელეს აქვს ვალდებულებები, მისი ვალდებულებების გამო მოპასუხე პასუხს არ აგებს და არ წარმოეშობა მას თმენის ვალდებულება.
(იხ. შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი, 27.11.2017წ. სხდომის ოქმი-მოპასუხის წარმომადგნლების ახსნა-განმარტებები).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა” დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად, ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენის და ნავთობსადენების მშენებლობას, მართვას და განვითარებას, რომელთა საშუალებით, ხორციელდება ბუნებრივი გაზისა და ნავთობის საქართველოში იმპორტირება, საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების მომარაგება, აგრეთვე ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 ივლისის N1410 განკარგულება.
3.1.2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 ივლისის N1410 განკარგულებით სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” დაევალა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქო----–----ს განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის და მისი წარმატებით განხორცილების ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 ივლისის N1410 განკარგულება.
- სამშენებლო დერეფნის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სიტუაციური რუკა.
3.1.3. შპს ,,ბუნების ნობათი-2008" არი ქო----–----ს რაიონში, დაბა ოჩ-------ში მდებარე 39 294 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.4. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, კორპორაციამ" საკუთარი ხარჯებით მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქო----–----ს განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი და გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ძირითად ნაწილთან და დაარეგისტრირა თავისი უფლებები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება;
- სამშენებლო დერეფნის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სიტუაციური რუკა.
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 ივლისის N1410 განკარგულება.
- აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 31.12.2015წ. ბრძანება;
- სერვიტუტის ხლშეკრულება;
- სერვიტუტის უფლებების ჩამონათვალი;
3.1.5. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქო----–----ს განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის თანახმად, გაზსადენის დერეფნის მარშრუტი გადის მოპასუხის საკუთრებაში არსებულ 39 294 კვ.მ. (საკადასტრო კოდი #20.37.01.0--) მიწის ნაკვეთზე და ამ ნაკვეთის ნაწილი - 3 515 კვ.მ. მიწის ფართობი განლაგებულია "პროექტის" სამშენებლო დერეფანში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 ივლისის N1410 განკარგულება.
- სამშენებლო დერეფნის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სიტუაციური რუკა.
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 ივლისის N1410 განკარგულება.
- აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 31.12.2015წ. ბრძანება;
- სერვიტუტის ხლშეკრულება;
- სერვიტუტის უფლებების ჩამონათვალი;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქო----–----ს განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი;
3.1.6. 2016 წლის 29 მარტს სს "სა---------–--------------------------------------–-ამ" წერილობით მიმართა შპს "ბუ-------------------8-ს", რომელსაც მიაწოდა ინფორმაცია სერვიტუტის ხელშეკრულებების პირობების, საკომპენსაციო თანხის ოდენობა და შესთავაზა ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ შპს "ბუ-------------------8-მა" 2016 წლის 17 აპრილის N7 წერილით უარი განაცხადა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებაზე, რადგანაც მას მიაჩნია, რომ საკომპესაციო თანხის ოდენობა არის არასამართლიანი, მცირე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სს "სა---------–--------------------------------------–-ის" 2016 წლის 29 მარტის წერილი N LE290316/03-07 დანართით;
- შპს "ბუ-------------------8-ის" 2016 წლის 17 აპრილის N7 წერილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ ,,კორპორაციას" 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვაზე 10 483 799,00 ლარის ღირებულებით დღგ-ს გარეშე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2017 წლის 17 მარტს #53-04 ბრძანებით შეთანხმებულია პროექტი, მოსარჩელეზე გაცემულია მშენებლობის ნებართვა და მშენებლობა უნდა განხორციელდეს მის მიერ სამშენებლო მიზნებისათვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების/დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. მოპასუხესთან შეუთანხმებლობის გამო მოსარჩელე ვერ ახორციელებს გაზსადენის დერეფნისათვის საჭირო მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების რეგისტრაციას, რის გამოც ვერ წარადგინა ამის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი - ამონაწერი სჯარო რეესტრიდან და ვერ იწყებს მილსადენის 60 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სს "სა---------–--------------------------------------–-ის" 2016 წლის 29 მარტის წერილი N LE290316/03-07 დანართით;
- შპს "ბუ-------------------8-ის" 2016 წლის 17 აპრილის N7 წერილი;
- აქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2017 წლის 17 მარტს #53-04 ბრძანება;
- 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვაზე;
3.2.2. სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" მიერ 2016 წლის 27 დეკემბერს გამოცემულია ბრძანება #226-04, რომლითაც პროექტისათვის დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება, მოსარჩელის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" 2016 წლის 27 დეკემბრის ბრძანება #226-04,- გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
3.2.3. მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც გაივლის შერჩეული მარშრუტი, დასავლეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება დაცული ტერიტორიები - ქო----–----ს ნაკრძალი და აღ-------–ი, ასევე სოფელი ოჩ-------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
- სამშენებლო დერეფნის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სიტუაციური რუკა.
3.2.4. მხარეებმა სასამართლო სხდომაზე მორიგებას ვერ მიაღწიეს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, სერვიტუტის ღირებულება განსაზღვრულია 25 020 ლარით, ხოლო გასაყიდი საბაზრო ღირებულება 88 290 ლარით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განსაზღვრულია 3558 ლარის ზიანი განთავსებული 90 ძირი თხილის ბუჩქის დაზიანების სახით, ასევე 500 კვ.მ. ფართზე ნათესი კარტოფილის დაზიანებით გამოწვეული ზიანი 1322,50 ლარის ოდენობით, 30 ძირი ჩაის ბუჩქის დაზიანებით კი - 642 ლარი. მოსარჩელემ სერვიტუტის ღირებულების ამ თანხებზე ზევით გადახდაზე და შესყიდვაზეც უარი განაცხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა;
- აუდიტის დასკვნა;
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის არსებული, ზემოაღნიშნული სადავო საკითხები მიეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის
- ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 10.07.2014წ. გადაწყვეტილება, საქმეზე სტატილეო ხორვატიის წინააღმდეგ;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
მითითებული კონსტიტუციური ნორმის საფუძველზე საკუთრების ჩამორთმევის წინაპირობები და წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლი განმარტავს კომპენსაციის ცნებას და ადგენს, რომ კომპენსაცია არის მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება საკომპენსაციო თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით.
სასამართლო განმარტავს, რომ ექსპროპრიაციის პროცესს უნდა ახასიათებდეს შემდეგი ელემენტები: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლოს გადაწყვეტილება ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა და წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება. ამ ელემენტების არსებობის გარეშე საკუთრების უფლებაში ჩარევა არ იქნება გამართლებული და თანაზომიერი და გამოიწვევს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.
კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერ ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით კანონი მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეზღუდვა აწესებს მხლოდ ნორმაში აღნიშნულ წინაპირობათა უტყუარად არსებობის შემთხვევაში. ამავდროულად, ამ წინაპირობების არსებობის აუცილებლობაზე გავლენას არ ახდენს მესაკუთრის მიერ მეზობლისათვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი მიზნით (მეორე მეზობლის მიერ ნაკვეთით უკეთ სარგებლობის ან სხვა) და საფუძვლით (კეთილმეზობლური, ნათესაური და სხვა) მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლების გადაცემა. ამდენად, მატერიალური სამართლით გათვალისწინებული წინაპირობათა არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს მტკიცებულებათა წრეს და უთითებს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით და ა.შ. სასამართლოს საქმის სწორი გადაწყვეტის მიზნით შეუძლია გამოიყენოს მითითებულ მუხლში ნახსენები ნებისმიერი მტკიცებულება და მტკიცების ნებისმიერი საშუალება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამა თუ იმ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობის და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებისა, მიაკუთვნებს ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუხედავად მათი შინაარსისა, არ არის ვარგისი ამა თუ იმ გარემოებების სამტკიცებლად, ვინაიდან ამ გარემოებების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა - კონკრეტულმა ნორმამ იმპერატიულად განსაზღვრა. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი ითვალისწინებს ამა თუ იმ გარემოების მხოლოდ კონკრეტული სახის მტკიცებულებით დამტკიცებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, მაგრამ მას გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. ამ მხრივ ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვებით არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი საკუთრების უფლების არსი. ამით საკუთრების უფლება ხდება პირობითი და გაუქმებადი.
საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით (სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან, ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6.7. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომელითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა, რომ თუ არ მიეცა ნება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ფართზე გზის გაყვანისა, მას სხვა ალტრენატიული გზის მოძიება არ შეუძლია. ასევე, რამდენად აუცილებელი დერეფნის გაყვანა მიწის ნაკვეთის შუაგულში წამოდგენილი ნახაზის მიხედვით.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. სასამართლოს შეფასებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. აუცილებელი გზით მიწის ნაკვეთის დატვირთვისას, მესაკუთრის უფლების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხოს აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულება და, ამავდროულად, სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა.
6.8. სასამართლო გამარტავს, რომ საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას. მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. იგი ადამიანის იმ ძირითად უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც საფუძველს უყრის დემოკრატიულ და სოციალურ სახელმწიფოს, მთავარი მამოძრავებელი ძალაა სახელმწიფოში საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და მეწარმეობის განვითარებისა. მესაკუთრეს, საკუთრების უფლებით სარგებლობა შეუძლია დამოუკიდებლად, მესამე პირების ჩარევის გარეშე.
აუცილებელია განიმარტოს საკუთრების მნიშვნელობა.
საკუთრების დეფინიცია, მოწინავე უცხო ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის მსგავსია. იტალიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მესაკუთრეს აქვს უფლება, საჯარო წესრიგით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებსა და მოვალეობათა შესრულების პირობით, ისარგებლოს ნივთებით და სრულად განკარგოს იგი სხვა პირთა გამორიცხვით. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი საკუთრება არის ნივთებით სარგებლობის და განკარგვის უფლება მაქსიმალურად აბსოლუტური ხერხით. აშშ-ს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი მესაკუთრე უფლებამოსილია ფლობდეს, განკარგავდეს, სარგებლობდეს ქონებით. აქვს უფლება გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი. აქვს უფლება გადასცეს ქონება მესამე პირებს და აქვს ნივთის უვადოდ ფლობის უფლება. რუსეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მესაკუთრეს ეკუთვნის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებები საკუთარ ნივთზე. როგორც საქართველოში, ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.
6.9. დავის ფარგლებში სასამართლომ შეამოწმა აუცილებელი გზის ფარგლები მთლიანად ან უმეტესად ხომ არ ფარავს მესაკუთრის მიწის ნაკვეთს, რა შემთხვევაშიც, მესაკუთრის უფლება შეიძლება დაუშვებლად შეილახოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების კვლევით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეზღუდვის ფარგლები (აუცილებელი გზის ფართობი) გონივრულ შესაბამისობაში არა აუცილებელი გზის მოთხოვნასთან. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს იმაზე მეტი შეზღუდვის თმენის ვალდებულება მოუწია, ვიდრე აღნიშნული აუცილებელი გზის ფარგლებში თავსდება (აუცილებელი გზის ფართობი), მითითებული გარემოება გათვალისწინებულ უნდა იქნეს თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის დაწესების დროს.
უკვე დამტკიცებული პროექტის არსებობა გულისხმობს მესამე პირთა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვების საჭიროებას. ამასთან, უფლება მოპოვებულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად, თანაც, იმგვარად, რომ დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები. უფლების მოპოვების ერთ-ერთი სანივთო სამართლებრივი შესაძლებლობა სერვიტუტის დადგენაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. უძრავი ქონების მიმართ შეძენის წესს კი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე - 183-ე მუხლები, შესაბამისად, სერვიტუტის დადგენის მიზნებისათვის აუცილებელია მესაკუთრის ნება უძრავი ნივთის სანივთო სამართლებრივი შეზღუდვით დატვირთვის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული, რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს ─ აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში.
6.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 10.07.2014წ. გადაწყვეტილებით, საქმეზე სტატილეო ხორვატიის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ არ შეიძლება საკუთრების შეზღუდვა, თუ არ იქნება დაცული გონივრული ბალანსი საზოგადოების ზოგად ინტერესსა და მესაკუთრის საკუთრების უფლებას შორის.
იმ მოცემულობაში, როცა დერეფნის დაცვის პირველი ზონა სიგანეში არის 4 მეტრი, მე-2 ზონა კი 20 მეტრი, ჯამში 25 მეტრი და შეზღუდვის ზონა მარცხნივ-მარჯვნივ ჯამში 50 მეტრია, მთლიანობაში 3 515 კვ.მ. მიწის ფართობზე გაზსადენის გაყვანით კი, სავარაუდოდ მუდმივად თუ არა, საუკუნის განმავლობაში მაინც ეზღუდება მესაკუთრეს საკუთრების უფლება, მისგან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა პირობების მიუღებლობის გამო, არ უნდა იქნეს მიჩნეული უფლების ბოროტად გამოყენებად და არ უნდა იქნეს ჩაყენებული მოპასუხე სამომავლოდ მოსარჩელის სტატუსში მოთხოვნაზე კომპენსაციის დაკისრების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელის მიერ შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობის სამართლიანობაზე, არ ყოფილა აღძრული შეგებებული სარჩელი, თუმცა აპელირებს რა მოსარჩელე საზოგადოების ინტერესებზე და სახეზეა კიდეც ეს ინტერესი, რაც სადავო არ არის, ამავდროულად ამ ინტერესის გამოყენება არ უნდა გახდეს მოპასუხეზე ,,აგრესიული პროზელიტიზმის" გამოვლენა, რათა იძულებული გახდეს მოპასუხე ცალკე იდავოს კომპენსაციაზე. როცა საკითხი შეეხება საზოგადოების ინტერესს, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე გადადის ზემოხსენებული ბალანსის დაცვა, ავალდებულებს, ანიჭებს უფლებას, უკვეთავს რა მოსარჩელეს ამ საზოგადოებრივი საჭიროების, ინტერესის უზრუნველსაყოფად გარკვეული სამუშაოს შესრულებას. სწორედ ამაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული 10.07.2014წ. გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ კმაყოფილდება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე