გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2018
საქმის ნომერი
010210017001799817
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017001799817

№2-421/2017 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 აგვისტო, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - შპს ,,უნ--------– გრ---"

წარმომადგენელი - არ---– ჯო----------

მოპასუხეები - ბე--- კა----, ირ---–- მგ---------

წარმომადგენელი - გი------ თა--------

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ბე--- კა----ს და ირ---–- მგ---------ს შპს ,,უნ--------– გრ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 461.07 ლარის, სესხით სარგებლობისათვის პროცენტის 80.23 ლარის და დარიცხული საურავის 84 ლარის, ჯამში 625.30 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

1.3. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თანახმად N0229/0516 სესხის ხელშეკრულების 11.3 მუხლისა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- 2016 წლის 14 ივნისს, შპს ,,უნ--------– გრ---სა’’ და ბე--- კა----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N0228/0516, ბე--- კა----ზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით, ყოველდღიური საპროცენტო სარგებლის 0.29% დარიცხვით.

- მსესხებელს დაექვითა სესხის გატანის საკომისიო 0.5%. მსესხებელთან ერთად ვალდებულების შესრულება იკისრა ირ---–- მგ---------მ. ბე--- კა----ს N0229/0516 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 700 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 121.80 ლარი, ჯამში 821.80 ლარი, უნდა დაეფარა 60 დღის ვადაში, ყოველდღიურად 15.80 ლარის გადახდებით და საბოლოოდ უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 13 აგვისტოს. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრაფიკის დარღვევისათვის მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე დავალიანების 1.5% ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირითადი თანხის 35%-ისა.

- ბე--- კა---ის მიერ დარღვეულ იქნა N0229/0516 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, 60 დღის ვადაში გადასახდელი სესხისა და დარიცხული სარგებლის ჯამში 821.80 ლარის ნაცვლად, გადაიხადა 493.50 ლარი, საიდანაც 213 ლარი ჩაითვალა ჯარიმის ანგარიშში, ხოლო 280.50 დააკლდა სესხის ძირითად თანხასა და სესხზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს.

- ბე--- კა----ს 2016 წლის 16 ივნისის ჩათვლით შეთანხმებული საგადახდო გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა 31.60 ლარი, თუმცა მას თანხა საერთოდ არ გადაუხდია, შესაბამისად მისი მიმდინარე დავალიანება 20116 წლის 17 ივნისისათვის შეადგენდა 31.60 ლარს, მოპასუხეს ერთი დღის თანხა ჩაეთვალა საპატიოდ, შესაბამისად მას ჯარიმა დაერიცხა დარჩენილი დავალიანების 1.5% ოდენობით.

- მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტორის მიერ დამატებით მიცემულ ვადაში დავალიანების სრულად ნებაყოფლობით დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება საურავი, ძირითადი თანხის 12% ოდენობით. ხოლო მსესხებელზე დარიცხული ჯარიმა 213 ლარი, არ აღემატება სესხის ძირითადი თანხის 700 ლარის 35% - 245 ლარს.

- დღეის მდგომარეობით ბე--- კა----ს შპს ,,უნ--------– გრ---ი’’-ს სასარგებლოდ გადასახდელად ერიცხება დავალიანება 625.30 ლარი, საიდანაც 461.07 ლარი წარმოადგენს კრედიტის ძირითად თანხას, 80.23 ლარი წარმოადგენს დარიცხულ პროცენტს, ხოლო 84 ლარი წარმოადგენს საურავს.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. კერძოდ:

- როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოცემული ახსნა-განმარტებებით, ისინი ზოგადად დაეთანხმნენ სარჩელს, ნაწილობრივ, მაგრამ ვერ ან არ დააკონკრეტეს, თუ რა ნაწილში ცნობენ სარჩელს და რა ნაწილში არა. მოპასუხეები აღიარებენ სესხის აღებასა და სოლიდარულ ვალდებულებას, თუმცა მიაჩნიათ პროცენტი და საურავი-პირგასამტეხლო მიაჩნიათ უსამართლოდ, რადგან მისი ოდენობა არის შეუსაბამო.

(იხ. შესაგებელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. სამისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 14 ივნისს, შპს ,,უნ--------– გრ---სა’’ და ბე--- კა----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N0228/0516, ბე--- კა----ზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით, ყოველდღიური საპროცენტო სარგებლის 0.29% დარიცხვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- სესხის ხელშეკრულება N0229/0516;

- საგადახდო გრაფიკი;

- კლიენტის საგადახდო ბარათი;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. მოსარჩელის მიერ ბე--- კა----ზე გაცემულ იქნა თანხა 700 ლარის ოდენობით. მსესხებელს დაექვითა სესხის გატანის საკომისიო 0.5%.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- სესხის ხელშეკრულება N0229/0516;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. მსესხებელთან ერთად ვალდებულების შესრულება იკისრა ირ---–- მგ---------მ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ და თავდებობის ფორმა;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.1.4. ბე--- კა----ს N0229/0516 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 700 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 121.80 ლარი, ჯამში 821.80 ლარი, უნდა დაეფარა 60 დღის ვადაში, ყოველდღიურად 15.80 ლარის გადახდებით და საბოლოოდ უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 13 აგვისტოს. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრაფიკის დარღვევისათვის მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე დავალიანების 1.5% ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირითადი თანხის 35%-ისა.

- სარჩელი, შესაგებელი;

- სესხის ხელშეკრულება N0229/0516;

- საგადახდო გრაფიკი;

- კლიენტის საგადახდო ბარათი;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეები აღიარებენ სესხის აღებასა და სოლიდარულ ვალდებულებას, თუმცა მიაჩნიათ პროცენტი და საურავი-პირგასამტეხლო მიაჩნიათ უსამართლოდ, რადგან მისი ოდენობა არის შეუსაბამო. ისინი ეთანხმებიან სარჩელს ზოგადად, თუმცა არ აკონკრეტებენ, თუ კრაში არ ეთანხმებიან.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

3.2.2. დადგენილია, რომ ბე--- კა---ის მიერ დარღვეულ იქნა N0229/0516 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, 60 დღის ვადაში გადასახდელი სესხისა და დარიცხული სარგებლის ჯამში 821.80 ლარის ნაცვლად, გადაიხადა 493.50 ლარი, საიდანაც 213 ლარი ჩაითვალა ჯარიმის ანგარიშში, ხოლო 280.50 დააკლდა სესხის ძირითად თანხასა და სესხზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- სესხის ხელშეკრულება N0229/0516;

- საგადახდო გრაფიკი;

- კლიენტის საგადახდო ბარათი;

- იურიდიული შეტყობინებები;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.2.2. ბე--- კა----ს 2016 წლის 16 ივნისის ჩათვლით შეთანხმებული საგადახდო გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა 31.60 ლარი, თუმცა მას თანხა საერთოდ არ გადაუხდია, შესაბამისად მისი მიმდინარე დავალიანება 2016 წლის 17 ივნისისათვის შეადგენდა 31.60 ლარს, მოპასუხეს ერთი დღის თანხა ჩაეთვალა საპატიოდ, შესაბამისად მას ჯარიმა დაერიცხა დარჩენილი დავალიანების 1.5% ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- სესხის ხელშეკრულება N0229/0516;

- საგადახდო გრაფიკი;

- კლიენტის საგადახდო ბარათი;

- იურიდიული შეტყობინებები;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.2.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტორის მიერ დამატებით მიცემულ ვადაში დავალიანების სრულად ნებაყოფლობით დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება საურავი, ძირითადი თანხის 12% ოდენობით. ხოლო მსესხებელზე დარიცხული ჯარიმა 213 ლარი, არ აღემატება სესხის ძირითადი თანხის 700 ლარის 35% - 245 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- სესხის ხელშეკრულება N0229/0516;

- საგადახდო გრაფიკი;

- კლიენტის საგადახდო ბარათი;

- იურიდიული შეტყობინებები;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.2.4. ბე--- კა----ს არაერთხელ განესაზღვრა დამატებით ვადა დავალიანების დაფარვისათვის, გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და გაფრთხილებულ იქნა საურავის შესახებ. ვალდებულების შესრულებაზე ასევე უარს აცხადებს სოლიდარულად პასუხისმგებელი პირი ირ---–- მგ---------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- სესხის ხელშეკრულება N0229/0516;

- საგადახდო გრაფიკი;

- კლიენტის საგადახდო ბარათი;

- იურიდიული შეტყობინებები;

- ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,უნ--------– გრ---’’-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას.

 

იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, შესაბამისად მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,უნ--------– გრ---ს’’ სურდა სარგებელის გადახდის პირობით თანხის გასესხება, ხოლო ბე--- კა----ს სურდა ფულის დასესხება. ისინი შეთანხმდნენ ფულის სესხის ხელშეკრულების დადებაზე, რის შემდეგაც 2016 წლის 14 ივნისს, შპს ,,უნ--------– გრ---სა’’ და ბე--- კა----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N0228/0516, ბე--- კა----ზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით, ყოველდღიური საპროცენტო სარგებლის 0.29% დარიცხვით. ბე--- კა----ს N0229/0516 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 700 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 121.80 ლარი, ჯამში 821.80 ლარი, უნდა დაეფარა 60 დღის ვადაში, ყოველდღიურად 15.80 ლარის გადახდებით და საბოლოოდ უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 13 აგვისტოს. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრაფიკის დარღვევისათვის მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე დავალიანების 1.5% ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირითადი თანხის 35%-ისა. შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ზვიად სურმანიძე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სარგებელი გადაეხადა შეთანხმებულ ვადაში და სესხი სრულად დაებრუნებინა სამი თვის შემდეგ. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ფულის დამსესხებელს აიძულებს გამსესხებლის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება და დაუბრუნოს სესხი. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის სარგებელის გადახდა. მან სამი თვის შემდეგ მოსარჩელეს არ დაუბრუნა ძირითადი თანხა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის მომენტისათვის შესასრულებელი აქვს ნაკისრი ვალდებულება. შესასრულებელი ვალდებულების სწორად გამოანგარიშების მიზნით ცალ-ცალკე უნდა იქნას დაანგარიშებული ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

თავად მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და სესხის ძირი თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა. ის ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. დადგენილია, რომ ბე--- კა---ის მიერ დარღვეულ იქნა N0229/0516 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, 60 დღის ვადაში გადასახდელი სესხისა და დარიცხული სარგებლის ჯამში 821.80 ლარის ნაცვლად, გადაიხადა 493.50 ლარი, საიდანაც 213 ლარი ჩაითვალა ჯარიმის ანგარიშში, ხოლო 280.50 დააკლდა სესხის ძირითად თანხასა და სესხზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის - 461,07 ლარის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

 

დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას გადასახდელი აქვს სარგებელი 80,23 ლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა და დარიცხვის პერიოდი. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელის მიერ სესხის ან სესხის პროცენტის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ოდენობის 1.5 %-ის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიჩნია, რომ როგორც მხარეთა შეთანხმებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ასევე სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 84 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია გადაუხდელი კრედიტის ძირ თანხასთან მიმართებაში და სამართლიანად მიაჩნია მისი შემცირება 4-ჯერ, 21 ლარამდე.

 

6.7. მოპასუხე ირ---–- მგ---------მ თავდებობის ხელშეკრულებით შპს ,,უნ--------– გრ---" -ის წინაშე აიღო სოლიდარული ვალდებულება ბე--- კა---ის სესხთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე-465-ე, 891-ე-893-ე, 895-ე, 898-ე მუხლების თანახმად, იგი მსესხებელთან - ბე--- კა----სთან ერთად სოლიდარულად არის პასუხისმგებელი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 48,35 ლარის გადახდა წინასწაქრ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურების მიზნით, ხოლო მოსარჩელე შპს ,,უნ--------– გრ---"-ის სახელმწიფო ბაჟი 1,65 ლარის ოდენობით ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,უნ--------– გრ---" -ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხეებს ბე--- კა----სა და ირ---–- მგ---------ს მოსარჩელის შპს ,,უნ--------– გრ---" -ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის 541.30 ლარისა და პირგასამტეხლოს 21 ლარის, ჯამში 562.30 ლარის გადახდა.

3. შპს ,,უნ--------– გრ---" -ის სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 63 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებს ბე--- კა----სა და ირ---–- მგ---------ს მოსარჩელის შპს ,,უნ--------– გრ---"-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება 48,35 ლარის ოდენობით. ხოლო მოსარჩელე შპს ,,უნ--------– გრ---"-ის სახელმწიფო ბაჟი 1,65 ლარის ოდენობით ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილებაზე არ შეიტანება სააპელაციო საჩივარი და კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებიდან.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე