გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2018
საქმის ნომერი
080210016001395989
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1124-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.01.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - ხ------ა ხუ--–--ე; მარიამ ლ-----ე; დავით ლ-----ე

წარმომადგენელი - მ-----–ი ბრ-----ე; ზ----ბ აფ----------ე

მოპასუხე - მიხეილ ლ-----ე

წარმომადგენელი - შ------ა სა-----–--ე

მესამე პირი - რ-----ი ფ------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება; უძრავი ქონებაზე თანამესაკუთრდ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მიხეილ ლ-----ეზე მისი არასრულწლოვანი შვილების, მარიამ და დავით ლ-----ეების სასარგებლოდ ალიმენტის გადასახდელად დაკისრება შემდეგი ოდენობით: - მარიამ ლ-----ის სასარგებლოდ (2016წ. 14 ივნისიდან 2017წ. 18 მარტი) 1350 ლარი.

- დავით ლ-----ის სასარგებლოდ (2016წ. 14 ივნისიდან 2017წ. 31 დეკემბრის ჩათვლით) 2700 და 2017წ. 01 იანვრიდან 150 ლარი - სრულწლოვანებამდე.

 

1.2.თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე წყალტუბო სოფ: ქვიტირი, (ზედა მესხეთი) გაყოფა და მოსარჩელეთა საკუთრებაში მითითებული ქონების ¾ მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრაცია.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლამდე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა მიხეილ ლ-----ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი მარიამ ლ-----ე დაბ: 18 მარტი 1999 წ. და დავით ლ-----ე დაბ: 10 ივლისი 2000 წ. მათი შვილები ჩაწერილი არიან საკომლო წიგნში და ისინი კომლის წევრებად არიან აღრიცხული. წლების გასვლასთან ერთად იცვლებოდა მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობაც, მაგრამ შვილებისათვის ცდილობდა შეენარჩუნებინა ოჯახი. როდესაც ახალი სახლის მშენებლობა დაიწყეს, მოსარჩელეს ფინანსურად დედა ეხმარებოდა (იმყოფება საზღვარგარეთ საბერძნეთში) და მისი დამსახურებაა, რომ სახლის მშენებლობა დამთავრდა. მთელი მისი ცხოვრება ამ სახლში შრომაში გაატარა. ასევე ეზოში ჰქონდათ სათბურები, რომელიც დიდ შრომას მოითხოვდა. სახლის მშენებლობის დამთავრების შემდეგ მათი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. მოპასუხე მოსარჩელესა და მის შვილებს უშვერი სიტყვებით და ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა და იძულებული გახდა ერთად ყოფნა დასრულებულიყო და თავის შვილებთან ერთად გადავიდა ქ. ქუთაისში ნაქირავებ ბინაში, რომლის ქირას მოსარჩელე ხ------ა ხუ--–--ეს დედა უგზავნის. მის აშენებულ სახლში კი მოპასუხე სხვა ქალბატონთან ერთად იმყოფება. განქორწინების შემდეგ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე სახლის გაყიდვას აპირებდა, რაც რეალური აღმოჩნდა და საჯარო რეესტრში დევს ნასყიდობის ხელშეკრულება მიხეილ ლ-----ესა და რ-----ი ფ------ეს შორის. აღნიშნული ნასყიდობა შეჩერდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყადაღის დადების შესახებ განჩინებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მიხეილ ლ-----ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მშობლის მოვალეობას შვილების მიმართ ასრულებდა და შეასრულებს. დაეხმარება მათ მისი რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით,ყოველგვარი იძულებითი ალიმენტის გარეშე, იმ შემთხვევაში თუ მის შვილებს დართავენ მამასთან ურთიერთობის ნებას.

 

ქონება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაიყო განქორწინებისას და მოსარჩელემ მიიღო იმაზე მეტი ღირებულების ქონება, რაც ზოგადად საცხოვრებელი სახლის ½ ღირებულებას აღემატებოდა. დაუტოვა მხოლოდ ოჯახის საჭიროებისათვის აღებული ვალები, რომლის გადახდა უწევს თვითონ. მან უარი განაცხადა უძრავი ქონების გაყოფაზე, რადგან საცხოვრებელი სახლი არ წარმოადგენს საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), არ არის შეძენილი ქორწინების განმავლობაში, ის წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და მიიღო მემკვიდრეობით.

 

2.2. მოსარჩელის ინიციატივით დასახელებულმა მესამე პირმა, რ-----ი ფ------ემ განმარტა, რომ მოპასუხე მიხეილ ლ-----ისგან საცხოვრებელი სახლი შეიძინა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო მიხეილ ლ-----ის სახელზე და იგი კეთილსინდისიერი შემძენია. მესამე პირმა ასევე განმარტა, რომ იგი ოჯახით ცხოვრობს ნაყიდ სახლში და სხვა საცხოვრებელი არ აქვს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი მარიამ ლ-----ე დაბ: 18 მარტი 1999 წ. და დავით ლ-----ე დაბ: 10 ივლისი 2000 წ.

მტკიცებულება: სარჩელი. (ტ.1.იხ.ს.ფ.2-13).

 

3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 ივნისის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება ხ------ა ხუ--–--ის მიერ. განცხადებით მოთხოვნილი იყო ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია. საგანი: უძრავი ნივთი: რაიონი წყალტუბო, სოფელი ქვიტირი (ზედა მესხეთი) საკადასტრო კოდი: 29.12.38.158. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. დარეგისტრირდა ყადაღის წარმოშობა: მესაკუთრე/მოსარგებლე: ლ-----ე მიხეილ (პ/ნ 53001046418); საგანი: უძრავი ნივთი; რაიონი წყალტუბო, სოფელი ქვიტირი (ზედა მესხეთი), საკადასტრო კოდი: 29.12.38.158. საფუძველი: განჩინება (სააღსრულებო ფურცელი), №1187, 03.06.2016, ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

მტკიცებულება:

- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ.1.იხ.ს.ფ.14)

 

3.1.2. ლიბერთი სისტემის გზავნილებიდან 2016 წლის 14 ივნისის ამონაწერით დასტურდება, რომ ხ------ა ლ-----ეს საბერძნეთიდან 08.01.15-დან 21.12.15-მდე მიღებული აქვს ფულადი გზავნილი ჯამში 735 ევროს ოდენობით, შემდეგი პირებისგან: იამზე ხუ--–--ე, ლია ფილიპოვი, ნანი ბერაძე და და მოჰამედ ჰანიფ. ხოლო სს ,,თიბისი ბანკის’’ 01.01.2015-დან 14.06.2016-მდე გზავნილების ამონაწერით დასტურდება, რომ ხ------ა ლ-----ეს მიღებული აქვს ჯამში 1630 ევრო.

მტკიცებულებას:

-ამონაწერი ლიბერთი სისტემის გზავნილებიდან (ტ.1.ს.ფ.17)

-გზავნილების ამონაწერი (ტ.1.ს.ფ.18-19)

 

3.1.3. 2015 წლის 14 ივნისს შპს ,,აუდიტ-ფრევეგმა’’ მოამზადა აუდიტორული დასკვნა მიხეილ ლ-----ის საცხოვრებელი სახლის შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში წარმოდგენილი იქნა მიხეილ ლ-----ის საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობებთან ერთად. მათი საერთო სასარგებლო ფართია 75.30მ2. მიწის საკადასტრო კოდი №29.12.38.158. სახლი ერთსართულიანია, აგებულია წვრილი საკედლე მასალით, გადახურულია შიფერით, გარედან გალესილია, ინტერიერი გასარემონტებელია, ტერიტორია ჰორიზონტალურია, სახლი მდებარეობს ცენტრალური გზიდან მოშორებით, მისასვლელი გზა მოხრეშილია და მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. ანალოგიურ გაყიდვებთან შედარებით, მდებარეობის, ფიზიკური მდგომარეობისა და მისასვლელი გზის გათვალისწინებით, სახლის ღირებულება არის 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

მტკიცებულება:

- ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნა(ტ.1.ს.ფ.20-21).

 

3.1.4. 2016 წლის 06 ივნისს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა განცხადება (დაინტერესებული პირი: რ-----ი ფ------ე პ/ნ 60002012737), რომლითაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე. უძრავი ნივთის მისამართი: წყალტუბო, ს. ზედა მესხეთი. (ზონა: წყალტუბო, სექტორი: ქვიტირი). განცხადებაში მოთხოვნილი იყო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: 1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: 1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. ნასყიდობის ხელშეკრულება; 3. გამყიდველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მტკიცებულება:

-განცხადების მიღების ბარათი(ტ.1.ს.ფ.40).

 

3.1.5. 2016 წლის 5 თებერვალს ხ------ა ლ-----ე და მიხეილ ლ-----ე განქორწინდნენ. განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მათ მიეკუთვნათ შემდეგი გვარები: ქალს - ხუ--–--ე; მამაკაცს - ლ-----ე.

მტკიცებულება:

- განქორწინების მოწმობა(ტ.1.ს.ფ.49).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2012 წლის 24 აგვისტოს მონაცემებით, უძრავი ქონების მდებარე, რაიონი წყალტუბო, სოფელი ქვიტირი (ზედა მესხეთი), ს/კ №29.12.38.158, რეგისტრირებულია მიხეილ ლ-----ის საკუთრების უფლება.

მტკიცებულება:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.41)

 

3.2.2.წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემების შესაბამისად, წყალტუბო, სოფ. ზედა მესხეთში მესაკუთრე მიხეილ თამაზის ძე ლ-----ის სახელზე უძრავი ნივთი არ არის აღრიცხული.

მტკიცებულება:

- ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (ტ.1.ს.ფ.43).

 

3.2.3. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედო“-ს მონაცემებით, მიხეილ ლ-----ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედოსგან’’ აღებული აქვს სესხი 5000 ლარის ოდენობით, 1.70% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. 2015 წლის 03 დეკემბრიდან 2017 წლის 03 ნოემბრის ჩათვლით, მიხეილ ლ-----ეს სესხის დასაფარად ძირითადი თანხის, პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევის, ყოველწლიური საკომისიოს და მთლიანი შენატანის ჩათვლით მთლიანი შენატანის სახით გადახდილი აქვს 7,360.68 ლარი.

მტკიცებულება:

- ინფორმაცია სესხის შესახებ(ტ.1.ს.ფ. 50-55).

 

3.2.4. 2016 წლის 06 ივნისს, მიხეილ ლ-----ემ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოში’’ სესხის დაფარვის მიზნით გადაიხადა 132 დოლარი, საიდანაც ძირი - 131.34 დოლარი და საკომისიო - 0.66 დოლარი.

მტკიცებულება:

- შემოსავლის ორდერი(ტ.1.ს.ფ53)

 

3.2.5. 2016 წლის 06 ივნისს მიხეილ ლ-----ემ სესხის დაფარვის მიზნით, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოში’’ გადაიხადა 5204.5 ლარი, საიდანაც ძირი - 5203 ლარი და საკომისიო - 1.5 ლარი.

 

მტკიცებულება:

- შემოსავლის ორდერი(ტ.1.ს.ფ.52)

 

3.2.6. 2016 წლის 16 ივნისს მიხეილ ლ-----ემ 457 ლარი გადაიხადა სს ,,საქართველოს ბანკში“ ანგარიშზე თანხის შეტანის მიზნით.

მტკიცებულება:

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ტ.1.ს.ფ.55)

 

3.2.7.2016 წლის 13 ივნისს მიხეილ ლ-----ემ განცხადებით მიმართა სს ,,საქართველოს ბანკს’’, რომლითაც სთხოვა სრულად დაეფარა საკუთარი სესხი №3202797, კერძოდ: დარიცხული ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 15,40 ლარი, წინსწრების დაფარვის საკომისიო - 0,00 ლარი, დარიცხული პროცენტი - 0,00 ლარი, სესხის ძირითადი თანხა - 400,00 ლარი, ჯამში - 456,16 ლარი.

2015 წლის 26 თებერვალს მიხეილ ლ-----ეს და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს’’ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გამსესხებელმა გასცა სესხი მსესხებელზე 3000 ლარის მოცულობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 18 თვეს.

მტკიცებულება:

-განცხადება(ტ.1.ს.ფ. 56-57)

 

3.2.8.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვარს გამოიცა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე, რომლის მიხედვით - დამტკიცდა 2016 წლის 21 იანვარს საქართველოს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის დავით შავგულიძის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: აეკრძალა მოძალადე მიხეილ ლ-----ეს პ/ნ 53001046418 მსხვერპლთან ხ------ა ლ-----ესთან პ/ნ 60001005851 მიახლოება, როგორც მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. №113, ასევე მის სამსახურთან, აგრეთვე იმ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი ხ------ა ლ-----ე იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 15 დღით.

მტკიცებულება:

-გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ(ტ.1.ს.ფ.62-65).

 

3.2.9. 2016 წლის 06 ივნისს მიხეილ ლ-----ესა და რ-----ი ფ------ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მიხეილ ლ-----ემ რ-----ი ფ------ეს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე, რაიონი წყალტუბო, სოფელი ქვიტირი (ზედა მესხეთი) 5030 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 01; განაშენიანების ფართობი - 96,6 კვ.მ. №02-6,5 კვ.მ, №03-32,3 კვ.მ. შენობა ნაგებობები №29.12.38.158 სასოფლო სამეურნეო საერთო ფართი: 75.30.

მტკიცებულება:

-უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.112-113).

 

3.2.10.2016 წლის 17 ივნისს ხ------ა ხუ--–--ემ განცხადებით მიმართა გეგუთის პოლიციის განყოფილებას და აღნიშნა, რომ ყოფილმა მეუღლემ მის გარეშე გაასხვისა აღნიშნული სახლი უცხო პიროვნებაზე, რომელიც საცხოვრებლად გადასვლას აპირებს ამ სახლში. განმცხადებელმა მოითხოვა, რომ გააფრთხილონ აღნიშნული პიროვნება, რათა არ დაიკავოს საცხოვრებელი სახლი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

მტკიცებულება:

-განცხადება (ტ.1.ს.ფ.129-136).

 

3.2.11. 2017 წლის 23 აგვისტოს საარქივო ცნობის მიხედვით წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს სოფელ ზედა მესხეთის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში, კომლის (ოჯახის) უფროსია: მიშა ტარასის ძე მელაძე კომლის წევრებია: თინა მელაძე-ცოლი; მიხეილ თამაზის ძე მელაძე -შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1958 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 40 კვ.მ. 1986-1990 წლებში ერიცხება 0.50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 1991-1995 წლებში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია რა ფიქსირდება. ამავე სოფლის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებული მიშა მელაძე გადახაზულია (გარდაიცვალა), კომლის უფროსია თინა ლავრენტის ასული მელაძე-ლ-----ე ცოლი. მიხეილი თამაზის ძე ლ-----ე -შვილიშვილი; მარიამი მიხეილის ასული ლ-----ე -შვილიშვილი და დავითი მიხეილის ძე ლ-----ე -შვილთაშვილი. 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსია: მიხეილ ლ-----ე; კომლის წევრებია: მარიამი ლ-----ე და დავით ლ-----ე. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 2002 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართი მინიშნებული არ არის, 2004 წელს ერიცხება 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 2001-2003, 2005, 2006 წლებში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

მტკიცებულება:

-საარქივო ცნობა (ტ.1.ს.ფ. 144-154).

 

3.2.12. 2017 წლის 17 ივლისის საარქივო ცნობის მიხედვით, კომლის (ოჯახის) უფროსია: მიხეილ ლ-----ე; კომლის წევრებია: მარიამი ლ-----ე და დავით ლ-----ე. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 2002 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართი მინიშნებული არ არის, 2004 წელს ერიცხება 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 2001-2003, 2005, 2006 წლებში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

მტკიცებულება:

-საარქივო ცნობა (ტ.1.ს.ფ. 155-158).

 

3.2.13.მოწმედ დაკითხულმა გოჩა ხუ--–--ემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის ნათესავი.

მოწმის განმარტებით სახლი, რომლიდანაც მოსარჩელე ითხოვს წილს, ააშენეს 2002 წელს.

იქვე არის მეორე ხის სახლი, სადაც ქორწინებისას მიიყვანეს ხ------ა. სახლის აშენებაში ხ------ას ეხმარებოდა დედა, რომელიც საზღვარგარეთიდან უგზავნიდა თანხას.

მისივე განმარტებით, სახავო ახალ სახლში ცხოვრობს რ-----ი ფ------ე.

მტკიცებულება:

მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.14. მოწმე შალვა მელაძემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის მეზობელი. ხ------ამ და მიხეილმა ერთად ააშენეს სახლი. ხ------ამ მიხეილ ლ-----ის ოჯახიდან წასვლისას წაიყვანა მსხვილფეხა პირუტყვი.

 

მტკიცებულება:

მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.15. მოწმედ დაკითხულმა ვლადიმერი ციცხვაიამ განმარტა, რომ სახლი არის მიხეილ ლ-----ის მამის (მისი სიმამრის) აშენებული. სახლი, სადაც ამჟამად ცხოვრობს რ-----ი ფ------ე, არ იცის ვისი აშენებულია.

მოწმის განმარტებით, სახლი ეკუთვნოდა მიხეილ ლ-----ის ბაბუას დედის მხრიდან - მიხეილ მელაძეს, რომელიც აშენებულია 1958 წელს.

მტკიცებულება:

მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.16. ფაქტობრივად, სადავო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

3.2.17.სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

3.2.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

3.2.19.დავის სამართლიანად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხია და სასამართლოს კვლევის საგანია მოპასუხე მიხეილ ლ-----ის მიერ კომლის ქონების გასხვისების კანონიერების საკითხის გარკვევა, ასევე ალიმენტის დაკისრების მართლზომიერება.

-სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის საალიმენტო ვალდებულება არასრულწლოვანი შვილების მარიამ ლ-----ის (2017 წლის 18 მარტამდე) და დავითი ლ-----ის წინაშე, რაც ამ ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.

ხოლო სარჩელი თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1158-ე, 1164-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლოს დასკვნები ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, მარიამ ლ-----ე - დაბადებული - 1999 წლის 18 მარტს (სრულწლოვანი გახდა 2017 წლის 18 მარტს) და დავითი ლ-----ე - დაბადებული 2000 წლის 10 ივლისს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მარიამ ლ-----ეს შექმნილი აქვს ოჯახი და ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, ხოლო დავითი ლ-----ე ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე - ხ------ა ხუ--–--ესთან ერთად.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილების აღზრდაში მონაწილეობის მიღება თანაბრად ეკისრებათ მის მშობლებს: ხ------ა ხუ--–--ეს და მიხეილ ლ-----ეს. დადგენილია, რომ დავითი ლაღაზე ცხოვრობს დედასთან და ის ახორციელებს მის მოვლა-პატრონობასა და აღზრდას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

ეროვნულ საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ეყრდნობა, რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციას” მიაჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში ბავშვის მამამ, მოპასუხე მ. ლ-----ემ უნდა უზრუნველყოს შვილის რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, ბავშვისათვის თუნდაც საარსებოდ აუცილებელი ყოველდღიური პურისა და რძის ნაწარმის ღირებულების ანაზღაურებით. შესაბამისად მისი საალიმენტო ვალდებულება შვილების (მარიამ ლ-----ის - 2016 წლის 14 ივნისი, 2017 წლის 18 მარტი) სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი ალიმენტის თანხით - 1350 ლარით, ხოლო დავით ლ-----ის მიმართ უნდა განისაზღვროს სარჩელის აღძვრის დღიდან ყოველთვიურად -150 ლარით, ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, რაც სასამართლოს აზრით, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩაითვალოს.

 

ამასთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს მეორე მშობლის, მოსარჩელე ხ------ა ხუ--–--ის თანაბარ ვალდებულებასაც შვილის მიმართ, რომელსაც ასევე ძალუძს ნაწილობრივ საკუთარი მოწადინებით და შრომით მოუპოვოს შვილს საარსებოდ საშუალებები, რადგან შვილის მიმართ, ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულების პრინციპი ასევე აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-18 მუხლით - მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე, ანუ შვილის სრულწლოვანებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრიდან.

 

6...განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრისას მარიამ ლ-----ე იყო არასრულწლოვანი და სრულწლოვანებამდე ცხოვრობდა დედასთან და ასევე დავითი ლ-----ე ცხოვრობს დედასთან ერთად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.

 

სასამართლოს დასკვნები თანამესაკუთრედ ცნობაზე უარის ნაწილში.

 

6.7. სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით, შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

6.8.საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევამდე, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია მოკლედ განმარტოს კომლის იურიდიული შინაარსი და ამ მხრივ მიუთითებს, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებასა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტზე, რომლის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის. ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარწილად, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

 

6.9. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ------ა ხუ--–--ე და მოპასუხე მიხეილ ლ-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2016 წლამდე. დადგენილია, რომ მოდავე მხარეები ცხოვრობდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში (ზედა მესხეთი).

 

6.10. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს მონაცემებით, უძრავი ქონება მდებარე, რაიონი წყალტუბო, სოფელი ქვიტირი (ზედა მესხეთი), ს/კ №29.12.38.158, რეგისტრირებულია მიხეილ ლ-----ის საკუთრებად (ტ.1.ს.ფ.41-42).

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 06 ივნისს მიხეილ ლ-----ესა და რ-----ი ფ------ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მიხეილ ლ-----ემ რ-----ი ფ------ეს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე, რაიონი წყალტუბო, სოფელი ქვიტირი (ზედა მესხეთი) 5030 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 01; განაშენიანების ფართობი - 96,6 კვ.მ. №02-6,5 კვ.მ, №03-32,3 კვ.მ. შენობა ნაგებობები №29.12.38.158 სასოფლო სამეურნეო საერთო ფართი: 75.30 (ტ.1.ს.ფ. 112).

 

6.11. სსკ-ის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

 

6.12. სასამართლო განმარტავს, რომ 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის სამართლებრივი ანალიზი იცავს შემძენის ინტერესებს და ეყრდნობა საჯაროო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრინციპს. კერძოდ სსკ-ის 312-ე მუხლიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრი წარმოადგენს კეთილსინდისიერი სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფას და დაცვას. აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, ობიექტურად არსებული ფაქტი - საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია იცავს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაუნარიანი უფლებების განკარგვის დროს და მისი სისწორის პრეზუმფცია ეხება როგორც ადრინდელი მესაკუთრის, ასევე - ახალი შემძენის უფლებებს. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული პრინციპი იცავს მესამე პირის, რ-----ი ფ------ის ინტერესებს, ვიდრე არ დამტკიცდება საწინააღმდეგო ფაქტები.

 

6.13. დავის გადაწყვეტისას სასამართლო მოსარჩელეს მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესზე - სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

-წინამდებარე დაზუსტებული სარჩელის დავის საგანია მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა. როგორც აღინიშნა სადავო ქონება (შესაძლო თანასაკუთრება) მოპასუხე მიხეილ ლ-----ემ გაასხვისა მესამე პირზე რ-----ი ფ------ეზე. მოსარჩელემ მოთხოვნა მიმართა ყოფილი მეუღლის მიმართ და სადავო არ გახადა მიხეილ ლ-----ესა და რ-----ი ფ------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელე ვერ მიიღებს იმ იურიდიულ შედეგს, რაც სარჩელით სურს, ვერ აღდგება პირვანდელი მდგომარეობა სადავო ქონების მიხეილ ლ-----ის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ, რადგან დავის საგანი არ არის მიხეილ ლ-----ესა და რ-----ი ფ------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა კი შესაძლებელი იყო გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

 

6.14. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია განმარტოს 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის იურიდიული ბუნება და აღნიშნავს შემდეგს: მოხმობილი ნორმა, მეუღლეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას, იცავს შემძენის ინტერესებს და არა იმ მეუღლის ინტერესებს, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ არ იყო რეგისტრირებული, თუმცა, მას აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით. გარდა ამისა, სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად „1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა; 2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. 3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც“.

 

ამდენად, სსკ-ის 1160-ე, 185-ე და 312-ე მუხლების ერთობლივად გაანალიზების საფუძველზე, სასამართლომ განმარტავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისას კანონი იცავს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის პრეტენზიისაგან.

 

6.15. სასამართლო მოსარჩელე ხ------ა ხუ--–--ეს აქვე განუმარტავს, რომ მას უფლება აქვს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, მოპასუხე მიხეილ ლ-----ისგან (ყოფილი მეუღლე) მოითხოვოს მიყენებული ზიანის (მისი წილი ქონების ღირებულების) ანაზღაურება.

 

6.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სარჩელი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელე ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სსს კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან. იმავე კანონის 47-ე მუხლის მესამე ნაწილით - ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

 

სარჩელით მარიამ ლ-----ის სასარგებლოდ მოთხოვნილია მიუღებელი ალიმენტის დაკისრება - 1350.00 ლარი. დავით ლ-----ის სასარგებლოდ ერთი წლის გაანგარიშებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობამ შეადგინა - 1800.00 ლარი (სსს კოდექსის 41.1-ე მუხლის ,,გ“ პუნქტი), მთლიანობაში - 3150.00 ლარი და სახ. ბაჟის გაანგარიშება აღნიშნული თანხიდან უნდა მოხდეს, რომლის 3% შეადგენს - 94.50 ლარს, რომელიც მოპასუხე მიხეილ ლ-----ეს უნდა გადახდეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე ხ------ა ხუ--–--ის მიერ, ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, გადახდილი სახ. ბაჟი, სარჩელზე უარის თქმის გამო, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

8.2. მოცემულ საქმეზე 2016 წლის 03.06. განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მიხეილ ლ-----ის (პ/ნ 53001046418) საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილს, მდებარე წყალტუბოს რაიონი, სოფელი ქვიტირი (ზედა მესხეთი), ს/კ N-29.12.38.158.

 

8.3. ვინაიდან სარჩელი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და იგი უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ხ------ა ხუ--–--ის სარჩელი მიხეილი ლ-----ის მიმართ ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

 

2. დაეკისროს მოპასუხე მიხეილ ლ-----ეს მისი შვილის - მარიამ ლ-----ის - სასარგებლოდ ერთჯერადად მიუღებელი ალიმენტის -1350.00 ლარის გადახდა.

- დაეკისროს მოპასუხე მიხეილ ლ-----ეს მისი არასრულწლოვანი შვილის დავითი ლ-----ის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის დღიდან (2016 წლის 14 ივნისიდან) ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე ან/და მდგომარეობის შეცვლამდე.

 

3. მოპასუხე მიხეილ ლ-----ეს, დაკისრებული ალიმენტის ნაწილში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი - 94.50 ლარის ოდენობით.

 

4. ხ------ა ხუ--–--ის სარჩელი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. მოსარჩელის მიერ ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისგან გათავისუფლდეს მიხეილ ლ-----ის (პ/ნ 53001046418) საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი, მდებარე წყალტუბოს რაიონი, სოფელი ქვიტირი (ზედა მესხეთი), ს/კ N-29.12.38.158.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე