გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002242618
#2/6 -18 წ.
გ ად ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31.01.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველო
მოსარჩელის წარმომადგენელი: ო---- ქ---------–--ე
მოპასუხე: დ----- ჩ---------ე
წარმომადგენელი: ნ--------- ო----–---–ი
დავის საგანი: გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელმა, მოპასუხე - დ----- ჩ---------ის (პ/ნ. 3----------) მიმართ, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელე მხარე სარჩელში მიუთითებს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა ხე-მცენარეების უკანონო ჭრის ფაქტი კერძოდ დ----- ჩ---------ის მიერ საჩხერის რაიონის სოფელ ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი იქნა 9 ერთეული თხმელის ჯიშის ხე-ტყე აღნიშნული ხე-ტყის უკანონოდ მოჭრით გარემოსათვის მიყენებული იქნა 3120 (სამიათას ასოცი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი. საქმის მასალები გადაგზავნილი იქნა საჩხერის რაიონულ პროკურატურაში შემდგომი რეაგირებისთვის. აღნიშნულ საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის 1/54-2017 განაჩენით დ----- ჩ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ.
მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს დ----- ჩ---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გარემოსათვის მიყენებული ზიანის - 3120 (სამიათას ასოცი) ლარის ანაზღაურება, რომელიც უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: TRESGE22; ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი 302003581;
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ----- ჩ---------ე თავისი შესაგებლით არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ მას არ მოუჭრია თხმელის ჯიშის ხე-ტყე, არამედ მან მოჭრა 9 ძირი მსხლის ჯიშის ხე, არა სახელმწიფოს ტყის მასივში არამედ საკუთარ მიწის ნაკვეთსა და მეზობლის მიწის ნაკვეთში, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე თვლის, რომ მას სახელმწიფოსათვის ზიანი არ მიუყენებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარები მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 18 მარტს შედგენილი იქნა აქტი, რომლის თანახმად 2017 წლის 15 მარტს საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაში მცხოვრები დ----- ჩ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ნანახი იქნა 57 - ერთეული თხმელის ჯიშის მორი, რაზედაც არანაირი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი (ს.ფ.15-17)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მიერ შედგენილი იქნა გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი.
დ----- ჩ---------ის მიერ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად განისაზღვრა 3120 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი (ს.ფ.17-18)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის 1/54-2017 განაჩენით დადგენილია, რომ დ----- ჩ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ. დ----- ჩ---------ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა მასში, რომ 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტის პერიოდის ჩათვლით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, ამავე სოფლის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა 9 ძირი თხმელის ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებული იქნა 3120 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაჩენი (ს.ფ.20-27)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს სარჩელი დ----- ჩ---------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, კერძოდ დ----- ჩ---------ეს უნდა დაეკისროს გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N260 დადგენილებით განსაზღვრული მეთოდიკა ზიანის გაანგარიშების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი,411მუხლი, 992-ე მუხლი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-106-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებით დამტკიცებული ტიპიური დებულების (შემდგომში დებულება) პირველი მუხლის შესაბამისად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანოა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველო (შემდგომში – სამართველო).სამმართველო თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.
დებულების მეორე მუხლის შესაბამისად დეპარტამენტის ერთ-ერთი რეგიონალური სამმართველოა : დასავლეთის რეგიონული სამმართველო და სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი; საჩხერის; ჭიათურის; ზესტაფონის; ხარაგაულის; ბაღდათის; თერჯოლის; ტყიბულის; წყალტუბოს; ხონის; სამტრედიის; ვანის; ლანჩხუთის; ჩოხატაურის; ოზურგეთის; ონის; ამბროლაურის; ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები;
დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სამმართველო უფლებამოსილია:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური გარემოსდაცვითი შემოწმებების განხორციელება;
საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად განახორციელოს ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება;
კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, გამოწეროს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსათვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;
დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად სამმართველოს უფროსი ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს;
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სამმართველოს სრული უფლება აქვს წარმოადგინოს დეპარტამენტი სასამართლოში. ასევე სამმართველოს მიერ შედგენილი დოკუმენტები მათ შორის შემოწმების აქტი და ზიანის გაანგარიშების აქტი შედგენილია კანონით დადგენილი წესით და წარმოადგენს მტკიცებულებებს , რომლებიც კანონით დადგენილი წესითაა მოპოვებული.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 922-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის 1/54-2017 განაჩენით დადგენილია, რომ დ----- ჩ---------ემ 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტის პერიოდის ჩათვლით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, ამავე სოფლის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა 9 ძირი თხმელის ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებული იქნა 3120 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულით მიყენებული ზიანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მოცემულ საქმეზე მოპასუხემ განმარტა, რომ მისი მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი არ განხორციელებულა, რადგან ხე-ტყე მოიპოვა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხის წარმოდგენილი ახსნა განმარტება, რადგან არ არსებობს საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მიერ შედგენილი იქნა გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომელიც შედგენილია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N260 დადგენილებით განსაზღვრული მეთოდიკის მიხედვით. დ----- ჩ---------ის მიერ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად განისაზღვრა 3120 ლარით.
6.4. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.5. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარცელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3120 ლარის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30921-ე მუხლის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 55-ე. 243-244-ე, 248-ე 250-ე, 257-ე, 264-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს სარჩელი, მოპასუხე - დ-----ი ჩ---------ის (პ.ნ.3----------) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - დ-----ი ჩ---------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გარემოსათვის მიყენებული ზიანის - 3120 (სამი ათას ასოცი) ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე - დ----- ჩ---------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 93.60 (ოთხმოცდაცამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი