განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2018
საქმის ნომერი
020100118002270909
დავის ტიპი
276 4 , 128
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002270909

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/29-18 13 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

სხდომის სახე - ღია

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ---------------

 

2.დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული დ----------–------------–---–----------------–-------–-–----------------–--------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–-----–----–----------–--------–-------------------------–--–-----------------------------

 

2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში

 

2.1.2. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლი

ქმედების შემადგენლობა: განსაცდელში მიტოვება, ე.ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

 

2.2. ადვოკატი დ---------------–---

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2017 წ-–-----------ს, დაახლოებით 21:30 საათზე დ------------–---–-ა გადაადგილდებოდა ქ. წ--–-------–---–------------- ქუჩაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ო---–--------’’-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით B------ ავტომობილით, რა დროსაც, დ------------–---–-ამ, იმყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, კერძოდ ვერ გაითვალისწინა ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით და შეეჯახა სავალი ნაწილის დასასრულს ქვეითად მიმავალ გ---------------ს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო გ---------------მ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. ბრალდებულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური ნორმა, რომელიც ზოგადად მიუთითებს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე, თუმცა კონკრეტულად არ ჩამოთვლის მათ. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს სსკ-ის 276-ე მუხლის ზუსტი შინაარსი, აუცილებელია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების მოძიება სხვა ნორმატიულ აქტში. მოცემულ შემთხვევაში რელევანტური სხვა ნორმატიული აქტი არის ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის ნორმების დაცვაც ევალებოდა ავტომობილის მძღოლს. აღნიშნული კანონის 21.15 მუხლის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას. ამავე კანონის 33.2 მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

ის, რომ ბრალდებული დ------------–---–-ა მართავდა ავტომობილს, რა დროსაც დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 21.15 და 33.2 მუხლები, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულ დ------------–---–-ას, მოწმეების: რ----–------------ს, მე-----------–---–-ას, ლ----------–-----ას, დ-----------------ის, ლ---–-------–-–---–ის, ს------------ას, გ---------------ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგიურ და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ დ------------–---–-ა მართავდა სატრანსპორტო საშუალებას და დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 21.15 და 33.2 მუხლების მოთხოვნები.

 

2.2. რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი მოითხოვს შედეგს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ---------------ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. მოწმეების: რ----–------------ს, მე-----------–---–-ას, გ---------------ს, ლ--------------ას ჩვენებები, ბრალდებულის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ---------------მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

2.3. ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქრთველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში.

ბრალდებულის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა მთვრალ მდგომარეობაში მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულის, მოწმე ს------------ას ჩვენებებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის სისხლში აღმოჩენილია 2,78%0 ეთილის სპირტი, რაც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მძიმე ხარისხს. აღნიშნული მიუთითებს, რომ დ------------–---–-ა ავტომობილს მართავდა მთვრალ მდგომარეობაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილის დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება გაუფრთხილებელ დანაშაულს წარმოადგენს.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული, პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ დ------------–---–-ამ ჩაიდინა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ დ------------–---–-ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც დ------------–---–-ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

დ------------–---–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება და მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, მძიმე ჯანმრთელობის, ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა.

დ------------–---–-ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ, როგორც ირკვევა, ბრალდებული არის ტაქსის მძღოლი, რაც მას, სხვებზე მეტად ავალდებულებს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და დაიცვას სხვათა უსაფრთხოება, რის მიუხედავადაც ბრალდებულმა გამოიჩინა უკიდურესად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამ ვალდებულების მიმართ.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ბრალდებულს მისი საქმიანობიდან გამომდინარე ევალებოდა ზედმიწევნით დაეცვა საგზაო მოძრაობის წესები, თუმცა მოქმედებდა გაუფრთხილებლობის ყველაზე მძიმე ფორმით - თვითიმედოვნებით და მიაჩნდა, რომ 3 ლიტრი ღვინოს მიღების შემდეგ ის შეძლებდა ავტომობილის უსაფრთხო მართვას), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (ძლიერ მთვრალ მდგომარეობაში, არასრული ხილვადობის პირობებში, ღამით მოძრაობა ისეთი სიჩქარით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მის მიერ ავტომობილის უსაფრთხოდ მართვას ქვეითად მოსიარულისთვის შეჯახება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, გარდაცვლილი ჰყავს შვილი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარებს, განიცდის და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების, ბრალის ხარისხის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ამასთან, საქმის გარემოებების, ბრალდებულის პიროვნების, დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არის ტაქსის მძღოლი და მოქალაქეებს ემსახურება ავტომობილით, რაც უნდა მიუთითებდეს საგზაო მოძრაობის წესების ზედმიწევნით დაცვასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა მოითხოვს, ძირითად სასჯელთან ერთად გამოყენებულ იქნეს მუხლის სანქციით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის მაქსიმალური ზომა.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა მოხდეს ნივთმტკიცება ,,ო---–--------’’-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრით B------, როგორც დანაშაულის იარაღის, საპროცესო კონფისკაცია, ვინაიდან ბრალდებული სწორედ ამ ავტომობილის მეშვეობით ახორციელებს ტაქსის მძღოლის საქმიანობას; დ------------–---–-ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს ბრალდებულ დ------------–---–-ას ოჯახს; შუშის ნამსხვრევები, სისხლისმაგვარი ლაქები განადგურდეს; გ---------------ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

ІІ. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2017 წ-–-----------ს, დაახლოებით 23:30 საათზე, დ------------–---–-ა გადაადგილდებოდა წ--–-------–---–------------- ქუჩაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ო---–--------ს’’-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით B------ ავტომობილით, რა დროსაც დ------------–---–-ა იმყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, კერძოდ ვერ გაითვალისწინა ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით და შეეჯახა სავალი ნაწილის დასასრულს ქვეითად მიმავალ გ---------------ს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო გ---------------მ. დ------------–---–-ას, რომელსაც ევალებოდა დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, ავტომობილით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და მიატოვა დაზარალებული განსაცდელში, რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2017 წ-–-----------ს, დაახლოებით 23:30 საათზე დ------------–---–-ა გადაადგილდებოდა წ--–-------–---–------------- ქუჩაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ო---–--------ს’’-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით B------ ავტომობილით, რა დროსაც დ------------–---–-ა იმყოფებოდა რა ძლიერ მთვრალ მდგომარეობაში, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და შეეჯახა ქვეითად მიმავალ გ---------------ს, რაც, ძლიერი სიმთვრალის გამო, მას არ უგრძვნია და განაგრძო სვლა იმავე მიმართულებით იმავე სიჩქარით.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ქმედების ობიექტური შემადგენლობა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, კერძოდ ადამიანი იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ აქვს მიიღო ზომები თავის დასაცავად, მიმტოვებელს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და შეუძლია მისი დახმარება.

ის, რომ დაზარალებული იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, არ ჰქონდა შესაძლებლობა მიიღო ზომები თავის დასაცავად და ის, რომ აღნიშნულ მდგომარეობაში დაზარალებული აღმოჩნდა ბრალდებულ დ------------–---–-ას მართლსაწინააღმდეგო და ბრალდებული ქმედების შედეგად და მას ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო დახმარება, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულ დ------------–---–-ას, მოწმეების: რ----–------------ს, მე-----------–---–-ას, ლ----------–-----ას, დ-----------------ის, ლ---–-------–-–---–ის, ს------------ას, გ---------------ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგიურ, ავტოტექნიკური, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულ დ------------–---–-ას მართლსაწინააღმდეგო ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩავარდნა, მდგომარეობაში, როცა მას არ შეეძლო მიეღო ზომები თავის დასაცავადა, ხოლო დ------------–---–-ას შეეძლო და ევალებოდა მასზე ზრუნვა. ამდენად, სსკ-ის 128-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობის ბრალდებულის მიერ განხორციელება საქმის მასალებით დადასტურებულია.

 

3.2. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული არ აღიარებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, რითაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა უდავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: ბრალდებული, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის შეზღუდული ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს პოზიცია მისი ბრალეულობის თაობაზე. ამდენად, არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარე უფლებამოსილია დააფიქსიროს პოზიცია ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე მიუხედავად იმისა, გახდის თუ არა ის სადავოდ რომელიმე მტკიცებულებას. მტკიცებულებების უდავოდ ცნობის საკითხი განიხილება წინასასამართლო სხდომაზე (და შესაძლებელია მას შემდეგაც), რა დროსაც მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტული მტკიცებულებების სადავად და უდავოდ ცნობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა ნიშნავს ამ მტკიცებულებების სისწორის დადასტურებას მათი არსებითი გამოკვლევის გარეშე. ამდენად, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები იმთავითვე მიიჩნევა სარწმუნო მტკიცებულებებად, რომელთა შინაარსის სისწორეც მხარეთა ეჭვს არ იწვევს. იდეალურ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს ბრალდებულის ინტერესების შესაბამისი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეები, როგორც წესი, ერთმანეთის დაპირისპირებული მხარეები არიან, არის შემთხვევები, როცა მათი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. არის ასევე შემთხვევები, როცა რომელიმე მხარე შეცდომით ვარაუდობს, რომ გარკვეული მტკიცებულება მისი ინტერესების შესაბამისია, ხოლო სინამდვილეში ის მეორე მხარის ინტერესების დაცვას ემსახურება. მხარეთა მიერ საკუთარი მტკიცებულებების შერჩევა თავად მხარეთა პრეროგატივაა. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი აწესრიგებს მხარეთა მიერ მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოსათვის წარდგენის წესს და აძლევს მათ კანონის ფარგლებში მტკიცებულებების შერჩევის თავისუფლებას. ამდენად, თავად მხარე წყვეტს, რომელი მტკიცებულება წარადგინოს სასამართლოში, როგორც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი, თვითონვე წყვეტს, მოწინააღმდეგე მხარის რომელი მტკიცებულება არის მისი სასარგებლო და რომელი მტკიცებულება მიიჩნიოს უდავოდ. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ხელმძღვანელობს სსსკ-ის 73-ე და 220-ე მუხლებით. სსსკ-ის 73-ე მუხლში აღნიშნულია, თუ რა მიიღება გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად. კერძოდ, ასეთია ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სსსკ-ის 220-ე მუხლის მიხედვით კი მოსამართლე ამტკიცებს მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: სასამართლო ვალდებულია დაადგინოს ფაქტები, ხოლო მათ დასადგენად ის ვალდებულია დაეყრდნოს მტკიცებულებებს. ამდენად, ფაქტი და მტკიცებულება სხვადასხვა ცნებებია. ფაქტი არის ის კონკრეტული გარემოება, რასაც ამტკიცებს მხარე, ხოლო მტკიცებულება არის კანონით გათვალისწინებული ის მასალა, მხარის მიერ შექმნილი ან მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ცნობებს, მონაცემებს სამტკიცებელი ფაქტის შესახებ. ამდენად, ფაქტი და მტკიცებულება ერთი და იგივე არ არის. ფაქტი დასტურდება ან უარიყოფა მტკიცებულებით. შესაბამისად, ფაქტებს შეიცავს მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ესა თუ ის ფაქტი გამოიყენება სხვა ფაქტის დადასტურების/უარყოფის კონტექსტში. სწორედ ასეთ შემთხვევად უნდა იქნეს მიჩნეული სსსკ-ის 73-ე მუხლი, რომელიც დასაწყისში თუმცა მიუთითებს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებებზე, თუმცა შემდგომში საუბრობს ფაქტებზე, რომლებიც პრეიუდიციული ძალით სარგებლობენ. ამდენად, სსსკ-ის 73-ე მუხლი არეგბულირებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების, როგორც გარკვეული გარემოების შესახებ ინფორმაციის შემცველი მონაცემების პრეიუდიციულ ხასიათზე. მისგან განსხვავებით სსსკ-ის 220-ე მუხლი მიუთითებს არა უდავო ფაქტების, არამედ უდავო მტკიცებულებების ჩამონათვალზე.

ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლი განსაზღვრებას „პრეიუდიციული“ იყენებს ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სსსკ-ის 220-ე მუხლი განსაზღვრებას „უდავო“ იყენებს მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ე.ი. რეიუდიცია მიემართება ფაქტებს და არა მტკიცებულებებს, ხოლო უდავობა მიემართება მტკიცებულებებს და არა ფაქტებს. აღნიშნული განსხვავება ყურადღების მიღმა რჩება, როცა პრეიუდიციული ფაქტები გადმოცემულია უდავო მტკიცებულებებში და მათ შორის რაიმე წინააღმდეგობა არ არის, მაგრამ მათ შორის განსხვავება აშკარა ხდება, როცა პრეიუდიციული ფაქტები არ არის გადმოცემული უდავო მტკიცებულებებით და მათ შორის არის სხვაობა.

ზემოთ იყო მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მხარეს კანონით მინიჭებული აქვს თავისუფლება, თავად აირჩიოს, რომელი მტკიცებულების დასაშვებად ცნობა მოითხოვოს და მოწინააღმდეგე მხარის რომელი მტკიცებულება მიიჩნიოს უდავოდ. მტკიცებულებების უდავოდ ცნობა უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული ფაქტების პრეიუდიციულად აღიარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რაზე თანხმდებიან მხარეები. აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ამტკიცებს უდავო და სადავო მტკიცებულებების ნუსხას, თუმცა არ ამტკიცებს პრეიუდიციული და არაპრეიუდიციული ფაქტების ჩამონათვალს. მხარეები არ ადგენენ რაიმე დოკუმენტს, სადაც მითითებული იქნებოდა კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც ისინი თანხმდებიან და არ დავობენ. ამიტომაც არსებითი განხილვისას არსებობს მხოლოდ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ნუსხა და არ არსებობს პრეიუდიციულად ცნობილი ფაქტების ნუსხა. ასეთი ფაქტები სასამართლომ თავად უნდა გამოკვეთოს უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შინაარსის მიხედვით, ვინაიდან მტკიცებულებების უდავოდ ცნობა ნიშნავს მათი მოპოვების კანონიერებისა და მათი შინაარსის სისწორის შესახებ ეჭვის არარსებობას. ამდენად, სასამართლომ თავად უნდა გაარკვიოს პრეიუდიციულად ცნობილი ფაქტები უდავო მტკიცებულებების შინაარსიდან. იდეალურ შემთხვევაში მტკიცებულებები ერთმანეთს უნდა ეთანხმებოდეს და მათი შინაარსი თანმიმდევრული უნდა იყოს. ასეთ ვითარებაში პრეიუდიციული ფაქტების დადგენა ადვილია, თუმცა არის შემთხვევები, როცა, მხარეთა უყურადღებობით თუ სხვა რაიმე მიზეზით უდავო მტკიცებულებების შინაარსი ერთმანეთს არ ეთანხმება, პირიქით, ერთმანეთთან წინააღდეგობაშიც კი მოდის. ასეთ შემთხვევებში გაუგებარია, მტკიცებულებების უდავოდ ცნობით თუ რომელი კონკრეტული ფაქტების პრეიუდიციულ ხასიათზე შეთანხმდნენ მხარეები. ამდენად, ასეთ ვითარებაში მოსამართლე ვალდებულია, ერთობლიობაში შეაფასოს უდავო და სადავო მტკიცებულებები და ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებიდან რომელიმეს მიანიჭოს უპირატესობა მოქმედი კანონმდებლობისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის დასაშვებ უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებები. ამასთან, ბრალდებული დაიკითხა ორჯერ - პირველად მოწმის სახით, მეორედ - ბრალდებულის სახით. ეს ორი ჩვენება განსხვავებულად გადმოსცემს იმ გარემოებას, გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა დ------------–---–-ას, რომ შეეჯახა ადამიანს და ის იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში. ეს გარემოება გადამწყვეტია იმის გარკვევისთვის, უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა ბრალდებულს სსკ-ის 128-ე მუხლით.

საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ის გულისხმობს, რომ პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს დაზარალებულის საფრთხეში ყოფნა და საკუთარი მოვალეობა, დაეხმაროს მას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 128-ე მუხლი წარმოადგენს საფრთხის შემცველ დელიქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ითხოვს შედეგის დადგომას და დამთავრებულია ქმედების განხორციელებისთანავე. ამდენად, ის ფორმალური დანაშაულია. ვინაიდან ეს დანაშაული ფორმალურია და ისჯება მხოლოდ საფრთხის შექმნა, სწორედ საფრთხის შექმნის მიმართ პირის დამოკიდებულების დადგენაა აუცილებელი, ხოლო შედეგის დადგომა ამ დანაშაულის ფარგლებში არარელევანტურია ისევე, როგორც შედეგისადმი პირის დამოკიდებულება. განსახილველ დანაშაულთან დაკავშირებით ქმედებაში იგულისხმება უმოქმედობა - დაუხმარებლად მიტოვება. მართალია, მიტოვება განსახილველ შემთხვევაში ავტომანქანით გადაადგილებაში გამოიხატა, თუმცა დაზარალებულის საფრთხეში დატოვება უკავშირდება ბრალდებულის უმოქმედობას, რომლის თანმხვედრი იყო მოქმედება - ავტომანქანის მართვა. ამიტომ ამ დანაშაულთან კავშირშია არა აქტიური მოქმედება - ავტომანქანის მართვა, არამედ უმოქმედობა - დახმარების გაუწევლობა. დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანი იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში და მოკლებულია შესაძლებლობას თავი გადაირჩინოს, დაკისრებული აქვს მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ანუ სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, განსაცდელში მყოფი ადამიანისთვის დახმარების გაწევა მისი შესაძლებლობის ფარგლებშია.

ამდენად, დასადგენია, გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა ბრალდებულს, რომ დაზარალებული იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა დაჯახების შემდეგ გააჩერა ავტომანქანა, თუმცა შეეშინდა და ისევ განაგრძო გზა. იქ არავინ უნახავს და არავის ძახილის ხმა გაუგია. უნდოდა პოლიციაში მისვლა, მაგრამ ავტომობილი გააჩერა ბაზართან. მისი გაჩერების მიზნით სიგნალი და მაშუქი ფარების ანთება არ შეუმჩნევია. ს------------ა მასთან მოვიდა ავტომობილის გაჩერების შემდეგ. აღნიშნულისგან განსხვავდება ასევე უდავოდ ცნობილი, ბრალდებულის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც სახლში დალია 1 ლიტრი ღვინო, ხოლო შემდეგ შვილის სასაფლაოზე დაამატა 2 ლიტრი, რის შემდეგაც ავტომობილით გაემართა ბაზრისკენ. გზაზე ალკოჰოლი მოერია და გაითიშა, რის გამოც არ ახსოვს, თუ როგორ და რა სიჩქარით მიდიოდა. ბაზარში მისვლამდე მოესმა სიგნალი და მაშუქი ფარები შეამჩნია, რის გამოც გააჩერა. მასთან მივიდა პოლიციელი, რომელმაც ჰკითხა, თუ რა შეემთხვა, თუმცა ვერ უპასუხა, რადგან არაფერი ახსოვდა. ავტომანქანის წინა ნაწილს რომ გახედა, დაზიანებული იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ დაჯახებია ადამიანს. განცდის გამო გონზე მოვიდა და მიხვდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოსვლია. როგორ დაეჯახა ადამიანს და სად მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ახსოვს, რადგან იყო ძლიერ გადამთვრალი. სასაფლაოდან წ-------------------მდე არის დაახლოებით ნახევარი კილომეტრი, ხოლო წ------------- ქუჩიდან ავტომობილის გაჩერების ადგილამდე - 1 კმ.

ამდენად, ნათელია, რომ ეს 2 ჩვენება განსხვავებულად აღწერს დაჯახების მომენტში ბრალდებულის მდგომარეობას. მართალია, ორივე ჩვენება უდავოდ არის ცნობილი, თუმცა, რასაკვირველია, შეუძლებელია ორივე მათგანს დაეყრდნოს სასამართლო დაჯახების ბრალდებულის მიერ გაცნობიერების ნაწილში, ვინაიდან ისინი ამ ფაქტს განსხვავებულად გადმოსცემენ. ამდენად, აუცილებელი ხდება ამ ნაწილში ჩვენებების შედარება საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებებთან და ამის მიხედვით გადაწყვეტა, თუ რომელი ჩვენებაა გასაზიარებელი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ს------------ას ჩვენება, რომლის მიხედვითაც მასთან მიირბინა მამაკაცმა, რომელმაც უთხრა რუსულად, რომ ავტომობილი შეეჯახა ქვეითს და მიუთითა ავტომობილზე, რომელმაც ამ მამაკიაცის მოსვლამდე ჩაუარა. ავტომობილმა გაიარა ისე, რომ გზაჯვარედინზე არ შეჩერებულა. ის გაყვა ავტომობილს და სიგნალებითა და მაშუქი ფარების ანთებით ანიშნა გაჩერება, მაგრამ ავტომობილი არ გაჩერდა და გააგრძელა სვლა იმავე მიმართულებით. ბოლოს მძღოლმა, მისი ამდენი სიგნალისა და მაშუქის ანთების შემდეგ გააჩერა ავტომობილი. მძღოლს აშკარად ეტყობოდა სიმთვრალე. ავტომანქანასაც აშკარად ეტყობოდა დაჯახების კვალი. როცა შეეკითხა მძღოლს, თუ რა მოხდა, მან პასუხი არ გასცა; მოწმე ლ--------------ას უდავოდ ცნობილი ჩვენება, რომლის მიხედვით, ბრალდებული იყო მთვრალი, ადამიანის დაჯახების შემდეგ მას ავტომობილი არ გაუჩერებია, განაგრძო სვლა; ალკოტესტით შემოწმების ოქმი, რომლის თანახმად, ბრალდებულს დაუდგინდა სიმთვრალის ხარისხი - 3 პრომილე; მოწმე რ----–------------ს ჩვენება, რომლის მიხედვით, დაჯახების ხმის გაგონებისთანავე გაიხედა დაზარალებულთან და დაინახა გზაზე მიმავალი ავტომობილი, რომელსაც გაეკიდა. გზაზე შენიშნა პოლიციელი, რომელსაც მიუთითა მიმავალ ავტომობილზე. პოლიციელი ავტომანქანით დაედევნა მძღოლს; ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ბრალდებულისგან აღებული სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი 2,78 პრომილე ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მძიმე ხარისხს.

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც უდავოდ იქნა მხარეების მიერ ცნობილი, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა იგრძნო შეჯახება და მისთვის ცნობილი იყო, რომ ადამიანი იმყოფებოდა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში. საქმის მასალებით დასტურდება საპირისპირო, რომ ბრალდებული საჭესთან იჯდა ძლიერ გადამთვრალ მდგომარეობაში, რის გამოც გაითიშა და არაფერი ახსოვს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბრალდებულის სწორედ ამ მდგომარეობაში ყოფნისას, რის შემდეგაც ავტომანქანას არც სიჩქარე შეუცვლია და არც მიმართულება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გათიშულ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ვერ იგრძნო დაჯახება. ეს რომ ასე იყო, ამის დადასტურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ გაიგო მასზე დადევნებული ავტომანქანის სიგნალები და ვერ შეამჩნია ფარების ანთება. ამ ვითარების გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელების შემდეგ შეძლო ბრალდებულმა რეაგირების მოხდენა და მაშინათვე გაჩერდა, თუმცა ს------------ას ვერ გასცა პასუხი კითხვაზე, თუ რა მოუვიდა. მხოლოდ საკუთარი ავტომანქანის დათვალიერების შემდეგ მიხვდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოსვლია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობასთან სრულ თანხმობაშია ბრალდებულის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება, ხოლო ბრალდებულის სახით მიცემული ჩვენების დეტალები - რომ გაჩერდა დაჯახების შემდეგ, რომ ბაზართან გაჩერებული იყო, როცა ს------------ა მასთან მივიდა, რომ პოლიციაში მისვლა უნდოდა და სხვა - არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებებით, რის გამოც ის გაზიარებული ვერ იქნება.

ამდენად, დაჯახების მომენტში ბრალდებულის მდგომარეობის შესახებ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტად მიჩნეულ უნდა იქნეს ის, რომ ბრალდებულმა ვერ იგრძნო დაჯახება და ავტომანქანის ს------------ას მიერ გაჩერებამდე არ იცოდა, რომ მისი ქმედებით დაზარალებული სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩააგდო. ასეთ ვითარებაში, როცა პირი ვერ აცნობიერებს დაზარალებულის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ყოფნას, როცა არ იცის, რომ ის ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა მისი ქმედების შედეგად, რასაკვირველია, პირს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა დაზარალებულის დაუხმარებლად მიტოვების გამო, ვინაიდან არ არსებობს სსკ-ის 128-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობა. მით უმეტეს, როცა ბრალდებული, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაჯახების მომენტში ობიექტურად ვერც გააცნობიერებდა მომხდარს, მას ფიზიკურად არც ჰქონდა იმის რესურსი, რომ გაეთვალისწინებინა მომხდარი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის განზრახვას, არ დახმარებოდა განსაცდელში მყოფ პირს.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა ხასიათდება უმოქმედობით. ადამიანი იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდოგმარეობაში და შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად, ხოლო სუბიექტს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და შეუძლია მისი დახმარება. მიუხედავად ამისა, არ ეხმარება მას. განსაცდელში მიტოვება არის ფორმალური დანაშაული.

უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ------------–---–-ას მართლსაწინააღმდეგო და ბრალდებულმა ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის უმწეო მდგომარეობაში აღმოჩენა და მას ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, თუმცა ბრალდებულს გაცნობიერებული არ ჰქონდა, რომ ის დაეჯახა დაზარალებულს და ჩააგდო სიცოცლისათვის საშიშ მდგომარეობაში, არ ითვალისწინებდა დაზარალებულის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ყოფნას. უფრო მეტიც, ის ამას ვერც გაითვალისწინებდა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამდენად, არ არსებობს დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მის სსკ-ის 128-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ------------–---–-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

დ------------–---–-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის - უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.

დ------------–---–-ას ძირითადი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.

დ------------–---–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 201--–-–------------ის №0----------------- (1-----18) განჩინებით 6000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, დ------------–---–-ას და ლ-------------–---–-ას კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე წ--–--------------------------ში (საკადასტრო კოდი 4-----------), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: მოხდეს ნივთმტკიცება ,,ო---–--------’’-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრით B------ საპროცესო კონფისკაცია; დ------------–---–-ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს ბრალდებულ დ------------–---–-ას ოჯახს; შუშის ნამსხვრევები, სისხლისმაგვარი ლაქები განადგურდეს; გ---------------ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია