გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210017002020879 (2-422/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი. 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - დ------- ნი-----------
წარმომადგენელი - მა-–----------–-ძე
მოპასუხები - შპს ,,ო--------“.
წარმომადგენელი - გუ------------------ძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ო--------"-ს მოსარჩელე დ------- ნი-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზრაურება 480 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს ,,ო--------" მოსარჩელე დ------- ნიკოფოროვის სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯების გადახდა ჯამურად 872 ლარის ოდენობით.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე დ------- ნიკოფოროვს 2016 წლის 19 ივნისს მისი კუთვნილი ფოლსვაგენის მარკის, ავტომანქანა სახელმწიფო ნორით Y------- გაჩერებული ჰყავდა ქ, ბათუმში პუშკინის ქუჩაზე, რომელსაც მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად შეეჯახა შპს ,,ო--------“-ის საკუთრებაში არსებუული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით W------ რომელსაც მართავდა მძღოლი თა------------–-ძე. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თამნამშრომლების მიერ შედგენილი იქნა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა და იმავე დღეს შედგენილი იქნა ადმინსტრაციულ სამართლადარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაცული სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევებისათვის მძღოლი ბ------–--- თამაზი დაჯარიმებული იქნა 250 ლარით. მოპასუხე მხარე შეპირდა ზიანის ანაზღაურებას, თუმცა არ შეასრულა პირობა. დ------- ნი-----------მა შეკითხვა გააგზავნა ფოლცვაგენის სერვის ცენტრში საქართველოში რემონტისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, სადაც დადგინდა, რომ ავტომანქანის ასეთ მდგომარეობაში შეკეთება დაჯდებოდა 1514 ლარი. დ------- ნი-----------მა მანქანა შეაკეთა რუსეთის ფერედერაციაში, სადაც გადაიხადა 30541.54 რუბლი, რაც შეადგენს 480 აშშ დოლარს. დაზიანებულ ავტომანქანაზე დანიშნულ იქნა ექსპერტიზა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 10 მარტის დასკვნის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 766 ლარს. დასკვნის მომზადებისათვის გადახდილია 241 ლარი. მოსარჩელე ითხოვს მიყენებული ზიანისა და გაწეული ხარჯების მოპასუხეზე დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ო--------“ წერილობითი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა შპს ,,ო--------“-ს არ უნდა დაეკისროს, რადგან მათთან არანაირი მოლაპარაკება არ მომხდარა, მოსარჩელეს არ მოუთხოვია თანხის ანაზღაურება, არ წარუდგენია ანგარიშის ნომერი, სადაც თანხას ჩაურიცხავდა.
მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ის არასათანადო მოპასუხეა, რადგან მას მოსარჩელეზე ზიანის მიყენებაში არავითარი ბრალი არ მიუძღვის, მანქანა მართალია ირიცხება მის სახელზე, მაგრამ ფაქტობრივად შესყიდული ჰქონდა თამაზ ბასილაძეს, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 19 ივნისს ქ, ბათუმში პუშკინის ქუჩაზე, მოპასუხე შპს ,,ო--------“–ს სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება ,,მან T.05,” სახელმწიფო ნომრით W------,, რომელსაც მართავდა მძღოლი თა------------–-ძე. არასწორი მანევრირების შედეგად შეეჯახა მოსარჩელე - დ------- ნი-----------ის კუთვნილი ფოლსვაგენის მარკის, ავტომანქანას სახელმწიფო ნორით Y------- .
მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე თა------------–-ძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 125-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევისათვის დაჯარიმდა 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2016 წლის 19 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საგზაო შემთხვევის ნახაზი, გამოკითხვის ოქმები, მხარეთა ახსნა- განმარტებები.
3.1.2. სატრანსპორტო საშუალება ,,მან T.05,” სახელმწიფო ნომრით W------ 2011 წლის 18 აპრილიდან ირიცხება შპს ,,ო--------“-ის (ს.ნ. 4--------, მის: ხელვაჩაური, სოფ. ფ-----) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს ცნობა.
3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 07 ივლისის N500362516 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2014 წელს გამოშვებულ ავტომობილზე ,,VOLKSWAGEN MULTIVAN”-ზე საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------- ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შედგენს 766.5 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა .
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა და მისი ანაზღაურების მოთხოვნა ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ოდენობით ზიანის ანაზღაურება, ხოლო მოთხოვნილი იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კონსტიტუცია;
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება ზიანის ანაზღაურებაზე დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.
6.4. მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ წინაპირობებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ელექტრონული საჯარიმო ქვითრით, შემთხვევის ადგილზე შედგენილი ნახაზითა და ახსნა განმარტებებით დგინდება, რომ მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დამრღვევი მომხდარი თა------------–-ძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 125-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევისათვის დაჯარიმდა 250 ლარით.
ამასთანავე დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება ,,მან T.05,” სახელმწიფო ნომრით W------, რომელსაც მართავდა თა------------–-ძე და მოახვედრა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, 2011 წლის 18 აპრილიდან ირიცხება შპს ,,ო--------“-ის (ს.ნ. 4--------, მის: ხელვაჩაური, სოფ. ფ-----) სახელზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დ------- ნი-----------ის საკუთრებაში არსებული ავტომობილი. სახეზე გვაქვს, დამდგარი ზიანი, თა------------–-ძის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევაში და მიზეზობრივი კავშირი - ამ ქმედებამ გამოიწვია დ------- ნი-----------ის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზემოთ აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება ზემო დასახელებულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციებს. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.
6.6.სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა - 766.5 ლარით. დადგენილია თა------------–-ძის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამასთანავე დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება ,,მან T.05,” სახელმწიფო ნომრით W------ 2011 წლის 18 აპრილიდან ირიცხება შპს ,,ო--------“-ის (ს.ნ. 4--------, მის: ხელვაჩაური, სოფ. ფ-----) სახელზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა. შესაბამისად, სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია. ამასთანავე სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის დაკისრებაზე იმ ოდენობით, რაც დ------- ნი-----------მა გადაიხადა ავტომანქანის შეკეთებაში რუსეთის ფედერაციაში სპეციალურ სერვის ცენტრში. ზემოთ აღინიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის შედეგად დ------- ნი-----------ის ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შედგენს 766.5 ლარს. შესაბამისად, ზიანის სახით აღნიშნული თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
7.2. რაც შეეხება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.
სარჩელს ერთვის საბანკო ქვითარი, რომლის მიხედვით, მა-–----------–-ძეს იურიდიული მომსახურებისათვის დ------- ნი-----------ის მიერ ჩაერიცხა 499 ლარი, მოსარჩელე ითხოვს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეზე დაკისრებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულობის გათვალისწინებით, ასევე, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მოპასუხეს დააკისროს 100 ლარის ანაზღაურება.
გარდა აღნიშნულისა, ზემო დასახელებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისათვის გადახდილი მოსაკრებელის 21 ლარისა და საექსპერტო მომსახურების მოსაკრებელის 241 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დმიტრი ნი-----------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე – შპს ,,ო--------“-ს (ს/ნ 4--------) მოსარჩელე დ------- ნი-----------ის სასარგებლოდ ზიანის სახით ასანაზღაურებლად დაეკისროს 766,5 (შვიდას სამოცდაექვსი ლარი 50 თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე – შპს ,,ო--------"-ს (ს/ნ 4--------) მოსარჩელე დ------- ნი-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების- სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის 100 ლარის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისათვის გადახდილი მოსაკრებელის 21 ლარის და საექსპერტო მომსახურების მოსაკრებელის 241 ლარის, სულ 412 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე