გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2018
საქმის ნომერი
010210116001568296
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210116001568296

№2-3355/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: სს ,,თ----------ი”

წარმომადგენელი: შპს ,,ტ-----'', ნ---- სუ-----ა

მოპასუხე: ირ---–ი კვ------–---ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

ირ---–ი კვ------–---ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს:

- 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 870.4 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 569.98 ლარი, პროცენტი - 52.85 ლარი და ჯარიმა - 247.57 ლარი.

- 2016 წლის 13 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 569.98 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10.44 ლარს.

- 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2 469.95 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2399.73 ლარი, პროცენტი - 70.22 ლარი.

- 2016 წლის 13 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 2 399.73 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 71.99 ლარს.

- ირ---–ი კვ------–---ს დაეკისროს სს ,,თ----------ის’’ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 189.25 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 150 ლარის, უზრუნველყოფის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, კერძოდ 252.33 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- სარჩელში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 09 ივლისს სს „თ----------სა“ და ირ---–ი კვ------–---ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N1633231-2155178, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 570 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. ხელშეკრულების პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა - ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი მინიმუმ 25%-ით უნდა შემცირდეს მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს ყოველ 40 დღეში, არასანქცირებული ოვერდრაფტი სრულად უნდა დაიფაროს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გადახდის დღეს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

- ირ---–ი კვ------–---ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულება, კერძოდ 2016 წლის 16 თებერვლის შემდეგ მის მიერ აღარ მომხდარა თანხის გადახდა. 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ირ---–ი კვ------–---ს 2012 წლის 13 ივნისის მდგომარეობით 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N1633231-2155178 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 870.4 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 569.98 ლარი, პროცენტი 52.85 ლარი, ჯარიმა 247.57 ლარი.

- 2014 წლის 27 ივნისს სს „თ----------სა“ და ირ---–ი კვ------–---ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 2 400 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 25 რიცხვი.

- ირ---–ი კვ------–---მა დაარღვია საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ 2016 წლის 24 ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია თანხის გადახდა. 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ირ---–ი კვ------–---ს 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2 469.95 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2 399 ლარი, პროცენტი - 70.22 ლარი.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ირ---–ი კვ------–---მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, გარდა პირგასამტეხლოს ნაწილში და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული. იგი 2005 წლიდან არის სს „თ----------ის“ მომსახურების პროდუქციის კეთილსინდისიერი მომხმარებელი, 2016 წლიდან კი შეექმნა პრობლემები, რის გამოც ვეღარ შეასრულა ვალდებულებები.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2012 წლის 09 ივლისს სს „თ----------სა“ და ირ---–ი კვ------–---ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N1633231-2155178, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 570 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. ხელშეკრულების პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა - ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი მინიმუმ 25%-ით უნდა შემცირდეს მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს ყოველ 40 დღეში, არასანქცირებული ოვერდრაფტი სრულად უნდა დაიფაროს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გადახდის დღეს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N1633231-2155178;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. ირ---–ი კვ------–---ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულება, კერძოდ 2016 წლის 16 თებერვლის შემდეგ მის მიერ აღარ მომხდარა თანხის გადახდა. 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ირ---–ი კვ------–---ს 2012 წლის 13 ივნისის მდგომარეობით 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N1633231-2155178 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 870.4 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 569.98 ლარი, პროცენტი 52.85 ლარი, ჯარიმა 247.57 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N1633231-2155178;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გადახდების ისტორია;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. 2014 წლის 27 ივნისს სს „თ----------სა“ და ირ---–ი კვ------–---ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 2 400 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 25 რიცხვი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.4. ირ---–ი კვ------–---მა დაარღვია საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ 2016 წლის 24 ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია თანხის გადახდა. 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ირ---–ი კვ------–---ს 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2 469.95 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2 399 ლარი, პროცენტი - 70.22 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გადახდების ისტორია;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხე მოსამზადებელ სხდომაზე დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებებს და მხარეებს შორის სადავოა ვალდებულების დარღვევისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს/ჯარიმის მართებულობა და ოდენობა.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გოვრულობა და მართებულობა, წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხებს და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,თ----------ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხების, ასევე მასზე დარიცხული სარგებლის თანხების გადახდა. უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირ თანხაზე ყოველთვიურად დარიცხული სარგებლის დაკისრების ნაწილშიც, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან საკრედიტო ბარათით მოპასუხეზე გასცა სესხი. მოპასუხემ აითვისა ბარათზე არსებული თანხები, მაგრამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ბარათიდან ათვისებული თანხა არ შეავსო. სასამართლო განმარტავს, რომ ბარათზე განთავსებული თანხა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაცემული სესხია. ბარათზე განთავსებული თანხა მოსარჩელის საკუთრებაა. თუ მოპასუხეს ათვისებული აქვს თანხა და მოსარჩელეს აღარ უბრუნებს, მაშინ მისი ქმედება შეფასებული უნდა იქნას მოსარჩელის უფლების დარღვევად. მოსარჩელეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით უფლება აქვს სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხისათვის სესხი აქვს გადაცემული. ასეთი ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე-873 მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ:

- 2012 წლის 09 ივლისს სს „თ----------სა“ და ირ---–ი კვ------–---ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N1633231-2155178, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე საკრედიტო ბარათი 570 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. ხელშეკრულების პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა - ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი მინიმუმ 25%-ით უნდა შემცირდეს მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს ყოველ 40 დღეში, არასანქცირებული ოვერდრაფტი სრულად უნდა დაიფაროს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გადახდის დღეს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხელო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ირ---–ი კვ------–---ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულება, კერძოდ 2016 წლის 16 თებერვლის შემდეგ მის მიერ აღარ მომხდარა თანხის გადახდა.

- 2014 წლის 27 ივნისს სს „თ----------სა“ და ირ---–ი კვ------–---ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 2 400 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 25 რიცხვი. ირ---–ი კვ------–---მა დაარღვია საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ 2016 წლის 24 ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია თანხის გადახდა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისად უნდა დადგინდეს.

 

6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ირ---–ი კვ------–---მა საბანკო პროდუქტებით ისარგებლა და აითვისა საკრედიტო ბარათებზე არსებული თანხა. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო ბარათებიდან ათვისებული თანხა ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული. ბარათიდან კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება, უნდა შეესრულებინა იმ პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი ხელშეკრულებით. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე გაცილებით მეტი პერიოდი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

მოსარჩელემ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებისა და ბარათის გადაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ირ---–ი კვ------–---ი მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ბარათიდან ათვისებული თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეს ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები ერთმანეთთან სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და ბარათიდან ათვისებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას.

მას გადასახდელი აქვს:

- 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N1633231-2155178 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - სესხის ძირი თანხა 569.98 ლარი.

- 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - სესხის ძირი თანხა 2 399 ლარი.

 

ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ირ---–ი კვ------–---ი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.7. საქ. სკ-ის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

6..8. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

6.8.1. ირ---–ი კვ------–---ს 2012 წლის 13 ივნისის მდგომარეობით 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N1633231-2155178 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 870.4 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 569.98 ლარი, პროცენტი - 52.85 ლარი.

6.8.2. 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ირ---–ი კვ------–---ს 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2 469.95 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2 399 ლარი, პროცენტი - 70.22 ლარი.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ,, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მოპასუხე მასზე ყოველთვიურად იხდიდა სარგებელს, წლიურ 22 %-ს. მოსარჩელე ამ ხელშეკრულებიდან ელოდებოდა მოგებას, მაგრამ მოპასუხემ სარგებელის გადახდა მართლსაწინააღმდეგოდ შეწყვიტა, რითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოსარჩელემ დაკარგა ის შემოსავალი, რაც დაგეგმილი ჰქონდა ხელშეკრულების დადებისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია მას აუნაზღაუროს დაკარგული მიუღებელი შემოსავალი წლიური 22 %, დავალიანების დაანგარიშების შემდგომი პერიოდიდან ვალდებულების შესრულებამდე. ანალოგიურად, მოპასუხე ვალდებულია, 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას აუნაზღაუროს დაკარგული მიუღებელი შემოსავალიც წლიური 36 %, დავალიანების დაანგარიშების შემდგომი პერიოდიდან ვალდებულების შესრულებამდე.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც ოვერდრაფტის შესახებ ხელშეკრულებით, ასვე საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ძირი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის დავალიანებად დარჩენილი თანხის 0.5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ ირ---–ი კვ------–---მა ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობაა 247.57 ლარი.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ირ---–ი კვ------–---ი ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.5 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 3-ჯერ, შესაბამისად მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს (247.57:3=82,52) ლარის გადახდა.

მოქმედ სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა ვადაგადაცილების პერიოდი, სესხით სარგებლობის პერიოდი, გადასახდელი თანხის მოცულობა და მათი ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს სახით ჯამში 82,52 ლარის გადახდის დაკისრება გონივრულია.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (გადაწყვეტილების შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციით).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში ბაჟის ოდენობა შეადგენს 189.25 ლარს. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო გარდა პირგასამტეხლოს ნაწილში. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 7.43 ლარის ანაზღაურება -გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს, ხოლო 181.81 ლარი სახელმწიფო ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განსახილველად გადახდილი აქვს 150 ლარი, ასევე, უზრუნველყოფის რეგისტრაციის საფასური 20 ლარი. აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის სრულად ანაზღაურება ეკისრება მოპასუხეს.

 

7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 252.33 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების ხარჯის გაწევა დასტურდება. აქედან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 252.33 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქმეზე, 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

საქართველოს სსკ-ის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას”.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა უნდა დარჩეს ძალაში უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ირ---–ი კვ------–---ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს:

2.1. 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 705.35 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 569.98 ლარი, პროცენტი - 52.85 ლარი, პირგასამტეხლო - 82,52 ლარი.

2.2. 2016 წლის 13 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2012 წლის 09 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 569.98 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10.44 ლარს.

2.3. 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2469.95 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2 399.73 ლარი, პროცენტი - 70.22 ლარი.

2.4. 2016 წლის 13 ივნისიდან დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან 2014 წლის 27 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2 399.73 ლარზე, აღსრულებამდე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 71.99 ლარს.

 

3. სს ,,თ----------ის” სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 165,05 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე ირ---–ი კვ------–---ს დაეკისროს მოსარჩელის სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 7,43 ლარის ოდენობით. ასევე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განსახილველად გადახდილი 150 ლარის, უზრუნველყოფის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 252.33 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელეს სს ,,თ----------ს’’ დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან - ბიუჯეტის ერთიანი შემოსულობების ანგარიშიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (189.25 ლარი) 181.81 ლარი (საგადახდო დავალება #8, 20/10/2016წ., გადამხდელი - სს ,,თ----------ი’’, ხაზინის ერთიანი ანგარიში - 300693150, მიმღები ბანკის კოდი - TRESGE22).

 

6. საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში, უცვლელად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე