გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2018
საქმის ნომერი
010210017001877022
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210017001877022

#2/1123-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.01.2018 წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი თამარ ევგენიძე

მოსარჩელე - სს ”ს----------–--------ი”

წარმომადგენელი - დ---------------ე

მოპასუხე - მ-----ა მ--–------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხე მ-----ა მ--–------ისათვის მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ, 6411.59 ლარის ანაზღაურების დაკისრება (საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 1817.51 ლარი, სარგებელი - 1814.22 ლარი, პირგასამტეხლო - 2779.86 ლარი).

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ერიცხება დავალიანება 6411.59 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 1817.51 ლარი, სარგებელი - 1814.22 ლარი, პირგასამტეხლო - 2779.86 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე მ-----ა მ--–------ემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის - 1817.51 ლარისა და სარგებლის - 1814.22 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 7 აპრილს სს „პრივატბანკსა“ და მ-----ა მ--–------ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #SAMTG03000004028966, რომლის თანახმად მსესხებელზე 12 თვის ვადით გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 8000 ლარს / 5000 აშშ დოლარს. სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 36 %-ს, პირგასატეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- #SAMTG03000004028966 ხელშეკრულება - ს. ფ. 17-19;

 

3.2.2. 2015 წლის 11 მაისს სს „პრივატბანკი“ შეერწყა სს „ს----------–--------ს“. შესაბამისად, სს „ს----------–--------ი“ წარმოადგენს სს „პრივატბანკის“ უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან - 15-16;

 

3.2.3. მ-----ა მ--–------ეს ათვისებული კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა კრედიტის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 24-43; 44-46;

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 20;

 

3.2.9. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს 06.04.2017 წლის მდგომარეობით დაერიცხა დავალიანება 6411.59 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 1817.51 ლარი, სარგებელი - 1814.22 ლარი, პირგასამტეხლო - 2779.86 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 24-43; 44-46;

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 20;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 06.04.2016 წლის მდგომარეობით შეადგენს 6411.59 ლარს. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას ცნობს რა ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ 06.04.2017 წლის მდგომარეობით რიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

3.2.10. 2015 წლის 28 ოქტომბერს სს "ს----------–--------მა" გამარტივებული წარმოების წესით ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რისთვისაც სააპლიკაციო საფასურის სახით გადაიხადა 100 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 12.12.2016 წლის #151011835/212596 გადაწყვეტილებით სს "ს----------–--------ს" უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 918-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მორიგების პირობებზე შეთანხმების მიუღწევლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 24-43; 44-46;

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 20;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს სასარჩელო წარმოების წესით.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ-----ა მ--–------ემ მოსარჩელე კომპანიისაგან აიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, კომპანიაში თანხა შეეტანა იმ პირობების დაცვით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მან საერთოდ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს ანიჭებს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დაარღვია კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის პირობები. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტის სახით მიღებული თანხა 1817.51 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 1814.22 ლარი. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს კრედიტის ძირი თანხის - 1817.51 ლარისა და სარგებლის - 1814.22 ლარის, როგორც დავალიანების დარიცხვის მართლზომიერება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე სრულად აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას კრედიტის ძირ თანხასთან და მასზე დარიცხულ სარგებელთან დაკავშირებით, რაც სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვითაც, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კაპიტალის (ძირი თანხა) 1817.51 ლარისა და მასზე დარიცხული სარგებლის - 1814.22 ლარის ანაზღაურება.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის 2779.86 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების 1 %-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 1 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია და ამის შესახებ არც მიუთითებია. ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში 277.98 ლარით უნდა განისაზღვროს, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ 277.98 ლარის ნაწილში.

 

6.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს სსიპ სააღსრულებო ბიუროში გამარტივებული წარმოების წესით დავალიანების გადახდევინების მიზნით გაწეული ხარჯის - სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე, კუთვნილი თანხის ამოღების მიზნით, იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯები, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, სააპლიკაციო საფასურის გადახდით მიყენებული ზიანის (100 ლარის) ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელეს შესატყვისი პროპორციული ოდენობით უნდა დაუბრუნდეს ბაჟის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 და მესამე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად.

 

კერძოდ, მოპასუხე მ-----ა მ--–------ეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8.34 ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოსარჩელე სს “ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 108.95 ლარი, 2017 წლის 5 აპრილს #69 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 195.35 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150, ხოლო 78.06 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის” მოთხოვნა, მოპასუხე მ-----ა მ--–------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხე მ-----ა მ--–------ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 3909.71 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 1817.51 ლარი, სარგებელი - 1814.22 ლარი, პირგასამტეხლო - 277.98 ლარი.

 

1.2. მოპასუხე მ-----ა მ--–------ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხე მ-----ა მ--–------ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 8.34 ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

3. მოსარჩელე სს “ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 108.95 ლარი, 2017 წლის 5 აპრილს #69 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 195.35 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი