გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210117001934076
#2/1714-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.01.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი თამარ ევგენიძე
მოსარჩელე - შპს „ე----------------“
წარმომადგენელი - მ-----------------ე
მოპასუხე - თ----რ ვ---–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 1916.35 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1529 აშშ დოლარი, სარგებელი - 387.35 აშშ დოლარი) მოპასუხე თ----რ ვ---–----ისათვის მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ.
1.2. გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე თ----რ ვ---–----ისათვის მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ.
მოსარჩელის განმარტებით საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 1916.35 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1529 აშშ დოლარი, სარგებელი - 387.35 აშშ დოლარი. გარდა ამისა, მოპასუხის მხრიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა გაეწია დამატებითი ხარჯი გირავნობის საგნის შეფასების მიზნით, 100 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურების ვალდებულება ასევე ეკისრება მოპასუხეს, მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ----რ ვ---–----ემ სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას სრულად უზრუნველყოფდა მის საკუთრებაში არსებული, დაგირავებული ავტომანქანა. მოსარჩელემ კი არამართლზომიერად გამოიყენა რა მისი უფლება, გირავნობის საგანი გაყიდა მინიმალურ, არარეალურ ფასად, რის გამოც არსებული დავალიანება სრულად ვერ დაიფარა. მოპასუხის მითითებით, ვინაიდან დავალიანების არსებობა განაპირობა მოსარჩელის არამართლზომიერმა ქცევამ, მას რაიმე ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 27 მაისს თ----რ ვ---–----ესა და შპს „ე----------------“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #136740/ბ, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სესხი 1800 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5 %-იანი სარგებლის დარიცხვით, 18 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა "მერსედეს ბენც მლ 320“. ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, მსესხებელი დარჩენილ დავალიანებაზე პასუხს აგებდა მთელი თავისი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- #136740/ბ ხელშეკრულება - ს. ფ. 17-22;
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ და გრაფიკი (დანართი 1) - ს. ფ. 23-25;
- სესხის დაფარვის წესი (დანართი 2) - ს. ფ. 25;
3.2.2. #136740/ბ ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 43-44;
3.2.3. 2017 წლის 20 იანვრიდან მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარმოეშვა დავალიანება, რომლის დაფარვის მიზნით მოპასუხეს ჩამოერთვა გირავნობის საგანი - ავტომანქანა „მერსედეს ბენც მლ 320“ და დაიწყო შესაბამისი პროცედურა მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გაფრთხილების წერილები - ს. ფ. 26-31;
- მიღება-ჩაბარების აქტი #02/11 - ს. ფ. 40-42;
- გადაწყვეტილება #20/12/16-1 ავტომობილის რეალიზაციის შესახებ - ს. ფ. 32;
3.2.4. გირავნობის საგნის - ავტომანქანა „მერსედეს ბენც მლ 320“-ის საბაზრო ღირებულება 14.10.2016 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 1000 აშშ დოლარით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება - 800 აშშ დოლარით. გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების ღირებულების სახით მოსარჩელემ გადაიხადა 100 ლარი. ავტომანქანის რეალიზაციამდე მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც თ----რ ვ---–----ეს ეცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტომანქანის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ. თ----რ ვ---–----ის მხრიდან დავალიანების დაუფარავობის გამო 2016 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის - ავტომანქანა „მერსედეს ბენც მლ 320“-რეალიზაცია 990 აშშ დოლარად. ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან დაიფარა სარგებელი - 609 აშშ დოლარის ოდენობით, ევაკუატორით მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 109 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 271 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირი თანხა. მოპასუხეს გაეგზავნა წერილი ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის განაწილებისა და დარჩენილი ვალდებულების შესახებ დეტალური ინფორმაციით, თუმცა წერილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გაფრთხილების წერილები - ს. ფ. 26-31;
- მიღება-ჩაბარების აქტი #02/11 - ს. ფ. 40-42;
3.2.5. 2016 წლის 20 დეკემბრიდან მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 1916.35 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 1529 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, 387.35 აშშ დოლარი სარგებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 83-84;
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 85;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 20.12.2016 წლის მდგომარეობით შეადგენს 1916.35 აშშ დოლარს, საიდანაც 1529 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, 387.35 აშშ დოლარი სარგებელი.
მართალია, მოპასუხე არ ცნობს სარჩელის მოთხოვნას, მაგრამ მისი პრეტენზია უკავშირდება ავტომანქანის სარეალიზაციო ღირებულებას და არა იმას, რომ მასზე დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა არარეალურ ფასში, მაშინ როცა მისი საბაზრო ღირებულება იყო გაცილებით მაღალი და შესაძლებელი იყო ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად დავალიანების სრულად დაფარვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტო იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ თავისი უფლება გირავნობის საგნის რეალიზაციასთან მიმართებით გამოიყენა არამართზლომიერად, რამაც მისთვის ზიანის მიყენება განაპირობა.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
მოპასუხემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ რეალიზაციის მომენტში ავტომანქანის საბაზრო ღირებულება იყო არა 1000 აშშ დოლარი, არამედ არსებული დავალიანების შესატყვისი. შესაბამისად, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ უფლებათა არამართლზომიერად გამოყენების ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება - შპს „ჯი ეი ჯგუფის“ მიერ გაცემული - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში, რომლითაც მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის ღირებულება განსაზღვრულია 1000 აშშ დოლარით. ავტომანქანის ღირებულების შეფასებისას შემფასებლის მიერ გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებული ერთერთი მეთოდი - "შეფასების პირდაპირი გაყიდვების შედარების მეთოდი", შეფასება ეყრდნობა შესაფასებელი ობიექტის ძირითად მახასიათებლებსა და შემოწმების პროცესში ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას.
მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება რეალიზაციის პერიოდისათვის შეადგენდა 1000 აშშ დოლარს (ლიკვიდური ფასი 800 აშშ დოლარი) და მისი რეალიზაცია მოსარჩელემ უზრუნველყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ე-----------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 408-ე, 412-ე, 867-868-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა წარმოშობილი დავალიანების დაფარვის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, რასაც შედეგი არ მოყოლია. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტის სახით მიღებული თანხა, რაც შეადგენს 1529 აშშ დოლარს.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს სესხზე დარიცხული სარგებელი, რაც შეადგენს 387.35 აშშ დოლარს.
ამდენად, ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1916.35 აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, საიდანაც 1529 აშშ დოლარი კრედიტის ძირი თანხაა, 387.35 აშშ დოლარი - გადაუხდელი სარგებლი.
6.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯი, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის სახით, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.
6.4. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას მთელი თავისი ქონებით ეგო პასუხი ნებისმიერ ნაშთზე. მხარეთა შეთანხმებით, იგივე წესი ვრცელდებოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში წარმოშვებულ ხარჯებსა და დანახარჯებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი თანხა 191.58 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2017 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლის მიხედვით, თ----რ ვ---–----ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული - ქალაქი ბათუმი, დ-----–----------–ი მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ”ე----------------”-ის მოთხოვნა, მოპასუხე თ----რ ვ---–----ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1. მოპასუხე თ----რ ვ---–----ეს მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1916.35 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 1529 აშშ დოლარი, სარგებელი - 387.35 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხე თ----რ ვ---–----ეს მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხე თ----რ ვ---–----ისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მის საკუთრებაში არსებული, ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
3. მოპასუხე თ----რ ვ---–----ეს მოსარჩელე შპს ”ე----------------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 191.58 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი