გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/590-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - თ-----ი ცხ-----ე
წარმომადგენელი - ინგა გი-------ე
მოპასუხე - ვ----–ი მა------–-–---–ი
წარმომადგენელი - ნორა მუ-------–-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მოპასუხე ვ----–ი მა------–-–---–ზე, მოსარჩელე თ-----ი ცხ-----ის სასარგებლოდ - 5230 ლარის და 2500 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ვასო მა------–-–---–ს ასესხა თანხა 10 300 ლარის ოდენობით, შემდეგ 480 ლარი და 2500 აშშ დოლარი, რაზეც შედგა წერილობითი დოკუმენტი - ხელწერილი, სადაც მოპასუხე აღიარებს აღნიშნული ვალის არსებობას. მხარეები ასევე შეთანხმდნენ აღნიშნული ვალის დაბრუნების გრაფიკზე, მოპასუხეს 2011 წლის 20.12-დან ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 500 ლარი, რის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2 წლითა და 5 თვით. ვალდებულებას მოპასუხე ასრულებდა ეტაპობრივად, შეძლებისდაგვარად, მაგრამ 2013 წლის 16 აპრილს გადაიხადა 900 ლარი და ამის შემდეგ არ გადაუხდია არც ერთი თეთრი. ამჟამად სარჩელის შემოტანის დროისათვის გადასახდელი აქვს 5230.00 (ხუთი ათას ორას ოცდაათი) ლარი და 2500.00 (ორიათას ხუთასი) აშშ დოლარი, რომლის დაკისრებასაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე. (სარჩელი. ტ.1. ს/ფ.1-11).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე ვ----–ი მა------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელწერილი არ არის მისი შედგენილი და ითხოვს დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება. საქმის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვალდებულების არსებობის შემთხვევაშიც სარჩელი ხანდაზმულია. (შესაგებე;ო. ტ.1. ს/ფ.51-59).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ სადავოდ არის ქცეული.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ 2011 წლის 20 დეკემბერს მოპასუხე ვ----–ი მა------–-–---–ის მიერ შედგენილი იქნა ხელწერილი, რომლის თანახმადაც ის აღიარებს, რომ მოსარჩელე თ-----ი ცხდაძის მიმართ აქვს ვალი 10 300 ლარი, 480 ლარი და 2500 აშშ დოლარი, სულ ათი ათას შვიდას ოთხმოცი ლარი და ორიათას ხუთასი დოლარი, რომელთა გადახდის ვალდებულებასაც მოსარჩელე თ. ცხ-----ის მიმართ იღებს ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, პირობის დარღვევის შემთხვევაში კი გადაუხდელი წინა თვეებისას მომდევნო თვეებში იხდის ერთდროულად.
მტკიცებულება:
- ხელწერილი (ტ.1.იხ. ს.ფ. 12);
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ-----ი ცხ-----ის შუამდგომლობის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო, მოპასუხის ვ----–ი მა------–-–---–ის სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებას LIშ 150 ტექ პასპორტი DV1077152 მოდელი ფორდ ტრანზიტ 1904 1999 წელს გამოშვებული ვინკოდი WF04XXBDV4XY 37655.
მტკიცებულება:
- განჩინება (ტ.1.იხ. ს.ფ. 26-28);
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ(ტ.1.იხ. ს.ფ. 17);
3.2.3. მოწმის სახით დაკითხულმა დავით ვაშაყმაძემ განმარტა, რომ იცნობს მოდავე მხარეებს. მოწმემ განმარტა, რომ ვასო მა------–-–---–ი, სწორედ ხელწერილზე ხელისმომწერი ვ----–ი მა------–-–---–ია. მისივე განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი ნამდვილია და ის ესწრებოდა ხელწერილის შედგენას, ხოლო მხარეთა თხოვნით, როგორც დამსწრემ, ხელი მოაწერა ხელწერილს.
მტკიცებულება:
- მოწმის ახსნა-განმარტება
3.2.4. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მიერ შესაგებელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია ვალდებულება და წარმოადგინა ხელწერილი. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში უარყოფს ვალის არსებობას და ასეთის შემთხვევაშიც, ხანდაზმულობის გამო გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს ვალდებულების არ არსებობის ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
3.2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
3.2.6. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
ამრიგად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნამდვილობის დადგენა და დავის საგანთან შემხებლობა.
3.2.7. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, მიიჩნია, რა უფლება დარღვეულად, სარჩელით მომართა სასამართლოს. ვიდრე სასამართლო ძირითადი მოთხოვნის (სესხი) მიმართ იმსჯელებს, პირველ ყოვლისა, ყურაღებას მიაქცევს მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებაზე სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
3.2.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით -სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
-განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. მოპასუხეს ეკისრებოდა სახელშეკრულებო ვალდებულება ყოველთვიურად შეეტანა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის თანხა 500 ლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით, მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის აპრილში. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 30 მარტს. შესაბამისად სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან იგი სასამართლოში შემოტანილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე.
-სასამართლო ხელწერილის ჩანაწერების ნამდვილობის შესახებ განმარტავს, შემდეგს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დავით ვაშაყმაძემ სრულად დაადასტურა ხელწერილზე ხელმომწერი ვ----– (ვასო) მა------–-–---–ის მიერ თ-----ი ცხ-----ისგან სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის მიღება. მანვე დაადასტურა სადავო ხელწერილზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა. შესაბამისად ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის აღნიშნული მტკიცებულების (მოწმის ჩვენება), გამაბათილებელი საპირწონე მტკიცებულება, სასამართლოს ხელწერილის ჩანაწერები სარწმუნოდ მიაჩნია, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის ვასო და ვ----–ი მა------–-–---–ის პიროვნების იგივეობას და საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელისგან სესხის სახით რაიმე თანხის მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვ----–ი მა------–-–---–მა მოსარჩელე თ-----ი ცხ-----ისაგან სესხის სახით მიიღო 10.300 ლარი, 480 ლარი და 2500 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხიდან მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გადასახდელი დარჩა 5230 (ხუთი ათას ორას ოცდაათი) ლარი და 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი, რომლის დაბრუნებასაც ითხოვს მოსარჩელე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება ვალდებულების არარსებობის შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 626-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
- ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ვ----–ი მა------–-–---–მა მოსარჩელე თ-----ი ცხ-----ისაგან მიიღო 10 300 ლარი, 480 ლარი და 2500 აშშ დოლარი.
მითითებული თანხის მიღების ფაქტი დადასტურებულია თვით მოპასუხე ვ----–ი მარგველშვილის მიერ შედგენილი ხელწერილით, რომლის საფუძველზეც ის აღიარებს, რომ მოსარჩელე თ-----ი ცხდაძის მიმართ აქვს ვალი 10 300 ლარი, 480 ლარი და 2500 აშშ დოლარი, რომელთა გადახდის ვალდებულებასაც მოსარჩელე თ-----ი ცხ-----ის მიმართ იღებს ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, პირობის დარღვევის შემთხვევაში კი გადაუხდელი წინა თვეებისას მომდევნო თვეებში იხდის ერთდროულად. ხელწერილის ნამდვილობა დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა, ხელწერილზე ხელისმომწერმა დავით ვაშაყმაძემ.
6.5. როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის განხილვისას, მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის სწორად განაწილება. კერძოდ, მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხე ვ----–ი მა------–-–---–ს მის მიმართ გააჩნია ვალდებულება. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში უარყოფს ვალდებულების არსებობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მოპასუხემ დაუპირისპირა და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თანხა არ უნდა დაეკისროს გადასახდელად, საკმარისი არ არის. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება არ აქვს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6... საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის თანახმად - 1. თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
2. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე.
-მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის წარმომადგენელის განმარტება ხანდაზმულობის შესახებ, ამასთან დადგენილად მიაჩნია, რომ მარტივი წერილობითი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ვ----–ი მა------–-–---–მა მოსარჩელე თ-----ი ცხ-----ისგან მიიღო თანხა 10.300.00 ლარის, 480.00 ლარის და 2500.00 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც გადასახდელი დარჩა 5230.00 ლარი და 2500.00 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების წესს და განსაზღვრავს, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ,,მითითებული ნორმის ანალიზის შესაბამისად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“. (იხ.სუსგ. № ას-1198-1158-2016).
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ ვერ გააბათილა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (სესხის ხელწერილი), ამასთან ვერ წარმოადგინა ნასესხები თანხის დაბრუნების მტკიცებულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ვადამოსული ვალდებულება, რომლის შესრულება ეკისრება მოპასუხე ვ----–ი მა------–-–---–ს.
6.9. როგორც აღინიშნა, წინამდებარე სარჩელი სასამართლოს ხანდაზმულად არ მიაჩნია, რადგან, ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით -სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამასთან, სასამართლო ხელწერილის ჩანაწერების ნამდვილობის შესახებ განმარტავს შემდეგს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დავით ვაშაყმაძემ სრულად დაადასტურა ხელწერილზე ხელმომწერი ვ----– (ვასო) მა------–-–---–ის მიერ თ-----ი ცხ-----ისგან სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის მიღება. მანვე დაადასტურა სადავო ხელწერილზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა. შესაბამისად ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის აღნიშნული მტკიცებულების (მოწმის ჩვენება), გამაბათილებელი საპირწონე მტკიცებულება, სასამართლოს ხელწერილის ჩანაწერები სარწმუნოდ მიაჩნია.
ამდენად-განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. მოპასუხეს ეკისრებოდა სახელშეკრულებო ვალდებულება ყოველთვიურად შეეტანა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის თანხა 500 ლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით, მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის აპრილში (სკ-141-ე მუხლი). სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 30 მარტს. შესაბამისად სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან იგი სასამართლოში შემოტანილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე.
როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის წინაშე, მოპასუხის ვალდებულება წარმოშობილია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მოპასუხის მიერ ნაწილობრივ არის შესრულებული, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით (ახსნა-განმარტება, სესხის შესახებ ხელწერილი, მოწმის ჩვენება) შეძლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა 330.00 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღის დადებისათვის - 50 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოსარჩელემ იურიდიული მომსახურებისათვის გადაიხადა 500.00 ლარი. სარჩელის ფასია 11.005.00 ლარი, რომლის 4% შეადგენს 440.20 ლარს, რომელიც სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენების შესახებ - უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს თ-----ი ცხ-----ის სარჩელი ვ----–ი მა------–-–---–ის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.
2. დაეკისროს ვ----–ი მა------–-–---–ს თ-----ი ცხ-----ის სასარგებლოდ 5230.00 (ხუთი ათას ორას ოცდაათი) ლარის და 2500.00 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდა.
3. დაეკისროს ვ----–ი მა------–-–---–ს თ-----ი ცხ-----ის სასარგებლოდ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 330.00 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის სახით გადახდილი - 50 ლარის გადახდა.
4. დაეკისროს ვ----–ი მა------–-–---–ს თ-----ი ცხ-----ის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 440.20 ლარის გადახდა.
5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, დარჩეს უცვლელი.
6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე