გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2018
საქმის ნომერი
210210116001452527
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210116001452527

საქმე № 2/406-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2018 წელი ქ. სიღნაღი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი: გვანცა დევიძე

მოსარჩელეები: ლუ----------–--ე

მოსარჩელის წარმომადგენელი: მა-------------ე

მოპასუხეები: ან------------–--ე, ლა-–-------–--ე

წარმომადგენელი: და------------–---–ი

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სამკვიდროს ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ან------------–--ემ საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–- (საკადასტრო კოდი 5-.0-.6-.0--) მდებარე უძრავი ნივთი მიჰყიდა შვილს - ლა-–-------–--ეს(საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის - სარეგისტრაციო კოდი #882015042627-(04.02.2015) გადაწყვეტილება

1.2. ლუ----------–--ე აღიარებულ იქნეს გი--------–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–- სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი 2327.00 კვ.მ. და შენობა-ნაგებობის ჩამონათვალის საცხოვრებელი განაშენების ფართი 204.92 კვ.მ. 1/3 წილის მესაკუთრედ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურმა ან------------–--ის საკუთრებაში დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–-. მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო დაზუსტებული ფართობი 2327.00 კვ.მ. და საცხოვრებელი გაშენების ფართი 204.92 კვ.მ. მოგვიანებით ან------------–--ემ მასზე დარეგისტრირებული ქონება გაასხვისა შვილზე ლა-–-------–--ეზე, მოსარჩელის განმარტებით გი--------–---ს გარდაცვალების შემდგომ ის და მისი მეუღლე შეუდგნენ ქონების ნაწილის ფლობას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იგი პერიოდულად ადიოდა სადავო სახლში, სადაც რჩებოდა გარკვეული დღეები, განათავსა ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავის რწმუნებულის მიერ გაიცა ცნობა, რომ ქონების მართლზომიერი მფლობელი იყო მხოლოდ ან------------–--ე, დაიმალა ის ფაქტი, რომ ლუ----------–--ე ფლობდა და სარგებლობდა მართლზომიერად სახლის ნაწილს მამამთილისა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეები ან------------–--ე და ლა-–-------–--ე მოთხოვნას არ ეთანხმებიან.

ლა-–-------–--ემ უძრავი ნივთი ან------------–--ესაგან შეიძინა 3000 ლარად, რომელიც საცხოვრებელ სახლს ფლობს კანონიერი უფლების საფუძველზე. საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ან------------–--ეს, ამიტომ გაიცა მანავის რწმუნებულის მიერ ცნობა.

 

შა-–-- ბი---–---- დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემით არ ნიშნავს, რომ არსებობს საფუძველი გაიხსნას სამკვიდრო გი-- ბი---–---- ქონებაზე. გი-- ბი---–---- ანდერძში მითითებულია სხვა პირების შესახებ, რომელთაც უნდა მიიღონ სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო მოწმობაში კი არ არის დადგენილი არანაირი ნათესაური კავშირი მოსარჩელესა და მოანდერძეს შორის. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება გაიხსნა თუ არა საერთოდ ან როდის გაიხსნა სამკვიდრო, მოსარჩელეს არანაირი მოთხოვნის უფლება არ გააჩნია სადაო ქონებაზე. ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელე არ ფლობს სადაო ქონებას, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან არის თუ არა ანდერძი ძალაში და არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს ქონების ნაწილის მესაკუთრედ მოსარჩელე. მოპასუხე მიუთითებს, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიცა შა-–-- ბი---–---- სახელზე და გი-- ბი---–---- არ ეკუთვნოდა სადაო სახლი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ან------------–--ემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობის საფუძვერლზე დაირეგისტრირა უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–-

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს/ფ 11)

 

3.1.2. ლა-–-------–--ემ ან------------–--ისგან შეიძინა უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–- 3000 (სამი ათასი) ლარად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/ფ 16)

-საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს/ფ 14)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ გი--------–---ს გარდაცვალების(სამკვიდროს გახსნის) მომენტში, 1997 წლის 02 სექტემბერს, სადაო ქონება არ ირიცხებოდა მის საკუთრებად. ე.ი. არ არსებობდა სამკვიდრო ქონება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა- განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

_მოწმეთა ჩვენებები(სასამართლო სხდომის ოქმი);

-საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობა და საკომლო წიგნის ასლი:

 

3.2.2. მოსარჩელე ლუ----------–--ე სადაო უძრავ ქონებას სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის არ დაუფლებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მოსარჩელის ახსნა- განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_მოწმეთა ჩვენებები(სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ლუ----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ან------------–--ემ საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–- მდებარე უძრავი ნივთი(საკადასტრო კოდი 5-.0-.6-.0--) მიყიდა შვილს ლა-–-------–--ეს 3000 (სამი ათასი) ლარად

 

4.2. არ დაკმაყოფილდეს ლუ----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა ლა-–-------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–- (საკადასტრო კოდი 5-.0-.6-.0--) 1/3 წილის მიკუთვნების თაობაზე

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ამჟამად მოქმედი, 1997 წლის, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. მხარეებს მოსაზრება არ გამოუთქვამთ ამჟამად მოქმედი, 1997 წლის 26 ივნისის, სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე ურთიერთობის მოწესრიგების თაობაზე.

 

1964 წლის 26 დეკემბრის სამოქალაქო კოდექსის 539-ე, 542-ე, 544-ე, 540-ე, 556-ე, 558-ე, 569-ე, 553-ე, 75-ე, მუხლი.

 

გადასაწყვეტი საკითხის ანალოგიური მოწესრიგებაა გათვალისწინებული 1997 წლის 26 ივნისის სამოქალაქო კოდექსით: 1306-1307-ე 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1398-ე, 1430-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 359-ე მუხლის და ამჟამად მოქმედი, 1997 წლის, სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლისა და 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდესის 1430-ე მუხლის თანახმად, როგორც კანონით ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს თუ მემკვიდრე გარდაიცვალა სამკვიდროს მიღების შემდეგ, ისე რომ ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება, სამკვიდროს მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.

 

1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 540-ე მუხლისა და 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე.

 

1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 569-ე მუხლის მიხედვით, საკოლმეურნეო კომლში სამკვიდრო იხსნება კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალებით. სამკვიდროს გახსნის მომენტში უნდა არსებობდეს გარდაცვლილი პირის ქონება.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ გი--------–---ს გარდაცვალების(სამკვიდროს გახსნის) მომენტში სადაო ქონება ირიცხებოდა მის საკუთრებად. ე.ი. არ არსებობდა სამკვიდრო ქონება. საქმეში წარმოდგენილია საარქივო ცნობა და საკომლო წიგნის ასლი. საარქივო ცნობის თანახმად, კომლის წევრები იყვნენ გი-- და ან------------–--ეები. გი-- ბი---–--- არ იყო კომლის უკანასკნელი წევრი, შესაბამისად მისი გარდაცვალებით ვერ გაიხსნებოდა სამკვიდრო სადაო ქონებაზე.

 

როგორც 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის, ასევე 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დრიდან. 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების არსებობა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება-მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს - მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში, ცალსახად უნდა იკვეთებოდეს პირის ნება სამკვიდროს მიღებისა, რაც გულისხმობს სამკვიდრო ქონების ფლობას და სარგებლობას, როგორც საკუთარისა.

 

სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა (სამოქალაქო კოდექსის 50-51-ე მუხლი), რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, კერძოდ მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების როგორც საკუთარის მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვერ დადასტურდა სამკვიდროს გახსნის მომენტში სამკვიდრო ქონების არსებობის ფაქტი, სასამართლოომ დამატებით იმსჯელა და დაადგინა, რომ მოსარჩელე ლუ----------–--ე სადაო უძრავ ქონებას არასოდეს არ ფლობდა არც გი--------–---ს გარდაცვალებამდე და არც მას შემდეგ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა ადამიანი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რელიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.

 

ამდენად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.2. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ან------------–--ემ საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–- (საკადასტრო კოდი 5-.0-.6-.0--) მდებარე უძრავი ნივთი მიჰყიდა შვილს - ლა-–-------–--ეს(საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის - სარეგისტრაციო კოდი #882015042627-(04.02.2015) გადაწყვეტილება, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

 

სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 180-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ დასაბუთებულია, ანუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მოიაზრებს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს მოსარჩელისათვის წარმოადგენს გი--------–---ს სამკვიდრო ქონებს 1/3 წილის მიკუთვნება. ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმით საფუძველი ეცლება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში მოთხოვნას.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც არ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სახელმწიფო ბაჟის თანხა რჩება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა, მოსარჩელის წარმომადგენლის მა-------------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ: ყადაღა დაედო ლა-–-------–--ის სახელზე (პ/ნ 0----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავი ქონებას, მდებარე მისამართზე: საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №5-.0-.6-.0--

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ლუ----------–--ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟის დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გაუქმდეს 2016 წლის 29 ივლისის განჩინება და მოეხსნას ყადაღა ლა-–-------–--ის სახელზე (პ/ნ 0----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავი ქონებას, მდებარე მისამართზე: საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №5-.0-.6-.0--.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქლაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი