გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017002238133
საქმე # 2/935-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.03.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ტე-------ი“
წარმომადგენელი - ლე----------ძე
მოპასუხე - ელ----------------ძე, მა---------------ძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ელ----------------ძეს და მა---------------ძეს, მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4 285.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 585.74 ლარი, სარგებელი 178.67 ლარი და პირგასამტეხლო 521.15 ლარი.
1.2. მოპასუხე ელ----------------ძეს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2 902.97 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2 305 ლარი, სარგებელი 327.46 ლარი და პირგასამტელო 270.51 ლარი;
1.3. მოპასუხე ელ----------------ძეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 05 ივლისის საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 1 054.26 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 920 ლარი, სარგებელი 25.40 ლარი და პირგასამტელო 108.86 ლარი;
1.4. მოპასუხეებს ელ----------------ძეს და მა---------------ძეს, მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ, 2017 წლის 19 დეკემბრიდან დაეკისროთ 2014 წლის 11 ნოემბრის №4.0277297.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან დავალიანებული ძირითად თანხაზე - 3 585.74 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 12% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 35.86 ლარს, მაგრამ არაუმეტესი 430.32 ლარისა;
1.5. მოპასუხე ელ----------------ძეს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 19 დეკემბრიდან დაეკისროს 2017 წლის 21 ივნისის №4.0277297.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან დავალიანებული ძირითად თანხაზე - 2 902.97 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 29% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 55.70 ლარს, მაგრამ არაუმეტესი 668.40 ლარისა;
1.6. მოპასუხე ელ----------------ძეს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 19 დეკემბრიდან დაეკისროს 2014 წლის 05 ივლისის საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან დავალიანებული ძირითად თანხაზე - 920 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 13.80 ლარს, მაგრამ არაუმეტესი 165.60 ლარისა;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
Ø სს ,,ტე-------ს“ (სს ”კო--------------------ის” უფლებამონაცვლე) და ელ----------------ძეს შორის 2014 წლის 11 ნოემბერს საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 8 700 ლარი მიიღო. სესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 12%-ით, სესხის ვადა კი 2018 წლის 02 ნოემბრამდე განისაზღვრა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმავე დღეს მოპასუხე მა---------------ძესთან დაიდო სოლიდარული თავდებობის №4.0277578.003-c5606 ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება ძირითად მოვალესთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 11 058.87 ლარით განისაზღვრა.
მოპასუხეების მხრიდან პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო 2017 წლის ივლისის შემდგომ არ მომხდარა თანხის გადახდა. საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ დავალიანება 4 285.56 ლარის ოდენობით. საიდანაც ძირითადი თანხაა 3 585.74 ლარი, სარგებელი 178.67 ლარი და პირგასამტეხლო 521.15 ლარი.
Ø მოსარჩელემ მოპასუხე ელ----------------ძესთან 2014 წლის 05 ივლისს დადო ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის თანხა 920 ლარი, ვადა 05.07.2014 წლიდან 05.07.2018 წლამდე, წლიური 18%-ის დარიცხვით, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხე ელ----------------ძეს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1 320.81 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 920 ლარი, პროცენტი 25.40 ლარი, ჯარიმა 375.41 ლარი.
Ø მოსარჩელემ მოპასუხე ელ----------------ძესთან 2017 წლის 21 ივნისს დადო საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 2 305 ლარი მიიღო. წლიური საპროცენტო განაკვეთი 29%-ით, ხელშეკრულების ვადა კი 2018 წლის 20 დეკემბრამდე განისაზღვრა. ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო ფიქსირებული 10 ლარი და გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხე ელ----------------ძეს საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულებიდან ერიცხება დავალიანება 2 902.97 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2 305 ლარი, სარგებელი 327.46 ლარი და პირგასამტელო 270.51 ლარი;
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
2.1 მოპასუხე ელ----------------ძემ და მა---------------ძემ 2014 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებიდან სარჩელი სცნეს მხოლოდ დავალიანებული ძირი თანხის 3 585.74 ლარის და სარგებელის 178.67 ლარი ნაწილში. დანარჩენ ნაწილში (პირგასამტეხლოს და წლიური 12% სარგებლის დაკისრების ნაწილში) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს;
2.2. მოპასუხე ელ----------------ძემ 2014 წლის 05 ივლისის საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებიდან სარჩელი სცნო მხოლოდ დავალიანებული ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ მოთხოვნებზე (სარგებლის, პირგასამტეხლოს და წლიური 18% სარგებლის დაკისრების ნაწილში) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;
2.3. მოპასუხე ელ----------------ძემ 2017 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებიდან სარჩელი სცნო მხოლოდ დავალიანებული ძირი თანხის 2 305 ლარის ნაწილში. დანარჩენ მოთხოვნებზე (სარგებლის, პირგასამტეხლოს და წლიური 29% სარგებლის დაკისრების ნაწილში) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სს ”კო--------------------ს” და ელ----------------ძეს შორის 2014 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა №4.0277297.001 საბანკო კრედიტი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 8 700 ლარი მიიღო. ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანი იყო და საპროცენტო განაკვეთი 12%-ით, კრედიტის ვადა კი 2018 წლის 08 ნოემბრამდე განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულების 4.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული 10 ლარი და გადაუხდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტი №4.0277297.001 ხელშეკრულება (ს.ფ. 16-24).
3.1.2. სს ”კო--------------------მა” 2014 წლის 11 ნოემბერს, საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მა---------------ძესთან დადო სოლიდარული თავდებობის №4.0277297.001-c5606 ხელშეკრულება, რომლის 3.1. პუნქტის მიხედვით მა---------------ძემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ელ----------------ძესა და სს ,,კო--------------------ს“ შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი 11 058.87 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის №4.0277297.001-c5606 ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);
3.1.3. მოსარჩელემ მოპასუხე ელ----------------ძესთან 2014 წლის 05 ივლისს დადო საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 920 ლარი მიიღო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-19 );
- შესაგებელი (ს.ფ. 77-86);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 28.02.18 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
3.1.4. მოსარჩელე სს ,,ტე-------მა“ მოპასუხე ელ----------------ძესთან 2017 წლის 21 ივნისს დადო საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 2 305 ლარი მიიღო. წლიური საპროცენტო განაკვეთი 29%-ით, ხელშეკრულების ვადა კი 2018 წლის 20 დეკემბრამდე განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეს, ვადაგადაცილების შემთხვევაში, ეკისრება პირგასამტეხლო ფიქსირებული 10 ლარი და გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-12 );
- საბანკო კრედიტი №4.0277297.003 ხელშეკრულება (ს.ფ.30-46).
3.1.5. მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის ივლისიდან დაარღვიეს და მას შემდეგ თანხების გადახდა აღარ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-12 );
- შესაგებელი (ს.ფ. 77-86);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 28.02.18 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
3.1.6. სს ,,ტე-------ი“ (ს.კ 204546045) წარმოადგენს სს ,,კო--------------------ის“ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 69-70).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 11.11.2014 წლის საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეების ელ----------------ძის და მა---------------ძის დავალიანება სს ,,ტე-------ის“ მიმართ, 2017 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, 4 285.56 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 585.74 ლარი, სარგებელი 178.67 ლარი და პირგასამტეხლო 521.15 ლარი;
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 21.06.2017 წლის საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ელ----------------ძის დავალიანება სს ,,ტე-------ის“ მიმართ, 2017 წლის 19 იანვრის მდგომარეობით 2 902.97 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირითადი თანხაა 2 305 ლარი, სარგებელი 327.46 ლარი და პირგასამტელო 270.51 ლარი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ის თავის მოთხოვნებს და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებულ ნორმათა დანაწესი მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს ადგენს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას აფუძნებს, მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისთვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის. ზეპირი განმარტება უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩაითვალოს, თუ ის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დასტურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობის ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და ის, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო დამდგარია. თავის მხრივ, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. აქვე, სადავო სამართალურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლს, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნას ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლის (გარდა საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლისა) და ჯარიმის გადახდევინების ნაწილში არ ეთანხმება, მაგრამ მათ ამ მოსაზრების დამადასტურებელ სათანადო გარემოებებზე ვერ მიუთითეს. მხარემ ვერ ახსნა თუ რაში გამოიხატება მოსარჩელის მხრიდან ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უსაფუძვლობა.
მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, გადახდების ისტორია, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან და ცნობა დავალიანების შესახებ, რომლებზე მითითებითაც განმარტა, რომ სწორად განსაზღვრა დავალიანებული თანხების ოდენობა. მოპასუხე მხარეს კი რაიმე მტკიცებულება, ან განმარტება, რაც სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებებს გააქარწყლებდა, სასამართლოსთვის არ წამოუდგენია.
დამატებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა წარმოადგინეს მარტივი შესაგებელი, სადაც მიუთითეს, რომ არ ეთანხმებიან სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სასარჩელო მოთხოვნებს, თუმცა შესაგებელში არ არის განმარტებული თუ რაში მდგომარეობდა მოსარჩელის მიერ №4.0277297.001 და №4.0277297.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს უსწორობა.
ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანებული თანხების ოდენობა არ არის სწორი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მათ მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 49-63);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 27-29; 47);
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 64);
- გრაფიკები (ს.ფ. 23-24; 46).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''ტე-------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის საბანკო კრედიტის, თავდებობის და ოვერდრაფტის ხელშეკრულებები გაფორმდა. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით სწორედ ამ ხელშეკრულებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დავალიანებული თანხის გადახდევინებას ითხოვს მოპასუხეებისგან. გამომდინარე აქედან, მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ - სახელშეკრულებო ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობაა, რომლის საფუძველზეც გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომლის მიხედვითაც ბანკის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა, ხოლო მსესხებლის ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში და გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა. ის დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა კრედიტის გამცემის მიერ კრედიტის მიმღებისთვის ფულის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში კი მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს ძირითადი თანხა და ასევე, გადაიხადოს კრედიტის სარგებლობისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება, ვალდებულების დარღვევად კი მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
6.4. მოსარჩელე სს ,,ტე-------ს“ და მოპასუხე ელ----------------ძეს შორის 2014 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა №4.0277297.001 საბანკო კრედიტი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 8 700 ლარი მიიღო. ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანი იყო და საპროცენტო განაკვეთი 12%-ს შეადგენდა. ხელშეკრულებით ვადა 2018 წლის 08 ნოემბრამდე განისაზღვრა და ამ ვადამდე მოპასუხეს გრაფიკის მიხედვით უნდა განეხორციელებინა ძირითადი თანხის დაბრუნება და სარგებლის გადახდა.
აგრეთვე დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე ელ----------------ძესთან 2017 წლის 21 ივნისსაც დადო საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 2 305 ლარი მიიღო. წლიური საპროცენტო განაკვეთი 29%-ით, ხელშეკრულების ვადა კი 2018 წლის 20 დეკემბრამდე განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეს, ვადაგადაცილების შემთხვევაში, ეკისრება პირგასამტეხლო ფიქსირებული 10 ლარი და გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამ შემთხვევაშიც თანხის დაბრუნება და სარგებლის გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად უნდა მომხდარიყო.
შესაბამისად, მოსარჩელეს და მოპასუხე ელ----------------ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს კრედიტის მოცულობა, კრედიტით სარგებლობისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი, კრედიტის დაბრუნების ვადა, პერიოდულობა და ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს მოცულობა.
საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხემ 2017 წლის ივლისიდან დაარღვია ვალდებულება და ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკების მიხედვით გადასახდელი თანხები აღარ გადაიხადა. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები, რის გამოც მოსარჩელეს სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლოს გადახდევინების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
აგრეთვე დადგინდა, რომ მოპასუხეს 2017 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით 2014 წლის 11 ნოემბრის №4.0277297.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან ერიცხება დავალიანება 4 285.56 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 585.74 ლარი, სარგებელი 178.67 ლარი და პირგასამტეხლო 521.15 ლარი, ხოლო 2017 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ელ----------------ძის დავალიანება სს ,,ტე-------ის“ მიმართ 2 902.97 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირითადი თანხაა 2 305 ლარი, სარგებელი 327.46 ლარი და პირგასამტელო 270.51 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო კრედიტების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და მოპასუხე ელ----------------ძეს უნდა დაეკისროს ორივე ზემოთ მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წელის 19 დეკემბრის მდგომარეობით დასაბრუნებელი ძირითადი თანხების, სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოსარჩელე სს ,,ტე-------ის სასარგებლოდ.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
სს ”კო--------------------მა” 2014 წლის 11 ნოემბერს, საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მა---------------ძესთან დადო სოლიდარული თავდებობის №4.0277297.001-c5606 ხელშეკრულება, რომლის 3.1. პუნქტის მიხედვით მა---------------ძემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ელ----------------ძესა და სს ,,კო--------------------ს“ შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი 11 058.87 ლარის ოდენობით განისაზღვრა. შესაბამისად, მოპასუხე მა---------------ძემ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა როგორც სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტის (სარგებლის), ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
გამომდინარე აქედან, მოპასუხე მა---------------ძეს მოპასუხე ელ----------------ძესთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 19 დეკემბერის მდგომარეობით არსებული დავალიანების - 4 285.56 ლარის გადახდა.
6.6. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ელ----------------ძესთან 2014 წლის 05 ივლისს დადებული საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 054.26 ლარის გადახდევინების დაკისრება, საიდანაც ძირი თანხა არის 920 ლარი, სარგებელი 25.40 ლარი და პირგასამტეხლო 108.86 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხე ელ----------------ძემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაადასტურა, რომ მოპასუხესთან 2014 წლის 05 ივლისს დადო საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულება. მანვე განმარტა, რომ ამ ხელშეკრულებიდან დავალიანებული თანხის ოდენობა 920 ლარს შეადგენდა და ამ თანხის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სცნო, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. რაც შეეხება სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრებას, მოპასუხემ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და ის, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო დამდგარია. სარგებლიანი სესხის პირობებში მოსარჩელემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ სესხი სარგებლიანი იყო და სარგებლის ოდენობა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ოვერდრაფტის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხისთვის სარგებლის ოდენობა წლიურ 18%-ს შეადგენდა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის 25.40 ლარის გადახდევინების დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. აგრეთვე, როგორც ზემოთ განიმარტა, პირგასამტეხლოზე მხარეთა შორის უნდა არსებობდეს შეთანხმება და იგი წერილობითი ფორმით უნდა იყოს შედგენილი. მოსარჩელე მხარეს კი არ წარმოუდგენია წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ოვერდრაფტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მხარეთა შორის არსებობდა პორგასამტეხლოს გადახდევინებაზე შეთანხმება. მოსარჩელე ამ ნაწილში მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან მატერიალური სამართლის ნორმით პირგასამტეხლოზე შეთანხმება წერილობითი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს, ამასთან, მოპასუხემ როგორც სარგებლის აგრეთვე პირგასამტეხლოს ნაწილში ვალდებულების არსებობა სადავო გახადა.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მხოლოდ ძირითადი თანხის - 920 ლარის გადახდა, ხოლო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც მოსარჩელეს უნდა მიეღო, სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან საბანკო დაწესებულების ერთ-ერთი ფუნქცია და დანიშნულებას ,,კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სესხების გაცემა წარმოადგენს. მათ შორისაა სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია ამ შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საბანკო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებებით გაცემული სესხები სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა, მხარეთა შეთანხმებით 11.11.2014 წლის სესხზე 12%-ით, ხოლო 21.06.2017 წლის სესხზე 18%-ით განისაზღვრა. ამასთან ხელშეკრულებების მოქმედების ვადა ერთ შემთხვევაში 08.11.2018 წლამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში 20.12.2018 წლამდე განისაზღვრა.
მოსარჩელემ სარჩელი 2017 წლის 28 დეკემბერს აღძრა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაღები სარგებლის გადახდევინების დაკისრება მოითხოვა, კერძოდ: საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულებაზე მოსარჩელემ ძირითადი თანხის 3 585.74 ლარის 12% სარგებლის გადახდევინება მოითხოვა ერთი წლის ვადით, მაგრამ არაუმეტესი 430.32 ლარისა; საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 2 305 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის 29%-ის დაკისრება მოითხოვა ერთი წლის ვადით, მაგრამ არაუმეტესი 668.40 ლარისა, ხოლო ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან დავალიანებულ ძირითად თანხაზე - 920 ლარზე წლიური 18% სარგებლის დაკისრება ერთი წლის ვადით, მაგრამ არაუმეტესი 165.60 ლარისა.
ვინაიდან საბანკო კრედიტის №4.0277297.001 და №4.0277297.003 ხელშეკრულებებით გაცემული სესხი სარგებლიანი იყო, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში იგი შეძლებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის მიღებას, რომლის მიღების საშუალებაც არ მიეცათ მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირითად თანხაზე მოპასუხეებს ელ----------------ძეს და მა---------------ძეს, როგორც სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტესი ერთი წლის ვადისა უნდა დაეკისროთ წლიური 12% სარგებლის გადახდა. აგრეთვე, მოპასუხე ელ----------------ძეს საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირითად თანხაზე უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის 29%-ის გადახდა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად. რაც შეეხება ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე სარგებლის გადახდევინების დაკისრებას, ამ ნაწილში მოსარჩელემ ვერ მიუთითა მტკიცებულებაზე, რომლითაც დადგინდებოდა, რომ გაცემული სესხი სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა წლიური 18%-ს შეადგენდა. შესაბამისად, საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე 920 ლარზე წლიური 18% სარგებლის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დავის საგნის ფასი ფულადი გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელებზე კი არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრით დავის საგნის ღირებულება პირველი სასარჩელო მოთხოვნით არის 4 715.88 ლარი (4 285.56+430.32=4 715.88), მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე 3 571.37 ლარი (2902.97+668.40=3571.37) და მესამე სასარჩელო მოთხოვნაზე 1 219.6 ლარი (1 054.26+165.60=1 219.6).
შესაბამისად პირველ მოთხოვნაზე ბაჟის ოდენობამ 141.47 ლარი შეადგინა, მეორეზე 107.14 ლარი და მესამეზე 50 ლარი. სულ გადასახდელმა ბაჟის ოდენობამ 298.61 ლარი შეადგინა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფ ბაჟი 285.21 ლარი (13.4 ლარით ნაკლები).
სასარჩელო მოთხოვნებიდან მოპასუხეების ელ----------------ძის და მა---------------ძის მიმართ სოლიდარულად წარდგენილი მოთხოვნებით დავის საგნის ფასმა 4 715.88 ლარი შედგინა (4 285.56+430.32=4 715.88), საიდანაც მოპასუხეებმა სცნეს სარჩელი 3 764.41 ლარის ნაწილში. მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ამიტომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ ნაწილში დავის საგნის - 951.47 ლარის 3%, რაც შეადგენს 28.54 ლარს.
მეორე სასარჩელო მოთხოვნიდან (2902.97+668.40=3571.37) მოპასუხე ელ----------------ძემ სარჩელი სცნო 2 305 ლარის დაკისრების ნაწილში. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დავის საგნის -1 266.37 ლარის 3%, რაც შეადგენს 37.99 ლარს.
მესამე სასარჩელო მოთხოვნიდან დავის საგნის ფასი 1 219.86 ლარი შეადგინა, საიდანაც მოპასუხემ ელ----------------ძემ სარჩელი 920 ლარის დაკისრების ნაწილში სცნო. მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ 920 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო სარგებლის 25.40 ლარის, პირგასამტეხლოს 108.86 ლარის და ვალდებულების შესრულებამდე 165.60 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელე ეთქვა უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს ელ----------------ძეს და მა---------------ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად 28.54 ლარი გადახდა. მოპასუხე ელ----------------ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 37.99 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟიდან 196.28 ლარი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 39-ე, 41-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591,369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხეებს ელ----------------ძეს და მა---------------ძეს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4 285.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 585.74 ლარი, სარგებელი 178.67 ლარი და პირგასამტეხლო 521.15 ლარი.
1.2. მოპასუხე ელ----------------ძეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2 902.97 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2 305 ლარი, სარგებელი 327.46 ლარი და პირგასამტელო 270.51 ლარი;
1.3. მოპასუხე ელ----------------ძეს სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 05 ივლისის საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 920 ლარის გადახდა;
1.4. მოპასუხეებს ელ----------------ძეს და მა---------------ძეს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ, 2017 წლის 19 დეკემბრიდან დაეკისროთ 2014 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის №4.0277297.001 ხელშეკრულებიდან დავალიანებული ძირითად თანხაზე 3 585.74 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 12% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 35.86 ლარს მაგრამ არაუმეტესი 430.32 ლარისა;
1.5. მოპასუხე ელ----------------ძეს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ, 2017 წლის 19 დეკემბრიდან დაეკისროს 2017 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტის №4.0277297.003 ხელშეკრულებიდან დავალიანებული ძირითად თანხაზე 2 902.97 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 29% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 55.70 ლარს, მაგრამ არაუმეტესი 668.40 ლარისა;
2. მოსარჩელე სს ,,ტე-------ს“ უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2014 წლის 05 ივლისის საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის 25.40 ლარის, პირგასამტეხლოს 108.86 ლარის და დავალიანებულ ძირითად თანხაზე - 920 ლარზე წლიური 18% სარგებლის (არაუმეტესი 165.60 ლარი) გადახდევინების დაკისრების მოთხოვნების ნაწილში;
3. მოპასუხეებს ელ----------------ძეს და მა---------------ძეს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 25.54 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე ელ----------------ძეს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 37.99 ლარის გადახდა;
5. მოსარჩელე სს ,,ტე-------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 196.28 ლარი (საგადახდო დავალება №4; გადახდის თარიღი 22.12.2017 წელი; გადამხდელი ბანკი - სს ,,ტე-------ი“; სახაზინო კოდი 300503150; გადახდილი თანხა 285.21 ლარი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე