გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210015001124958
# 2-3588/2015წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10/08/2016 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: შპს ,,სუპერ ა---------------ი’’
წარმომადგენელი: ჯ---ლ კ-----ე
მოპასუხე: ი----ა სო---–---ა, ა------ გ-------–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ”სუპერ ა---------------ი” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:
- მოპასუხეებს ი----ა სო---–---ას და ა------ გ-------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ 669 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
- მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოს ხარჯები, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
1.1. მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- 2014 წლის 10 თებერვალს შპს ”სუპერ ა---------------სა” და ფიზ. პირს ი----ა სო---–---ას შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება №27/02/14, რომლის თანახმადაც, ი----ა სო---–---ამ აიღო სესხი 600 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი გაიცა 3 თვის ვადით 2014 წლის 10 მაისამდე, ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად სესხი გაცემულია 7%-ით. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად მსესხებელი ვალდებულია წინასწარ ყოველთვიურად, ყოველი თვის 10 რიცხვში, კრედიტორს გადაუხადოს 42 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და ყოველ მე-3 თვეს მართვის საკომისიოს 12 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლო სესხის ოდენობის 0.5%-3 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
- 2014 წლის 10 თებერვალს შპს ,,სუპერ ა---------------სა’’ და ფიზიკურ პირს ა------ გ-------–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N 27/02/14, რომლის თანახმადაც ა------ გ-------–--ე ღებულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო ი----ა სო---–---ასა და ,,სუპერ ა---------------ს’’ შორის 2014 წლის 10 თებერვალს გაფორმებულ N27/02/14 სალომბარდო ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებები.
- მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება 669 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და განმარტავენ, რომ:
- მოსარჩელე უსაფუძვლოდ ითხოვს 669 აშშ დოლარის გადახდევინებას, სასესხო დავალიანების სახით, ვინაიდან სარჩელიდან არ ჩანს ეს თანხა წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას, პირგასამტეხლოს თუ საჯარიმო თანხას, ამასთანავე გაცემული სესხის სრულად დაფარვის უზრუნველსაყოფად, გირაოში წარდგენილი იქნა მსესხებლის კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა, რომლის ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 600 აშშ დოლარს, სინამდვილეში კი ამ ავტომანქანის რეალური ღირებულება შეადგენდა 3 000 აშშ დოლარს. იმავე ხელშეკრულების მიხედვით, გირაოს საგანი გადაფორმებული იყო საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე.
- მოპასუხეები ასევე აღნიშნავენ, რომ სამი თვის განმავლობაში მსესხებელი სრულად იხდიდა დადგენილ საპროცენტო სარგებელს, ხოლო სამი თვის გასვლის შემდგომ არ მომხდარა ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და შესაბამისად მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება მოეხდინა სესხის ძირითად თანხაზე 7%-ის გადახდევინება, მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ თვეში 7%-ის დარიცხვა არაგონივრული და კანონსაწინააღმდეგოა.
- მოპასუხეებმა სასამართლოს სხდომაზე აღიარეს 1 თვის სარგებლის (42 აშშ დოლარი) დავალიანება, ასევე სესხის ძირი თანხიდან 100 აშშ დოლარის დავალიანება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გირაოში წარდგენილი მსესხებლის კუთვნილი ავტომანქანა მოსარჩელის მიერ გაიყიდა 500 აშშ დოლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.1.2. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მსესხებელს 2 თვის საპროცენტო სარგებელი გადახდილი აქვს დროულად, ხოლო 1 თვის სარგებლის დავალიანებას 42 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე სესხის ძირი თანხიდან 100 აშშ დოლარის დავალიანებას აღიარებს მოპასუხე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეები ადასტურებენ სესხის არსებობას, მაგრამ მათ შორის სადავოა სესხის, სარგებლის გადახდის საკითხი. ასევე პირგასამტეხლოს საკითხზე შეთანხმების საკითხი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ი----ა სო---–---ა არ ასრულებდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მისი დავალიანება შეადგენს 669 აშშ დოლარს.
მოპასუხეები ამ არგუმენტებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ მსესხებელი სამი თვის განმავლობაში სრულად იხდიდა დადგენილ საპროცენტო სარგებელს, 3 თვის გასვლის შემდეგ კი არ მომხდარა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, შესაბამისად უნდა მომხდარიყო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის დაფარვა.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. თუ ერთი მხარე ამტკიცებს ფულის სესხად გადაცემას და დავალიანების არსებობას, მეორე მხარე ადასტურებს მის მიღებას, თუმცა ამტკიცებს მის გადახდას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეზე თანხის სესხად გადაცემის მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს სესხად გადასცა 600 აშშ დოლარი, ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედის და მისი დამტკიცება მოსარჩელისთვის შესაძლებელია. ამ ფაქტის დამტკიცებისათვის მოსარჩელემ წარმოადგინა სალომბარდო ხელშეკრულება. მოპასუხეს სესხის მიღება სადავოდ არ გაუხდია, მაგრამ სადავო გახადა 669 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. იმ ნაწილში კი, რომ დავალიანების დაფარვისათვის კრედიტორს გადასცა 600 აშშ დოლარად შეფასებული ავტომანქანა, - მოპასუხეებს ეკისრებათ ამის მტკიცების ტვირთი. მათ ეკისრებათ ასევე იმის დამტკიცება, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით კრედიტორს გადასცეს მსესხებლის კუთვნილი, 600 აშშ დოლარად შეფასებული ავტომანქანა.
დადგენილია და სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სესხი გადასცა სამი თვის ვადით.
მოსარჩელემ წარმოადგინა შპს ,,სუპერ ა---------------სა"-სა და ი----ა სო---–---ას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც ი----ა სო---–---ამ ისესხა თანხა შპს ,,სუპერ ა---------------ი"-საგან და მის უზრუნველსაყოფად წარადგინა გირაოში კუთვნილი ის ავტომანქანა, რომელიც მოპასუხეების განმარტებით, მათ წარუდგინეს მოსარჩელეს.
მოსარჩელემ სესხის მოპასუხისათვის გადაცემა დაამტკიცა ხელშეკრულებით. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს აქვს უფლება ზეპირი განმარტებით ამტკიცოს გარკვეული ფაქტების არსებობა, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.
3.2.2. ფაქტობრივი გარემოებაა პირგასამტეხლოს საკითხზე შეთანხმების საკითხიც. დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაცემული სესხის 0.5 %-ის ოდენობით ანუ დღეში 3 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით მსესხებელის მიერ სესხის ან სესხის პროცენტის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო სესხის ოდენობის 0.5 %. ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ დღეს. თუ ვალდებულების გადაცილებულ დღეთა ოდენობა აღემატება 5 დღეს, კრედიტორი უფლებამოსილია ცალმხრივად მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების დაუყონებლივ სრულად შესრულება, რაშიც მოიაზრება სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოსათვის აუცილებელია მხარეთა შეთანხმება. წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან პირგასამტეხლოს გადახდაზე. პირგასამტეხლოს ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას ისე, როგორც მხარეები არიან შეთანხმებულები. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით დგინდება, რომ ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. ამ ვადის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მთლიანი შესრულება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავსი შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდა გავრცელდეს მხოლოდ 5 დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალომბარდო ხელშეკრულება №27/02/14;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად. კერძოდ:
- ძირითადი თანხის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 100 აშშ დოლარის დაკისრები.
- სარგებლის დაკისრებაზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 42 აშშ დოლარის დაკისრებით.
- პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს კონსტიტუცია.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის დაბრუნება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას.
იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, შესაბამისად მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”სუპერ ა---------------ს” სურდა სარგებელის გადახდის პირობით თანხის გასესხება, ხოლო ი----ა სო---–---ას სურდა ფულის დასესხება. ისინი შეთანხმდნენ ფულის სესხის ხელშეკრულების დადებაზე, რის შემდეგაც 2014 წლის 10 თებერვალს შპს ”სუპერ ა---------------სა” და ი----ა სო---–---ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი----ა სო---–---აზე გაიცა სესხი 600 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით, ყოველთვიურად სარგებლის დარიცხვის პირობით. მოპასუხეს ყოველ თვეში უნდა გადაეხადა სარგებელი 42 აშშ დოლარის ოდენობით. მხარები ასევე შეთანხმდენ სესხის სხვა არსებით საკითხებზე. პირობების შეთანხმების შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ი----ა სო---–---ა ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სარგებელი გადაეხადა შეთანხმებულ ვადაში და სესხი სრულად დაებრუნებინა სამი თვის შემდეგ. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ფულის დამსესხებელს აიძულებს გამსესხებლის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება და დაუბრუნოს სესხი. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის სარგებელის გადახდა. მან სამი თვის შემდეგ მოსარჩელეს არ დაუბრუნა ძირითადი თანხა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის მომენტისათვის შესასრულებელი აქვს ნაკისრი ვალდებულება. შესასრულებელი ვალდებულების სწორად გამოანგარიშების მიზნით ცალ-ცალკე უნდა იქნას დაანგარიშებული ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
თავად მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და სესხის ძირი თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა. ის ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. მოპასუხემ ხელშეკრულების პირობის (სამი თვის შემდეგ სესხის დაბრუნების პირობის) შეუსრულებლობით დაარღვია ხელშეკრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება. სესხის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული გირაოს საგნის რეალიზაციით 500 აშშ დოლარი მოსარჩელეს მიღებული აქვს, ხოლო 100 აშშ დოლარის დავალიანებას ეთანხმება მოპასუხე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხიდა 100 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მსესხებელს გადახდილი აქვს 2 თვის სარგებელი, ხოლო 1 თვის დავალიანებას 42 აშშ დოლარის ოდენობით კი აღიარებს, რაც ასევე გადასახდელად უნდა დაეკისროს მას.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა და დარიცხვის პერიოდი. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით მსესხებელის მიერ სესხის ან სესხის პროცენტის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ოდენობის 0.5 %-ის ოდენობით. ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ დღეს. თუ ვალდებულების გადაცილებულ დღეთა ოდენობა აღემატება 5 დღეს, კრედიტორი უფლებამოსილია ცალმხრივად მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების დაუყონებლივ სრულად შესრულება, რაშიც მოიაზრება სესხის ძირითადი თანხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა. 3.4. პუნქტში მითითებულია, რომ მსესხებელმა პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გადაიხადოს ვალდებულების სრულ შესრულებამდე.
საქ. სკ-ის 345-ე მუხლით, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. სასამართლო მიიჩნევს, რომ სალომბარდო ხელშეკრულების ტექსტი პირგასამტეხლოს ნაწილში ბუნდოვანია. არ არის მკაფიოდ განმარტებული 5 დღის ვადის გადაცილების შემდეგ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა გაგრძელდეს თუ არ უნდა გაგრძელდეს. იმის გამო, რომ ხელშეკრულება შედგენილია მოპასუხის მიერ და ტექსტში პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი ორნაირადაა განმარტებული. ერთ შემთხვევაში ვადის გადაცილება არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს და ამ 5 დღის შემდეგ გამსესხებელმა უნდა მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება, მეორე შემთხვევაში კი სანამ არ შესრულდება ვალდებულება, მას დაერიცხება პირგასამტეხლო. ორივე განმარტება ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამიტომ ამ ნაწილში შინაარსი უნდა განიმარტოს მოპასუხის სასარგებლოდ. ანუ პირგასამტეხლო გათვალისწინებულია მხოლოდ 5 დღის ვადის გადაცილებაზე. 5 დღის გასვლის შემდეგ მოპასუხეს პირგასამტეხლო აღარ უნდა დაეკისროს (ასე იკითხება ხელშეკრულების შინაარსში). 5 დღის შემდეგ კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მთლიანი შესრულება ანუ ძირი თანხა, სარგებელი და 5 დღის პირგასამტეხლო. მოსარჩელის მოთხოვნა 5 დღეზე მეტი ვადის პირგასამტეხლოს ნაწილში ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ნაწილში ხელშეკრულების შინაარსს, რაც გამოწვეულია ბუნდოვანი ტექსტით. სასამართლომ გაიანგარშა პირგასამტეხლოსა გადახდის საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს გადასახდელი აქვს 5 დღის პირგასამტეხლო, რაც საერთო ჯამში შეადგენს 15 აშშ დოლარს. რაც შეეხება მისი ოდენობის გონივრულობას, მოცემულ შემთხვევაში, ეკისრება რა მოპასუხეებს მხოლოდ 5 დღის პირგასამტეხლო და ვალდებულების დარღვევიდან გასულია საკმაო დრო, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სალომბარდო ხელშეკრულება №27/02/14 წარმოადგენს სესხისა და მის უზრუნველსაყოფად გირაოს ხელშეკრულებას. მართალია, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველმყოფი საგანი - მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა ,,NISSAN PRIMRERA’’, სარეგისტრაციო #BBM223, ა/მ გამოშვების წელი - 1997, ა/მანქანის, ტიპი - სედანი, გამავლობის, ა/მანქანის ფერი - ლურჯი 7/8, ა/მანქანის ძრავის მოცულობა - 1974, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო #SJNBDAPII00114117, გადაფორმებულ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში და მართვის უფლებით გადაეცა მოპასუხე ი----ა სო---–---ას, რისთვისაც გათვალისწინებული იქნა მართვის საკომისიო 12 აშშ დოლარი, - რეალურად შინაარსობრივი თვალსაზრისით, სამართლებრივად სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად არის გირაო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ამდენად მხარეთა შეთანხმება მართვის საკომისიოს გადახდაზე, ამავე კოდექსის 255-ე მუხლის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე (მფლობელობითი გირავნობა). გირავნობის საგანი მოსარჩელემ გაასხვისა 500 აშშ დოლარად. გამომდინარე აქედან, მართვის საკომისიოს მოთხოვნა, მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. მოპასუხე ა------ გ-------–--ემ თავდებობის ხელშეკრულებით #27/02/14 შპს ,,სუპერ ა---------------ის” წინაშე აიღო სოლიდარული ვალდებულება ი----ა სო---–---ას სესხთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე-465-ე, 891-ე-893-ე, 895-ე, 898-ე მუხლების თანახმად, იგი მსესხებელთან - ი----ა სო---–---ასთან ერთად სოლიდარულად არის პასუხისმგებელი ვალდებულებების შესრულებაზე.
6.9. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს 669 აშშ დოლარის დაკისრებას. აქედან, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი არგუმენტაცია და მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ამ თანხიდან რამდენია სესხის ძირი თანხა, სარგებელი და პირგასამტეხლო. რათქმაუნდა, მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, ეს მისი მოვალეობაა და მოპასუხეზე ვერ გადავა ამის მტკიცების ტვირთი, ხოლო წარმოდგენილი მოცემულობით, სასამართლო მოკლებულია საშუალებას ამის დადგენაზე. ამდენად, ფაქტობრივი გარემოებების ამ ნაწილში, ძირითადში, სასამართლო ეყრდნობა მოპასუხეების ნაწილობრივ აღიარებას.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 669 აშშ დოლარის დაკისრებას. ამ ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი.
კმაყოფილდება რა სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან მოსარჩელისათვის 22,50 ლარის ანაზრაურება, ხოლო 77,50 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რაც მას უნდა ჩაეთვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591 - ე, 264-ე, 364, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,სუპერ ა---------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ა------ გ-------–--ესა და ი----ე სო---–---ას მოსარჩელის შპს ,,სუპერ ა---------------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 157 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 100 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 42 აშშ დოლარი - სარგებელი, 15 აშშ დოლარი - ჯარიმა/პირგასამტეხლო.
3. მოსარჩელე შპს ,,სუპერ ა---------------ი’’-ს სარჩელი 512 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება 22,50 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე