გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
010210016001371250
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210016001371250

# 2-1519/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: შპს ,,ფუ-–-------’’

წარმომადგენელი: რო-–--------–--–-

მოპასუხე: ი.მ. რე-------–-–-----

მოპასუხე: ნო----------–-------–---–ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი: ვა--------–------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს ,,ფუ-–-------’’ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- ი.მ. რე-------–-–-----სა და ნო----------–-------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 3710 ლარის გადახდა.

- მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის 112 ლარის გადახდა.

- მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 300 ლარის გადახდა.

- პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- შპს ,,ფუ-–-------’’-ს მიერ განხორციელდა ინდ. მეწარმე რე-------–-–-----ზე რიგი სახის სამშენებლო მასალების მიქირავება, გამქირავებლის მიერ დამქირავებელზე 2015 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით მიქირავებულ იქნა სამშენებლო მასალა ფანერა დაწებებული ფირით - 60 ცალი, ქირა ერთეულზე შეადგენდა 10 ლარს 20 კალენდარული თვის განმავლობაში, დღეის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 530.00 ლარს.

- არსებულ ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღო ნო----------–-------–---–მა.

- მოპასუხეებს ხელშეკრულების თანახმად, ეკისრებათ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს ოდენობა დღეის მდგომარეობით შეადგენს 2385 ლარს.

- მოპასუხეს არ დაუბრუნებია 10 ცალი სამშენებლო დგარი, რომლის ღირებულებაა 795 ლარი.

- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინდ. მეწარმე რე-------–-–-----ს თანხა არ გადაუხდია, მას და ნო----------–-------–---–ს სოლიდარულად ეკისრებათ გადახდის ვალდებულება და შესაბამისად მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ი.მ. რე-------–-–----- სარჩელს არ ცნობს და განმარტავს:

- ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მის მიერ სრულად არის გადახდილი.

- მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თანხები გადაუხადა ნო----------–-------–---–ს. თუ მოსარჩელეს თანხა არ მიუღია, მაშინ გადახდის ვალდებულება ნო----------–-------–---–ს ეკისრება.

(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2.2. მოპასუხე ნო----------–-------–---–ს სარჩელის მიმართ შესაგებელი არ წარმოუდგენია.

- 2017 წლის 13 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა როგორც მოპასუხე, ასევე მისი წარმომადგენელი, თუმცა შემდეგში ისინი სასამართლო სხდომაზე აღარ გამოცხადებულან.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. შპს ,,ფუ-–-------’’-ს მიერ განხორციელდა ინდ. მეწარმე რე-------–-–-----ზე რიგი სახის სამშენებლო მასალების მიქირავება, გამქირავებლის მიერ დამქირავებელზე 2015 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით, მიქირავებულ იქნა სამშენებლო მასალა ფანერა დაწებებული ფირით - 60 ცალი, ქირა ერთეულზე შეადგენდა 10 ლარს 20 კალენდარული თვის განმავლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 26 დეკემბრის ქირავნობის ხელშეკრულება.

- მიღება- ჩაბარების აქტი, დანართით;

- სასაქონლო ზედნადებები;

- თანხის მოძრაობის ანგარიში;

 

3.1.2. ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ი.მ. რე-------–-–----- პირგასამტეხლოს სახით გადაიხდის ჯარიმას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 3 %-ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 26 დეკემბრის ქირავნობის ხელშეკრულება.

 

3.1.3. ნო----------–-------–---–მა მოსარჩელის წინაშე იკისრა სოლიდარული ვალდებულება ი.მ. რე-------–-–----ის ვალდებულებებზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 26 დეკემბრის ქირავნობის ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის სადავოა:

- გადახდილია თუ არა არსებული დავალიანება მოპასუხეების მიერ და უნდა დაეკისროთ თუ არა მათ ზიანის ანაზღაურება და პირგასამტეხლო.

- სადავოა, მოპასუხე ი.მ. რე-------–-–-----ს აქვს თუ არა გადახდილი თანხები ნო----------–-------–---–ზე, და თუ გადახდილია, თავისუფლდება თუ არა იგი შპს ,,ფუ-–-------’’-ს წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან;

 

3.2.2. მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს მოცულობასაც. დადგენილია და მხარეებიც არ დავობენ მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

3.2.3. მხარეები სადავო საკითხებთან დაკავშირებიოთ აძლევენ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად და გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვეა დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაკისრებული ფაქტობრივი გარემოების ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.მ. რე-------–-–----ის მიერ ქირის თანხის მოპასუხე ნო----------–-------–---–ზე გადახდის მტკიცების ტვირთი მას - მიოპასუხეს ეკისრება. თუ ეს დადასტურდა, თუ თანხა გადახდილია, - მაშინ საკითხი - თავისუფლდება თუ არა იგი შპს ,,ფუ-–-------’’-ს წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან, - ეს სამართლებრივი შეფასების კატეგორიაა და მასზე იმსჯელებს სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

ასევე მოპასუხეებს ეკისრებათ მტკიცების თვირთი მასზედ, რომ მოსარჩელეს ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ქირის თანხა მიღებული აქვს.

 

3.2.4. უდავოდ დადგენილია, რომ შპს ,,ფუ-–-------’’-ს მიერ განხორციელდა ინდ. მეწარმე რე-------–-–-----ზე რიგი სახის სამშენებლო მასალების მიქირავება, გამქირავებლის მიერ დამქირავებელზე 2015 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით, მიქირავებულ იქნა სამშენებლო მასალა ფანერა დაწებებული ფირით - 60 ცალი, ქირა ერთეულზე შეადგენდა 10 ლარს 20 კალენდარული თვის განმავლობაში.

 

3.2.5. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ფუ-–-------’’-ს გაქირავებული ქონების სანაცვლოდ მოპასუხეებისაგან შეთანხმებული ქირა არ მიუღია. ასევე, მოსარცელეზე არ იქნა დაბრუნებული 10 ცალი სამშენებლო დგარი, რომლის ღირებულებაა 795 ლარი. მოპასუხეებს ქირის გადახდის, 10 ცალი სამშენებლო დგარის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. მოპასუხე ინდ. მეწარმე რე-------–-–-----ს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია, რომ ქირის თანხა მოსარჩელეზე გადასაცემად გადასცა მოპასუხე ნო----------–-------–---–ს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი, როგორც ქირის დაკისრების ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოსა და ქირავნობის საგნის ღირებულების გადახდის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხე, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებული იყო გადაეხადა სამშენებლო მასალების ქირის თანხა. გარდა ამისა მოპასუხემ არ დაუბრუნა 10 ცალი სამშენებლო დგარი, რომლის ღირებულებაცაა 795 ლარი. მთლიანობაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით, მას გადასახდელი აქვს 3710 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხე არ უხდის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ქირის თანხას, ასევე თუ მან დააზარალა სამშენებლო დგარების დაუბრუნებლობით მოსარჩელე, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს, როგორც ქირის, ისე ზიანის ანაზღაურების თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ქირავნობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”. ხოლო 531-ე მუხლით: ,, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე სამეწარმეო სუბიექტია. ის სამშენებლო დგარებს აქირავებს და ღებულობს გარკვეულ შემოსავალს. თავის მხრივ მოპასუხეს სჭირდებოდა სამშენებლო დგარები. მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, რის შემდეგაც მოსარჩელის წარმომადგენელი და მოპასუხის წარმომადგენელი შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდენ სამშენებლო დგარების ქირავნობაზე. არსებითი პირობების შეთანხმების შემდეგ 2015 წლის 26 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე მიქირავებულ იქნა სამშენებლო მასალა - ფანერა დაწებებული ფირით - 60 ცალი, ქირა ერთეულზე შეადგენდა 10 ლარს 20 კალენდარული თვის განმავლობაში.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება“. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქირავნობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ი.მ რე-------–-–-----მ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა ქირავნობის საგნის გადაცემა. სადაო არარის, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ი.მ რე-------–-–-----ს გადასცა ქირავნობის საგანი - სამშენებლო მასალა-ფანერა დაწებებული ფირით. ქირავნობის საგნის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა უფლება მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება, ანუ ქირის გადახდა. ქირავნობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, რომლის დროსაც ხელშეკრულების დადებას უნდა მოჰყვეს ქირავნობის საგნის გადაცემა, ხოლო საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს ქირის გადახდა. ი.მ რე-------–-–----- მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ქირა მოსარჩელისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ ქირავნობის საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით, დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ქირავნობის საგანი გადასცა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის დავალიანება შეადგენს 530 ლარს, პირგასამტეხლოს ოდენობა - 2385 ლარს.

 

ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელეზე არ იქნა დაბრუნებული 10 ცალი სამშენებლო დგარი, რომლის ღირებულებაც არის 795 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან და ამიტომაც სახელშეკრულებო პირობები უნდა შესრულდეს ისე, როგორც შეთანხმებულნი არიან. ქირის თანხის გადახდა, მოპასუხის მოვალეობა იყო. მიუხედავად ამისა მას დასახელებული თანხა გადახდილი არ აქვს. ქირის არაჯეროვანი გადახდით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ქირის თანხის ანაზღაურება. მოსარჩელე ქირის სახით მოითხოვს 530 ლარის დაკისრებას. სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს მოთხოვნის ფარგლებს, ამიტომ მსჯელობს მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მოსარჩელე მოითხოვს. შესაბამისად სასამართლომ შეამოწმა ი.მ. რე-------–-–----ის ვალდებულება 530 ლარის ფარგლებში. ამ ნაწილში მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.5. საქ. სკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება“.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის ქირავნობის საგანი დაებრუნებინა დაუყონებლივ. მოსარჩელე სამეწარმეო სუბიექტია და იგი შემოსავალს ღებულობს სამშენებლო დგარების გაქირავებით. ქირავნობის საგნის დაბრუნების დაგვიანება მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას დამქირავებელს მოსთხოვოს შეთანხმებული ოდენობის ქირის გადახდა და ეს იქნება მიღებული ზიანის ანაზღაურების კომპენსაცია. მოპასუხემ მოსარჩელეს არ დაუბრუნა 10 ცალი სამშენებლო დგარი რომლის ღირებულებაცაა 795 ლარი, რითაც მოსარჩელეს, როგორც სამეწარმეო სუბიექტს მიადგა ზიანი, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე ვალდებულია, ზიანი აუნაზღაუროს მოსარჩელეს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“.

 

დადგენილია და სადავოც არ არის ის გარემოება, რომ ზიანის არსებობა გამოიანგირიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით, ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით, ან კიდე იმ ნივთის ღირებულებით, რაც მესაკუთრემ ვეღარ მიიღო. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ი.მ. რე-------–-–----ის ვალდებულებაა მოსარჩელეს სრულად დაუბრუნოს ქირავნობის საგანი. მან ქირავნობის საგანი სრულად ვერ დააბრუნა.

 

საქ. სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”.

წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს ზიანი მიადგა ი.მ. რე-------–-–----ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. მისი მართლსაწინააღმდეგობა გამოიხატება მასში, რომ მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელეს არ დაუბრუნა 10 ცალი სამშენებლო დგარი. სამშენებლო დგარის დაუბრუნებლობა მოსარჩელისათვის ზიანია და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს ი.მ. რე-------–-–-----ს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულების 4.2 პუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდას, ქირის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში დამქირავებელი გადაიხდის ჯარიმას დავალიანების 3 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ ი.მ. რე-------–-–-----მ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა. ვალდებულების დარღვევიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 2385 ლარი.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვა-სიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, აქედან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნო----------–-------–---–ს მოსარჩელის წინაშე გარკვეული ვალდებულება ნაკისრი აქვს. მისი ვალდებულება მოცემულია ქირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც ნო----------–-------–---–მა იკისრა სოლიდარული ვალდებულება შპს ,,ფუ-–-------ს’’ წინაშე ი.მ რე-------–-–----ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. შესაბამისად ის ი.მ. რე-------–-–----ის ვალდებულებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელი პირია და ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი უნდა აგოს იმ ვალდებულებებზე და იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც აიღო სოლიდარული პასუხიმგებლობა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით გაანგარიშებით შეადგენს 112 ლარს.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 112 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა 300 ლარის ოდენობით, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არაა გამოყენებული.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

ზ/მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.

 

2015 წლის 26 დეკემბრის ქირავნობის ხელშეკრულების 5.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუოყონებლივ აღსრულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის გადაუდებლობის აუცილებლობას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11-ე ნაწილის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, ისინი-მხარეები შეთანხმდნენ ამ პირობაზე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დასაბუთებული და მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 264, 268-ე-270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ''ფუ-–-------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

2. მოპასუხეებს - ი.მ. რე-------–-–-----სა და ნო----------–-------–---–ს, მოსარჩელის შპს ,,ფუ-–-------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 3710 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს - ი.მ. რე-------–-–-----სა და ნო----------–-------–---–ს, მოსარჩელის შპს ,,ფუ-–-------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის 112 ლარის ანაზღაურება, ასევე იურიდიული მომსახურების საფასურის 300 ლარის ანაზღაურება, ჯამში 412 ლარის გადახდა.

 

4. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 (თორმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე