განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100115001037333
№1/193-15
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
14 მარტი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–----------------ის მოადგილე - მ---------–-–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ--–-------–-–---–ი
ბრალდებული: პ----- ს------–--ე
მამის სახელი: ა-------
დაბადებული: 1----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
განათლება: ს-–----–--
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ვ---–--–ის ქუჩა N26
მცხოვრები: ქ.თბილისი, ს---–--------ს ქუჩა N1
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილი - მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რასაც თან ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2015 წლის 07 აპრილს ბრალდებული პ----- ს------–--ე, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით თელავის რაიონულ სასამართლოში დაიკითხა მოწმის სახით. დაკითხვამდე პ----- ს------–--ე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სსკ-ის 370-ე, 371-ე, 3711-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა მას მისცა ცრუ ჩვენება და განაცხადა, რომ მას 2014 წლის 12 სექტემბერს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წ-----–------ის“ გავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში არ შემოუტანია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ფსევდოეფედრინი, წონით 7,92 გრამი. ამასთან, მან სხვა პირებს ბრალი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და აჩვენა, რომ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ფსევდოეფედრინი ვინმე „ა-–---მ“ გადასცა საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ კ-----------ეზე გადასაცემად.
სასამარლომ დაადგინა.
2. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ პ----- ს------–--ის ქმედებას ბრალდების მხარემ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს 2015 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. ბრალდებულმა პ----- ს------–--ემ სასამართლო სხდომაზე თავის არ ცნო დამნაშავედ და დაკითხვისას და საბოლოო სიტყვაში განმარტა შემდეგი: იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2014 წლის 11 სექტემბერს გადავიდა, საქმე ქონდა ქალაქ განჯაში. გადმოსვლამდე ის დაუკავშირდა კ-----------ის მიერ მიცემულ ტელეფონის ნომრით ვინმე „ა-–---ს,“ რომელიც საქართველოში გადმოსვლისას უნდა დახვედროდა. მან იცოდა, რომ ფსიქოტროპული ნივთიერების გადმოტანა არ იყო სისხლის სამართლის წესით დასჯადი და ამიტომ დათანხმდა. მას ტერმინალთან დახვდა ა-–---, ტერმინალთან მიაწოდა თანხა და გამოართვა ფსიქოტროპული ნივთიერება. მან ჩანთაში ჩაალაგა ეს ფირფიტები, არც დაუმალია, რადგან არ ეგონა დასჯადი. გადმოსვლისას იგი დააკავეს და მან ნებაყოფლობით ჩანთიდან ამოიღო 11 ფირფიტა და გადასცა პოლიციელებს. მას ჩხრეკის ოქმი არ წაუკითხავს. იგი დაკითხეს პოლიციელებმა, მაგრამ ა-–--- არ უხსენებია, არ ჩათვალა საჭიროდ. სასამართლოზე როდესაც მოწმის სახით დაიკითხა, მისცა სწორი ჩვენება, რის გამოც წარუდგინეს ბრალი. (იმეორებს იგივე ჩვენებას).
4. მისივე განმარტებით კ-----------ე, ვინც დაავალა ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანა იყო დაახლოებით 40 წლის, შავგრემანი და ს-–----–-- სიმაღლისაა. ცხოვრობდა ქ.თბილისში მაჩაბლის 16-ში, იტალიური ეზოში. კ-----------ეს 2014 წლის 28 აგვისტოდან იცნობს. გაიცნო ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მის ბინაში შიგნით არ ყოფილა, მხოლოდ იცის მისი სახლის ფანჯრები. გამომძიებელს მისთვის კ-----------ის დაკითხვის ვიდეო ჩანაწერი არ გადაუცია, არც ადვოკატი არ ყოლია და დაკითხვის ჩანაწერის დისკსაც არ გაცნობია, ვერც გაეცნობოდა, რადგან ამის საშუალება არ ქონდა.
5. მანვე აჩვენა, რომ საბაჟო კონტროლის გავლიდან დაკავებამდე დაახლოებით 10 წუთი გავიდა. იგი დაკითხეს და მისცა აღიარებითი ჩვენება, რადგან ეგონა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ შემდგომ სასამართლოში დაკითხვისას მან მისცა სწორი ჩვენება, რაც ისევ გაიმეორა, გამოძიების დროს კი მისი სატელეფონო ზარების შემოწმებით შესაძლებელი იყო დადგენილიყო ის პირი ვინც ურეკავდა.
6. მოწმის კ------- ა---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 10-13 დეკემბრიდან მუშაობს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „წ-----–-----ზე“. 2014 წელს კახეთის პოლიციიდან იყვნენ ჩასულები და მისი ხელმძღვანელობა გაფრთხილებული იყო, რომ ვინმე მოქალაქე ს------–--ე შევიდოდა და ფსიქოტროპულ ნივთიერებას შეიტანდა და მას უნდა გაეტარებინა. მართლაც პიროვნებამ მიაწოდა პასპორტი, მან შეამოწმა და გაატარა, შემდეგ რა მოხდა, არ იცის. როდესაც მან გაატარა პ----- ს------–--ე არანაირი შემოწმება არ ჩატარებია. პ.ს------–--ემ გაიარა საბაჟო კონტროლი და რა მოხდა შემდეგ, არ იცის.
7. მისივე განმარტებით იგი დაკითხა გამომძიებელმა და მისცა იგივე ჩვენება, რასაც ეხლა ამბობს.
8. მოწმის გ------- დ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ----------------------–--------------–--ს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2014 წელს მუშაობდა შსს კ------------–-–--------------------ის დეტექტივების სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. სექტემბრის თვეში მათ დაიწყეს გამოძიება პ----- ს------–--ის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და გადმოტანის ფაქტზე. მათ ქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ პ----- ს------–--ეს წ-----–------ის გამშვები პუნქტიდან უნდა გადმოეტანა ნარკოტიკული საშუალება. მისი და შ-------------ს შემადგენლობით შედგა ჯგუფი. მათ ასევე ყავდათ მძღოლი რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს. მათ სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ პ----- ს------–--ე უნდა გამოსულიყო საზღვარზე და არ შეეფერხებინათ, ვინაიდან, უნდა ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. ისინი პ----- ს------–--ეს საბაჟოში ელოდებოდნენ. პ----- ს------–--ემ დაახლოებით დილით თერთმეტი-თორმეტის ნახევარზე გადმოკვეთა საზღვარი. მათ ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი. პ----- ს------–--ემ სასაზღვრო კონტროლი ისე გაიარა, რომ ფიზიკურად არავის შეუმოწმებია. პ----- ს------–--ეს ხელჩანთა არ ქონია. შემდეგ გავიდა შენობიდან, ისინი გაყვნენ, არავის არ შეხვედრია და ტაქსებისკენ გაიარა, ამ დროს გააჩერეს პ----- ს------–--ე და განუმარტეს, რომ ქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, დააკავეს, გაჩხრიკეს და მისგან წინა ჯიბიდან ამოიღეს 11 ფირფიტა „აქტიფედი“. მეორე წინა ჯიბიდან საფულე და ტელეფონი. საფულეში პირადი ნივთები ქონდა მოთავსებული. მანვე ბრალდებულის სახით დაკითხა პ----- ს------–--ე.
9. მოწმის შ-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა----------------------------–--ში. 2013 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოში. 2014 წლის 12 სექტემბერს გამომძიებელ გ----------------–---–თან ერთად მივიდა წ-----–------ის გამშვებ პუნქტზე. გ----------------–---–მა იქაური პატრულის და საბაჟოს ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ პ----- ს------–--ეს ოპერატიული ინფორმაციის თანახმად საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება და არ შეეფერხებინათ. ის და გ----------------–---–ი იქვე იმყოფებოდნენ, რომ თვალყური ედევნებინათ პ----- ს------–--ისათვის. იგი შემოსვლის მომენტიდან თვალყურს ადევნებდა პ----- ს------–--ეს და სულ ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ ყავდა. პ----- ს------–--ეს ეცვა თეთრი ფერის გრძელი პალტო, თეთრი ნაჭრს შარვალი და თეთრი ფეხსაცმელი, პალტოს შიგნით რა ეცვა არ ახსოვს. პ----- ს------–--ეს გააჩერეს მაშინ, როდესაც ტაქსებისკენ მიდიოდა. ჩხრეკისას პ----- ს------–--ემ მათ გადასცა 11 ფირფიტა, ასევე ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე.
10. მოწმის კ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ აკურაში. იგი არ იცნობს პ----- ს------–--ეს. იგი 2012 წლიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა ქ.თბილისში მაჩაბელის ქუჩა N16. იქ ასევე ცხოვრობდა სხვა კ-----------ე, იგივე ნომერში, კ-----------ე 39-40 წლისაა და ეხლა რუსეთში ცხოვრობს. მასთან ხანდახან აქვს კონტაქტი ინტერნეტით და ტელეფონით. კ-----------ე სახით გამხდარია და დაბალი. მან არაფერი იცის კ-----------ისა და პ----- ს------–--ის ნაცნობობის თემაზე. მას პ----- ს------–--ისთვის არასდროს უთხოვია რაიმე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანა.
11. მისივე განმარტებით, ერთხელ კ-----------ემ პ----- ს------–--ე დაანახა. იგი სახეზე იცნობს პ----- ს------–--ეს, სოლოლაკიდან. მაგრამ არანაირი ურთიერთობა არ ქონია, გამარჯობაც კი არასდროს უთქვამს პ.ს------–--ისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
12. სასამართლო წარდგენილი ბრალდების ნაწილში ვერ გაიზიარებს მოწმეების კ------- ა---–---ს, გ------- დ---------–---–ისა და შ-------------ს ჩვენებებს, ვინაიდან, აღნიშნული პირები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მოწმეებს არ წარმოადგენენ. ეს პირები, ბრალდების მხარეს, უნდა დაეკითხა პ----- ს------–--ის მიმართ ფსიქოტროპული ნივთიერების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ბრალდების საქმეში. თუ ასეთი მოწმეები არსებობდა, თანაც, სახელმწიფო მოხელეები, მათი დადგენა და შემდგომ დაკითხვა ამ ნაწილში, ბრალდების მხარეს არ უნდა გაჭირვებოდა. მითუმეტეს, რომ გ.დ---------–---–ი და შ.კ------ უშუალოდ მონაწილეობდნენ პ.ს------–--ის საქმის წარმოებაში, დაკავებასა და გამოძიებაში.
13. ბრალდების მხარის მტკიცებით, პ----- ს------–--ემ, როგორც მოწმემ, მისცა ცრუ ჩვენება, რასაც თან ერთვოდა ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.
14. სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ცრუ ჩვენების არსი არასწორად იქნა გაგებული, რადგან მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტს. პ----- ს------–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, კონკრეტული პირის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ცრუდ მხილების, დადანაშაულების, ბრალის დადების ფაქტს.
15. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მერვე ნაწილით გარანტირებულია, რომ არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის დანაშაულის სუბიექტად არ ითვლება ბრალდებული, როდესაც ის ჩვენებას იძლევა საკუთარ თავზე, ვინაიდან, ბრალდებული შეზღუდული არ არის გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოსამართლეს ავალდებულებს, რომ სხვა უფლებებთან ერთად, ბრალდებულს ეს უფლებაც განუმარტოს. სწორედ ამიტომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა ცალკე გამოყო ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემის წესი და 74-ე მუხლით განსაზღვრა, რომ ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
17. აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდების მხარემ პრიორიტეტი მიანიჭა ბრალდებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას და სასამართლოში ბრალდებულის მიერ საქმის გარემოებების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია მიიჩნია ცრუ ჩვენებად და ბრალი დასდო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით.
18. ის გარემოება, რომ პ----- ს------–--ემ არ დაადასტურა საზღვარზე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ფაქტი არ შეიძლება გამოყენებული იყოს მის საწინააღმდეგოდ, მან გამოიყენა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და არ მისცა თავის თავის მამხილებელი ჩვენება.
19. რაც შეეხება ვინმე „ა-–---ს“ მხილებას მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.
20. თვითონ ბრალდების მხარემ ვერ დაადგინა პირი, რომლისგანაც პ----- ს------–--ემ შეიძინა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება. სწორედ ამიტომ მიუთითა ბრალის დადგენილებაში, რომ „ფსევდოეფედრინი“ პ.ს------–--ემ ვინმე „ა-–---სგან“ კ-----------ესთვის გადასაცემად შეიძინა.
21. მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ცრუდ ბრალდება, არის კონკრეტული პირის მხილება იმაში, რაც მას არ ჩაუდენია, (დაბრალება, დაბეზღება), რათა მას ბრალი დაედოს და მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. მართალია, კანონში უშუალოდ მითითებული არ არის დანაშაულის მიზანზე, მაგრამ თავად მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ცრუდ ბრალდების არსიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ ამ დანაშაულის მიზანია უდანაშაულო პირის ბრალდება. ცრუ ჩვენებით ბრალდებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმის გაცხადება, რომ ჩადენილია დანაშაული, არამედ უნდა იყოს მითითება იმაზეც, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ არავის ცრუ ბრალდება არ მომხდარა. ამიტომაც უთითებს კანონი, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს ცრუ ჩვენების მიცემის გზით პირის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში უსაფუძვლოდ მხილებას, ტყუილად დადანაშაულებას, რომ თითქოს მან ჩაიდინა დანაშაული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
22. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა მოწმე კ-----------ე, რომლისთვისაც პ----- ს------–--ეს ვითომდა უნდა გადაეცა „ა-–---სგან“ შეძენილი ფსიქოტროპული ნივთიერება.
23. გამოძიების ეტაპზეც კ-----------ის დაკითხვა განხორციელდა ელექტრონული წესით. მართალია ბრალდებულს გადაეცა კ.კ-----ის დაკითხვის ჩანაწერი, მაგრამ მისი გაცნობა, როგორც თვითონ ბრალდებული განმარტავს, ვერ მოხერხდა, არ იქნა უზრუნველყოფილი. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა კ-----------ის ჩვენების ვიდეოჩანაწერის დემონსტრირება, იმ მოტივით, რომ კ-----------ე იმყოფება საზღვარგარეთ და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ჩვენების გამოქვეყნების წესი გაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლში და მიუთითებს, რომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენება. აღნიშნული ნორმა ამოქმედდა 2016 წლის 20 თებერვლიდან. კ-----------ე კი გამოძიების სტადიაზე, ამ ნორმის ამოქმედებამდე, იყო დაკითხული და შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის თანახმად მოპოვებული ჩვენება. ასეთ ვითარებაში 243-ე მუხლს მიეცემოდა უკუქცევითი ძალა, რაც ბრალდებულის უფლებას დაარღვევდა, აღნიშნულის გათვალისწინებით ბრალდების მხარეს უარი ეთქვა ჩვენების გამოქვეყნებაზე.
24. სასამართლო იზიარებს ბრალდებულის მოსაზრებას, რომ კ-----------ესთან მისი კავშირი უნდა დადგენილიყო მისი ტელეფონიდან განხორციელებული ზარების გამოკვლევის გზით. ბრალდების მხარეს ქონდა შესაძლებლობა, რომ პ----- ს------–--ის დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისას გამოეკვლია მის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარები.
25. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში პ----- ს------–--ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, როგორც ბრალდებულმა, არ მისცა თავის თავის საწინააღმდეგო ჩვენება, მისი მსჯავრდება ცრუ ჩვენების მიცემისათვის შეუძლებელია. იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
26. გარდა აღნიშნულისა, 2015 წლის 29 დეკემბრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც განსხვავებულად ჩამოყალიბდა ხსენებული მუხლი, სახელდობრ, კანონმდებელმა ცრუ ჩვენება უკვე მიიჩნია მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლად და უნდა გამოიხატებოდეს, გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, გამოძიების დროს ან სასამართლოში.
27. სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლი განსაზღვრავს პირთა წრეს, რომლებიც არიან ამ დანაშაულის სუბიექტები, ესენი არიან გამოსაკითხი პირი, მოწმე ან დაზარალებული. ბრალდებული ამ ჩამონათვალში მითითებული არ არის. სასამართლო სხდომაზე ერთი წესით იკითხება დაზარალებული, მოწმე და ბრალდებული. თუმცა კანონმდებელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლში განსაზღვრა, რომ ეს არის ბრალდებულის ჩვენება, სახელდობრ, მიუთითა, რომ ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
28. ყურადღებამისაქცევია, რომ სასამართლოში მოწმის სახით იკითხება ბრალდებული და მასზე ვრცელდება მოწმის დაკითხვის წესი, მათ შორის, დებს ფიცს, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, რომ არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, რაც თავისთავად მის საზიანოდ არ შეიძლება იქნეს გამოყენებული.
29. პ----- ს------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მეორე ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოება „რასაც თან ერთვოდა ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში,“ შეიცვალა პ.ს------–--ისათვის სასიკეთოდ და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში,“ ანუ კანონმდებელმა მიუთითა, რომ ცრუ ჩვენება უნდა განხორციელდეს ბრალდებული პირის მიმართ. პ----- ს------–--ე თვითონ იყო ბრალდებული და სხვა ბრალდებული პირი სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა, ამდენად, ის ვერ ამხელდა სხვა ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში.
30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
32. პ----- ს------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
33. ნივთიერი მტკიცებულებები - 2015 წლის 07 აპრილის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 1 დისკის სახით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
34. კ-----------ის ტექნიკური საშუალებით დაკითხვის ვიდეო მასალა 1 ცალი დისკი შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
35. პ----- ს------–--ეს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
36. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
37. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური