გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
210210117001891789
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210117001891789

საქმე №2/340-17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27.02.2018 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ---------კი”;

წარმომადგენელი - ნ-----------ავა

მოპასუხე - ა------------ძე

და-–----------ძე

წარმომადგენელი_ და-------------–--ლი

 

დავის საგანი თანხის დაკისრება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს ა------------ძეს და და-–----------ძეს მოსარჩელე სს “თ---------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 27 ოქტომბრის კრედიტის, სოლიდაული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულეიდან გამომდინარე დავალიენბის -3453,75 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა _1676,44 ლარი, პროცენტი -231 ლარი და ჯარიმა -1546.01 ლარი.

1.2 მოპასუხეებს ა------------ძეს და და-–----------ძეს მოსარჩელე სს “თ---------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 16 მარტიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2015 წლის 27 ოქტომბრის, სოლიდარული ვალდებულებებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1676,44 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 50,29 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ა------------ძემ და და-–----------ძემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს. სხდომაზე მოპასუხეების ა------------ძის და და-–----------ძის წარმომადგენელმა და-------------–--ლმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს დამატებით ანაცხადა, რომ ბანკის მხრიდან ასევე პირგასამტეხლოს მოთხოვნაც შეუსაბამოა და უნდა შემცირება 10-ჯერ. რაც შეეხება 2017 წლის 16 მარტიდან მიუღებელი შემოსავლის წლიური 36%-ის ოდენობით სარგებლის დაკისრებას, მოპასუხეების წარომადგენელი მიიჩნევს რომ აღნიშნული არ ყოფილა ხელშეკრულებით გათვალიწინებული და აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეს ორჯერ იბეგრება, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელოვანი უდავო გარემოება მხარეთა შორის არ არსებობს.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელე სს „თ---------კსა“ და მოპასუხე ა------------ძეს შორის გაფორმდა კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 13 თვე, კრედიტის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2015 წლის 27 ოქტომბერს და კრედიტის დაფარვა დასრულებულიყო 2016 წლის 26 ნოემბერს. ხელშეკრულებით ასევე გათვალიწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე გრაფიკის ყოველი დარღვევისას 10 ლარი და დავალიანების თანხის 1% პირველი 10 დღის განმავლობაში. 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შეთხვევაში გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღის შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 27 ოქტომბრის კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება

 

3.2.2. 2015 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელე სს „თ---------კსა“ და მოპასუხე და-–----------ძეს შორის გაფორმდა კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად და-–----------ძემ ძირითად მსესხებელ ა------------ძესთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობა განისაზღვრა 3250 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 27 ოქტომბრის კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება

 

3.2.3. მოპასუხეების ა------------ძის და და-–----------ძის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 17 მარტის მდგომარეობით 2015 წლის 27 ოქტომბრის კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3453,75 (სამი ათას ოთხასორმოცდაცამეტი ლარი და სამოცდახუთმეტი თეთრი) საიდანაც ძირი თანხაა 1676,44 (ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი, პროცენტი 231,30 (ორას ოცდათეტრთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარი, ჯარიმა 1546,01 (ათას ხუთასორმოცდაექვსი ლარი და ერთი თეთრი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2.4. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი);

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2.5. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ, კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა, მოპასუხეს აკისრია ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, მაგრამ, სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სარჩელით მოთხოვნილი ჯარიმა (პირგასამტეხლო), რომელიც იქნა მოთხოვნილი მოსარჩელის მიერ 2015 წლის 27 ოქტომბრის კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე _1546,01 (ათას ხუთასორმოცდაექვსი ლარი და ერთი თეთრი) ლარი, მეტია დარიცხულ პროცენტზე და იგი თითქმის ტოლია ძირ თანხაზე.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანკის მხრიდან განხორციელებული მოქმედება პირგასამტეხლოს სახით _ ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრების ნაწილში ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებსა და შესაბამისად, საჯარო წესრიგს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ იგი გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1546,01 (ათას ხუთასორმოცდაექვსი ლარი და ერთი თეთრი) ლარის ნაწილში არათანაზომიერია და უნდა შემცირდეს გონივრულ თანხამდე ორჯერ - 773 (შვიდას სამოცდაცამეტი ლარი) ლარამდე.

 

3.2.6 სარჩელით ასევე მოთხოვილია ამავე ხელშეკრულებიდან გამოდინარე ძირ თანხაზე 1676,44 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შედგენს - 50,29 ლარს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას სრულად, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული 36% ოდენობით საბანკო დაწესებულება აუცილებალად მიიღებდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა და შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. მაგრამ ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს არც თავად კრედიტორის და არც მოვალის უსაფუძვლო გამდიდრება. ასევე თავად საკრედიტო დაწესებულების მიერ ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული მაჩვენებებით ლარში გაცემული სესხების პროცენტული მაჩვენებელი იწყება წლიური 10%-იდან.შესამაბისად

სასამართლოს მიაჩნია რომ ბანკის მიერ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 36% სარგებლის გადახდა ცდება საკრედიტო ბაზარზე დადგენილ გონივრულ მოლოდინებს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მიუღებელ შემოსვლის ნაწილში ზიანის ანაზღაურება უნდა დაკმაყოფილდეს წლიური 10 % ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 13,97 ლარს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 131-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 403, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამომღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელე სს „თ---------კსა“ და მოპასუხე ა------------ძეს შორის გაფორმდა კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 13 თვე, კრედიტის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2015 წლის 27 ოქტომბერს და კრედიტის დაფარვა დასრულებულიყო 2016 წლის 26 ნოემბერს. ხელშეკრულებით ასევე გათვალიწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე გრაფიკის ყოველი დარღვევისას 10 ლარი და დავალიანების თანხის 1% პირველი 10 დღის განმავლობაში. 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შეთხვევაში გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღის შემთხვევაში.

 

2015 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელე სს „თ---------კსა“ და მოპასუხე და-–----------ძეს შორის გაფორმდა კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად და-–----------ძემ ძირითად მსესხებელ ა------------ძესთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შესრლებინა აღნიშნული ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობა განისაზღვტა 3250 ლარი,მოპასუხეების ა------------ძის და და-–----------ძის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 17 მარტის მდგომარეობით 2015 წლის 27 ოქტომბრის კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3453,75 ( სამი ათას ოთხასორმოცდაცამეტი ლარი და სამოცდახუთმეტი თეთრი) საიდანაც ძირი თანხაა 1676,44( ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი, პროცენტი 231,30 (ორას ოცდათეტრთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარი , ჯარიმა 1546,01 (ათას ხუთასორმოცდაექვსი ლარი და ერთი თეთრი) ლარი.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დავალიანების დაფარვა ძირითადი თანხისა და პროცენტის სახით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. შესაბამისად დადგენილია, რომ მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პროცენტზე და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი არ წარმოადგენს არაგონივრულ ოდენობას.

 

ამასთან დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების ა------------ძის და და-–----------ძის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 16 მარტის მდგომარეობით 2015 წლის 27 ოქტომბრის კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტი არის 231,30 (ორას ოცდათეტრთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარი, რაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ სასამართლო ხაზს უსვავს, რომ გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. სარჩელით მოთხოვნილი ჯარიმა (პირგასამტეხლო), რომელიც იქნა მოთხოვნილი მოსარჩელის მიერ 2015 წლის 27 ოქტომბრის კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე _1546,01 (ათას ხუთასორმოცდაექვსი ლარი და ერთი თეთრი) ლარი, მეტია დარიცხულ პროცენტზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1546,01 (ათას ხუთასორმოცდაექვსი ლარი და ერთი თეთრი) ლარის ნაწილში არათანაზომიერია და უნდა შემცირდეს გონივრულ თანხამდე ორჯერ - 773 (შვიდას სამოცდაცამეტი ლარი) ლარამდე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ.

მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის ცალსახად განსაზღვრავს მიუღებელი შემოსავლის ცნებას, რომელიც გულისხმობს სარგებელს, რასაც მხარე მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად დადგენილია, რომ 2015 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელე სს „თ---------კსა“ და მოპასუხე ა------------ძეს შორის გაფორმდა კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 13 თვე, კრედიტის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2015 წლის 27 ოქტომბერს და კრედიტის დაფარვა დასრულებულიყო 2016 წლის 26 ნოემბერს. ამასთან მოსარჩელე სარჩელით ითხოვს 2017 წლის 16 მარტიდან ამავე ხელშეკრულებიდან გამოდინარე ძირ თანხაზე 1676,44 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შედგენს - 50,29 ლარს.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა გარკვეულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა. ამასთან დადგენილია, რომ საბანკო კრედიტი უნდა დაფარულიყო 2016 წლის 26 ნოემბერს, ხოლო ბანკი მიუღებელ შემოსავალს ითხოვს 2017 წლის 16 მარტიდან.

 

ამასთან სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას სრულად, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული 36% ოდენობით საბანკო დაწესებულება აუცილებალად მიიღებდა 2017 წლის 16 მარტიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა და შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. მაგრამ ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს არც თავად კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება, იმ ვითარებაში როდესაც ხელშეკრულებაში უკვე ჩადებულია პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულს არ უნდა მოჰყვეს ასევე არც მოვალის უსაფუძვლო გამდიდრება, რომ იგი გათავისუფლდეს დამდგარი პასუხისმგებლობისაგან. ასეთ ვითარებაში გათვალისწინებულ უნდა იყოს საკრედიტო დაწესებულებების ოფიციალურ ვებ გვერდებზე განთავსებული მონაცემები და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილია პროცენტული მაჩვენებლები. აღნიშნულიდან გამომდინარე საკრედიტო დაწესებულების მიერ ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული მაჩვენებელებით ლარში გაცემული სესხების პროცენტული მაჩვენებელი იწყება წლიური 10%-იდან. შესამაბისად სასამართლოს მიაჩნია რომ ბანკის მიერ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 36% სარგებლის გადახდა ცდება საკრედიტო ბაზარზე დადგენილ და მოთხოვნილ გონივრულ მოლოდინებს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მიუღებელ შემოსვლის ნაწილში ზიანის ანაზღაურება უნდა დაკმაყოფილდეს წლიური 10 % ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 13,97 ლარს. აღნიშნული სასამართლოს ანალიზის საფუძველზე იმ ვითარებაში როდესაც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მოვალეს უკვე ეკისრება პირგასამტეხლო წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას რაც არ ეწინააღმდეგება დადგენილ პრაქტიკასა და ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სფეროში დადგენილ პროცენტულ მაჩვენებლებს.

 

6.5 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტი წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.

 

ამდენად, სასამარლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იიმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, გადახდილია სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი და სახელმწიფო ბაჟი 157.93 ლარის ოდენობით, შესაბამისად სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემცირდა პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავლის სახით სარგებლის ოდენობა.

 

შესაბამისად, მოპასუხეებს ან--------------ს და და-–----------ძეს სოლიდარულად სს „თ---------კის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 85,45 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

ასევე დავის საგანს წარმოადგენდა 4057.23 ლარი, მოსარჩელემ კი გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 157.93 ლარი, შესაბამისად სს „საქართველოს ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 36,21 ლარის ოდენობით. დანარჩენი გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად.

 

საგადასახადო დავალება N4-ით 13.04.2017 წელი დადგენილია, რომ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული აქვს ხარჯი 210,57 ლარის ოდენობით, შესაბამისად ვინაიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი მოგებული დავის საგნის (2848.38) 4% უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ რაც შეადგენს 113.93 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 20.04.2017 წელის განჩინებით სს "თ---------კის" შუამდგომოლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ან--------------ს, პირადი N3----------, აეკრძალა უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ვე-------ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 2328,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/1საცხოვრებელი განაშენების ფართი: 135 კვ.მ. საკადასტრო კოდი:55.07.52.0-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,თ---------კის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ა------------ძეს და და-–----------ძეს მოსარჩელე სს “თ---------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2680,74 (ორი ათას ექვსასოთხმოცი ლარი და სამოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა, (საიდანაც ძირი თანხაა 1676,44 (ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი, პროცენტი 231,30 (ორას ოცდათეტრთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარი, ჯარიმა 773 (შვიდას სამოცდაცამეტი) ლარი) (მოვალე და-–----------ძის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული თანხა შეადგენს 3250 ლარს).

 

2.1 მოპასუხეებს ა------------ძეს და და-–----------ძეს მოსარჩელე სს ,,თ---------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 16 მარტიდან 2015 წლის 27 ოქტომბრის კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1676,44 (ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 10% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 13,97 (ცამეტი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარს.

 

3. მოპასუხეებს ა------------ძეს და და-–----------ძეს სოლიდარულად სს „თ---------კის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 85,45 (ოთხმოცდახუთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფიოს ბაჟის 50 (ორმოცდაათი ლარი) ლარისა და იურდიული მომსახურების ხარჯის 113.93 ლარის გადახდა.

 

4. სს „თ---------კს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 36,21(ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარი. (სს თ---------კი საგადასახადო დავალება N6; 13.04.2017 წელი გადახდილი თანხა 157,93 ლარი).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი