გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
190210017002027392
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1618-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.02.2018 წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე

მოსარჩელეები ა---------– წ---–--ა

ი----- ხ------ი

წარმომადგენელი ანდრონიკ სარიბეკოვი

მოპასუხეები პ-–------ წ-----ე

წარმომადგენელი როინ მოსეშვილი

რ----- ჭ-----ე

დავის საგანი ყადაღისაგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 29 ივნისს შედგენილ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები 1. ტელევიზორი LG, შავი ფერის; 2. სახლის კინო-თეატრის LG ხმის გამაძლიერებელი 4 (ოთხი) ცალი მოგრძო ზომის, ერთი მცირე ზომის; 3. კუთხე სავარძელი 4 (ოთხი) ნაჭრით; 4. მაცივარი BEKO, რუხი ფერის ორკამერიანი; 5. გაზქურა BEKO, რუხი ფერის; 6. სარეცხის მანქანა 7 LG კგ; 7. კომპიუტერი, მონიტორი LG პროცესორი შავი ფერის, მაუსი, კლავიატურა; 8. კომპიუტერის მაგიდა, მინის, შავი ფერის; 9. ტელევიზორი SONY ვერცხლის ფერის; 10. ვიტრინა ხის, მუქი წაბლის ფერი.

 

მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება კრედიტორი პ-–------ წ-----ის სასარეგბლოდ, ხოლ მოვალეა რ----- ჭ-----ე. ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა დააყადაღა მოძრავი ნივთები, რომლებიც მდებარეობს მოსარჩელე ა---------– წ---–--ას საცხოვრებელ ბინაში - რუსთავი, სააკაძის ქ. 6, ბინა 7. უძრავი ქონება რ----- ჭ-----ისაგან შეიძინა ა---------– წ---–--ამ 2014 წლის 30 ოქტომბერს. დაყადაღებული ნივთები არის ა---------– წ---–--ას საკუთრება, რადგან ბინის შეძენის შემდეგ ნივთები მას გადაეცა, ხოლო სარეცხი მანქანა მის შვილს და რძალს აჩუქა ი----- ხ------მა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე რ----- ჭ-----ემ წერილობითი შესაგებელში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი. 2014 წელს ბინა სადაც ნივთები დააყადაღეს, მიჰყიდა ა---------– წ---–--ას. მას დაუტოვა ბინაში არსებული ყველა ნივთი. ბინაში ამჟამადაც ცხოვრობენ მისი მეუღლე და შვილი, რომლებთანაც დაშორებულია წლების მანძილზე. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ძირითადად ცხოვრობს ხარაგაულის რაიონის სოფელ ქვებში.

 

2.2. მოპასუხე პ-–------ წ-----ემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ----- ჭ-----ე ამ დრომდე რეგისტრირებულია რუსთავში, ს--------------–-------------- ბინაში და ცხოვრობს ამ მისამართზე ოჯახთან ერთად. შესაბამისად, სადაო ნივთები მისი საკუთრებაა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე რ----- ჭ-----ისათვის დაკისრებული თანხის 14 000 აშშ დოლარის იძულებით გადახდევინების მიზნით დაყადაღებულია შემდეგი საყოფაცხოვრები დანიშნულების მოძრავი ნივთები.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულების ნოდარ შოთაძის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს შედგენილია აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლის მიხედვით დაყადაღებულია შემდეგი ნივთები:

1. ტელევიზორი LG, შავი ფერის;

2. სახლის კინო-თეატრის LG ხმის გამაძლიერებელი 4 (ოთხი) ცალი მოგრძო ზომის, ერთი მცირე ზომის;

3. კუთხე სავარძელი 4 (ოთხი) ნაჭრით;

4. მაცივარი BEKO, რუხი ფერის ორკამერიანი;

5. გაზქურა BEKO, რუხი ფერის;

6. სარეცხის მანქანა 7 LG კგ;

7. კომპიუტერი, მონიტორი LG პროცესორი შავი ფერის, მაუსი, კლავიატურა;

8. კომპიუტერის მაგიდა, მინის, შავი ფერის;

9. ტელევიზორი SONY ვერცხლის ფერის;

10. ვიტრინა ხის, მუქი წაბლის ფერი.

 

აღნიშნული ნივთები აღწერილი და დაყადაღებულია შემდეგ მისამართზე: რუსთავი, ს---------------------. იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს კრედიტორის პ-–------ წ-----ის სასარგებლოდ, ხოლო მოვალეა რ----- ჭ-----ე. იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს ნოტარიუსის 2017 წლის 19 მაისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმად რ----- ჭ-----ეს პ-–------ წ-----ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 14 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- დაყადაღების აქტის ასლი (ს.ფ. 13-15. ტომი 1)

 

3.2.2. რუსთავში, ს--------------------- ა---------– წ---–--ამ შეიძინა 2014 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებით რ----- ჭ-----ისაგან. უძრავ ქონებასთან ერთად დაყადაღებული ნივთები გადაეცა ა---------– წ---–--ას.

 

2014 წლის 30 ოქტომბერს დადებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ა---------– წ---–--ასა და რ----- ჭ-----ეს შორის, რომლის მიხედვით ა---------– წ---–--ამ რ----- ჭ-----ისაგან შეიძინა უძრავი ქონება – რუსთავში, სააკაძის ქ N6, ბინა 7 კოდი 0------------------. ნასყიდობის ფასია 35 000 აშშ დოლარი.

 

საჯარო რეესტრში ამ ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა---------– წ---–--ა.

 

მოსარჩელეების განმარტებით, სადაო ნივთები ა---------– წ---–--ას გადაეცა ბინასთან ერთად და განთავსებული იყო მის მიერ შეძენილ ბინაში. ბინაში დროებით ცხოვრობენ რ----- ჭ-----ის ოჯახის წევრები. დაყადაღებული ნივთებიდან სარეცხი მანქანა შეიძინა ი----- ხ------მა, იგი არის რ----- ჭ-----ის ვაჟიშვილის სიდედრი და სარეცხი მანქანა სარგებლობისათვის შვილს გადასცა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამ ნორმის შესაბამისად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის განაწილებულია თანაბრად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის ევალება სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებების დამტკიცება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულების ერთერთი სახეა მხარის ახსნა განმარტება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილია მტკიცებულებების შეფასების საპროცესო პრინციპი, ამ ნორმის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამ ნორმის საფუძველზე არც ერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა არა აქვს და მისი შინაარსი სამქისათვის მნიშვნელობსი მქონე გარემოების დადასტურების ან უარყოფისათვის მტკიცებითი მნიშვნელობისაა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შესაბამისად, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით უნდა გამოიტანოს დასკვნა იმის შესახებ, რომელი მტკიცებულებები/მტკიცებულეებით დასტურდება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება და რას ემყარება სასამართლოს მოსაზრება.

 

ამ შემთხვევაში სადაოა მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, დაყადაღებული მოძრავი ნივთები კი არის საოჯარო მოხმარებისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ავეჯი - ტელევიზორი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, დივან-სავარძელი, ჭურჭლის კარადა, ასევე კომპიუტერი.

 

ეს ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ ბინაში, რომლის მესაკუთრეა მოსარჩელე ა---------– წ---–--ა, ხოლო ბინის ყოფილი მესაკუთრეა მოვალე რ----- ჭ-----ე. მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია 2014 წლის 30 ოქტომბერს, რაც სადაო გარიგება არ არის.

 

მოპასუხე პ-–------ წ-----ის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვედიდან გაკეთებული ამონაწერის მიხედვით დასტურდება, რომ რ----- ჭ-----ის რეგისტრირებული მისამართია რუსთავი, გიორგი ს---------------------.

 

ის გარემოება, რომ რ----- ჭ-----ე რეგისტრირებულია იმ ბინაში სადაც სადაო ნივთებია დაყადაღებული და ბინაში ამჟამად რ----- ჭ-----ის ოჯახის წევრები ცხოვრობენ, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნივთები რ----- ჭ-----ის საკუთრებად შეიძლება მივიჩნიოთ. რ----- ჭ-----ის მიერ უძრავი ქონება გასხვისებულია, იგი მესაკუთრე არ არის, ბინაში განთავსებული, ამჟამად დაყადაღებული მოძრავი ნივთები, განკუთვნილია საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებისათვის, წარმოადგენს იმ პირის საკუთრებას, ვინ არის ბინის მესაკუთრე. საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება ევალება იმ პირს, რომლის სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენს ამ ნივთებზე დაადასტუროს ამა ბინის მესაკუტრის, არამედ სხვა პირის საკუთრების უფლება.

 

განსახილველ საქმეში მოპასუხე პ-–------ წ-----ის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების მტკიცება, რომ ბინის გასხვისების მიუხედავად რ----- ჭ-----ე სადაო მოძრავი ნივთების მესაკუთრეა, რომ ეს ნივთები ბინის მესაკუთრეს არ გადასცემია ან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ გარიგება არ არის ნამდვილი გარიგება. მოპასუხეს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება სარეცხ მანქანაზე ი----- ხ------ის სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერი N1573939531, რომლის თანახმად, ი----- ხ------ს გადახდილი აქვს სს თიბისი ბანკისათვის 2017 წლის 21 მარტს 560 ლარი სესხის სრულად დასაფარას, სწრაფი განვადება 1,4019113-8585052.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის ახსნა-განმარტების და ამ წერილობითი მტკიცებულების ერთობლივი განხილვის და შეფასების შედეგად დასტურდება ის გარემოება, რომ სარეცხი მანქანა შეიძინა იზამზე ხ------მა და არ არის მოვალე რ----- ჭ-----ის მიერ შეძენილი ნივთი. მოსარჩელის განმარტებით, ი----- ხ------ი არის რ----- ჭ-----ის შვილის სიდედრი და სარეცხი მანქანა სარგებლობისათვის გადასცა შვილის ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სადაო ბინაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ნივთი შეძენილია 2017 წელს, მას შემდეგ, რაც სადაო ბინა რ----- ჭ-----ისაგან შეიძინა ა---------– წ---–--ამ. შესაბამისად, ეს ნივთი ბინასთან ერთად არ გადასცემია შემძენს და წარმოადგენს იმ პირის საკუთრებას, ვინც ნივთი შეიძინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სალარო შემოსავლის ორდერის ასლი (ს.ფ. 27. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-.7 ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 52-57 ტომი 1)

- ამომრჩეველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (ს.ფ. 63. ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დაყადაღების აქტიდან უნდა ამოირიცხოს მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 158-ე, 186-ე, 151-ე, 170-ე, 172-ე მუხლები

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 32-ე, 40-ე, 44-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

განსახილველ საქმეში დავის საგანია მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, ხოლო ნივთები წარმოადგენს იძულებითი აღსრულების საგანს და აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაკისრებული ფულადის ვალდებულების იძულებით აღსასრულებლად.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სადაო ნივთები დაყადაღებულია რ----- ჭ-----ის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას, ხოლო იძულებითი აღსრულება დაწყებულია კრედიტორის პ-–------ წ-----ის სასარგებლოდ თანხის გადახდევინების მიზნით. ამდენად, სააღსრულებო წარმოებაში რ----- ჭ-----ე არის მოვალე, შესაბამისად, იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მიხედვით თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი.

 

განსახილველი სარჩელი არის მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილ მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რადგან მოსარჩელეები აცხადებენ პრეტენზიას დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შესახებ. შესაბამისად, უნდა შეფასდეს დაყადაღებული ნივთებზე საკუთრების უფლება ეკუთვნის თუ არა მოვალეს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დაცულია იმ პირთა უფლებები, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთის მფლობელის მიმართ არსებობს მის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რადგან ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი ამავე დროს არის მისი მესაკუთრე. მოძრავი ნივთის მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს შემძენის ინტერესებს იმით, რომ მოძრავი ნივთის შეძენის დროს კანონი შემძენს არ ავალდებულებს დოკუმენტალურად შეამოწმობის გასაყიდ ნივთზე გამყიდველის საკუთრების უფლება. ამ ნორმის მიხედვით, მოძრავი ნივთის მფლობელობა საკმარისია მფლობელის მესაკუთრედ აღიარებისათვის. მოძრავ ნივთზე პირის საკუთრების უფლების არსებობის პრეზუმფცია ვრცელდება იმ დრომდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ხოლო საწინააღმდეგოს დამტკიცება იმ პირის ვალდებულებაა, რომელიც აცხადებს ნივთზე საკუთრების უფლების პრეტენზიას.

 

აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არის ავეჯი და საოჯახო ელექტროტექნიკის მოწყობილობები.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი დაყადაღებული მოძრავი ნივთების შეძენის შესახებ დოკუმენტაცია, თუმცა ეს ფაქტი არ აქარწყლებს ამ ნივთზე მათი საკუთრების უფლების არსებობას. უძრავი ქონება, სადაც ნივთები დააყადაღა აღმასრულებელმა, არის ა---------– წ---–--ას საკუთრება. დაყადაღებული ნივთები განთავსებული და დამონტაჟებულია ამ მისამართზე და განკუთვნილია ოჯახის საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე ივარაუდება, რომ ეს მოძრავი ნივთები ეკუთვის იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, სადაც ეს ნივთებია განთავსებული და დამონტაჟებული და გამოიყენება ამ უძრავ ქონებაში მცხოვრები პირების მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, 1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. 2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად. ამ ნორმის საფუძველზე უძრავი ნივთის საკუთვნებელს წარმოადგენს ამ უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთი, რომელიც განკუთვნილია მთავარი ნივთის - უძრავი ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში სადაო ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ ბინაში, რის გამოც მათი დანიშნულებაა საცხოვრებელი ბინის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დანიშნულებით სარგებლობაში მომსახურება, ბინაში მცხოვრებ პირთა ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო საჭიროებების მომსახურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლიდან გამომდინარეობს კანონისმიერი პრეზუმფცია, იმის შესახებ, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის იმ პირს, რომლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში განთავსებულია ეს ნივთები და გამოიყენება სამეურნეო დანიშნულებით. ეს ვარაუდი არსებობს მანამ, ვიდრე პირი, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული (მოცემულ შემთხვევაში _ მოპასუხე კრედიტორი) დამაჯერებლად არ გააქარწყლებს ამ ვარაუდს. ამდენად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების სარჩელის განხილვის დროს, ისეთ შემთხვევაში როცა დაყადაღებული ნივთები განთავსებულია მესამე პირის და არა მოვალის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფციის გასაქარწყლებელი ფაქტის დადასტურება. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის მოვალეს. კრედიტორმა პ-–------ წ-----ემ ვერ გააბათილა ეს პრეზუმფცია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული ნივთები არის მოსარჩელეების ა---------– წ---–--ას და ი----- ხ------ის საკუთრება, რადგან განთავსებულია მის ა---------– წ---–--ას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში და განკუთვნილია მისი ოჯახის საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). ეს ნორმა ითვალისწინებს იმ პრეზუმფციას, რომ მოვალესთან აღმოჩენილი მოძრავი ნივთები არის მოვალის საკუთრება. თავის მხრივ ეს პრეზუმფცია გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლიდან, რომლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამდენად, ეს ნორმა სასამართლო აღმასრულებელს აძლევს უფლებას მოვალის საკუთრებად მიიჩნიოს მოვალის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთები და არ ავალდებულებს თითოეულ ნივთზე საკუთრების უფლება დოკუმენტურად შეამოწმოს.

 

ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების სარჩელის არსი სწორედ ამ პრეზუმფციის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან მოსარჩელე საკუთრების უფლების პრეტენზიას აცხადებს დაყადაღებულ ნივთებზე. მოსარჩელის დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 44-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფცია გარწყლდება და დაყადაღებული ნივთი მოსარჩელეს უბრუნდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავი ქონება, სადაც ნივთები მდებარეობს და დამონტაჟებულია, არ ეკუთვნის რ----- ჭ-----ეს, ბინა მან გაასხვისა 2014 წელს, რის გამოც მოძრავი ნივთების საკუთრების შესახებ პრეზუმფცია (სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი) ვრცელდება ა---------– წ---–--ას მიმართ, რადგან ნივთები მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარეობს.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის საფუძველზე, მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის საკმარისია მესაკუთრის მიერ ნივთის შემძენის მფლობელობაში გადაცემა. ამ შემთხვევაში სახეზეა მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის 186-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა გარემოება, რაც სადაო ნივთებზე მოსარჩელეების საკუთრების უფლებას ადასტურებს.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რადგან დაყადაღებული ნივთები არის მოსარჩელეების საკუთრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეები მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მათ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე რ----- ჭ-----ემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე ცნო სარჩელი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოსარჩელეებისათვის სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე პ-–------ წ-----ეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ა---------– წ---–--ას და ი----- ხ------ის სარჩელი;

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 29 ივნისს შედგენილი დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები -

1. ტელევიზორის LG, შავი ფერის;

2. სახლის კინო-თეატრის LG ხმის გამაძლიერებელი 4 (ოთხი) ცალი მოგრძო ზომის, ერთი მცირე ზომის;

3. კუთხე სავარძელი 4 (ოთხი) ნაჭრით;

4. მაცივარი BEKO, რუხი ფერის ორკამერიანი;

5. გაზქურა BEKO, რუხი ფერის;

6. სარეცხის მანქანა 7 LG კგ;

7. კომპიუტერი, მონიტორი LG პროცესორი შავი ფერის, მაუსი, კლავიატურა;

8. კომპიუტერის მაგიდა, მინის, შავი ფერის;

9. ტელევიზორი SONY ვერცხლის ფერის;

10. ვიტრინა ხის, მუქი წაბლის ფერი;

 

2. პ-–------ წ-----ეს დაეკისროს ა---------– წ---–--ასა და ი----- ხ------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 120 ლარის, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების მიხედვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი