განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100117002028434
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/189-2017 წ.
12 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი დ-------------–---–ი,დაცვის მხარე - ადვოკატი პ----------–----ე, ე---–------------ე,ბრალდებული - კ----–------------–--ე (დაბ. 0--------- წელს, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–----------–---თ, ნასამართლევი, დაოჯახებული, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, პ-----–---–---–ი ქ. N2---------- და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, ა----------სქ. N----------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი და ამავე მუხლის მესამე ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
კ----–------------–--ემ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 7,65 მმ კალიბრის ,,FN browning model 1922’’ მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს - პისტოლეტს და ორ ცალ 7,65 მმ კალიბრის ,,browning“ საბრძოლო ვაზნას, რომლებსაც 2017 წლის 03 ივლისს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქ. ბათუმში ფ------------–--–ის გამზირი #15 ჩიხის ტერიტორიაზე, რაც ამოღებული იქნა იმავე დღეს მისი პირადი ჩხრეკისას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–-----–---მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მიმდინარე წლის 03 ივლისს საღამოს დაახლოებით 17 საათზე მიიღო ინფორმაცია, რომ კ----–------------–--ე უკანონოდ ინახავს და ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს და გადაადგილდება ფ------------–--–ის გამზირზე, რაც მოახსენა ოპერატიულ მორიგეს და პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დადგინდა მისი ვინაობა და დაიწყო გამოძიება.
მოწმის ი-----–-----–--ის ჩვენება დადასტურებულია მის მიერ შედგენილი 2017 წლის 03 ივლისის პატაკით, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 03 ივლისს მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ქ. ბათუმში ფ------------–--–ის გამზირი მე-15 ჩიხში ფეხით გადაადგილდება ქ. ბათუმში, პ-----–---–---–ის ქ.#2, ბინა 22-ში რეგისტრირებული კ----–------------–--ე, დაბ: 0--------- წელს, პ/ნ 5----------, რომელიც პირადად უკანონოდ უნდა ინახავდეს ცეცხლსასროლ იარაღს.
სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--------------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 03 ივლისს საღამოს საათებში კ----–------------–--ის შესახებ პატაკის სახით მიღებული ინფორმაცია გაატარა და მოახსენა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ--------------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 03 ივლისს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება, რის გამოც გამომძიებელ თ------------------სთან და მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ჯ---------–---–თან და გ---------–---------------სთან ერთად გავიდნენ და ფ------------–--–ის გამზირზე, შეაჩერეს კ----–------------–--ე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა. გამომძიებელმა კ----–------------–--ეს გააცნო ჩხრეკის დადგენილება, რის შემდეგაც მან დაწერა ხელწერილი პირად ჩხრეკაზე და ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც თვითონ მან წარმოადგინა მარცხენა ჯიბიდან ცეცხლსასროლი იარაღი, ჩხრეკის ოქმზე მოაწერა ხელი და რამე პრეტენზია არ განუცხადებია. ასევე არ გაუწევია წინააღმდეგობა და არც უარი არ უთქვამს ჩხრეკაზე.
სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თ------------------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შემოვიდა პატაკი და დაიწყო გამოძიება. თანამშრომლებთან ერთად გავიდა ადგილზე და შეჩერებული იქნა კ----–------------–--ე, რომელიც მოძრაობდა ფეხით. იმავდროულად მოვიდა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელთანაც ჰქონდა სატელეფონო საუბარი. კ----–------------–--ეს განუმარტეს, რომ გამოძიება იყო დაწყებული და გააცნო დადგენილება, რის შემდეგაც კ----–------------–--ის თანხმობით ჩატარდა მისი ჩხრეკა და მან თვითონ წარადგინა იარაღი, რის შემდეგაც დაკავდა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ---------–---------------მ და ამავე დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ---------–---–მა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა ე-------------–---მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 03 ივლისს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდა ფ------------–--–ის გამზირზე, სადაც დახვდა გამომძიებელი თ------------------ და ჩატარდა კ----–------------–--ის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ცეცხლსასროლის მაგვარი იარაღი, ორი ვაზნა და მჭიდი, რაც დაილუქა და გადასცა გამომძიებელს. ჩხრეკის მიმდინარეობისას არანაირი იძულება არ იყო. მის მიერ გადაღებული იქნა ფოტოები.
2017 წლის 03 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ფ------------–--–ის გამზირის მე-15 ჩიხში კ----–------------–--ის თანხმობით ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კ----–------------–--ემ ჯინსის შორტის წინა მარცხენა ჯიბიდან მისივე ხელით ამოიღო და წარადგინა ცეცხლსასროლი იარაღის პისტოლეტის მსგავსი საგანი, რომლის მჭიდში მოთავსებული აღმოჩნდა ერთი ცალი ვაზნა, ასევე ერთი ცალი ვაზნა აღმოჩნდა იარაღის ლულაში. კ----–------------–--ის განმარტებით აღნიშნული იარაღი იპოვა 2017 წლის 02 ივლისს ფ------------–--–ის გამზირზე ბენზინგასამართ სადგურ ,,ვისოლის“ მიმდებარედ და ინახავდა.
ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულებებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებმა ბ-----------–-ამ და რ-----------------–---მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
2017 წლის 04 ივლისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად იარაღი მჭიდით არის ქარხნული წესით დამზადებული ბელგიური წარმოების 7,65 მმ კალიბრის ,,FN Browning model 1922” მოდელის პისტოლეტი, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული უცხოური წარმოების 7,65 მმ ,,Browning“ 1900 წლის ნიმუშის ვაზნები, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.
ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა რ-------------მ.
შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღირცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს 2017 წლის 05 ივლისის წერილით დადგენილია, რომ კ----–------------–--ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი არ არის რეგისტრირებული.
დაცვის მხარემ აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოადგინა მტკიცებულებები, კერძოდ ბრალდებული კ----–------------–--ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 03 ივლისს იმყოფებოდა ხელვაჩაურში და ელოდებოდა მის მეუღლეს, რა დროსაც გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადავიდნენ პირები, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ სამმართველოს თანამშრომლები და მანქანაში ჩამჯდარიყო, სადაც ერთერთმა ამოიღო იარაღი და უთხრა, რომ თუ ხელს მოაწერდა ხმაურის გარეშე ყველაფერი მალე დამთავრდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისივე ტელეფონით მისწერდნენ მის ცოლს, რომ დაბრუნებულიყო სახლში, სადაც შემდეგ ბავშვის ლოგინში, რაღაც აღმოუჩნდებოდა იარაღი, ან სხვა რაიმე და მერე ემტკიცებინათ მას და მის ცოლს, რომ მისი იყო თუ არა, რის გამოც იძულებული გახდა მოეწერა ხელი ყველაფერზე, რის შემდეგაც გადაიყვანეს მანქანიდან, მანქანის საბარგულზე იდო იარაღი, რომელზეც უთხრეს, რომ აეღო და ჩაედო ჯიბეში, ხოლო მას შემდეგ რაც უთხრეს, რომ ჯიბიდან ამოეღო იარაღი გადაუღეს ფოტოსურათები, რის შემდეგაც გადაიყვანეს განყოფილებაში. მისივე განმარტებით იგი დააკავეს აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა და მერე მივიდნენ ხელვაჩაურის სამმართველოს თანამშრომლები. მანვე აღნიშნა, რომ როდესაც მანქანიდან გადაიყვანეს დაინახა, რომ იქვე იდგა სხვა მანქანა, სადაც ბიჭები ჰყავდათ დაჭერილები და მათ ხელები ჰქონდათ დადებული საბარგულზე და მას უყურებდნენ, თუ რატომ ჰყავდათ ისინი გაჩერებული მისთვის უცნობია. მას დაკავებამდე სამართალდამცავებთან ჰქონდა პრობლემები, ვინაიდან მანამდე ჩაუდეს ბიო და ექსტაზი, აღიარებას და თანამშრომლობას სთხოვდნენ, რაზეც არ თანხმდებოდა, რის გამოც ჰქონდათ ინტერესი და სთხოვდნენ ქალაქი დაეტოვებინა.
დაცვის მხარის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა მოწმეების დ------–------ის, ა----–------ის და ნ------–--–--ის გამოკითხვის ოქმები, რაც მხარეთა შეთანხმებისამებრ მიღებული იქნა როგორც პრეიუდიცია. მითითებული გამოკითხვის ოქმებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა დადგენილი.
სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა რა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებები, აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებისა თუ ვარაუდის არსებობა ან/და არარსებობა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს მტკიცებულებიდან, რის გამოც მნიშვნელობა აქვს მათ მიერ აღქმული და გადმოცემული ინფორმაციის უტყუარ და ლოგიკურ შესაბამისობას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
ასეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ბრალდებისა და დაცვის მხარის ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებები მოწმეთა ჩვენებების სახით, რომლებიც სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ ფაქტებს - მათი შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათ უტყუარობას, ერთმანეთთან თავსებადობას და შესაბამისობას, თუ რამდენად ზუსტად, წვრილმანებში და დეტალურად ადასტურებენ ისინი იმ ფაქტებს, რომლის დასადგენადაც არიან წარმოდგენილნი, ასევე მნიშვნელოვანია მათი წარმოშობის წყაროს შეფასება და სანდოობა.
სასამართლოს არ მიაჩნია სარწმუნოდ და უტყუარად ბრალდების მხარის მოწმის ზ------------–---ს ჩვენება, ვინაიდან საეჭვოა მისი აღქმის უნარი. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოწმემ უარი განაცხადა ფიცის დადებაზე. გარდა ამისა მან თავდაპირველად განმარტა, რომ კ----–------------–--ეს იცნობს და ერთხელ შეხვედრილიც არის. იგი მეგობართან ერთად ლუდს სვამდა, რა დროსაც მივიდნენ პიკაპებით და დაიჭირეს ყველა, დაადეს ბორკილები და წაიყვანეს განყოფილებაში, ბორკილები ვინ დაადო არ იცის, რაიმე საგამოძიებო მოქმედებას არ დასწრებია. განყოფილებაში დაკითხეს და გამოუშვეს, სადაც განმარტა, რომ მას არაფერი დაუნახავს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა მისი გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 03 ივლისს პოლიციის თანამშრომლებმა იქვე მდგომ ახალგაზრდა პიროვნებასთან ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო შემდეგ მას და მასთან მყოფ პირებს სთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა გამოკითხვის მიზნით, რის შემდეგაც ჩასხდნენ მათ მანქანაში და გაჰყვნენ პოლიციაში. იმ პიროვნებას ვისთანაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები არ იცნობს და არც სახელი იცის. ბრალდების მხარის შეკითხვაზე სწორია თუ არა მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება განმარტა, რომ სწორია.
დაცვის მხარის შეკითხვებზე განმარტა, რომ მას არ დაუნახავს თუ კ----–------------–--ე შეაჩერეს, ან მანქანაში ჩასვეს და გადმოიყვანეს, რადგან თავად დაიჭირეს, გადმოიყვანეს თავიანთი მანქანიდან და ჩასვეს სხვა მანქანაში და მეტი არაფერი დაუნახავს. ჩხრეკის პროცესს და იარაღის ამოღებას არ დასწრებია და კ----–------------–--ეც იქ არ დაუნახავს. მანვე განმარტა, რომ მისი ჩვენება წაიკითხა, თუმცა არაფერი არ დაუნახავს საერთოდ. პოლიციელების მხრიდან იძულებას და მუქარას არ ჰქონია ადგილი.
ბრალდების მხარის ხელახალ შეკითხვაზე განმარტა, რომ არ წაუკითხავს ჩვენება. კითხვაზე თუ რომელი ჩვენება უნდა იქნეს მიღებული განმარტა, რომ გამოძიებისას გამოკითხვის ოქმში მიცემული ჩვენება.
შესაბამისად სასამართლოს არ შეუძლია უტყუარად და სარწმუნოდ მიიჩნიოს მოწმის ზ------------–---ს მიერ მიცემული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რის გამოც სასამართლომ უარყო იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები ცალ-ცალკე აღებული და მთლიანობაში სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია, მათ შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე გარემოებებზე მიუთითებენ და ერთსა და იმავე ფაქტებს ადასტურებენ და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
სასამართლოს არ მიაჩნია სარწმუნოდ კ----–------------–--ის ჩვენება, ვინაიდან მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება მისი ჩვენების გარდა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომელთა ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია აფიქრებინოს მათი მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.
მოცემულ შემთხვევაში უმთავრეს მტკიცებულებას წარმოადგენს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, რომლის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, ვინაიდან ისინი დამარწმუნებლად, ყოველგვარი ყოყმანის, მერყეობის და ვარაუდების გარეშე გადმოსცემენ ფაქტებს და გარემოებებს, კერძოდ:
პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ კ----–------------–--ეს არ იცნობდნენ და მასთან რაიმე დამოკიდებულება ამ საქმის გარდა არ აკავშირებდათ. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებდეს, რომ ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული და მიკერძოებული პირები კ----–------------–--ის წინააღმდეგ და იძლევიან განზრახ ცრუ ჩვენებას.
ის გარემოება, რომ კ----–------------–--ის მიმართ პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა და მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, გარდა კ----–------------–--ის ჩვენებისა არ დასტურდება არცერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებითაც კი. ბრალდების მხარის მოწმეები ადასტურებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი თავად ნებაყოფლობით წარმოადგინა კ----–------------–--ემ და რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევია, მან წინასწარ ჩხრეკის დაწყებამდე ხელწერილით დაადასტურა მისი თანხმობა ჩხრეკის ჩატარებაზე, ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ჩხრეკა ჩატარდა კ----–------------–--ის თანხმობით, მას რაიმე შენიშვნა არ დაუფიქსირებია, ჩხრეკის ოქმი დაადასტურა ხელისმოწერით. ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა, ასევე დადასტურდა ნივთმტკიცებით, შედგენილი იქნა ოქმები, შესაბამისად ჩხრეკის მონაწილე მოწმეების ჩვენებებში და ჩხრეკის ოქმით დადგენილ გარემოებებში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდებულს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით. მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად.
დაცვის მხარე დაცვის განხორციელებისას ბრალდების მხარის ამ მტკიცებულებებს უპირისპირებს მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებას, რომ კონკრეტული ცეცხლსასროლი იარაღი „ჩაუდეს“ და ამ არგუმენტის გასამყარებლად, პოლიციელების მხრიდან სუბიექტური ინტერესის არსებობის, ან სხვა გარემოების დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, ან მათ უტყუარობაში ეჭვის შესატანად საპირისპირო მტკიცებულება სასამართლოს არ გააჩნია.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტით ტერმინში ,,იარაღი“ იგულისხმება – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. კ----–------------–--ისგან ამოღებული საგანი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღს.
დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,მ” და მ1 პუნქტებით საბრძოლო მასალაა მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად; საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებია მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა. კ----–------------–--ისგან ამოღებული საგნები ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება საბრძოლო მასალას.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ტ” პუნქტით იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო ,,ფ“ პუნქტით იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;
ამავე მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტით იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;
,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლში მითითებულია იმ პირთა წრე რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ასევე იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა კ----–------------–--ეს არ გააჩნდა, შესაბამისად მას მასთან არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შეძენილი ჰქონდა და ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ.
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როდესაც გადაადგილებისას ასეთი საგნები თან დააქვს პირს.
იარაღის შესახებ საქართველოს კანონის კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად ასეთი იარაღი და საბრძოლო მასალა კანონით დადგენილი წესით უნდა იქნეს შეძენილი და რეგისტრირებული, რომ შემდეგ გაიცეს ნებართვა მის ტარებაზე, ასეთი ნებართვა კ----–------------–--ეს არ გააჩნდა.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ კ----–------------–--ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა კ----–------------–--ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი წარმოადგენს ისეთ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია ხელყოფილი იქნეს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ან გამოყენებული იქნეს სხვა დანაშაულის ჩადენის საშუალებად, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
ამავე დროს სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი ძირითად სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას სხვა ალტერნატიული სასჯელის გარეშე და ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები (დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიას). შესაბამისად ბრალდებულს სასჯელად უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამავე დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლებით დადგენილი წესი სასჯელის დანიშვნისას, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით კ----–------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით (სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით) დანიშნული სასჯელის ჯარიმის მოუხდელი ნაწილიდან 3000 ლარი და საბოლოოდ დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
სასჯელის ზომის შერჩევისას თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედებას არ გამოუწვევია რაიმე მატერიალური ან არამატერიალური ზიანი. კ----–------------–--ეს არ გამოუყენებია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, არ გაუწევია წინააღმდეგობა, სხვა რაიმე დადებითი ან უარყოფითი გარემოებები მისი წარსული ცხოვრებიდან არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე კ----–------------–--ის მიმართ სანქციის ფარგლებში უნდა დაინიშნოს მინიმალურ ვადაზე სულ მცირე 1 წლით მეტი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, კერძოდ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელად უნდა დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელთა შთანთქმის წესით საბოლოო სასჯელად უნდა დაენიშნოს 05 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.
ნივთმტკიცების საკითხი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტით - თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება, შესაბამისად ნივთმტკიცების სახით არსებული პისტოლეტი და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ერთი ცალი ვაზნა უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ----–------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და 06 (ექვსი) თვის ვადით.
კ----–------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ კ----–------------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით) დანიშნული სასჯელი ჯარიმა 4000 ლარი და საბოლოოდ კ----–------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
კ----–------------–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2017 წლის 03 ივლისიდან.
ნივთმტკიცებად წარმოდგენილი პისტოლეტი და ერთი ცალი ვაზნა გადაეცეს სახელმწიფოს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი