გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.03.2018
საქმის ნომერი
190210017002025735
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1609-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.02.2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე გ--–- კ-----ე

წარმომადგენელი მაკა თინიკაშვილი, მალხაზ ალბორაშვილი

მოპასუხე მ----- კ-----ე

წარმომადგენელი ეკატერინე მიშველიძე, დავით სარიბეგოვი

დავის საგანი სამკვიდროს გაყოფა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2010 წლის 1 აპრილს მ----- კ-----ის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

1.2. გ--–- კ-----ის აღიარება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მემკვიდრედ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მხარეები არიან ძმები, ხოლო მათი მშობლები იყვნენ გოდერძი კ-----ე და ლუბა კ-----ე, გოდერძი კ-----ე გარდაიცვალა 2001 წლის 7 იანვარს, ხოლო ლუბა კ-----ე- 2002 წლის 21 იანვარს. გოდერძი კ-----ის სამკვიდრო ქონებაა რუსთავში, კ---------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, სადაც მშობლების გარდაცვალებამდე და დღემდე ცხოვრობს გ--–- კ-----ე. მ----- კ-----ე ცხოვრობდა მშობლებისგან განცალკევებით, იგი რეგისტრირებულია თბილისის აეროპორტის საერთო საცხოვრებელში, ხოლო მოგვიანებით 1994 წელს მას გადაეცა მიწის ნაკვეთი მენაშენეთა ამხანაგური სახლების მშენებლობისათვის. მ----- კ-----ეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია და ფლობას არ ადასტურებს მის მიერ ნოტარიუსში შემნახველი წიგნაკის წარდგენა, რადგან გაურკვეველია რა თანხა მიიღო მემკვიდრეობით ამ დოკუმენტის საფუძველზე. გ--–- კ-----ე მუდმივად ცხოვრობს სამკვიდრო ბინაში, იყენებს ყოველდღიურ ნივთებს. გ--–- კ-----ის მიერ ბინა პრივატიზებულია 2008 წელს, რისი გაუქმების შესახებ მ----- კ-----ეს დაწყებული აქვს დავა, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ მ----- კ-----ეს 2010 წელს მიღებული აქვს სამკვიდრო მოწმობა მამის სამკვიდროზე, რითიც მან მოტყუებით მთლიანად მიისაკუთრა სამკვიდრო და სხვა მემკვიდრეს შეუზღუდა მემკვიდრეობის უფლება.

 

სამკვიდროში შედის ასევე ს------–----–----ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებული არ არის. ეს ნაკვეთი 8 000 აშშ დოლარად გაასხვისა მ----- კ-----ემ და ამჟამად ქონებას ფლობს ბესიკ შევარდენიძე, თუმცა მათ შორის წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული არ არის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სხდომაზე სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

მშობლების გარდაცვალებამდე და მათი გარდაცვალების შემდეგაც სადაო ფართში ცხოვრობდა მ----- კ-----ე შვილთან და რძალთან ერთად, ხოლო მოსარჩელე მათი სიცოცხლის პერიოდში და გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ბინაში ოჯახთან ერთად. მ----- კ-----ე დედის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ გადავიდა სხვა სახლში საცხოვრებლად, თუმცა პერიოდულად მოდიოდა სადაო ბინაში და ყურადღებას აქცევდა სახლს. სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ ცნობილი იყო გ--–- კ-----ისათვის და მას ნოტარიუსში განცხადება არ წარადგინა, სამკვიდროს მიღების სურვილი არ გამოთქვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მამკვიდრებელ გოდერძი კ-----ის სამკვიდრო გაიხსნა 2001 წლის 7 იანვარს.

 

2010 წლის 19 მარტს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად გოდერძი კ-----ე გარდაიცვალა 2001 წლის 7 იანვარს. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2001 წლის 10 იანვარი აქტის ჩანაწერის N30.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 20, 150. ტომი 1)

 

3.2.2. გოდერძი კ-----ეს დარჩა 2 პირველი რიგის მემკვიდრე: შვილები გ--–- კ-----ე და მ----- კ-----ე. მათი დედა ლუბა კ-----ე გარდაიცვალა 2002 წლის 15 ნოემბერს.

 

საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის მიხედვით გ--–- კ-----ე დაიბადა 1960 წლის 15 სექტემბერს. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის მიხედვით მ----- კ-----ე დაიბადა 1957 წლის 16 სექტემბერს. მათ მშობლებად მითითებულნი არიან მამა გოდერძი კ-----ე, დედა ლუბა კ-----ე. ლუბა კ-----ე გარდაიცვალა 2002 წლის 15 ნოემბერს.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის გოდერძი კ-----ისა და ლუბა კ-----ის ქორწინების მოწმობა, რის გამოც ლუბა კ-----ე გოდერძი კ-----ის პირველი რიგის მემკვიდრედ ვერ მიიჩნევა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 19, 150. ტომი 1)

- გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 63. ტომი 1)

 

3.2.3. გოდერძი კ-----ის სამკვიდროში შედის რუსთავში, კიკვიძის ქ., N 12-ში მდებარე ბინა N9 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ ნაგებობა. რუსთავში, კ----------------–----------- ბინა N9 პრივატიზებულია გ--–- კ-----ის მიერ, ხოლო გოდერძი კ-----ის სამკვიდროზე სრული მოცულობით სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს მ----- კ-----ეს.

 

რუსთავში, კ----------------–----------- ბინა N9-ზე გოდერძი კ-----ემ მართლზომიერი უფლება მოიპოვა 1960 წლის 4 ნოემბერს გაცემული N166ა ორდერით, რომლის თანახმად აღნიშნული ბინა სარგებლობაში გადაეცათ ოჯახის უფროსს გოდერძი კ-----ეს, ხოლო ორდერში ოჯახის წევრებად მითითებულნი არიან ცოლი ლუბა კ-----ე და შვილები გ--–- კ-----ე და მ----- კ-----ე.

 

ქალაქ რუსთავის მერიის მიერ 2008 წლის 15 ივლისს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გ--–- კ-----ის საკუთრების უფლება. ამდენად, 2008 წლის 15 ივლისს ბინა პრივატიზებული გ--–- კ-----ის მიერ და რეგისტრირებულია მის საკუთრებად. მ----- კ-----ის მიერ აღძრულია ადმინისტრაციული სარჩელი რუსთავის მერიის და გ--–- კ-----ის მიმართ პრივატიზაციის შესახებ მერიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მ----- კ-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერის ბრძანება №1768, გაცემული 2008 წლის 23 ივნისს, ბათილად იქნეს ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობა №3415, გაცემული თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის მიერ 2008 წლის 15 ივლისს, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 25.07.2008 წლის №882008233381-03 გადაწყვეტილება და ქააქ რუსთავის მერიას დაევალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.

ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

 

გოდერძი კ-----ის სამკვიდროში შედის მართლზომიერი სარგებლობის უფლება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც გოდერძი კ-----ეს გადაეცა 1976 წელს საქართველოს სსსრ შსს მუშა-მოსამსახურეთა მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მიწის მიმაგრების აქტით N695, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობაა ნაკვეთი 10, კვარტალი 68.

 

2010 წლის 1 აპრილს ნოტარიუს მერი რეხვიაშვილის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით, გოდერძი კ-----ის სამკვიდრო უფლებებისა და მოვალეობების სრული მოცულობით მემკვიდრედ ცნობილია მ----- კ-----ე.

 

ნოტარიუსს მ----- კ-----ემ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართა 2010 წლის 1 აპრილს. მას სხვა მემკვიდრეების შესახებ არ მიუთითებია. სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველია მ----- კ-----ის მიერ სამკვიდროს დაუფლება. სამკვიდროს დაუფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია შემნახველი სალაროს წიგნაკი (ანგარიშის N2596) გაცემული შემნახველი ბანკის N7504/014 ფილიალის რუსთავის განყოფილების მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 22. ტომი 1)

- საკუთრების მოწმობა (ს.ფ. 20-21. ტომი 1)

- სამკვიდრო მოწმობის და სამკვიდრო საქმის ასლი (ს.ფ. 146-154. ტომი 1)

- მიწის მიმაგრების აქტი (ს.ფ. 246-255. ტომი 1)

 

3.2.4. გოდერძი კ-----ის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვთ გ--–- კ-----ეს და მ----- კ-----ეს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის» 85-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით: ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვენენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი.

ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას;

გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამათანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში.

დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძ-ლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია.

ე) სხვა საჯარო დოკუმენტები.

 

ინსტრუქციის ამ ნორმით განსაზღვრულია, რა ჩაითვლება სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენ დოკუმენტებად, ერთერთია მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას.

 

სამისამართო ბიუროს ცნობის თანახმად, გ--–- კ-----ე რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე რუსთავი, კახაბერ თაგორაშვილის ქ. N12, ბინა 9. ამ მისამართზე უწყვეტად რეგისტრირებულია 1979 წლის 14 დეკემბერიდან.

 

სამისამართო ბიუროს ცნობის თანახმად, მ----- კ-----ე რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე- თბილისი, აეროპორტის საერთო საცხოვრებელი. ამ მისამართზე უწყვეტად რეგისტრირებულია 1985 წლიდან.

 

მოპასუხე მ----- კ-----ის განმარტებით, იგი დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას, მის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, საბანკო ანაბრის წიგნაკს. მისი განმარტებით, მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟიშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა გოდერძი კ-----ის სახლში ქალაქ რუსთავში.

 

სამკვიდრო მოწმობაში მ----- კ-----ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია გოდერძი კ-----ის შემნახველი სალაროს წიგნაკი.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება მ----- კ-----ის მიერ სამკვიდროს დაუფლების გარემოებებს და განმარტავს, რომ რუსთავში მდებარე ბინაში ცხოვრობს მისი ოჯახი, მან განახორციელა ბინის გადაკეთების სამუშაოები, მოსარჩელეს სამკვიდრო არ მიუღია.

 

გოდერძი კ-----ემ რუსთავში, კ--------------, ბინა 9-ში 2010 წელს განახორციელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები - ბინაზე შეასრულა მანსარდის დაშენება შპს ზანას მიერ შედგენილი N007/2010 პროექტით, დაშენებულია მანსარდი საერთო ფართიბი 43,86 მ3, მანსადის სათავსოს ფართობია 33,75 მ3, მანსარდის მუცულობაა 87,75 მ3.

 

მხარეებმა სამკვიდროს დაუფლების გარემოებების საკითხზე მიუთითეს მოწმეთა ჩვენებები. მოსარჩელის მოთხოვნით დაკითხულნი არიან გულიკო ყურაშვილი და აგრაფინა კულალაღაშვილი.

 

მოპასუხის მოთხოვნით სხდომაზე ჩვენება მისცეს მანანა მარიამიძემ, ლაშა კ-----ემ (მ----- კ-----ის შვილი) და გივი ზურაბაშვილმა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმე №ას-283-268-2017 საკასაციო სასამართლომ სამკვიდროს დაუფლების მტკიცების პროცესში მოწმის ჩვენების მნიშვნელობაზე განმარტა, რომ „ საკასაციო პალატა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით მოწმის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ღირებულად მიიჩნევს, თუმცა, იზიარებს კასატორთა პოზიციას მათი შეფასების კრიტერიუმებისა და სისწორის თვალსაზრისით (სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა): მოწმის ჩვენებით უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მემკვიდრის მხრიდან იმგვარი მოქმედების განხორციელება, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, დადგენილად მიიჩნიოს, რომ მემკვიდრე ქონებას საკუთრად განიხილავდა, ეპყრობოდა მას, როგორც საკუთრების საგანს, რაც მის მართვა-განკარგვაში გამოიხატება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამავე ნორმის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის მტკიცება ეკისრება მოსარჩელე მხარეს“.

 

განსახილველ დავაში მოსარჩელე მოითხოვს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მამის სამკვიდროს დაეუფლა მხოლოდ იგი და მოპასუხეს სამკვიდრო არ მიუღია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნით დაკითხული მოწმეების ჩვენებით და თავად მოსარჩელის განმარტებით, არ დასტურდება რომ გოდერძი კ-----ის საკვიდროს დაეუფლა მხოლოდ მოსარჩელე გ--–- კ-----ე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამკვიდროს გაყოფის შესახებ დავაში სამკვდროს დაუფლების ფაქტის მტკიცების პროცესში მოწმის ჩვენება არის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომლის შეფასება ხდება ზემოთდასახებული ნორმით დადგენილი წესით. მოწმის ჩვენების სარწმუნოობის და დამაჯერებლობის შესახებ სასამართლო დასკვნას აკეთებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან შეპირისპირების და მათი ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე.

 

ორივე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების განმარტებით, გოდერძი კ-----ის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილები მოდიოდნენ კიკვიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც ცხოვრობდა მათი დედა ლუბა კ-----ე, ასევე მოდიოდნენ ამ ბინაში ლუბა კ-----ის გარდაცვალების შემდეგ. ბინაში რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრობდა მ----- კ-----ის ვაჟიშვილი მეუღლესთან ერთად. მ----- კ-----ე შვილებთან ერთად ამუშავებდა კორპუსთან არსებულ საბოსტნე მიწის ფართს.

 

გ--–- კ-----ის მიერ სამკვიდროს სარგებლობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსთავში, კ--------------, ბინა N9-ში სატელეფონო ნორმის აბონენტად 2001 წლის 21 თებერვლიდან ამ დრომდე რეგისტრირებულია გ--–- კ-----ე. მამკვიდრებელი გარდაიცალა 2001 წლის 7 იანვარს, რომლის მომდევნო 6 თვის გასვლამდე გოდერძი კ-----ის მიერ სამკვიდრო ბინაში სატელეფონო მომსახურების აბონენტად რეგისტრაცია და ფიქსირებული სატელეფონო კვანძის მონტაჟი მიუთითებს მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ბინის სარგებლობაზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთმითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამკვიდროს დაუფლების დამდგენად ის გარემოება, რომ შვილიშვილი მიდიოდა და კვირაობით რჩებოდა ბებიასთან. სასამართლოს განმარტა, რომ „ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულია ტრადიცია ბებია-შვილიშვილის ურთიერთობისა, რომელიც, როგორც წესი, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ხასიათდება და ბებიასთან შვილიშვილის ვიზიტი, თუნდაც ბებია სამკვიდრო ქონების მფლობელი იყოს, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს საკუთრებაში მიღებას არ ადასტურებს“.

საკასაციო სასამართლოს ამ განმარტების თანახმად, მემკვიდრის სტუმრობა, თუნდაც ხანგრძლივად სტუმრობა სამკვიდრო ქონებაში, სამკვიროს დაუფლებისკენ მიმართულ ქმედებად ვერ შეფასდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამდენად, სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობაა სამკვიდროს მიღება. სამკვიდროს დაუფლების მიზანია სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შესაბამისად, სამკვიდროს დაუფლებად მიიჩნევა მემკვიდრის ისეთი ქმედება, რაც სამკვიდრო ქონების სარგებლობას, მართვას, მის მოვლა-პატრონობას გულისხმობს და მიუთითებს ქონების მიმართ მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღების ვადაა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვე. შესაბამისად, მემკვიდრეებმა სამკვიდროს მისაღებად აუცილებელი ქმედებები უნდა განახორციელონ ამ ვადაში. გოდერძი კ-----ე გარდაიცვალა 2001 წლის 7 იანვარს, რის მომდევნო 6 თვეში მის მემკვიდრეებს უნდა გამოევლინათ სამკვიდროს მიღების ნება.

გოდერძი კ-----ის შვილები რუსთავში, კ---------------ში მდებარე ბინაში მუდმივად არ ცხოვრობდნენ და სამკვიდროს გახსნის და მის შემდგომაც რამდენიმე წილის განმავლობაში მათ ძირითად საცხოვრებელ ადგილს ეს ბინა არ წარმოადგენდა. ბინაში გარკვეული დროით ცხოვრობდა მ----- კ-----ის ვაჟი, ხოლო გ--–- კ-----ეს და მ----- კ-----ეს ამ ბინასთან კავშირი არასდროს შეუწყვეტიათ. კერძოდ, ორივე მხარის მიერ მოწვეული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ მ----- და გ--–- კ-----ეს მშობლების გარდაცვალების შემდეგ მოდიოდნენ ბინაში, მ----- კ-----ე ოჯახის წევრებთან ერთად უვლიდა საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე საბოსტნე მიწის ფართს, ბინიდან წაიღეს საოჯახო ნივთები. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ გ--–- კ-----ე მშობლების გარდაცვალების შემდეგ პატრონობდა ბინას, სამეზობლო ურთიერთობაში იგი იხდიდა ბინის წილის შესაბამის თანხას საერთო ხარჯებში.

გ--–- კ-----ის მიერ სადაო ბინასთან მჭიდრო კავშირის დასტურია ის ფაქტი, რომ მან ბინაზე მანსარდის დაშენება განახორციელა. მართალია მიშენება განხორციელდა 2010 წელს, მაგრამ ეს არ არის იმის უარმყოფელი ფაქტი, რომ იგი სამკვიდროს ფლობას დროულად არ შეუდგა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელია მემკვიდრის აქტიური ქმედება, რაც მიუთითებს მისი, როგორც მესაკუთრის დამოკიდებულებაზე სამკვიდრო ქონების მიმართ, აშკარად გამოხატავს მემკვიდრის ნებას სამკვიდრო ნივთი გამოიყენოს, როგორც საკუთარი ქონება. ბინაზე მიშენების განხორციელება სწორედ ისეთი ქმედებაა, რაც ამ ქონების სარგებლობაზე მიუთითებს არა მარტო მიშენების განხორციელების დროის მონაკვეთში. ასეთი მასშტაბური სამშენებლო სამუშაოს შესრულება ადასტურებს გ--–- კ-----ის მჭიდრო კავშირს ბინასთან სამკვიდროს გახსნის დღიდან, რადგან ბინაში რომ სხვა მემკვიდრეს ეცხოვრა, გ--–- კ-----ის მიერ ასეთი სამუშაოების შესრულება შესაძლებელი არ იქნებოდა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეებს მიღებული აქვთ გოდერძი კ-----ის სამკვიდრო და სამკვიდრო მხოლოდ გ--–- კ-----ეს არ მიუღია.

მ----- კ-----ის მიერ სამკვიდროს მიღება დასტურდება მოსარჩელის იმ განმარტებით, რომ მ----- კ-----ემ გაასხვისა ს------–----–----ში მდებარე გოდერძი კ-----ის სამკვიდრო უძრავი ქონება. მართალია ქონების განკარგვა მოპასუხეს არ განუხორციელებია სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში, მაგრამ ეს სამკვიდროს დაუფლების უარმყოფელი გარემოება არ არის. სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედებები უნდა შესრულდეს სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ ვადაში, რაც არის მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მემკვიდრეების ქმედებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და არა მხოლოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთში. მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ მ----- კ-----ე მამის გარდაცვალების შემდეგ სისტემატიურად მიდიოდა მამის სამკვიდრო ბინაში, ხოლო მ----- კ-----ის მიერ სამკვიდროში არსებული სხვა უძრავი ქონების გასხვისება აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ იგი ამ ქონება დაუფლებული იყო, მართავდა, განკარგავდა მას როგორც საკუთარს. სამკვიდროს დაუფლების უარმყოფელი გარემოება არ არის ის ფაქტი, რომ ამ მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ გარიგება წერილობით არ არის დადებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთს გასხვისების და ამ ქონების ბესიკ შევარდენიძისათვის სარგებლობაში გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარჩელის განმარტებით. გარიგების ფორმის დაუცველობა შესაძლოა ქონების შემძენთან დავის საგანი გახდეს, ხოლო ამ გარიგების ფორმის დაუცველობა სამკვიდროს გაყოფის დავაში მემკვიდრეთა უფლებების წარმოშობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამდენად, მ----- კ-----ემ განკარგა მამის სამკვიდროში არსებული უძრავი ქონება, ქონების გასხვისების შედეგად თანხა მან მიიღო. შესაბამისად, მ----- კ-----ემ სამკვიდრო, როგორც საკუთარი ქონება განკარგა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- შემნახველი სალაროს წიგნაკი (ს.ფ. 153. ტომი1)

- მოწმეთა ჩვენება ( სხდომის ოქმები CD დისკები)

- მოპასუხის განმარტება (სხდომის ოქმები CD დისკი)

- მებაღეობის ამხანაგობის ტალონი (ს.ფ.246-154. ტომი 1)

- მანსარდის დაშენების პროექტი და ფოტოსურათები (ს.ფ. 100-115. ტომი 1)

- შპს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის 15.12.2017წ ცნობა (ს.ფ. 180. ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცნობილი იქნას გოდერძი კ-----ის სამკვიდროს ½ წილის მესაკუთრედ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

გოდერძი კ-----ის სამკვიდროში შედის რუსთავში, კ--------------. ბინაN9-ზე კანონიერი სარგებლობის უფლება, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში მდებარე 600 კვმ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე კანონიერი სარგებლობის უფლება.

 

ქალაქ რუსთავში, მდებარე ბინა მართალია სრულად პრივატიზებულია გ--–- კ-----ის მიერ, თუმცა პრივატიზაცია სადაოა იმ საფუძვლით, რომ პრივატიზაციის დროს არ არის გათვალისწინებული მ----- კ-----ის, როგორც ბინის მოსაგებლის და როგორც გოდერძი კ-----ის მემკვიდრის უფლებები.

 

გოდერძი კ-----ის მიერ ბინა პრივატიზებული არ იყო და მის საკუთრებად აღრიცხული არ იყო, თუმცა სამკვიდროში შედის არა მარტო რეგისტრირებულ უფლებები, არამედ მამკვიდრებლის კუთვნილი მართლზომიერი უფლებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ფონდში არსებულ და მოქალაქეთა მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ბინებზე პრივატიზაციის პროცესი დაიწყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილებით, რომლითაც გათვალისწინებულია ბინის საკუთრებაში გადაცემა ბინის დამქირავებლის და მისი ოჯახის წევრებისათვის. იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობას.

 

ამ შემთხვევაში, სამკვიდროში შედის ბინაზე მართლზომიერი სარგებლობის უფლება, რაც წარმოშობდა ბინის პრივატიზაციის მოთხოვნის უფლებას, რადგან სამკვიდროში შედის ქონებრივი უფლებები.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი ასევე გოდერძი კ-----ის სამკვიდრო ქონებაა, რადგან მასზე საკუთრების უფლება წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე, რომლის შესაბამისად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. გოდერძი კ-----ის ეს მიწის ნაკვეთი გადაეცა, როგორც კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობის წევრს.

 

საქართველოს მიწის კოდექსის 84-ე მუხლის მიხედვით, კოლექტიური მებაღეობისათვის საწარმოებს, ორგნიზაციებს და დაწესებულებებს მიწის ნაკვეთებს გამოუყოფენ ქალაქების გამწვანების ზონის ან სხვა დასახლებული პუნქტების საზღვრებს გარეთ, დასახლებული პუნქტების ტერიტორიათა პერსპექტიული გაფართოების გათვალისწინებით სახელმწიფო მარაგების მიწებიდან და სახელმწიფო სატყეო ფონდის იმ მიწებიდან, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტყის გაშენებისათვის. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, კოლექტიური მებღეობისა და მებოსტნეობისათვის საწარმოებს, ორაზაციებსა და დაწესებულებს მიწის ნაკვეთებს გამოუყოფენ უვადო სარგებლობაში ამ კოდექსის მე-13-მე-19 მუხლებით დადგენილი წესით.

ამდენად, კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართი გადაეცემოდა უვადო სარგებლობაში, შესაბამისად, ამხანაგობის თითოეულ წევრს მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა უვადო სარგებლობაში.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი; „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

 

ამ ნორმის შესაბამისად მებაღის წიგნაკი ან სხვა დოკუმენტი, რაც ადასტურებს მებაღეობის კოლექტიური ამხანაგობის მიერ კონკრეტული პირისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას და ამხანაგობის წევრობას, წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს. ამდენად, გოდერძი კ-----ეს ამ დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა მართლზომიერი უფლება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ფართზე, რომლის საკუთრებად რეგისტრაციის უფლება მისი სამკვიდრო უფლება, სამკვიდრო აქტივია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებებს, სამკვიდრო აქტივს, რაშიც იგულისხმება როგორც რეგისტრირებული უფლებები, ისე მართლზომიერად მიღებული ქონებრივი უფლებები. ამ ნორმის საფუძველზე გოდერძი კ-----ის სამკვიდროში შედის რუსთავში, კ--------------. ბინა9-ის კანონიერი უფლება და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–- კ-----ის მოთხოვნა მამის სამკვიდროს მემკვიდრედ აღიარების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გოდერძი კ-----ის სამკვიდრო თანაბარწილად უნდა გაიყოს მის ორ მემკვიდრეს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის შესაბამისად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამ ნორმის მიხედვით სამკვიდროდან კანონისმიერი მემკვიდრეების წილის თანაბარია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მამკვიდრებელთან მხოლოდ ნათესაური კავშირი არ არის სამკვიდროზე პირის უფლებების განსაზღვრისათვის საკმარისი საფუძველი. სამკვიდრო რომ მემკვიდრისა გახდეს, მემკვიდრემ იგი უნდა მიიღოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრის საკუთრების წარმოშობის საფუძველია სამკვიდროს მიღება, რადგან საკუთრების უფლება წარმოიშობა მიღებულ სამკვიდროზე. ამდენად, სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის სავალდებულოა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით სამკვიდროს მიღების ორი გზაა დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს ნებას მიიღოს და მართოს სამკვიდრო ქონება როგორც საკუთარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ.

 

მემკვიდრეობის მიღების ვადაა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვე. (სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენილია მემკვიდრეობის მიღების ორი გზა: 1. მემკვიდრეობის მიღება ნოტარიუსთან განცხადებით წარდგენით; 2. სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება და მართვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების ვადაში ნოტარიუსში განცხადების წარდგებით სამკვიდრო არ მიუღიათ, მხარეებს შორის დავას იწვევს მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების გარემოებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობაა სამკვიდროს მიღება, ასეთად უნდა ჩაითვალოს მემკვიდრის ისეთი ქმედებები, რაც გულისხმობს მემკვიდრის მიერ სამკვიდროზე მესაკუთრის უფლებების განხორციელებას - ქონების ფლობას და სარგებლობას, განკარგვას, ქონების მართვას.

 

სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელშიც მემკვიდრე გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, ნებას გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს: კერძოდ, მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების მიღებითა და განკარგვით, საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა.

 

გოდერძი კ-----ეს დარჩა 2 პირველი რიგის მემკვიდრე, რომელთაც სამკვიდრო მიიღეს კანონით დადგენილი წესით, ფაქტობრივი ფლობით. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დაუფლების უარმყოფელი გარემოება ვერ გახდება ის ფაქტი, რომ გ--–- კ-----ე არ ცხოვრობდა სადაო სახლში. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

გოდერძის კ-----ის მემკვიდრეები მუდმივად არ ცხოვრობდნენ რუსთავში, კიკვიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში, თუმცა ეს ფაქტი მათ არ უკარგავს უფლებებს სამკვიდროზე. სამკვიდროს დაუფლებისათვის კანონი არ ავალდებულებს მემკვიდრეს მუდმივ საცხოვრებლად აირჩიოს სამკვიდრო ქონება, რადგან მთელი სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე დაუფლებულია სამკვიდროში არსებულ სხვა ნივთს.

 

მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ გოდერძი კ-----ის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილები მ----- და გ--–- კ-----ე მუდმივად არ ცხოვრობდნენ რუსთავში, კიკვიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში, თუმცა ორივე მხარის მოთხოვნით დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი სისტემატიურად მოდიოდნენ ამ ბინაში როგორც ლუბა კ-----ის სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ, უვლიდნენ ბინას, ბინიდან წაიღეს ნივთები, რომლებიც ეკუთვნოდა მათ მშობლებს. გ--–- კ-----ის მიერ სამკვიდროს დაუფლება გამოვლინდა ასევე იმაში, რომ მან სამკვიდრო ბინაში ჩაატარა სამშენებლო სამუშაოები, რითიც გაიზარდა ბინის ფართი.

 

მ----- კ-----ის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ მან გაასხვისა ს------–----–----ში მდებარე მიწის ნაკვეთი და სახლი, რაც არის მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების განკარგვის შესახებ ნების გამოვლენა. ამდენად, მ----- კ-----ე დაეუფლა და განკარგა სამკვიდროში არსებული უძრავი ქონება, რითიც მან მოიპოვა საკუთრების უფლება მთელ სამკვიდროზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექისს 1451-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

გ--–- კ-----ეს და მ----- კ-----ეს სამკვიდროს დაუფლების შედეგად წარმოეშვათ საკუთრების უფლება მამის გოდერძი კ-----ის სამკვიდრო ქონებაზე, რის გამოც გოდერძი კ-----ის სამკვიდრო უნდა გაიყოს ორ მემკვიდრეს შორის თანაბრად. შესაბამისად, გ--–- კ-----ემ მოიპოვა საკუთრების უფლება მამის სამკვიდროს 1/2 წილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1469-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფის თაობაზე თანამემკვიდრეებს შორის შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს სასამართლო, რომელმაც ქონების გაყოფისას მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. შესაბამისად მოსარჩელეებს მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე სამკვიდროს გახსნის დღიდან კანონის საფუძველზე წარმოეშვათ საკუთრების უფლება, რის გამოც მათ უნდა მიეკუთვნოთ გოდერძი კ-----ის სამკვიდრო თანაბარწილად 1/2 წილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- კ-----ის მიერ მიღებული სამკვიდრო მოწმობა ბათილია გოდერძი კ-----ის სამკვიდროს ½ ნაწილში, რადგან ქონება ორმა მემკვიდრემ თანაბარწილად მიიღო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. 2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა. მ----- კ-----ის მოთხოვნით სამკვიდრო მოწმობა გაცემული გოდერძი კ-----ის მთელ სამკვიდრო უფლებებსა და მოვალეობებზე მხოლოდ ერთი მემკვიდრის მიმართ. ისეთ პირობებში, როცა სამკვიდრო მიღებული აქვს ორ მემკვიდრეს, სამკვიდრო მოწმობა უნდა გაბათილდეს ნაწილობრივ და გ--–- კ-----ე ცნობილი იქნას მამის გოდერძი კ-----ის სამკვიდროს ½ წილის მემკვიდრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ ნორმის შესაბამისად სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მოსარჩელეს ნაწილობრივ უნდა აუნაზღაურდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული ½ წილის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გ--–- კ-----ის სარჩელი;

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2010 წლის 1 აპრილს ნოტარიუს მერი რეხვიაშვილის მიერ მ----- კ-----ის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობა გოდერძი კ-----ის სამკვიდრო უფლებებისა და მოვალეობების ½ ნაწილში;

1.2. გ--–- კ-----ე ცნობილი იქნას გოდერძი კ-----ის სამკვიდროში არსებული უძრავი ქონების - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ნაგებობის ½ წილის მემკვიდრედ;

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა გოდერძი კ-----ის სამკვიდროს მესაკუთრედ აღიარების შესახებ;

 

2. მ----- კ-----ეს დაეკისროს გ--–- კ-----ისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 240 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი