გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
190210017002022423
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1592-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.02.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ნ----- ჟ----ე

წარმომადგენელი თეონა თუთბერიძე

მოპასუხე ა-–---------- გ------–--–---–ი

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ა-–---------- გ------–--–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2010 წლის 1-------ს დაბადებული საბა გ------–--–---–ის დაკისრებული ალიმენტის 90 ლარის გაზრდა და ყოველთვიურად 250 ლარის დაკისრება;

1.2. 2012 წლის 3 მაისს დაბადებული ნ---- გ------–--–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 250 ლარის დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მხერეესბ ჰყავთ ორი არასრუწლოვანი შვილი სანა დ ნ---- გ------–--–---–ები. მოპასუხეს 2010 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა საბა გ------–--–---–ის სარჩენად ალიმენტის 80 ლარის გადახდა, რის შემდეგ მხარეები შერიგდნენ და შეეძინათ მეორე შვილი ნ---- გ------–--–---–ი. ამჯამად მხარეები დაშორებულები არიან და მარტო მას უწებს შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა. მოპასუხე არ იჩენს მატერიალურ მზრუნველობას შვილების მიმართ, მოსარჩელის განმარტებით, მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა, აქვს მცირე შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე არ ცნო. მისი განმარტებით, მას არა აქვს მოთხოვნილი ალიმენტის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა. მცირე ხნით მუშაობდა ვაგონშემკეთებელ კომპანიაში, მაგრამ ამჟამად არსად მუშაობს და დროებითი სამუშაოებით მიღებული შემოსავლის გარდა სხვა შემოსავალი არა აქვს. აქედანაც 100-200 ლარის ფარგლებში იღებს საზღაურს და სტაბილური შემოსავალი არა აქვს. მოსარჩელე ამჟამად უმუშევარი არ არის, მუშაობს მაღაზიაში „ვეჯინი“ გამყიდველად და ჰყავს ბავშვების აღზრდაში დამხმარე ძიძა.

(27.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. ნათი ჟ----ესა და ა-–---------- გ------–--–---–ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი – საბა გ------–--–---–ი და ნ---- გ------–--–---–ი, რომლებიც იზრდებიან მოსარჩელე ნ----- ჟ----ის ოჯახში. საბა გ------–--–---–ის სარჩენად მოპასუხეს დაკისრებული აქვს ალიმენტი ყოველთვიურად 90 ლარი.

 

დაბადების მოწმობის თანახმად, 2010 წლის 1-------ს დაბადებულია საბა გ------–--–---–ი, ხოლო 2012 წლის 3 მაისს დაბადებულია ნ---- გ------–--–---–ი. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ნ----- ჟ----ე, მამა – ა-–---------- გ------–--–---–ი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ----- ჟ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა-–---------- გ------–--–---–ს დაეკისრა არასრუწლოვანი შვილის 2010 წლის 1-------ს დაბადებული საბა გ------–--–---–ის სარჩენად ალიმენტის 90 ლარის გადახდა ყოველთვიურად 2010 წლის 12 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

მხარეთ განმარტევით, ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ისინი შერიდგნენ და შეეძინათ შვილი ნ---- გ------–--–---–ი. ამჟამად მხარეები დაშორებულნი არიან, ა-–---------- გოჩოელიშვილ ჰყავს სხვა ოჯახი, ხოლო ბავშვები იზრდებიან ნ----- ჟ----ის ოჯახში, მასთან ცხოვრობენ. ბავშვის აღზრდაში მოსარჩელეს ეხმარებიან მშობლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 15-16. ტომი 1).

- გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 17. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებებით (27.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2.2. ა-–---------- გ------–--–---–ი ამჟამად დასაქმებული არ არის და ხელფასის სახით ყოველთვიური შემოსავალი არა აქვს. ნ----- ჟ----ე დასაქმებულია მაღაზიაში ვეჯინი გამყიდველის პოზიციაზე.

 

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვალს გაცემული ინფორმაციის თანახად, ა-–---------- გ------–--–---–ს 2017 წლის განმავლობაში მიღებული აქვს ხელფასი შპს ვაგონშემკეთებელ კომპანიაში 7360 ლარის ოდენობით (დასაბეგრი ხელფასი). ასევე პოლიტიკური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსგან“ მიღებული აქვს ხელფასი 2017 წლის ნოემბრის თვეში 150 ლარის ოდენობით (დასაბეგრი ხელფასი). საერთო ჯამში 2017 წლის განმავლობაში მას ხელფასის სახით დარიცხული აქვს 880 ლარი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადის სახით დაქვითულია 176 ლარი.

 

მოპასუხის სხვა შემოსავლების შესახებ მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ შეიძლება შეფასდეს უკიდურესად მძიმედ, რადგან მას რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა არა აქვს, რის გამოც შეუძლია დასაქმდეს და მიიღო ისეთი შემოსავალი, რაც საკუთარო თავის და არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის აუცილებელია. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე 2017 წლის სექტემბერსა და ნოემბერში. საქმის განხილვამდე ცოტა ხნით ადრე, დასაქმებული იყო. მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა, შესაბამისად, მას აქვს უნარი დასაქმდეს, სტაბილურად გამოიმუშავოს იმდენი შემოსავალი, რომ დააკმაყოფილოს არასრულწლოვანი შვილების მინიმალური მატერიალური მოთხოვნილებები საკები პროდუქტების, სასწავლო ნივთების და სეზონურად აუცილებელი სამოსის შეძენის საკითხში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- შემოსავლების სამსახურის წერილის ასლი (ს.ფ. 34. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა თითოეული შვილისათვის 130 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 12212-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.

· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად მიიჩნევს ბავშვის ინტერესს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, 1. მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს,უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. 2. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.

 

მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს მათი არასრულწლოვანი ასაკის გამო (არიან 7 და 5 წლის ასაკში) სწორი აღზრდა განვითარების და ფიზიკური განივითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვებს ასაკის გამო აქვთ განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები, სასწავლო ნივთები, წიგნები და სასკოლო ინვენტარი. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა არის ორივე მშობლის ვალდებულება.

 

ალიმენტის ოდენობა გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე განისაზღვრება, ხოლო ამ პრინციპების რეალიზაციის მიზნით ალიმენტის თანხის ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლების უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რადგან ბავშვის უფლებების კონვენციის მიხედვით, მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოსარჩელე ნ----- ჟ----ე მამის ინტენსიური და უშუალო დახმარების გარეშე ზრდის ორ არასრულწლოვან შვილს. მართალია იგი დასაქმებულია, თუმცა არა აქვს ისეთი შემოსავალი, რომ მეორე მშობლისგან მცირე მატერიალური დახმარება საკმარისი იყო ბავშვების აღზრდისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ორი მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის განსაკუთრებული ძალისხმევის გაღება და მატერიალური სახსრების დახარჯვაა საჭირო, მაგრამ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლების ფინანსური შესაძლებლობის და მათი უნარების ფარგლებში, მათი სოციალური პირობების პროპორციულად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ალიმენტის თვეში საერთო ჯამში 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდა ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას. დადგენილი ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, რადგან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია მისი შეცვლა მხარეთა მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში (სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი). კანონის თანახმად, ალიმენტის ოდენობა უნდა იყო გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რეალურად რა ოდენობის თანხის გადახდა შეუძლია მოპასუხეს. ალიმენტის მიმღების ინტერესია რეალურად მიიღოს თანხა და იგი რეალურად მოხმარდეს შვილის აღზრდას. მოპასუხე ამჟამად დასაქმებული არ არის, მას არა აქვს ისეთი შემოსავალი, რომ გონივრულად ჩაითვალოს ყოველთვიურად 500 ლარის საალიმენტო ვალდებულების დაკისრება.

 

ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის განკუთვნილი თანხა, რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლების უნარების და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რადგან ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ყველა ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და ამის მიხედვით ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.

 

კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის, კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებულია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. მოსარჩელე მართალი დასაქმებულია, თუმცა მას მაღალი შემოსავალი არა აქვს, იგი ზრუნავს ორ არასრულწლოვან შვილზე დამოუკიდებლად, რის გამოც უწევს მის სარჩენად ყოველდღიურად ხარჯების გაღება და ზრუნვა. ზემოთმითითებული გარემოებების გამო მოსარჩელეს დამოუკიდებლად ან მინიმალური დახმარებით არ შეუძლია შვილების სათანადოდ მატერიალური უზრუნველყოფა.

 

მოპასუხეს უფროსი შვილის სარჩენად დაკისრებული აქვს ალიმენტი თვეში 90 ლარი, რაც სასამართლოს საკმარის და გონივრულ თანხად არ მიაჩნია. ეს თანხა დაკისრებულია 2010 წელს, როცა ბავშვი იყო 6 თვის. ამჟამად ბავშვი არის 7 წლის 7 თვის, იგი არის სასკოლო ასაკის, რის გამოც მის აღზრდის საკითხში მატერიალური დანახარჯი გაიზარდა, მას სჭირდება სწავლისათვის საჭირო წიგნები, სასკოლო ინვენტარი, ასევე ფიზიკური განვითარებისათვის აუცილებელი საკვები, სამედიცინო მომსახურება. ამ ხარჯების ასანაზღაურებლად მოპასუხის მიერ 90 ლარის გადახდა არაგონივრულია.

 

მოპასუხეს მართალია მუდმივი ან სტაბილური სამსახური არა აქვს, სამეწარმეო საქმიანობა მისი შემოსავლის წყარო არ არის, მაგრამ ეს ალიმენტის გადახდის საკითხში არაგონივრულად მცირე თანხის გადახდის წინაპირობა არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, იგი შრომისუნარიანია და აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს, არჩინოს როგორც საკუთარი თავი და ოჯახის წევრები, ისე მისგან განცალკევებით მცხოვრები არასრულწლოვანი შვილები. მოპასუხე ყოველდღიურად მისი შვილების აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს, ყოველდღიურად ხარჯების გაწევა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, ეს საკითხები მთლიანად მოსარჩელის გადასაწყვეტია. მოპასუხის ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მას ამჟამად სტაბილური შემოსავალი არა აქვს, ყოველთვიურად ალიმენტის 130-130 ლარის გადახდა გონივრულია, რადგან მოპასუხეს აქვს უნარი გამოიმუშავოს ყოველთვიურად ეს თანხა და მინიმალურად დაეხმაროს მეორე მშობელს ბავშვების აღზრდაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 24 ივლისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. ალიმენტის გაზრდის მოთხოვნაზე დავის საგნის ღირებულებაა: გაზრდილი ოდენობის (40 ლარის წლიური ოდენობა) ალიმენტი 481 ლარის და დაკისრებული ალიმენტის წლიური ოდნეობის 1560 ლარის საერთო ჯამი 2040 ლარი. სსსკ 39-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარს. ამ დავაში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 100 ლარი, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ----- ჟ----ის სარჩელი;

 

1.1. გაიზარდოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა-–---------- გ------–--–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2010 წლის 1-------ს დაბადებული საბა გ------–--–---–ის სარჩენად დაკისრებული ალიმენტი 90 ლარი და დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის 130 ლარის გადახდა;

1.2. ა-–---------- გ------–--–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2012 წლის 3 მაისს დაბადებული ნ---- გ------–--–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 130 ლარის გადახდა.

1.2. ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2017 წლის 24 ივლისიდან;

 

2. ა-–---------- გ------–--–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი