გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2018
საქმის ნომერი
080210017001935594
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210017001935594

№2/1263-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - დ----- გ-----ძე;

წარმომადგენელი - კ--- კ----ლაშვილი;

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ-----მ თ------რია;

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 აგვისტოს N3404/კ ბრძანება დ----- გ-----ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

1.2. დ----- გ-----ძე აღდგენილ იქნას გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ პოზიციაზე.

1.3. დ----- გ-----ძეს 2016 წლის 12 აგვისტოდან აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, ყოველთვიურად 1700 ლარის ოდენობით, სამუშაოზე აღდგენამდე.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლიდან მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემაში, გავლილი აქვს გზა რიგითი სპეციალისტის თანამდებობიდან სამსახურის უფროსობამდე, ყოველთვის პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. მიუხედვად აღნიშნულისა, მოპასუხემ 2016 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ ბრძანება უსაფუძვლოა და კანონმდებლობის დარღვევითაა მიღებული.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს N3404/კ ბრძანების საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-7 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, 2009 წლის 20 იანვრის N35/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის“ 32-ე მუხლის „ზ“ პუნქტი, 33-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „მ“ პუნქტები, 37-ე მუხლის პირველი პუნქტი

ს, 38-ე მუხლის სამი მუხლისა და 38-ე ოთხი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 2016 წლის 1 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტის დადგენის მიზნით, მოპოვებული მასალის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გარეშე პირი ე------ კ------–-ძე თვეების განმავლობაში, ხშირი ინტენსივობით, დაუბრკოლებლად შედიოდა ქუთაისის იუსტიციის სახლის იმ სივრცეში (დერეფანში, სამუშაო ოთახებში), სადაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ იმერეთის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები, არაერთგზის ჰქონდა ადგილი კონფლიქტს, რაც სტრესულ მდგომარეობაში აგდებდა თანამშრომლებს და ხელს უშლიდა ოფისის ნორმალურ მუშაობას. დ----- გ-----ძემ, როგორც სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სააგენტოს ხელმძღვანელობას არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ, არ მიიღო ზომები თანამშრომლებისათვის ნორმალური სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ამასთანავე, მისი უმოქმედობა ირიბად წარმოადგენდა სააგენტოს დისკრედიტაციისაკენ მიმართულ საქციელს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ დ----- გ-----ძე 2005 წლის 28 მარტიდან მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2009 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით დ----- გ-----ძე ასრულებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას, აღნიშნული ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობების განმავლობაში დასაქმებულზე ვრცელდებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის მოქმედება. დ----- გ-----ძე ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის სამუშაოს აღწერილობას გაეცნო 2009 წლის 5 ოქტომბერს, რაც მან დაადასტურა ხელის მოწერით. მის მოვალეობაში შედიოდა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საქმიანობის წარმართვა. იგი ანგარიშვალდებული იყო სააგენტოს თავმჯდომარის და სააგენტოს თავმჯდომარის იმ მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებდა მის სამსახურეობრივ ზედამხედველობას, ასევე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსების წინაშე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2005 წლის 28 მარტის ბრძანება (იხ. ს.ფ. 38);

– 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება (იხ.ს.ფ. 39);

–2007 წლის 09 იანვრის ბრძანება (იხ.ს.ფ. 40);

– 2009 წლის 06 ოქტომბრის ბრძანება (იხ.ს.ფ.45);

- ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის სამუშაოს აღწერილობა (ს.ფ 46-50);

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 16 მაისის ბრძანებით დ----- გ-----ძე გათვისუფლდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის უფროსის თანამდებობიდან და დაინიშნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1700 ლარით. აღნიშნული ბრძანების თანახმად, შრომითი ურთიერთობების განმავლობაში დასაქმებულებზე ვრცელდებოდა საჯარო რეესტრის სააგენტოს შრომის შინაგანაწესი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 16 მაისის ბრძანება (იხ. ს.ფ 57-58)

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2016 წლის 1 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის დავალებით, დაიწყო სამსახურეობრივი შემოწმება. მოპოვებული მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა: გარეშე პირი ე------ კ------–-ძე თვეების განმავლობაში, ხშირი ინტენსივობით, დაუბრკოლებლად შედიოდა ქუთაისის იუსტიციის სახლის იმ სივრცეში (დერეფანში, სამუშაო ოთახები), სადაც თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ იმერეთის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები. ასევე, დადგინდა, რომ ე------ კ------–-ძეს არაერთგზის კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა იმერეთის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებთან, რომლებსაც ეუბნებოდა, თითქოს ესაუბრებოდა იუსტიციის მინისტრის „დაქალს“ და სააგენტოს თავმჯდომარეს (როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ განმარტა, ე------ კ------–-ძეს საერთოდ არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არანაირი ფორმით არ ჰქონია), აღნიშნულით ის ცდილობდა იმერეთის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებს შექმნოდათ შთაბეჭდილება, რომ მას ჰყავდა გავლენიანი ნაცნობები. ასევე დადგინდა, რომ დ----- გ-----ძემ იცოდა ე------ კ------–-ძის ბიზნეს საქმიანობის შესახებ, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციებთან, ხოლო თანამშრომლებთან ე------ კ------–-ძის ხშირი კომუნიკაცია და „მისი გავლენა“ ზრდიდა რისკებს, რომ „ყოვლისშემძლე“ პირს, თანამშრომლებთან ურთიერთობა გამოეყენებინა თავისი ინტერესებისათვის. ამ ყველაფერს თვეების განმავლობაში ხედავდა და არავითარ ზომებს არ იღებდა იმერეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დ----- გ-----ძე, რომელიც მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო, როგორც ხელმძღვანელი პირი ყველა პირობა შეექმნა თანამშრომლებისთვის, რათა მათ ჰქონოდათ ნორმალური სამუშაო გარემო. ნაცვლად ამისა, ზოგიერთ თანამშრომელს უწევდა კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნა უცხო პირებთან, ხოლო თანამშრომლების უმეტესობა ამ კონფლიქტური სიტუაციის უშუალო თვითმხილველი იყო. აღნიშნული კონფლიქტური გარემო სტრესულ მდგომარეობაში აყენებდა ოფისის თანამშრომლებს, რაც გავლენას ახდენდა მათ მიერ თავიანთი უფლებამოსილების სრულყოფილ განხორციელებაზე და შესაბამისად ხელი ეშლებოდა ოფისის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

დ----- გ-----ძე, როგორც იმერეთის რეგიონული ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებული იყო აღეკვეთა გარეშე პირის ე------ კ------–-ძის ზემოაღნიშნული ქმედებები, ხოლო როგორც ანგარიშვალდებული პირი ე------ კ------–-ძის ქმედებების შესახებ ეცნობებინა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა.

დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა მოწმეებმა, კერძოდ, ს--–---ე ლ---------შვილის ჩვენებით, იგი მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრატორის თანამდებობაზე, 2016 წლის ივლისში იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით 12 საათზე მასთან სამუშაო ოთახში შევიდა ე------ კ------–-ძე, დაჯდა მის მოპირდაპირე მხარეს და ჰკითხა, რას აპირებ, რატომ არ ჩერდები, გავიგე მინისტრთან გინდა შეხვედრა და სამსახურის უფროსზე ლაპარაკიო, კითხვაზე კ------–-ძეს უპასუხა, რომ მასთან ასეთი საუბრის უფლება არ ჰქონდა და დაეტოვებინა ოთახი, ე------ კ------–-ძე დაემუქრა სამსახურიდან გაგდებით. მის პასუხზე, შენ არ ხარ ჩემი უფროსი და ვერ გამაგდებო, კ------–-ძე უფრო გაბრაზდა, გაიწია მისკენ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოთახში მყოფმა თანამშრომლებმა კ------–-ძეს დაატოვებინეს ოთახი და შეიყვანეს დ----- გ-----ძის კაბინეტში. მას და ე------ს ადრეც ჰქონდათ კონფლიქტი, ერთხელ როდესაც სამსახურის შენობაში არსებული სამზარეულოდან გამოვიდა, ვინაიდან ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა, ფეხით მიხურა კარი, რამაც მისდაუნებურად ხმაური გამოიწვია, ე------ კ------–-ძე ამ დროს იდგა დ----- გ-----ძესთან და სამტრედიის სამსახურის უფროსთან ერთად, მან ჩაავლო ხელი და ჩაიყვანა შეხვედრების ოთახში, სადაც დაემუქრა რომ გაათავისუფლებდა სამსახურიდან. მოწმის განმარტებით, ე------ი კ------–-ძე ხშირად შედიოდა მათთან ოთახში და ტელეფონით ლაპარაკობდა მისთვის უცნობ პირებთან, რა დროსაც ამბობდა, რომ ესაუბრებოდა იუსტიციის მინისტრის თ---–---–---იანის მეგობრებს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსს პ----ნა უ----ხელიძეს. ამ პერიოდში რეგისტრატორების ოთახში უცხო პირებს შესვლა არ შეეძლოთ, უფროსის ნებართვის გარეშე, ე------ კ------–-ძე კი თავისუფლად გადაადგილდებოდა და კორპორატიულ ღონისძიებებსაც ესწრებოდა.

მოწმე ეკ------ინე ტ----–-ძის ჩვენებით, მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრატორის თანამდებობაზე, 2016 წლის 29 ივლისს მათ სამუშაო ოთახში შევიდა ე------ კ------–-ძე, რომელმაც ს--–---ე ლ---------შვილს ჰკითხა, რა პრეტენზიები ჰქონდა საჯარო რეესტრთან, იგი უხეში ტონით სვამდა კითხვებს და ს--–---ე ლ---------შვილს ისიც უთხრა, რომ კომპიუტერს დაახეთქებდა თავზე, ს--–---ეს პასუხით გაღიაზიანებული იწევდა მისკენ, თუმცა თანამშრომლები აკავებდნენ. მისთვის როგორც ცნობილია, დ----- გ-----ძესთან ე------ კ------–-ძეს აქვს ნათესაური კავშირი, ამავე დროს იგი ერთერთი რეგისტრატორის სიძეა.

მოწმე ქ-----ან ვ------–-შვილის ჩვენებით, მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2016 წლის 29 ივლისს იმყოფებოდა სამუშაო ოთახში სხვებთან ერთად და ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ოთახში შევიდა ე------ კ------–-ძე და დაჟინებით მოსთხოვა ს--–---ე ლ---------შვილს ეთქვა, რა პრეტენზიები ჰქონდა საჯარო რეესტრთან. ს--–---ე ლ---------შვილმა უპასუხა, რომ ის არ იყო მისი უფროსი და არ აპირებდა მისთვის რაიმეს თქმას, ამაზე გაღიზიანდა ე------ კ------–-ძე და ს--–---ესაკენ გაიწია. თანამშრომლებმა იგრძნეს საფრთხე და შეაკავეს ე------ კ------–-ძე, ჩოჩქოლზე გამოვიდა დ----- გ-----ძე და ს--–---ეს უთხრა, პირადი პრობლემები გარეთ მოაგვარეთო, რაზეც ს--–---ემ უპასუხა, ეს არაა პირადი პრობლემა, ე------ კ------–-ძე ხელს მიშლის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაშიო. ბიჭები ამშვიდებდნენ ე------ს, რომელიც ს--–---ეს ეძახოდა, ფანჯრიდან გისვრი და თავზე კომპიტერს გადაგამტვრევო. მოწმის განმარტებით, ე------ კ------–-ძემ შეიქმნა იმიჯი, თითქოს რაღაცის გადაწყვეტა შეეძლო, ის ძირითადად იმყოფებოდა რეგისტრატორების და დ----- გ-----ძის ოთახში, თუმცა რეგისტრაციის პროცესში არ ჩარეულა. თავადაც არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა ე------ კ------–-ძესთან, ამიტომ თავს არიდებდა და გადიოდა ოთახიდან ,როცა ის შემოდიოდა.

მოწმე ე------ კ------–-ძის ჩვენებით, არის უმუშევარი, საჯარო რეესტრის თანამშრომლებში ჰყავს ბევრი მეგობარი, ამიტომ ხშირად ადიოდა მათთან მეორე სართულზე. გაიგო, რომ ს--–---ე ლ---------შვილი ლანძღავდა პ----ნა უ----ხელიძეს და აპირებდა მინისტრთან მისვლას, ს--–---ეს ჰკითხა, რაში სჭირდებოდა მინისტრთან შეხვედრა, როცა მასაც შეეძლო მოეგვარებინა ყველა პრობლემა, გაღიზიანებულმა ლ---------შვილმა ესროლა კალამი, რის გამოც მოუვიდათ კონფლიქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის დავალებით ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნა (იხ. ს.ფ. 62-68);

– მოწმეების ჩვენება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 16 მაისის ბრძანებით დ----- გ-----ძე დაინიშნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, მასზე შრომითი ურთიერთობების განმავლობაში ვრცელდებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 12.08.2016წ №3404/კ ბრძანებით, დ----- გ-----ძეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამუშაოდან დათხოვნა და 2016 წლის 12 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-7 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, 2009 წლის 20 იანვრის N35/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის“ 32-ე მუხლის „ზ“ პუნქტის, 33-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „მ“ პუნქტების, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, 383-ე მუხლის და 384-ე პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს N190705 დასკვნა.

სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემობები შეესაბამებოდა რეალობას, კერძოდ, დადასტურდა, რომ გარეშე პირი, ე------ კ------–-ძე თვეების განმავლობაში, ხშირი ინტენსივობით, დაუბრკოლებლად, შედიოდა ქუთაისის იუსტიციის სახლის იმ სივრცეში (დერეფანში, სამუშაო ოთახებში), სადაც თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ იმერეთის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები, ასევე, მას ორჯერ ჰქონდა კონფლიქტი იმერეთის რეგიონალური ოფისის თანამშრომელთან, რაც ქმნიდა სტრესულ გარემოს და ხელს უშლიდა სამსახურის გამართულ მუშაობას. დ----- გ-----ძემ, როგორც სამსახურის უფროსმა, არავითარი ზომა არ მიიღო მდგომარეობის შესაცვლელად, ვერ აღკვეთა გარეშე პირის ე------ კ------–-ძის ვიზიტები სააგენტოში, რაც ნეგატიურად მოქმედებდა თანამშრომელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ხელს უშლიდა ოფისის გამართულ მუშაობას. მოსარჩელის განმარტებით, იმ პირობებში, როცა არ არსებობდა საშვის სისტემა, იგი ვერ გააკონტროლებდა გარეშე პირების შესვლას ოფისის ტერიტორიაზე, მისივე განმარტებით, ე------ კ------–-ძისათვის შენობაში შესვლის აკრძალვა არ წარმოადგენდა მის ფუნქციას, შესაბამისად, გაურკვეველია რომელი ვალდებულება ვერ შეასრულა და რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამ მოსაზრებას, რადგან მოწმეთა ჩვენებებით და წარმოდგენილი დასკვნით ცხადია, რომ ე------ კ------–-ძე, რომელიც იყო დ----- გ-----ძის შვილის ნათლია, კვირაში რამდენიმე დღეს და საათს ატარებდა სააგენტოს ტერიტორიაზე, თავისუფლად შედიოდა სამუშაო ოთახებში, თანამშრომლებს ესაუბრებოდა როგორც „უფროსი“, აძლევდა მითითებებს და ემუქრებოდა სამუშაოდან გათავისუფლებით, ესწრებოდა კორპორატიულ შეხვედრებს. ყოველივე აღნიშნული აკნინებდა რეალური უფროსის ფუნქციას და იმიჯს, ასევე ხელს უწყობდა სამსახურის და მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას, ქმნიდა საფრთხეს, რომ ე------ კ------–-ძე თავისი გავლენის გამოყენებით, მისთვის სასურველი მიმართულებით წარმართავდა თანამშრომელთა საქმიანობას.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 32-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, დისციპლინური დარღვევისათვის, სააგენტოში დასაქმებული პირის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმის და ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომა: სამუშაოდან დათხოვნა/შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით გათვალისწინებული წესით და შემთხევაში.

 

ამავე შინაგანაწესის 33–ე მუხლით, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია: ა) სააგენტოს საქმიანობის სპეციალური მარეგულირებელი კანონმდებლობის, ან სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა; ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება. მ) საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევა. შინაგანაწესის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ შინაგანაწესის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სააგენტოში დასაქმებული პირის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელების უფლებამოსილებით სარგებლობენ სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახური/შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომელი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. შინაგანაწესის 38–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ პუნქტით, დასკვნის განხილვის შედეგად თავმჯდომარე: ა) გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც დადასტურებულად თვლის სააგენტოში დასაქმებული პირის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და აკისრებს დისციპლინურ სახდელს.

საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპიური დებულების მე–9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგიონულ ოფისს ხელმძღვანელობს რეგიონული ოფისის უფროსი. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუქტის თანახმად, რეგიონული ოფისის უფროსი ხელმძღვანელობს ოფისის საქმიანობას, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს რეგიონულ ოფისს დაკისრებული უფლება–მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.

აღნიშნული დებულების მე–5 პუნქტის თანახმად, ტერიტორიული სამსახურის უშუალო ზედამხედველობას და კოორდინაციას ახორციელებს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური. ამავე დებულების მე–9 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, რეგიონული ოფისის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის იმ მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას, ასევე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსების წინაშე.

სსიპ– საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შინაგანაწესის მოქმედება ვრცელდება სააგენტოში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სააგენტოში დასაქმებული ნებისმიერი პირისათვის და მათი დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

აღნიშნული ნორმების თანახმად, დ----- გ-----ძე როგორც იმერეთის რეგიონული ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებული იყო აღეკვეთა გარეშე პირის თვითნებური ქმედებები და ამ ქმედებების თაობაზე ეცნობებინა ხელმძღვანელობისათვის, რაც არ განახორციელა, შესაბამისად, სახეზეა სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება და მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლოს შეხედულებით, მოპასუხემ სადავო ბრძანება გამოსცა საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა - სამსახურში აღდგენა, ასევე, მესამე სასარჩელო მოთხოვნა - განაცდურის ანაზღაურება, უშუალოდაა დაკავშირებული პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან. ვინაიდან, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას, არ უნდა დაკმაყოფილდეს დანარჩენი მოთხოვნებიც.

7. საპროცესო ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით სასარჩელო მოთხოვნაზე, სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- გ-----ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე