გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210017001939312
№ 2/1288-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მარტი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველო;
წარმომადგენელი - ო---- ქ-----თელაძე;
მოპასუხე - შპს „ნ--“;
წარმომადგენელი - რ------ონ ხ----–ილავა;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ნ--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის სახით 10 171.6 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 17 იანვარს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა განახორციელეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთის ტერიტორიაზე მდებარე შპს „ნ--ს“ კუთვნილი ქვიშა-ხრეშის სამსხვრევი მახარისხებელი საწარმოს შესწავლა-დათვალიერება, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ნორმების შესრულების შესწავლის მიზნით. შემოწმების დროს აღებული ჩამდინარე წყლის სინჯებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ შეწონილი ნაწილაკების რაოდენობა აღემატება კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ოდენობას, რაც ადასტურებს, რომ საწარმო ვერ უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლის გაწმენდას, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N17 დადგენილებით დამტკიცებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ნორმამდე, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 23244,80 ლარი. ასევე, საწარმოზე არ არის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N17 დადგენილებით დამტკიცებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობები, რის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შედეგად გარემოსათვის მიყენებული იქნა 900,9 ლარის ზიანი. აღნიშნულ ფაქტზე შპს „ნ--ს“ მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N032779 ოქმი სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლით და 822 მუხლის პირველი ნაწილით, რაზეც წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს დადგენილებით შპს „ნ--“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 10 171.6 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა სრულად ცნო;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ შპს „ნ--“ არის ქვიშა-ხრეშის სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმო, იგი მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეტში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ (იხ.ს.ფ. 25);
– მხარეთა ახსნა-განმარტება;
– - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 33);
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 6 თებერვალს შპს „ნ--ს“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N032779, რომლის მიხედვით 2017 წლის 17 იანვარს განხორციელებული შესწავლა-დათვალიერებით დადგინდა, რომ შპს „ნ--“ ფუნქციონირებდა გარემოსდაცვითი რეგლამენტების მოთხოვნათა დარღვევით, არ ჰქონდა დამუშავებული და სამინისტროსთან შეთანხმებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და „წყალაღების ტექნიკური რეგლამენტი“, ასევე საწარმო ჩამდინარე წყლების გაწმენდას არ უზრუნველყოფდა წყალჩაშვების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, რითც შეწონილი ნაწილაკებით აბინძურებდა მდინარე რიონს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ (იხ.ს.ფ. 25);
– ანალიზის შედეგები (იხ. ს.ფ 19-20)
3.1.3 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის დადგენილებით, შპს „ნ--“ ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573-ე მუხლის მეორე ნაწილით, 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, 822-ე მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლის პირველი ნაწილით 822-ე მუხლის პირველი ნაწილით და 77-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ (იხ. ს.ფ 26-32);
3.1.4 გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტით, რომლის გამოანგარიშება მოხდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ მე-10 მუხლის შესაბამისად, შპს „ნ--ს“ ქვიშა-ხრეშის სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმოების მიერ ჩამდინარე წყლების ჩაშვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 23244,8 ლარს, ხოლო ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი 900.90 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება (იხ. ს.ფ 21-22);
3.1.5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ მე-10-ე მუხლის 2017 წლის 19 დეკემბრის ცვლილების შესაბამისად, შპს „ნ--ს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეტში განთავსებული ქვიშა-ხრეშის სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმოს ჩამდინარე წყლების ჩაშვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 9270,70 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება (ერთვის სასამართლო სხდომის ოქმს);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ ტექნიკური რეგლამენტი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილია ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, რომელიც ამავე კოდექსის 30916-ე მუხლის მიხედვით ეხება სარჩელებს დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამავე კოდექსის 30917-ე მუხლით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. 2. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 6 თებერვალს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ–ცენტრალური სამსახურის მიერ შპს „ნ--ს“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №032779, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, 822-ე მუხლის პირველი ნაწილით და 77-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისათვის. ამავე წლის 10 აპრილს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სამართალდარღვევის ოქმში მითითებული დარღვევები, კერძოდ, ის, რომ შპს „ნ--ს“ არ ჰქონდა დამუშავებული და სამინისტროსთან შეთანხმებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და „წყალაღების ტექნიკური რეგლამენტი“, ასევე საწარმო ჩამდინარე წყლების გაწმენადას არ უზრუნველყოფდა წყალჩაშვების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, რითაც შეწონილი ნაწილაკებით აბინძურებდა მდინარე რიონს. შესაბამისად, მოპასუხე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესახებ“ კერძოდ, რეგლამენტის მე–10 მუხლით, შპს „ნ--ს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეტში განთავსებული ქვიშა-ხრეშის სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმოს ჩამდინარე წყლების ჩაშვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 9270,70 ლარს, ხოლო საქართველოს მთავრობის N435 დადგენილების „დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტალური მეთოდის, დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის ჩამონათვალის და დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტიური რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დანართი 93-ის გაათვალისწინებით, ქვიშა-ხრეშის წარმოებისას ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შედეგად გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 900.9 ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობა სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებულ დისპოზიციურობის პრინციპს. ამავე კანონის 208-ე მუხლის მესამე ნაწილით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” პუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
იმის გამო, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო, მხარეები უნდა განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. შპს ნ--ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 10 171.6 ლარის გადახდა.
2. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულები არიან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე