გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1313-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ვ--–-----ნ ქ-----–---–ი
წარმომადგენელი - კ-------ი კ--------ე
მოპასუხე - ს---–--ო ქ------ე
წარმომადგენელი - ლია ოჩ-----ე
დავის საგანი - მიბარებული მოძრავი ნივთის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ს---–--ო ქ------ეზე, მიმბარებლის სასარგებლოდ - კაკლის ხის კარადის ორი ნაწილის დაბრუნების დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, ვ--–-----ნ ქ-----–---–მა პ/ნ 60001036720, გიორგი ქ------ემ პ/ნ 60001111729 და ტარიელ ზედაშიძემ პ/ნ 60001080735 მოქალაქის შეკვეთით დაამზადეს კარადა. კარადა შედგება სამი ნაწილისაგან, ზომებით: სიმაღლე 3 მეტრი, სიგანე 2,1 მ. დამზადებულია კაკლის (ნიგვზის) ხის მასალისგან ჩუქურთმებში, მის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია „ქალღმერთის“ გამოსახულება, ხოლო ზედა ნაწილში ოთხი მეომრის სახე.“
მოქალაქის მიერ წინასწარი გადახდილი თანხა (1500 აშშ დოლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მასთან შეთანხმებით, მოსარჩელემ და ტარიელ ზედაშიძემ კლიენტს დაუმზადეს ამ კარადის ანალოგი სხვა, უფრო იაფი ხის მასალისაგან. პირველი კაკლის ხისაგან დამზადებული კარადა (რომლის ღირებულება იყო 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი) დაიტოვეს სამივემ საკუთრებაში თანაბარი უფლებით.
მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ხის საამქროში არ იყო საკმარისი ფართი, კარადის ორი დასრულებული ქვედა და შუა ნაწილი დროებით შესანახად მიაბარეს გიორგი ქ------ის დას - ს---–--ო ქ------ეს, ხოლო მესამე ზედა ნაწილი ინახება ტარიელ ზედაშიძესთან. მისაბარებლად ნივთი მოსარჩელემ მიიტანა და ჩააბარა თავად, მისამართზე: ქ. ქუთაისი, კეკელიძის ქ. №18.
მოსარჩელეს ამ ეტაპზე განზრახული აქვს კარადის რეალიზაცია, რისთვისაც აუცილებელია მოხდეს მისი სამივე ნაწილის შეერთება, რის შემდეგ იგი შეიძენს მთლიანი სრული ნივთის სახეს, დანიშნულებასა და ღირებულებას, რაც შეადგენს 3000 აშშ დოლარს.
მოსარჩელის განმარტებით, კარადა იმდენად კარგი და ძვირფასი გამოვიდა, რომ ს---–--ო ქ------ემ გამოთქვა მისი შესყიდვის სურვილი, თუმცა მოლაპარაკება ჩაიშალა და მორიგება ვერ შედგა.
2016 წლის 03 თებერვალს, მას შემდეგ რაც მოლაპარაკება ვერ შედგა, მოსარჩელე ვ--–-----ნ ქ-----–---–ი სატვირთო მანქანით და მუშებით მივიდა ს---–--ო ქ------ესთან ქუთაისში, კეკელიძის ქ. №18-ში მიბარებული მოძრავი ნივთის წამოსაღებად. ს---–--ო ქ------ემ უარი განაცხადა აღნიშნული მოძრავი ნივთის დაბრუნებაზე, ასევე უარი განაცხადა ს---–--ო ქ------ის შვილმა უშანგი (უჩა) ბობოხიძემ იმ მოტივით, რომ ბიძამისს - გიორგი ქ------ეს ჰქონდა მისი პირადი ვალი და ვინაიდან ეს ნივთი გიორგის საკუთრებასაც წამოადგენდა, იგი უქვითავდა მას აღნიშნულ მოძრავ ნივთს ვალში.
გარდა ამისა, მოსარჩელეს აღნიშნული პიროვნება დაემუქრა: „თუკი კიდევ მოხვალთ ჩემთან სახლში (ქუთაისი, კეკელიძის ქ. №18-ში) სადაც ნივთი მდებარეობს, მე, როგორც ბინის მესაკუთრე მივმართავ პოლიციასა და პროკურატურას“.
მოსარჩელელის განმარტებით, ის აღარ მისულა აღნიშნულ მისამართზე (ქ. ქუთაისი, კეკელიძის ქ.№18-ში) და მოლაპარაკების მიზნით შეხვდა გიორგი ქ------ეს და ტარიელ ზედაშიძეს. ტარიელ ზედაშიძემ და გიორგი ქ------ემ დაუდასტურეს მოსარჩელე ვ--–-----ნ ქ-----–---–ს, რომ მოთხოვნა სამართლიანი იყო. მეტიც, ვ--–-----ნ ქ-----–---–ი ტარიელ ზედაშიძესთან შეთანხმდა, რომ იგი საკუთარ წილს უთმობდა მოსარჩელეს, აფორმებდა მასზე, რის შედეგად ვ--–-----ნ ქ-----–---–ი გახდა კარადის 2/3 წილის თანამესაკუთრე. გიორგი ქ------ემ მინდობილობა გადასცა ვ--–-----ნ ქ-----–---–ს, მიუხედავად იმისა, რომ ს---–--ო ქ------ე მოსარჩელის დაა, რათა ეწარმოებინა მისი, როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის (1/3 წილზე) სახელით ყველა მოქმედება მათ თანასაკუთრებაში მოძრავი ნივთის (ხის კარადა) მართვისა და განკარგვის ჩათვლით (კარადის გადატანა, აწყობა, რესტავრაცია და ა.შ.).
მიუხედავად მოსარჩელის მცდელობისა, მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყვა. მიბარებული ნივთი ვ--–-----ნ ქ-----–---–მა ვერ გადაიტანა. შემდგომ ამისა, წერილობით მიმართა ს---–--ო ქ------ეს (ვისაც მიაბარეს ნივთი) და უჩა ბობოხიძეს (როგორც სახლის უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელთანაც ბინაში ინახება ნივთი) თუმცა უშედეგოდ რამაც მოსარჩელეს გადააწყვეტინა რომ მოემართა სასამართლოსათვის, რადგან სასამართლომ დაიცვას მისი, როგორც მესაკუთრის უფლება და დაავალდებულოს ს---–--ო ქ------ე მასთან არსებული და ჩაბარებული ნივთი დაუბრუნოს, როგორც მიმბარებელს და კანონიერ მესაკუთრეს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ს---–--ო ქ------ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ს---–--ო ქ------ეს არანაირი კარადა არ ჰქონია მიბარებული.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს მტკიცებულება არ წარმოუდგენია სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად. არ არსებობს მიბარების ხელშეკრულება. 24 წელია კარადა დგას მის ოჯახში და იგი არის მისივე ოჯახის საკუთრება.
გარდა ამისა, მოპასუხემ, განმარტა, რომ კარადა დამზადებულია მის საკარმიდამო ნაკვეთში მოჭრილი კაკლის ხის მასალისგან. ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ არ დაუბრუნა მის მიერ შეძენილი სადურგლო ხელსაწყოები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ვ--–-----ნ ქ-----–---–მა პ/ნ 60001036720, გიორგი ქ------ემ პ/ნ 6000111729 და ტარიელ ზედაშიძემ პ/ნ 60001080735 მოქალაქის შეკვეთით დაამზადეს კარადა. კარადა შედგება სამი ნაწილისაგან, ზომებით: სიმაღლე 3 მეტრი, სიგანე 2,1 მ. დამზადებულია კაკლის (ნიგვზის) ხის მასალისგან ჩუქურთმებში, მის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია „ქალღმერთის“ გამოსახულება, ხოლო ზედა ნაწილში ოთხი მეომრის სახე.“
მტკიცებულება:
სარჩელი (ტ.1.ს/ფ.1-13 ).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 თებერვლის ხელწერილით, მოქალაქეებმა ტარიელ ზედაშიძემ, ვ--–-----ნ ქ-----–---–მა და გიორგი ქ------ემ დაამზადეს კარადა მოქალაქის შეკვეთით. კარადის ღირებულების დასაფარად მოქალაქის მიერ გადახდილი თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ, აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს დაუმზადეს აღნიშნული კარადის ანალოგი. პირველად დამზადებული კარადა დროებით შესანახად გადაეცა ს---–--ო ქ------ეს, შემდეგ კი შედგა მოლაპარაკება ს---–--ო ქ------ესთან მისივე სურვილის მიხედვით, კარადის შესყიდვის თაობაზე. აღნიშნულ პიროვნებასთან შეათანხმება არ შედგა 2016 წლის 03 თებერვალს.
ხელწერილის თანახმად, მხარეებს განსაზღვრული აქვთ კარადის შეერთება მისი რეალიზაციის მიზნით, ხოლო თუ ერთ-ერთი მესაკუთრე გადაწყვეტს აღიშნული კარადის საკუთრებაში დატოვებას, მაშინ მან თითოეულ მესაკუთრეს უნდა გადაუხადოს კარადის ღირებულების 1/3.
მტკიცებულება:
- ხელწერილი ( ტ.1.ს/ფ. 14-15).
3.2.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 თებერვლის საქართველოს ნოტარიუსის ვლადიმერ ჭოხონელიძის სანოტარო ბიუროში, მდებარე ქ. ქუთაისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №37 ბ. №31, გიორგი ქ------ის და ვ--–-----ნ ქ-----–---–ის მიმართვის საფუძველზე, დამოწმებული იქნა მათ მიერ 2016 წლის 18 თებერვალს შედგენილი ხელწერილი.
მტკიცებულება:
- სანოტარო აქტი (ტ.1.ს/ფ.15 ).
3.2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 თებერვლის ხელწერილით, ტარიელ ზედაშიძე და ქ-----–---–ი ვ--–-----ნი თანხმდებიან, რომ 2016 წლის 18 თებერვლის ხელწერილით, კაკლის ხისგან დამზადებული კარადა წარმოადგენს ტარიელ ზედაშიძის, გიორგი ქ------ის და ვ--–-----ნ ქ-----–---–ის თანასაკუთრებას, თითოეულის 1/3 წილის უფლებით. აღნიშნული ხელწერილით ტარიელ ზედაშიძე აცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ კარადაზე საკუთრები უფლებას მის წილზე (1/3-ზე) უთმობს თანამესაკუთრე ვ--–-----ნ ქ-----–---–ს, რომლის შემდეგაც ყველა უფლება სამომავლოდ ნივთის 2/3 წილზე საკუთრების უფლებით ეკუთვნის ვ--–-----ნ ქ-----–---–ს.
მტკიცებულება:
-ხელწერილი (ტ.1.ს/ფ.16-17 ).
3.2.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, საქართველოს ნოტარიუსის ვლადიმერ ჭოხონელიძის მიერ სანოტარო ბიუროში, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №37 ბ. №31-ში ტარიელ ზედაშიძისა და ვ--–-----ნ ქ-----–---–ის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ დამოწმებული იქნა მხარეების მიერ 2016 წლის 22 თებერვალს შედგენილი ხელწერილი.
მტკიცებულება:
-სანოტარო აქტი. (ტ.1.ს/ფ. 17).
3.2.5. 2016 წლის 23 თებერვლის მინდობილობით დგინდება, რომ ნოტარიუს ლია ვადაჭკორიასათვის გიორგი ქ------ის მიმართვის საფუძველზე, გიორგი ქ------ის თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (ხის კარადა) მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილება გადაეცა ვ--–-----ნ ქ-----–---–ს.
მტკიცებულება:
-მინდობილობა (ტ.1.ს/ფ.19 ).
3.2.6. 2016 წლის 20 მაისის წერილით, უშანგი (უჩა) ბობოხიძისა და ს---–--ო ქ------ე-ბობოხიძის მიმართ დგინდება, რომ მოსარჩელე, ვ--–-----ნ ქ-----–---–ი მიმართავს უშანგი (უჩა) ბობოხიძესა და ს---–--ო ქ------ე-ბობოხიძეს, მიბარების ხელშეკრულებით გადაცემული კარადის დაბრუნების შესახებ. ამასთან ითხოვს, 05 კალენდარული დღის ვადაში აცნობოს თვე რიცხვი და საათი, თუ როდის იქნება შესაძლებელი აღნიშნული კარადის წამოღება.
მტკიცებულება:
-წერილი (ტ.1.ს/ფ. 20).
3.2.7.2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით №თთ20166032899-03 რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ დგინდება, რომ განმცხადებლის: ვ--–-----ნ ქ-----–---–ის მოთხოვნის საფუძველზე მომზადდა ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
მტკიცებულება:
-გადაწყვეტილება № თთ20166032899-03
3.2.8. დადგენილია, რომ 2016 წლის 19 აპრილის ინფორმაციის უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დგინდება, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. ქუთაისი, კეკელიძის ქ. №18, მესაკუთრეები არიან უშანგი ბობოხიძე (1/2 წილი) და იზაბელა ჟორჟოლიანი (1/2 წილი).
მტკიცებულება:
-ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
3.2.9. მოწმედ დაკითხულმა ნარგიზა ბურჯანაძემ განმარტა, რომ ცხოვრობს ტარიელ ზედაშიძის ხის საამქროსთან ახლოს სადაც მოსარჩელემ და კიდევ ორმა პირმა დაამზადეს სადავო კარადა. კარადის მასალა, კაკალი, ჩამოიტანეს გურიიდან. მოწმის განმარტებით, კარადის დამზადებიდან ათ წელზე მეტია გასული.
მტკიცებულება:
მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2.10. მოწმედ დაკითხულმა თინა ჯინჭარაძემ განმარტა, რომ არის ვ--–-----ნ ქ-----–---–ის მეზობელი. სურდა შეეძინა სადავო კარადა, რომელსაც მესამე ნაწილი აკლდა. კარადა განთავსებული იყო ქ. ქუთაისში კეკელიძის ქუჩაზე, სადაც მცხოვრებმა ქალბატონმა სახელად ს---–--ო, განუმარტა, რომ კარადა მისი არ იყო და ფასსაც ვერ დაუკლებდა.
მტკიცებულება:
მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2.11. მოწმედ დაკითხულმა სონა ლომთაძემ განმარტა, რომ ვ--–-----ნ ქ-----–---–ი მისი შვილია. მოწმის განმარტებით, სადავო კარადა დაამზადა სამმა პირმა თანაბარი საკუთრების უფლებით. ვინაიდან არ ჰქონდა სახლში ადგილი, კარადა დროებით მიაბარეს ს---–--ო ქ------ეს. როდესაც ავტომანქანით კარადის წამოსაღებად მივიდნენ, არ გამოატანეს.
მტკიცებულება:
მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2.12. მოწმედ დაკითხულმა გია ქ------ემ განმარტა, რომ არის მოპასუხე ს---–--ო ქ------ის ძმა, რომლის დახმარებით შეიძინა ხის დამამუშავებელი დანადგარები. ახლობელმა დაუკვეთა კაკლის ხის კარადის დამზადება. გურიაში, საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა კაკლის ხეები, რომელიც მოჭრა და ჩამოიტანა ქუთაისში. შემდეგ მათ შეუერთდათ ვ--–-----ნ ქ-----–---–ი, რომელმაც ხის ცეხისათვის ასევე შეიძინა 1000 (ათასი) ლარის ღირებულების იარაღები.
მოწმის განმარტებით, ს---–--ო ქ------ესთან, სახლში არის განთავსებული სადავო კარადის ორი ნაწილი, რომელიც ვ--–-----ნ ქ-----–---–მა მიიტანა ს---–--ოსთან.
მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ვინაიდან ვ--–-----ნ ქ-----–---–მა არ გაატანა სახელოსნო ჩარხები, კარადაც არ გაატანეს მას.
ნიშანდობლივია, რომ გია ქ------ე წარმოადგენს, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეს.
მტკიცებულება:
მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2.13. მოწმედ დაკითხულმა უჩა ბობოხიძემ განმარტა, რომ არის ს---–--ო ქ------ის შვილი. მოწმის განმარტებით, ვ--–-----ნ ქ-----–---–ს არ გაატანეს სადავო კარადა, რადგან უნდა გადაეხადათ გია ქ------ის წილის ღირებულება.
მტკიცებულება:
მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2.14. მოწმედ დაკითხულმა ნუნუ გოდუაძემ განმარტა, რომ არის ს---–--ო ქ------ის მეზობელი. იცის, რომ სადავო კარადა 25 წელია დგას ს---–--ოსთან ოჯახში, თუმცა არ იცის ვისი საკუთრებაა იგი.
მტკიცებულება:
მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2.15. მოწმედ დაკითხულმა გულნაზი შავლაყაძემ განმარტა, რომ რომ არის ს---–--ო ქ------ის მეზობელი. იცის, რომ სადავო კარადა არის გია ქ------ის საკუთრება.
მტკიცებულება:
მოწმის ჩვენება. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2.16. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან ასევე მხარეთა ინიციატივით დაკითხული მოწმეები. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მოპასუხისადმი მიბარების ფაქტი, ხოლო მოპასუხის მტკიცების საგანია, მის მიერ მოძრავი ნივთის (სადავო კარადა) მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სადავო ნივთის მოპასუხისადმი მიბარების ფაქტის დადგენა და მოპასუხის მიერ, მოძრავი ნივთის (სადავო კარადა) მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს, ზეპირი, უსასყიდლო ხელშეკრულების საფუძველზე მიაბარეს სადავო კარადის ნაწილი და მოთხოვნისას, მოპასუხემ არ დააბრუნა მიბარებული ნივთი. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი პირველ ყოვლისა, ხანდაზმულია. ასეც რომ არ იყოს, სადავო კარადის მართლზომიერი მფლობელია მოპასუხე.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ს---–--ო ქ------ე, მოსარჩელის მიერ სადავო კარადის მოთხოვნის მომენტიდან, იმავე ნივთის არამართლზომიერი მფლობელია და იგი ვალდებულია დაუბრუნოს მიბარებული ნივთი მოსარჩელეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 128-ე, 130-ე, 763-ე, 770-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
6.1. სასამართლო თავდაპირველად მსჯელობს მოპასუხის მითითებაზე ხანდაზმულობის შესახებ და მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა.
ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ნივთი განთავსებულია მოპასუხე ს---–--ო ქ------ის საცხოვრებელ სახლში. დადგენილია, რომ ნივთი ს---–--ო ქ------ის სახლში მიიტანა ტარიელ ზედაშიძემ და ვ--–-----ნ ქ-----–---–მა. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან მხარეებს შორის მიბარების ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ დადებულა, არ არსებობს მიბარების ფაქტობრივი გარემოება და მოპასუხე ნივთის (სადავო კარადა) კანონიერი მფლობელია. სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სახეზეა სწორედ მიბარების ზეპირი ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული ნივთი. კანონი ამ ურთიერთობისათვის სავალდებულო ფორმას არ ადგენს. (აღნიშნულის თაობაზე სასამართლო დაწვრილებით ქვემოთ იმსჯელებს). ამავე კანონის 770-ე მუხლით, მიმბარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო. მითითებული ნორმა აწესებს შემნახველის ვალდებულებას, მიმბარებლის მოთხოვნისთანავე დააბრუნოს მიბარებული ნივთი.
6.4.მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის წერტილი.
საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე ვ. ქ-----–---–ის წერილი ს---–--ო ქ------ე-ბობოხიძის და უშანგი(უჩა) ბობოხიძის მიმართ, სადავო კარადის დაბრუნების მოთხოვნით. წერილი ადრესატს ჩაბარდა, ხოლო კარადა არ დაუბრუნდა მესაკუთრეს.
6.5. აღნიშნული მტკიცებულებაზე მითითებით, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობა უნდა შეფასდეს სსკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრულ 3 წლიან ვადაში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად - სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა -ექვს წელს.
იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა მიბარებული ნივთის დაბრუნების თაობაზე განხორციელდა 2016 წლის 20 მაისს, სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან იგი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 05 ივლისს.
6... საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
იმავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
კერძოდ - სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული ნივთი. კანონი ამ ურთიერთობისათვის სავალდებულო ფორმას არ ადგენს. გარიგების ფორმის მომწესრიგებელი ზოგადი დებულებები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 68-ე-71-ე მუხლებში. 68-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. გარიგების ძირითადი ფორმებია ზეპირი და წერილობითი ფორმა, ხოლო წერილობითი გარიგება თავის მხრივ შეიძლება იყოს მარტივი ან რთული (სანოტარო) სახის.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებულია ზეპირი სახით მიბარების ხელშეკრულება, რომლის პირობა, მიბარებული ნივთის დაბრუნების თაობაზე, დარღვეულია მოპასუხის მიერ. სწორედ აღნიშნული მოტივით აღიძრა ვინდიკაციური სარჩელი.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.
-საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.
კერძოდ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი).
ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.
პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.
პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.
ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.9.განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ვ. ქ-----–---–ი წარმოადგენს სადავო მოძრავი ნივთის 2/3-ის მესაკუთრეს. დადგენილია, რომ ნივთი შედგება სამი ნაწილისგან, რომლის 2/3 ნაწილი, მიბარების საფუძველზე განთავსებულია მოპასუხის საცხოვრებელ სახლში. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე, მოსარჩელის მიერ ნივთის დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო ნივთს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 770-ე მუხლით, მიმბარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო. ამასთან, როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დადგენილია, რომ მოძრავი ნივთის მესაკუთრეა ვ--–-----ნ ქ-----–---–ი, მოპასუხე ფლობს სადავო მოძრავ ნივთს და ამასთან, მოსარჩელის მიერ ნივთის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის შემდეგ, მოპასუხეს არ აქვს ნივთის ფლობის უფლება.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 770-ე მუხლი აწესებს შემნახველის ვალდებულებას, მიმბარებლის მოთხოვნისთანავე დააბრუნოს მიბარებული ნივთი.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ შენახვის ურთიერთობისას მხარეთა დამოკიდებულება გარკვეულწილად ურთიერთნდობაზეა დამყარებული, რადგან მიმბარებლის მიერ მის მფლობელობაში ან/და საკუთრებაშიც არსებული ქონების სხვა პირისათვის შესანახად გადაცემა, შემნახველის სანდოობიდან გამომდინარე, ნივთის ნორმალურ მდგომარეობაში შენახვის გარანტიას ეფუძნება.
საგულისხმოა, რომ კანონი შენახვის განსხვავებულ წესს ადგენს იმისდა მიხედვით, მიბარება უსასყიდლოა თუ სასყიდლიანი. სამოქალაქო კოდექსის 765-ე მუხლის თანახმად, თუ მიბარება უსასყიდლოა, მაშინ შემნახველი ვალდებულია, ისეთივე კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ უსასყიდლო მიბარების შემთხვევაშიც, შემნახველს გარკვეული პასუხისმგებლობა მოეთხოვება მიბარებული ნივთის შენახვაზე. კანონის დათქმა, რომ უსასყიდლო მიბარებისას შემნახველი ნივთს ისე უნდა გაუფრთხილდეს, როგორც საკუთარს, მოიაზრებს, რომ შემნახველი პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით ეკიდება საკუთარ ნივთს.
სამოქალაქო კოდექსი მხარეებისაგან მოითხოვს რა ურთიერთპატივისცემას და გულისხმიერებას კონტრაჰენტთან მიმართებაში, ორივე მხარეს ამ მხრივ შეთანხმებულზე უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს. სწორედ ეს ვალდებულებაა დაწესებული სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, თავის შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
6.11. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურება, ხოლო მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაბათილებელი საპირწონე მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ -სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ ნივთი (სადავო კარადა) არ უნდა დააბრუნოს, ვინაიდან იგი დამზადებულია მის საკარმიდამო ნაკვეთში მოჭრილი კაკლის ხის მასალისგან, საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის უარყოფას სასამართლოს მიერ, რადგან დადგენილია, რომ ს---–--ო ქ------ეს შემხებლობა არ აქვს სადავო ნივთის (კარადის) დამზადებასთან. ასევე უსაფუძვლოა იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხის მიერ შეძენილი სადურგლო დანადგარები არ დაუბრუნა ვ--–-----ნ ქ-----–---–მა, რადგან მითითებული ფაქტი დავის საგანს არ წარმოადგენს.
6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულება, მოსარჩელის მხრიდან, მოპასუხის მიმართ, რაიმე სახის ვალდებულების შესახებ, ხოლო მოპასუხის ვალდებულება მოძრავი ნივთის (კაკლის ხის კარადის ორი ნაწილის) დაბრუნების თაობაზე სახეზეა, რაც უნდა შესრულდეს მოპასუხის მიერ. კერძოდ: მოპასუხე ს---–--ო ქ------ემ, მოსარჩელე ვ--–-----ნ ქ-----–---–ს უნდა დაუბრუნოს მიბარებული მოძრავი ნივთი, კაკლის ხისგან დამზადებული კარადის ორი ნაწილი.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 208.00 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი. სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
8.2.მოცემულ საქმეზე 2016 წლის 05. ივლისის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ს---–--ო ქ------ეს აეკრძალა მიბარებული მოძრავი ნივთის - კაკლის ხის კარადის (რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან, ზომებით: სიმაღლე 3 მეტრი, სიგანე -2.1 მეტრი, ჩუქურთმებში, მის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ,,ქალღმერთის“ გამოსახულება, ხოლო ზედა ნაწილში ოთხი მეომრის სახე), კერძოდ კარადის ორი ნაწილის, ანუ ქვედა და შუა ნაწილის გასხვისება, ნებისმიერი ფორმით განკარგვა, აგრეთვე სხვა შენობაში გადატანა, რომელიც ინახება ს---–--ო ქ------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისში, კეკელიძის ქ.N18.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ვ--–-----ნ ქ-----–---–ის სარჩელი ს---–--ო ქ------ის მიმართ - მიბარებული მოძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. დაევალოს ს---–--ო ქ------ეს ვ--–-----ნ ქ-----–---–ს დაუბრუნოს კაკლის ხის კარადის (რომელიც შედგება სამი ნაწილისგან, ზომებით: სიმაღლე 3 მეტრი, სიგანე -2.1 მეტრი, ჩუქურთმებში, ცენტრალურ ნაწილში ,,ქალღმერთის“ გამოსახულებით, ზედა ნაწილში ოთხი მეომრის სახით) ორი, ქვედა და შუა ნაწილი, რომელიც ინახება ს---–--ო ქ------ის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისში, კეკელიძის ქ. N18.
3. დაეკისროს ს---–--ო ქ------ეს ვ--–-----ნ ქ-----–---–ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი - 208.00 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე