გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1709-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.02.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს ”ჯ--------------------------–-ა”
წარმომადგენელი სოფიო ნოღაშვილი
მოპასუხე შპს ჯ--------–ი
წარმომადგენელი გიორგი მაისურაძე
დავის საგანი სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ჯ--------–ისათვის“ 8870,90 ლარის დაკისრება.
სარჩელში მითითებულია შემდეგი გარემოებები
შპს "ჯ--------------------------–-ა" რამდენიმე წლის განმავლობაში უწევდა შპს "ჯ--------–ს" საექსპედიტორო მომსახურებას, კერძოდ, კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებას სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით ფოთი-რუსთავის მიმართულებით და მასთან დაკავშირებულ თანმდევ სერვისს, როგორიცაა საზღვაო ხაზისგან განწესების და კონტეინერების მიღება, პორტის სატერმინალო გადასახადების გადახდა, რკინიგზაზე გადაზიდვის დავალებების ფორმირება და სხვა. მხარეთა შორის მომსახურების ტარიფები თანხმდებოდა პერიოდულად, ძირითადად ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომლის შესაბამისადაც ხდებოდა მომსახურების ღირებულების ანაზღაურება შპს "ჯ--------–ის" მიერ. მომსახურების ღირებულების გარდა, შპს “ჯ--------–ი” ანაზღაურებდა ასევე საზღვაო ხაზისთვის და პორტისთვის მათი მომსახურებისთვის გადახდილ ფაქტობრივ ხარჯებს.
2016 წლის იანვრიდან 20 ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 365 აშშ დოლარით (ფოთი-რუსთავი-ფოთი), ხოლო ამავე წლის თებერვლიდან 40 ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 535 აშშ დოლარით (ფოთი-რუსთავი-ფოთი). ამ ტარიფით იხდიდა მოპასუხე მომსახურების ღირებულებას თითოეულ კონტეინერზე 2016 წლის და 2017 წლის გადაზიდვებზე. შპს ჯ--------–ი პოსტ-ფაქტუმ ანაზღაურებდა ასევე საზღვაო ხაზისთვის და პორტის მომსახურებისთვის მოსარჩელის მიერ გაწეულ ფაქტობრივ ხარჯებს შესაბამისი ინვოისების საფუძველზე.
2017 წლის მარტისთვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაუგროვდა გაწეული მომსახურებისთვის გადაუხდელი დავალიანება ჯამში 19 927 ლარის ოდენობით შემდეგი შვიდი ინვოისის საფუძველზე: #ბკ-6053, ბკ-6060, ბკ-6079, ბკ-6084, ბკ-6061, ბკ-6087, ბკ-6090. 2017 წლის 21 აპრილს მან დაფარა აღნიშნული ინვოისების თანხის ნაწილი - 11056.11 ლარი, ხოლო 8870.90 ლარი დარჩა გადაუხდელი. მოსარჩელის არაერთგზისი სიტყვიერი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, დავალიანება გადასახდელია. მოპასუხე მხარე უარს ამბობს მის გადახდაზე იმის გამო, რომ შპს "ჯ--------------------------–-ა" "ზედმეტ" თანხას ახდევინებდა შპს "ჯ--------–ს" რკინიგზის მომსახურების ტარიფთან შედარებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები: მხარეებს შორის არსებობდა სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის ტარიფები პერიოდულად თანხმდებოდა მხარეებს შორის ელექტრონული მიმოწერით. 2016 წლის იანვრიდან 20 ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 365 აშშ დოლარით (ფოთი-რუსთავი-ფოთი), ხოლო ამავე წლის თებერვლიდან 40 ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 535 აშშ დოლარით. მოსარჩელე უზრუნელყოფდა ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო მომსახურებას, მათ შორის შპს „საქართველოს რკინიგზის“ მეშვეობით ტვირთის გადაზიდვას. სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასურის კომპონენტია შპს საქართველოს რკინიგზისათვის გადასახდელი გადაზიდვის საფასური. სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში, შპს „საქართველოს რკინიგზამ“ მკვეთრად შეამცირდა გადაზიდვის საფასური, თუმცა მოსარჩელემ კვლავ ძველი ტარიფით გააგრძელა საექსპედიტორი მომსახურება, რაც მისი მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევაა და მიზნად ისახავს უსაფუძვლოდ საკუთარი მოგების გაზრდას კონტრაგენტის მართლზომიერი ინტერესების ხარჯზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016-2017 წლებში შპს „ჯ--------–სა“ და შპს „ჯ--------------------------–-ას“ შორის არსებობდა სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასური განისაზღვრებოდა მხარეებს შორის ელექტრონული მიმოწერით. მხარეთა შეთანხმებით 2016 წლის იანვრიდან 20 ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 365 აშშ დოლარით (ფოთი-რუსთავი-ფოთი), ხოლო ამავე წლის თებერვლიდან 40 ფუტიან კონტეინერზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 535 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი(ს.ფ. 3-10. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (15.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- მიმოწერის ასლები (ს.ფ. 17-19. ტომი 1)
-
3.2.2. მოპასუხე შპს „ჯ--------–ს“ სრულად არა აქვს გადახდილი სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასური გადაზიდვებზე, რომლებიც დადასტურებულია შემდეგი ინვოისებით: #ბკ-6053 (2017 წლის 30 იანვარი), ბკ-6060 (2017 წლის 30 იანვარი), ბკ-6079 (2017 წლის 3 თებერვალი), ბკ-6084 (2017 წლის 6 თებერვალი), ბკ-6061 (2017 წლის 6 თებერვალი),, ბკ-6087 (2017 წლის 16 თებერვალი),, ბკ-6090 (2017 წლის 20 თებერვალი). 2017 წლის მარტისათვის გაწეული მომსახურებისთვის გადაუხდელი დავალიანება იყო 19 927 ლარი, საიდანაც 2017 წლის 21 აპრილს გადახდილია 11 056,11 ლარი, ხოლო გადასახდელია 8870,90 ლარი.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი(ს.ფ. 3-10. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (15.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- ინვოისების ასლები (ს.ფ. 20-50. ტომი 1)
-
3.1.3. სადაო ინვოისების საფუძველზე განხორციელებული სატრანსპორტო ექსპედიციის პერიოდში შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ გადასახდელი გადაზიდვის ტარიფები შემცირებული იყო და სადაო გადაზიდვებზე შპს ‘საქართველოს რკინიგზისთვის“ გადახდილი ხარჯი შეადგენს #ბკ-6053 ინვოსზე 472 აშშ დოლარს, ბკ-6060 – 472 აშშ დოლარს, ბკ-6079 – 236 აშშ დოლარი , ბკ-6084 – 236 აშშ დოლარი, ბკ-6061 – 236 აშშ დოლარი, ბკ-6087 - 472 აშშ დოლარი , ბკ-6090 – 236 აშშ დოლარი.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი(ს.ფ. 3-10. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (15.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- შპს საქართველოს რკინიგზის ბრძანება (ს.ფ. 238-239. 248. ტომი 1. )
- ხარჯების შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 26-59. 86-92. ტომი 2)
3.1.4. შპს "ჯ--------–სა" და შპს ჯ--------------------------–-ას შორის სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება 2017 წლის მარტიდან შეწყდა ურთიერთშეთანხმებით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს შეთანხმებული ტარიფით სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის ანაზღაურება,5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 730-ე, 731-ე, 364-ე, 398-ე, 325-ე, 319-ე,მე-8 მუხლები, 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა არის სატრანსპორტო ექსპედიციის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში შპს „ჯ--------------------------–-ა“ შპს ჯ--------–ს უწევდა სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურებას სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის მიღების სანაცვლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის მიხედვით, 1. ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. 2. ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლის მიხედვით, ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები; ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები.
ამ ნორმების მიხედვით, სატრანსპორტო ექსპედიცია დავალების ელემენტებს მოიცავს და მომსახურების ერთერთ სახეს წარმოადგენს. საექპედიტორო მომსახურება ნიშნავს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას, ან მომსახურების ორგანიზაციას ტვირთის გაგზავნიდან ტვირთის მიღებამდე. ასეთ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს სააგენტო მომსახურება, საბაჟო მომსახურება, პორტებში, ტერმინალებში და საწყობებში სატვირთო ოპერაციების განხორციელება, საფინანსო მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა.
სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის მიხედვით, სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების არსებითი პირობებია შემკვეთის დავალებით ტვირთის გადაზიდვა, ექსპედიტორის მიერ თავის სახელით და შემკვეთის ხარჯზე ტვირთის გადაზიდვა, ექსპედიტორისათვის პროვიზიის გადახდა.
ექსპედიტორის მიერ შემკვეთის ხარჯზე ტვირთის გადაზიდვაში იგულისხმება შემკვეთის ვალდებულება ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ხარჯები მან აანაზღაუროს და ამ ხარჯების გაღება არ ევალება ექსპედიტორს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლის ექსპედიტორს ავალდებულებს გულისხმიერების გამოჩენას კონტრაჰენტის უფლებებისადმი. ექსპედიტორისთვის ასეთი ვალდებულების დაკისრება განპირობებული ამგვარი საქმიანობის კომერციული ხასიათით. ექსპედიტორი ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების საქმიანობას ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ეს საქმიანობა სპეციფიური ხასიათისაა და სპეციალური ცოდნა სჭირდება, რის გამოც ექსპედიტორს ეკისრება ვალდებულება ამ სფეროში მისი გამოცდილება შემკვეთის ინტერესებისათვის გამოიყენოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლი შეიცავს იმ ქმედებების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ ექსპედიტორის გულისხმიერების ვალდებულება ვრცელდება. ესენია, ტვირთის გაგზავნა; გადაზიდვაში მონაწილე პირების შერჩევა; გამგზავნის ინტერესების დაცვა; გამგზავნის კონკრეტული მითითებების შესრულება.
ვალდებულების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულება ვალდებულებითი სამართლის ძირითადი პრინციპია. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
316-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ზოგ შემთხვევაში მხარეს შესაძლოა იმაზე მეტი ვალდებულება ეკისრებოდეს, ვიდრე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ამგვარად, როგორც ბუნებრივი ვალდებულება, გულისხმიერების ვალდებულება ახასიათებს ყველა ვალდებულებით ურთიერთობას, რომელშიც ამ ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით, მხარეებს ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ .
731-ე მუხლი კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით ქცევის ვალდებულებაზე მიუთითებს, რის გამოც ეს ნორმა მსგავსად 316-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ექსპეტიდორს არა ჩვეულებრივ, არამედ „განსაკუთრებულ“ გულისხმიერებას ავალდებულებს.
იურიდიულ ლიტერატურაში მოცემული განმარტებით გულისხმიერების სტანდარტის სიმკაცრე დამოკიდებულია ვალდებულების ხასიათზე. იგი მით უფრო მკაცრია, 1) რაც უფრო ასიმეტრიულია მხარეთა ინფორმაციული მარაგი; 2) მაღალია ობიექტური ნდობის ხარისხი კონტრაჰენტთან მიმართებაში; 3) მაღალია დაინტერესებული მხარის ეკონომიკური და სამართლებრივი რისკები. ინფორმაციული ასიმეტრია სახეზეა, როცა ხელშეკრულების მხარე შედარებით გამოუცდელია გარკვეულ სფეროში, მაშინ როცა მისი კონტრაჰენტი ამ სფეროში სპეციალურ ცოდნას და გამოცდილებას ფლობს.
ასეთი კონტრაჰენტია სატრანსპორტო ექსპედიციაში ექსპეტიდორი, რომელიც საქმიანობის ამ სფეროში საჭირო სპეციალური ცოდნის მქონე სუბიექტია და როგორც უფრო ძლიერ კონტრაჰენტს, მეორე მხარის ინტერესებისადმი გაცილებით მეტი გულისხმიერება და წინდახედულება ეკისრება.
გულისხმიერების ვალდებულებათა ტიპოლოგია პირობითად იყოფა ინფორმაციის გაცემის, კრედიტორის განსაკუთრებული ინტერესების დაცვის და სახელშეკრულებო ლოიალურობის ვალდებულებად. გულისხმიერების ვალდებულების საფუძველზე კრედიტორის განსაკუთრებული ინტერესების დაცვის ვალდებულების მიზანია, ყოველმა მხარემ უზრუნველყოს მეორე მხარის იმ ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვა, რომელზეც მას ხელი მიუწვდება და რომელთა დაცვაც შესრულების ვალდებულების მიღმაა. (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის კომენტარი ).
731-ე მუხლის მიხედვთ, ექსპედიტორის განსკუთრებული ვალდებულებაა გულისხმიერად მოეკიდოს გამგზავნის ინტერესებს, ექსპედიტორის გულისხმიერების განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ურთიერთობაში ექსპედიტორის უფლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რადგან იგი ვალდებულების შესრულებისას საკუთარი სახელით მოქმედებს, რაც მას გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს, გულისხმიერების ვალდებულებიდან გამომდინარე გამგზავნის ინტერესების დაცვა მას გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, სატრანსპორტო ექსპედიციაში ექსპედიტორის როლი ისაა, რომ იგი საკუთარი სახელით მოქმედებს, არჩევს გადაზიდვაში მონაწილე პირებს, რაც გამგზავნის ინტერესების შესაბამისად უნდა განხორციელდეს, მისი ყველა მოქმედება უნდა იყოს გონივრული და გამგზავნისათვის ხელსაყრელი. სატრანსპორტო ექსპედიცია ხორციელდება გამგზავნის ხარჯზე, რის გამოც გულისხმიერების ვალდებულება მოიცავს ასევე გამგზავნის ინფორმირებას ისეთი გარემოებების შესახებ, რაც გავლენას ახდენს სატრანსპორტო ექსპედიციის ღირებულებაზე, გადაზიდვის ხარჯებზე, პროვიზიის ოდენობაზე.
მოპასუხე სატრანსპორტო ექსპედიციის საფასურის დაკისრების საწინააღმდეგოდ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ რკინიგზის მიერ გადაზიდვის ტარიფების შემცირების გამო არ შემცირდა სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური და გამგზავნის ხარჯები უსამართლოდ მაღალია. თავის მხრივ, მოსარჩელე სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის საფასურის ანაზღაურებას მოითხოვს ტარიფით, რაც შეთანხმებულია 2016 წლის იანვარ-თებერვალში. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ტარიფის შეთანხმების პროცესის შეფასება და იმის დადგენა, სადაო პერიოდში როგორ შეიცვალა შპს „საქართველოს რკინიგზის“ გადაზიდვის ტარიფები.
მხარებს შორის ტარიფების შესახებ შეთანხმება დადებულია წერილობით მხარეებს შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერით. 2016 წლის 27 იანვრის და 2 თებერვლის წერილებით, შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპერდიცია“ შპს „ჯ--------–ის“ უფლებამოსილ პირს ატყობინებს, რომ 40 ფუთიანი სავსე კონტეინერის ღირებულებაა 295 აშშ დოლარი (მანამდე 360 აშშ დოლარი). 40 ფუთიანი ცარიელი კონტეინერის ღირებულებაა 240 აშშ დოლარი (მანამდე 270 აშშ დოლარი).
2016 წლის 27 იანვრის წერილში მითითებულია, რომ 20 ფუთიანი კონტეინერის ტარიფია 200 აშშ დოლარი (მანამდე 245 აშშ დოლარი), ცარიელის ტარიფია 165 აშშ დოლარი (მანამდე 180 აშშ დოლარი).
ორივე წერილში შპს „ჯ--------–ს“ გაეგზავნა შპს „საქართველოს რკინიგზის“ ახალი ტარიფები.
ამდენად, ამ წერილების მიხედვით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში შეთანხმებული ტარიფები მანამდე არსებულ ტარიფებთან შედარებით შემცირებულია.
დავის გადაწყვეტისათვის ასევე უნდა შეფასდეს ის, თუ სადაო პერიოდში როგორ შეიცვალა შპს „საქართველოს რკინიგზის ტარიფები“.
მხარეთა განმარტებით დგინდება, რომ სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიცია მოიცავს ექსპედიტორის მიერ გაწეულ ხარჯებს, მათ შორის შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" გადასახდელ გადაზიდვის საფასურს, ასევე მოსარჩელის მოგების წილს და სხვა ხარჯებს.
როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა, ტარიფების შეთანხმების პერიოდში შპს “ჯ--------------------------–-ა“ შპს „ჯ--------–ს“ აწვდიდა ინფორმაციას რკინიგზის ტარიფების შესახებ.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს საქართველოს რკინიგზის ტარიფების შესახებ ბრძანების თანახმად, ფოთი-გარდაბანი მიმართულებაზე გადაზიდვის საფასურია
20 ფუთიან კონტეინერზე 245 აშშ დოლარი (სავსე). 122 აშშ დოლარი (ცარიელი).
40 ფუთიან კონტეინერზე - 439 აშშ დოლარი (სავსე); 310 აშშ დოლარი (ცარიელი).
შედარებისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული სატრანსპორტო ექსპედიციის პრივიზიაა
20 ფუთიან სავსე კონტეინერზე 200 აშშ დოლარი; ცარიელ კონტეინერზე 165 აშშ დოლარი.
40 ფუთიან სავსე კონტეინერზე 295 აშშ დოლარი, ცარიელ კონტეინერზე 240 აშშ დოლარი.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „საქართველოს რკინიგზის“ 2017 წლის 4 მაისის ბრძანებით გაუქმდა არსებული ტარიფები და 20 ფუთიან დატვირთულ/ცარიელ კონტეინერზე განისაზღვრა 76/83 აშშ დოლარით, ხოლო 40 ფუთინ კონტეინერზე 151/166 აშშ დოლარი.
მოპასუხის შუამდგომლობით გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სადაო გადაზიდვების პერიოდში N6053, N6060, N6087 ზედნადებებზე შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ გადახდილია გადაზიდვის საფასური 472 აშშ დოლარი. ხოლო N6079, N6084 და N6090 ზედნადებებზე 236 აშშ დოლარი. შეთანხმებული ტარიფია 20 ფუთიან კონტეინერზე ჯამურად 365 აშშ დოლარი, 40 ფუთიან კონტეინერზე - 536 აშშ დოლარი.
2016 წლის იანვრიდან 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შპს „ჯ--------–ის“ დაკვეთით განხორციელებულ გადაზიდვებზე შპს „ჯ--------------------------–-ის“ მიერ შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ გადახდილია შეთანხმებულ ტარიფზე ნაკლები თანხა. მაგალითად, თითო კონტეინერის გადაზიდვისათვის 236 აშშ დოლარი, 330 აშშ დოლარი.
სასამართლოს მიერ მოსარჩელისგან გამოთხოვილი გადაზიდვების ხარჯების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ სადაო გადაზიდვების წინა პერიოდში შეთანხმებული ტარიფია თითო კონტეინერზე 425 აშშ დოლარი, ხოლო შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" რეალურად გადახდილი საფასური შეადგენს 333,02 აშშ დოლარს.
ამდენად, სადაო გადაზიდვების წინა პერიოდში მხარეთა შეთანხმებული ტარიფი, ისე როგორც შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ რეალურად გადახდილი საფასური იყო სადაო პერიოდის ტარიფზე და შპს „საქართველოს რკიგიზისთვის“ გადახდილ რეალურ საფასურზე მეტი. შესაბამისად, სადაო პერიოდში წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ექსპედიციის საფასური, ისე შპს „საქართველოს რკინიგზის“ ხარჯები გადაზიდვაში.
ორივე შემთხვევაში შპს „საქართველოს რკინიგზისთვის" გადახდილი რეალური დანახარჯი არის შეთანხმებული ტარიფის 80%.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე დავის არსი მდგომარეობს შემდეგში - მოპასუხემ სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის გადახდის ვალდებულება უნდა შეასრულოს თუ არა მხარეთა შეთანხმებული ტარიფებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს 364-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს მოვალეს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაუძნელდა ან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს არ ათავისუფლებს მას ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი.
ვალდებულებითი სამართლის ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი როცა მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს ვადებულების შესრულება, ამგვარი გამონაკლისი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით, რომლის თანახმად, 1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. 2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. 3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
ამ მუხლის გამოყენების წინაპირობაა, რომ შეცვლილი გარემოებები შესრულებას ართულებს იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა კრედიტორს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ექვივალენტური) გაცვლის და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს. გარემოებათა შეცვლა განპირობებული შეიძლება იყოს როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე შემცირებით. ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში მხარეს შესაძლა არ მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების განუხრელად შესრულება.
ამ ნორმის საფუძველზე გარემოების შეცვლად არ განიხილება სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ცვლილებები, ასეთი გარემოებების ცვლილება ხელშეკრულების მისადაგების საფუძველი არ არის. ხელშეკრულების მისადაგების საფუძველია ისეთი გარემოებების შეცვლა, რომლის განვითარებაზე ზეგავლენა მხარეებს არ შეუძლიათ, ამასთან ამ გარემოების არსებითად შეცვლა მხარეებს წინასწარ არ შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ. სადაო ურთიერთობაში შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადაზიდვის ტარიფის ცვლილება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომლის ცვლილება წინასწარ გაუთვალისწინებელი, განსაკუთრებული გარემოებაა.
საქმეში წარმოდგენილი გადაზიდვების ხარჯების შესახებ დოკუმენტებით დასტურდება, რომ შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დადგენილი გადაზიდვის ტარიფები სატრანსპორტო ექსპედიციის ხარჯების ძირითადი ნაწილია და შეადგენს საფასურის 80%-ს. ამდენად, ამ ტარიფის ცვლილება აისახება ასევე სატრანსპორტო ექსპედიციის ღირებულებაზე.
სადაო სახელშეკრულებო პირობის შეთანხმების დროს შპს „ჯ--------–ისთვის“ ცნობილი იყო შპს „საქართველოს რკინიგზის“ ტარიფების შესახებ და იგი სადაო გადაზიდვების პერიოდში, ანუ ბოლო ტარიფის შეთანხმების დადების შემდეგ არ შემცირებულა. შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადაზიდვების ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდა 2017 წლის მაისიდან, სადაო გადაზიდვების შემდგომ პერიოდში.
განსახილველ შემთხვევაში სატრანსპორტო ექსპედიციის ტარიფები შეთანხმდა შპს „საქართველოს რგინიგზის“ შეცვლილი ტარიფების გათვალისწინებით. სადაო პერიოდში რკინიგზის მიერ გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს თითო კონტეინერზე 236-280 აშშ დოლარს, ხოლო შეთანხმებული ტარიფია 20 ფუთიან კონტეინერზე 200/165 აშშ დოლარი, ხოლო 40 ფუთიან კონტეინერზე 295/240 აშშ დოლარი.
განსახილველ შემთხვევაში 398-ე მუხლის საფუძველზე შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საფუძველი არ არსებობს, თუმცა უნდა შემოწმდეს პროვიზიის განსაზღვრის დროს ექსპედიტორმა დაიცვა თუ არა გამგზავნის ინტერესებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი კერძო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომლითაც მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად, ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში დადონ მათთვის სასურველი შეთანხმებები, განსაზღვრონ მათი შინაარსი. თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლება შეუზღუდავი და განუსაზღვრელი უფლება არ არის და იგი შეზღუდულია იმპერატიული ნორმატიული დანაწესებით, ასევე სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებით.
„სწორედ სახელშეკრულებო სამართლიანობა ზღუდავს კერძო ავტონომიას, რათა მინიმალურად მაინც უზრუნველყოს მხარეთა ინტერესების დაცვა“ (სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის კომენტარი http://www.gccc.ge/).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამ ნორმით და 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხაზგასმულია კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში გულისხმიერების და კეთილსინდისიერების მნიშვნელობაზე. „სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ვალდებულება, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობანი (მე-8 მუხლი) ყველაზე მეტად სამართლიანობისა და თანასწორობის (aequitas ) ერთიან პრინციპში რეალიზდება. სახელშეკრულებო სამართლიანობა სახელშეკრულებო თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა და გულისხმობს შესრულების ექვივალენტურობას, თუმცა ეს არ შეიძლება წარმოვიდგინოთ შესრულების ღირებულებათა იდენტურობად. სახელშეკრულებო სამართლიანობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებასა და ანაზღაურებას შორის არ უნდა იყოს აშკარა შეუსაბამობა. ხელშეკრულების მხარემ არ უნდა გამოიყენოს საბაზრო ძალაუფლება და მეორე მხარის მძიმე მდგომარეობა თუ გამოუცდელობა, არამედ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული განსხვავებული ინტერესებიც“.(სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის კომენტარი http://www.gccc.ge/).
ამ შემთხვევაში სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური შეთანხმებულია მხარეთა მიერ მათი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ტარიფის შეთანხმების დროს შპს „ჯ--------–ი“ ინფორმირებული იყო შპს "საქართველოს რკინიგზის" ტარიფების შესახებ. ამდენად, გათვალისწინებულია სატრანსპორტო ექსპედიციაში შპს „საქართველოს რკინიგზის“ გადაზიდვის მომსახურებაში ძირითადი როლი. სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ტარიფების შემცირების კვალობაზე შემცირებულია სატრანსპორტო ექსპედიციის საფასურიც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საფასურის განსაზღვრის დროს ექსპედიტორს არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლით გათვალისწინებული გულისხმიერების ვალდებულება, მან აცნობა მოპასუხეს შპს "საქართველოს რკინიგზის" ტარიფის შეცვლის შესახებ, რის შედეგად მხარეთა მიერ შეთანხმებული ტარიფები შემცირდა, ხოლო სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზია უმნიშვნელოდ არ შემცირებულა.
სასამართლო ამ სახელშეკრულებო პირობის სამართლიანობის შეფასებისათვის მნიშვნელოვად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დავა შეეხება ორ მეწარმე სუბიექტს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლებმაც თავიანთი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაამყარეს სადაო სამართალურთიერთობა. სატრანსპორტო ექსპედიციის ურთიერთობაში ექსპედიტორს კანონი აკისრებს გამზგავნის ინტერესების მიმართ გულისხმიერების გამოვლენას. სატრანსპორტო ექსპედიცია სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ექსპედიტორი იღების გაწეული მომსახურების გასამრჯელოს - პროვიზიას. გულისხმიერების ვალდებულება მას ავალდებულებს პროვიზია განსაზღვროს სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე, რაც თავის მხრივ არ გულისხმობს შესრულების ღირებულების იდენტურად პროვიზიის განსაზღვრას და ამ პროცესში მისი როგორც მოგების მიღებაზე ორიენტირებული მეწარმის ინტერესის უგულებელყოფას. სადაო ტარიფების შეთანხმებამდე პროვიზიის საფასურში შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ გადასახდელი გადაზიდვის ხარჯი შეადგენდა საფასურის 80%-ს. საფასურში რკინიგზის გადაზიდვის ხარჯის ეს პროპორცია არ შეცვლილა არც სადაო ტარიფის შეთანხმების დროს.
მოპასუხის სარჩელის საწინააღმდეგო ძირითადი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ რკინიგზის გადაზიდვის ტარიფი სადაო პერიოდში მკვეთრდა შემცირდა, რაც გათვალისწინებული არ არის პროვიზიის საფასურში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან სადაო ტარიფი შეთავაზებულია გულისხმიერების პრინციპის დაცვით, შპს „ჯეოსერვისი“ ინფორმირებული იყო შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადაზიდვის ტარიფების შეცვლის თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც 2016 წლის იანვარ-თებერვალში შეთანხმდა სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური. გადაზიდვების განხორციელების პერიოდში მოპასუხე არ გაუპოროტესტებია შეთანხმებული ტარიფით სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების გაწევა. სატრანსპორტო ექსპედიციის საფასური წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია შპს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდვის საფასურის შემცირების გამო, ხოლო სადაო გადაზიდვების პერიოდში შპს საქართველოს რკინიგზის ტარიფი არ შეცვლილა და სატრანსპორტო ექსპედიციის საფასურის გადასინჯვის საფუძველი არ წარმოშობილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოპასუხე შპს „ჯ--------–ს“ არა აქვს სრულად გადახდილი სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური, რის გამოც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 8 870,90 ლარის გადახდა.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623 გადაწყვეტილებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს“ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 29 დეკემბრიდან ძალადაკარგულია ის ნორმა, რაც იურიდიული პირისათვის აწესებდა ფიზიკურ პირზე მეტი თანხის სახელმწიფო ბაჟს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე. ფიზიკური პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, შესაბამისად იურიდიული პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიც ამ თანხით განისაზღვრება.
2017 წლის 8 აგვისტოს შპს "ჯ--------------------------–-ამ" სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი. ამდენად, ზედმეტადაა გადახდილი 100 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მტკიცებულებების თარგმნისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით; 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოსარჩელემ ამ საქმეზე გასწია ხარჯი მტკიცებულებების თარგმნის და სანოტარო წესით დამოწმებისთვის, ფაქტების კონსტანტაციისათვის, რომლის ანაზღაურება სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე ეკისრება მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ”ჯ--------------------------–-ას” სარჩელი;
1.1. შპს “ჯ--------–ს” დაეკისროს შპს ”ჯ--------------------------–-ასათვის" 8 870,90 ლარის გადახდა;
2. შპს “ჯ--------–ს” დაეკისროს შპს ”ჯ--------------------------–-ასათვის" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 267 ლარის, ხოლო მტკიცებულებების მოპოვებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად 425,56 ლარის გადახდა;
3. შპს ”ჯ--------------------------–-ას” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 8 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი