გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210018002291232 (N2/124-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი''
წარმომადგენელი - ლალი გვაზავა, ნინო ქოჩიაშვილი
მოპასუხე - ნი----–------ი, ილ-------------–--ლი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ნი----–------სა და ილ-------------–--ლს სს ,,ლ---------------'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–----- თებერვლის N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9423.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5237.03 ლარი, პროცენტი - 1508.94 ლარი და პირგასამტეხლო - 2677.71 ლარი;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ,,ლ-------------ს'' და ნი----–------ს შორის 20---–-–----- თებერვალს გაფორმდა N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძლზეც გაიცა სესხი - 10 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17.75 %-ი, კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 60 თვე. მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 20---–-–----- თებერვალს სს ,,ლ-------------ს'' და ილ-------------–--ლს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15172.08 ლარით.
მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა არ უზრუნველყო მისი გადახდა. როგორც მსესხებელი, ასევე თავდები პირი გაფრთხილებულ იქნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.
მოპასუხეების ნი----–------ისა და ილ-------------–--ლის დავალიანება 2018 წლის 24 იანვრის მდგომარეობით სს ,,ლ---------------’’ მიმართ №0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 9423.68 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5237.03 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1508.94 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 2677.71 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნი----–------მა სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში, თუმცა იშუამდგომლა მისცემოდა დავალიანების ნაწილ-ნაწილ გადახდილს შესაძლებლობა, ხოლო პირგასატეხლოს ნაწილში არ სცნო სარჩელი და ითხოვა შემცირება.
მოპასუხე ილ-------------–--ლს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,ლ-------------ს'' და ნი----–------ს შორის 20---–-–----- თებერვალს გაფორმდა N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძლზეც გაიცა სესხი - 10 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17.75 %-ი, კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 60 თვე. მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-20---–-–----- თებერვლის N0-------------- საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);
-კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 20-21);
3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 3 თებერვალს სს „ლ-------------სა“ და ილ-------------–--ლს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15172.08 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 22);
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 23);
3.1.3. ნი----–------მა სრულად ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდა და იმყოფება ვადაგადაცილებაში 2017 წლის თებერვლიდან, როგორც მოპასუხის, ისე თავდები პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი 20.03.2018).
3.1.4. სს ,,ლ---------------'' 2018 წლის 24 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით ნი----–------ის დავალიანება 24.01.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს: 9423.68 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5237.03 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1508.94 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 2677.71 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 24);
- ამონაწერი ანგარიშიდან/გადახდის ისტორია (ს.ფ. 25-27);
3.1.5. 2018 წლის 20 მარტს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სს ,,ლ---------------'' წარმომადგენელმა N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდონარე ნი----–------ის მიმართ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში 500 ლარამდე და მოითხოვა მოპასუხეებს ნი----–------ს და ილ-------------–--ლს სს ,,ლ---------------'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრო 20---–-–----- თებერვლის N0-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7245.97 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5237.03 ლარი, პროცენტი - 1508.94 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი 20.03.2018).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ---------------'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ნი----–------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე ნი----–------ი შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდაა დადენილი, რომ სს ,,ლ-------------ს'' და ნი----–------ს შორის 20---–-–----- თებერვალს გაფორმდა N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძლზეც გაიცა სესხი - 10 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17.75 %-ი, კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 60 თვე. მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის დაფარვით (გადახდის გრაფიკით).
დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან დარღვეული იქნა, სადავო არ არის, რომ მსესხებლისა და მისი თავდების მხრიდან ვალდებულება შესრულებული არ არის.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლ---------------'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ, ისევე როგორც მისი თავდები პირის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, როგორც ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში, ასევე პროცენტის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და იგი უნდა დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ამ ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ილ-------------–--ლმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. მისი პასუხისმგელობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულ იქნა 15172.08 ლარით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები (თავდები პირი) სოლიდარულად აგებენ პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულნი არიან სოლიდარულად გადაიხადონ სს „ლ---------------“ მიმართ 20---–-–----- თებერვლის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0.5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) – 182.5%-ს. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა - 500 ლარამდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სს ,,ლ---------------” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6845.97 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5237.03 ლარი, პროცენტი -1508.94 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი;
სასამართლოს თვლის, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 282.71 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 282.71 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ,,ლ---------------''' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ნი----–------სა და ილ-------------–--ლს სს ,,ლ---------------'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–----- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7245.97 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5237.03 ლარი, პროცენტი -1508.94 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი;
3. მოპასუხეებს ნი----–------ს და ილ-------------–--ლს სს ,,ლ---------------'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 282.71 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო როხვაძე