გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
010210017001995247
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017001995247

№2/2500-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.03.2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - სს ”თ----------ი”

წარმომადგენელი - ი-------–----ე

მოპასუხე - ც---–ა თ----ე

წარმომადგენელი - ნ------რ ჯ--------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ც---–ა თ----ისათვის, სს ”თ----------ის” სასარგებლოდ, #2212993-8031237 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 48465.06 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 42 771.82 აშშ დოლარი, სარგებელი - 4732.36 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 960.88 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხე ც---–ა თ----ისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება სს ”თ----------ის” სასარგებლოდ, 3255.66 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.3. მოპასუხე ც---–ა თ----ისათვის, სს ”თ----------ის” სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება, #2212993-8031237 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტის - 47504.18 აშშ დოლარის 0.1%-ის (47.50 აშშ დოლარი) ოდენობით, ყოველდღიურად, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.

 

1.4. ც---–ა თ----ისათვის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ, #2212993-8031237 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, ც---–ა თ----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი ბათუმი, ქუჩა შ. ხ--–--–---–ის N--, სართული 5, ბინა N--, ს/კ 0------------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, სააღსრულებო წარმოების მიქცევა მოპასუხე ც---–ა თ----ის კუთვნილ სხვა ქონებაზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

 

სს „თ----------სა“ და ც---–ა თ----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით -სამართლებრივი ურთიერთობა. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ამჟამად ც---–ა თ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება სს “თ----------ის“ მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის ანაზღაურების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სს ,,თ----------სა“ და ცილა თ----ეს შორის 2015 წლის 29 ივლისს დაიდო №0104.2212993.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- #0104.2212993.001 საკრედიტო პროდუქტებით ხელშეკრულება - ს. ფ. 16-24;

 

3.2.2. №0104.2212993.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ლ-–--------------ეს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმდა №03-30616-000208 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს „თ----------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ლ-–--------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი ბათუმი, ქუჩა შ.ხ--–--–---–ი, N--, სართული 5, ბინა N-- ს/კ 0------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- #03-30616-000208 იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 25-30;

 

3.2.3. #0104.2212993.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 30 ივლისს სს „თ----------სა“ და ც---–ა თ----ეს შორის გაფორმდა #22129938031237 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებლებზე გაიცა სესხი 50 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური 11%-ის ოდენობით სარგებლის გადახდევინებით. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება კრედიტის დაფარვა უზრუნველეყო ხელშეკრულების დანართი დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობით და ამავე გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით, ვადაგადაცილებული ყოველი დღისათვის (2.10 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- #2212993-8031237 საბანკო კრედიტი ხელშეკრულება - ს. ფ. 31-33;

- დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 34-35;

 

3.2.4. №03-30616-000208 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი ბათუმი, ქუჩა - შ. ხ--–--–---–ი, N--, სართული 5, ბინა N--, ს/კ 0------------------ ამჟამად ირიცხება მოპასუხე ც---–ა თ----ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 42-43;

 

3.2.5. მოპასუხემ არ შეასრულა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლის სისტემატურად გადაუხდელობაში, რის გამოც 2017 წლის 30 ივნისს შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება. 03.07.2017 წლის მდგომარეობით #2212993-8031237 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ც---–ა თ----ეს დაერიცხა დავალიანება 48645.06 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც

 

42771.82 აშშ დოლარი კრედიტის ძირითადი თანხაა;

4732.36 აშშ დოლარი - დარიცხული სარგებელი;

960.88 აშშ დოლარი - დარიცხული პირგასამტეხლო;

 

მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა და ჩაბარდა წერილები დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხემ არ უზრუნველყო დარიცხული დავალიანების დაფარვა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხე მხარე სადავოდ არ მიიჩნევს, რომ დავალიანების დარიცხვა მის მიმართ განხორციელდა სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. მოპასუხე ნაწილობრივ არ ცნობს რა სარჩელის მოთხოვნას მიუთითებს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, აღმოჩნდება მძიმე მატერიალურ - საყოფაცხოვრებო პირობებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 40-41;

- გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის შესახებ - ს. ფ. 36-39;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 873-ე, 361-ე, 405-ე, 417-418-ე, 420-ე, 394-ე, 411-ე, 286-ე, 301-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, რაც გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. მოსარჩელის მტკიცებით, მან ც---–ა თ----ეზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. ც---–ა თ----ემ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით უფლება აქვს სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.4. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და ც---–ა თ----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მოპასუხემ დაარღვია არაერთხელ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაერიცხა დავალიანება 48645.06 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 42771.82 აშშ დოლარი კრედიტის ძირითადი თანხაა; 4732.36 აშშ დოლარი - დარიცხული სარგებელი; 960.88 აშშ დოლარი - დარიცხული პირგასამტეხლო.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ც---–ა თ----ის მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ კრედიტის სახით მიღებული თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობით დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.7. საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

6.8. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ სს ”თ----------ისაგან” მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში და ამავე გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. მოპასუხემ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 42771.82 აშშ დოლარს, რომლის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.9. საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენდა წლიურ 11%-ს, სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს უნდა შეესრულებინა საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს საკრედიტო თანხაზე დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მომენტისათვის შეადგენს 4732.36 აშშ დოლარს.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა დავალიანების 0.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან, აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, უფლებამოსილი არიან პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრონ მხარეთა შეთანხმებისამებრ. ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

6.11. დადგენილია, რომ მოსარჩელე კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 960.88 აშშ დოლარის ოდენობით და ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში დავალიანების ძირი თანხის და დარიცხული სარგებლის 0.1 %-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 47.50 აშშ დოლარს, ანუ მოსარჩელის მიერ შემცირებულია დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა 0.1 %-მდე. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო და სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის მოპასუხეს სს ”თ----------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 96.08 აშშ დოლარის ოდენობით. მასვე, 2017 წლის 3 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 90 დღის განმავლობაში უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველდღიურად 4.75 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.12. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 3255.66 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი პერიოდიდან სახელშეკრულებო ვადის ბოლომდე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ სარგებელს, თუმცა არასრული ოდენობით. (კერძოდ, მოთხოვნა მოიცავს 2017 წლის 30 ივნისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში გადასახდელი სარგებლის ოდენობას).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თვით ვალდებულებით სამართალში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევა. დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება დაარღვია და დათქმულ დროს მოსარჩელეს არ გადაუხადა ის თანხა, რაც მას ერგებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

6.13. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალს წარმოადგენს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნას თუ რამდენად შესაძლებელი იყო მისი მიღება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მიღებული ქონდა სასყიდლიანი სესხი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაეხადა სარგებელი ხელშეკრულებებით შეთანხმებული ოდენობით - საბანკო კრედიტის შემთხვევაში - წლიურად 11%-ის ოდენობით, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე ბუნებრივია კარგავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

 

6.14. სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლით ,,მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება გულისხმობს ასეთი ღონისძიების მიღებას სახელშეკრულებო პერიოდში და არ გულისხმობს მუდმივად. ანუ ვალდებულება დროში განსაზღვრული მოქმედებაა და თუ იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, მაშინ ასეთი ვადა უნდა დაადგინონ ხელშეკრულების მონაწილეებმა.

 

დადგენილია, რომ ც---–ა თ----ეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის სარგებლის ანაზღაურების შესახებ ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2020 წლის 29 ივლისამდე. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება (30.06.2017 წელს). შესაბამისად, უდავოა, რომ მოპასუხე ვერ იღებს იმ სარგებელს, რომლის მიღების შესაძლებლობა მას გააჩნდა 2020 წლის 29 ივლისამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მოსარჩელემ მოითხოვა რა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მოთხოვნა განსაზღვრა არა 2020 წლის 29 ივლისამდე, არამედ 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში მისაღები სარგებლის ოდენობით, რაც მისი დისპოზიციური უფლებაა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ დაკარგა სარგებლის სახით მისაღები შემოსავალი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 3255.66 აშშ დოლარის ოდენობით, მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში.

 

6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ №0104.2212993.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და მოქალაქე ლ-–--------------ეს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმდა №03-30616-000208 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს „თ----------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ლ-–--------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი ბათუმი, ქუჩა შ.ხ--–--–---–ი, N--, სართული 5, ბინა N-- ს/კ 0------------------. ასევე დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრედ 07.10.2015 წლიდან რეგისტრირებულია მოვალე (მოპასუხე) ც---–ა თ----ე.

 

6.16. სასამართლო იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ბანკის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რამაც ბანკს უფლება მისცა მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

6.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301 მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.3 და 9.6 მუხლების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა ვალდებულებების მთლიანად შესასრულებლად, კლიენტის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის ტოლი მოცულობით. ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების დაკმაყოფილების მიზნით კი, ბანკი უფლებამოსილი იქნებოდა აღსრულება მიექცია მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე.

 

მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და სკ-ის 301-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - აღსრულება მიექცეს მოპასუხის ნებისმიერ ქონებაზე, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.18. დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის მიხედვით, ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სასამართლომ გამოიკვლია რა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, დაადგინა, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 13.12 მუხლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარე სპეც---–ურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 4037.74 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ მოსამზადებელი ეტაპიდან სცნო სარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის - 42771.82 აშშ დოლარის ნაწილში, ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, მოპასუხის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რაც შეადგენს - 3084.19 ლარს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის (ჯამში 8511.60 აშშ დოლარის) პროპორციულად, რაც შეადგენს 613.76 ლარს. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 339.79 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”თ----------ის” მოთხოვნა, მოპასუხე ც---–ა თ----ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხე ც---–ა თ----ეს სს ”თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს #2212993-8031237 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 47 600.26 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 42 771.82 აშშ დოლარი, სარგებელი - 4732.36 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 96.08 აშშ დოლარი.

 

3. მოპასუხე ც---–ა თ----ეს, #2212993-8031237 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ”თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 3255.66 აშშ დოლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხე ც---–ა თ----ეს, #2212993-8031237 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ”თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება - დავალიანების ძირი თანხისა და სარგებლის - 47504.18 აშშ დოლარის 0.01 %-ის ოდენობით, (რაც შეადგენს 4.75 აშშ დოლარს), ყოველდღიურად, 2017 წლის 3 ივლისიდან 90 დღის განმავლობაში.

 

5. #2212993-8031237 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ც---–ა თ----ისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, ც---–ა თ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი ბათუმი, ქუჩა შ. ხ--–--–---–ის N--, სართული 5, ბინა N--, ს/კ 0------------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხე ც---–ა თ----ის კუთვნილ სხვა ქონებაზე.

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. მოსარჩელე სს ”თ----------ს” (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ 03.07.2017 წელს #7 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4037.74 ლარის ნაწილი - 3084.19 ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150.

 

8. მოპასუხე ც---–ა თ----ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 613.76 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი