გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.03.2018
საქმის ნომერი
180310017002189096
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/290-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2018 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური

 

მოსარჩელე - ა---------–----–------–---–--

წარმომადგენელი (მხარდამჭერი) - მ----------–------–---–--

ადვოკატი - ი---------–--–---–--

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)

 

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;

 

წარმომადგენელი - რ------------------–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 20---–-–------------------ სოციალური პაკეტის გასაცემლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის №-------- გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს ავ--------–----–------–---–-სათვის 2----–-–-----------------------------–-–------------–----- სოციალური პაკეტის გაცემა; (იხ დაზუსტებული მოთხოვნა 2018 წლის 26 მარტის სასამართლოს სხდომი ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე. (იხ. 2018 წლის 26 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელე ავ--------–----–------–---–- არის ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მის მიმართ დაწესდა მხარდაჭერა გარკვეულ სფეროებში, მათ შორის საპროცესო უფლებამოსილების განხორციელების სფეროში დაენიშნა მხარდამჭერად დედა, მარიამ ასლამაზაშვილი.

 

მოსარჩელე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უვადოდ, 1990 წლიდან იგი იღებდა აღნიშნულ პირთათვის გათვალისწინებულ პენსიას, რომელიც შეუჩერდა მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გადაწყვეტილებით 2016 წლის 01 ოქტომბრიდან (საპენსიო საქმის ნომერი 32-11-11298). შეჩერების საფუძვლად მითითებულია #279-ე დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ;ა; ქვეპუნქტი, ხოლო დოკუმენტების განახლებისა და პენსიის აღდგენის შემდეგ არ გადაუხადეს 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე 4 (ოთხი) თვის კუთვნილი პენსია.

 

აღნიშნული აქტი გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მხარდამჭერის მიერ, მაგრამ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2017 წლის 29 ივნისის №-------- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი ცნობით (ს--------------- დადგენილია, რომ მოსარჩელე ავთნადილ ასლამაზაშვილმა 2017 წლის 01 ნოემბერს გაიარა განმეორებით შემოწმება დაუდგინა იგივე დიაგნოზითთ და იმავე ხარისხით ბავშობის ასაკიდან მომდინარეობით შშმ პირის სტატუსი უვადოდ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსე შემოწმების აქტები;

- მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2016 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის №-------- გადაწყვეტილება ;

- მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

- განცხადება;

- ცნობა (ს---------------

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ავ--------–----–------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი I დამატებითი ოქმი, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „სოციალური დამხარების შესახებ“ საქართველოს კანონი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის №-------- გადაწყვეტილება და მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 20---–-–------------------ გასაცემლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი მოსარჩელე ავ--------–----–------–---–-სათვის 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურებაზე.

 

6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად, წინამდებარე კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.

 

მითითებული კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ყველა ზომა ითვალისწინებდეს შესაბამის და ეფექტურ გარანტიებს მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები ორიენტირებული იყოს პიროვნების უფლებებზე, სურვილსა და უპირატესობებზე, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისა და არასასურველი გავლენისაგან, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ამ პიროვნების მდგომარეობას, გამოიყენებოდეს რაც შეიძლება მინიმალური დროით და რეგულარულად მოწმდებოდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს მოცემული პირის უფლებებისა და ინტერესების ხელმყოფი ზომების პროპორციული. წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არც ერთ პირი, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა და პირობებისა, არ უნდა განიცდიდეს თვითნებურ ან უკანონო ჩარევას მის პირად ცხოვრებაში, ოჯახში, საცხოვრებელში, კორესპონდენციასა და სხვა სახის კომუნიკაციაში; დაუშვებელია მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა. ასეთი სახის ჩარევისა და თავდასხმის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ იყონ დაცული კანონით. იმავე კონვენციის 28-ე მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებულ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესაბზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სუფთა წყლის მიღების, შესაბამისი და ხელმისაწვდომი მომსახურების, საშუალებებისა და ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სხვა დახმარების მისაწვდომობას; უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ ქალების, გოგონებისა და ხანდაზმულებისათვის სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამების მისაწვდომობას; უზრუნველყოფენ სიღარიბის პირობებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ფინანსური დანახარჯების დაფარვისათვის, მათ შორის: ადეკვატური განათლება, კონსულტირება, ფინანსური დახმარება და დროებითი მზრუნველობა. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებელის პროგრამების მისაწვდომობას; უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარი მისაწვდომობას.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას და ეფექტურად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, როგორც სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტთა და მათი ოჯახის საკუთრების, პირადი, სოციალური და სხვა უფლებები, დადგენილია ზემოთ აღნიშნული კონვენციით.

 

6.4. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

მითითებული კანონის მე-121 მუხლის შესაბამისად, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლებია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; ბ) მარჩენალის გარდაცვალება.

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არის პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო იმავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.კ.“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი ენიშნებათ სხვა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 100 ლარის ოდენობით.

 

მოცემული შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სსე აქტის ამონაწერის შესაბამისად, მოსარჩელე ავ--------–----–------–---–- 1990 წლიდან ცნობილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონედ, რომელიც მუდმივად საჭიროებს სხვა პირის დახმარებას და ამ სტატუსის საფუძველზე, მას, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, 2016 წლის ოქტომბრამდე დანიშნული ჰქონდა და ღებულობდა სოციალურ პაკეტს, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სსიპ მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა---------–----–------–---–- შეუჩერდა პენსია, ხოლო დოკუმენტების განახლებისა და პენსიის აღდგენის შემდეგ არ გადაუხადა პენსია 2016 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე.

 

მოსარჩელე ავ--------–----–------–---–-ს დედამ - მარიამ ასლამაზაშვილმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა თავისი მხარდასაჭერი პირის ავ--------–----–------–---–-სათვის 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე სოციალური პაკეტის გაცემა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისს გაცემული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდანაც 1990 წელს უვადოდ გაცემული სსე აქტის დაუმოწმებელი ქსეროასლი ავთენტურად არ იქნა მიჩნეული, ხოლო საქმეში დედანი არ მოიძებნა. შესაბამისად, 2016 წლის ოქტომბრიდან სახელმწიფო გასაცემლის აღდგენის დოკუმენტური საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა და „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის #279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სოციალური პაკეტის გაცემა შეწყდა, შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე.

 

შპს „-–--------------–------------–----–----------------------–----------“ მიერ გაცემული სსე აქტის ამონაწერის თანახმად ა---------–----–------–---–- 2017 წლის 26 იანვარს იგივე დიაგნოზითა და იგივე ხარისხით დაუდგინდა ბავშვობის ასაკიდან მომდინარეობით შშმ პირის სტატუსი, რაც დადგენილი ჰქონდა 1990 წელს, მაგრამ არა უვადოდ, არამედ ვადით. ამიტომაც, ავ--------–----–------–---–-ს სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა განხორციელდა განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან, 2017 წლის 1 თებერვლიდან.

 

გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის, 2014 წლის სექტემბერში მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლზე, რომელიც სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს, კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება: გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას; ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ; თ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას; ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას; კ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი; ლ) ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას; მ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას; ნ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ავ--------–----–------–---–-სათვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველი, აღნიშნული მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი იყო, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესი სოციალური პაკეტის დანიშვნას ითვალისწინებდა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ნებისმიერი პირისათვის. შესაბამისად, 2017 წლის 26 იანვარს შპს „მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის - ჯანმრთელი თაობის“ მიერ გაცემული სსე აქტით ა---------–----–------–---–- იგივე დიაგნოზითა და იმავე ხარისხით დაუდგინდა ბავშვობის ასაკიდან მომდინარეობით შშმ პირის სტატუსი, რაც დადგენილი ჰქონდა 1990 წელს. სწორედ აქედან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ავ--------–----–------–---–-სათვის სოციალური პაკეტის თანხა უნდა გადაეხადა არა 2017 წლის თებერვლიდან, არამედ უნდა აენაზღაურებინა ასევე 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე პერიოდი. მოპასუხე აპელირებდა იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის 26 იანვრის სსე აქტით ა---------–----–------–---–- დაუდგინდა შშმ პირის სტატუსი ვადით - აღნიშნული კი სასამართლოს მიერ ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან ამავე სსე აქტში ნათქვამია, რომ ავ--------–----–------–---–-ს დაავადება მომდინარეობს ბავშვობიდან. შესაბამისად, იგი შშმ პირი იყო იმ პერიოდშიც როდესაც შეუწყდა სოციალური პაკეტის გაცემა დროებით - 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე. სწორედ ეს ფაქტი უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას. უფრო მეტიც საქმეში წარმოდგენილი ცნობით (ს--------------- დადგენილია, რომ მოსარჩელე ავთნადილ ასლამაზაშვილმა 2017 წლის 01 ნოემბერს გაიარა განმეორებით შემოწმება დაუდგინა იგივე დიაგნოზითთ და იმავე ხარისხით ბავშობის ასაკიდან მომდინარეობით შშმ პირის სტატუსი უვადოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, არსებობს 1990 წლის სსე აქტის დაუმოწმებელი დოკუმენტის ასლი, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ ავ--------–----–------–---–- არის შშმ პირად აღიარებული ამ პერიოდიდან. ამასთან, ივარაუდება რომ დედანი დოკუმენტი ინახება მოპასუხე მხარესთან, რადგან მათსავე განმარტებით, დაუმოწმებელი დოკუმენტის ასლით არ შეიძლება მოხდეს პირის შშმ პირად აღიარება და მასზე სოციალური პაკეტის გაცემა, მაშასადამე ა---------–----–------–---–--- სოციალური პაკეტის დანიშვნა მხოლოდ სსე აქტის დაუმოწმებელი დოკუმენტის ასლით არ მოხდებოდა. შესაბამისად, სასამართლო წერილობით მტკიცებულებად მიიჩნევს 1990 წლის სსე აქტის დაუმოწმებელი დოკუმენტის ასლს.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ავ--------–----–------–---–- ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებად, ხოლო მისი დედა მარიამ ასლამაზაშვილი მის მხარდამჭერად.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ განაცხადის ნომერი:31; პუნქტი 45) დადასტურებულია, რომ კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრება ასევე მოიცავს ფორმალურ-იურიდიულად ჯერ კიდევ არ აღიარებულ მშობლისა და შვილის კავშირს და აქედან გამომდინარე, მათთან სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელება ამ თვალსაზრისით უნდა წარმოებდეს.

 

ამრიგად, ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ავ--------–----–------–---–-სათვის 2016 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე 4 (ოთხი) თვის სოციალური პაკეტის გაუცემლობა და ამ სოციალური პაკეტის ანაზღაურებაზე სადავო აქტით 2017 წლის 29 ივნისის #04/42590 უარი წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ საპენსიო საქმეში არ მოიძებნა 1990 წელს უვადოდ გაცემული სსე აქტის დედანი დოკუმენტი, არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებს.

 

6.5.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავ--------–----–------–---–-ს სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის №-------- გადაწყვეტილება და მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 20---–-–------------------ სოცილური პაკეტის გასაცემლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანონშეუსაბამოდ იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედება მოსარჩელე ავ--------–----–------–---–-სათვის 2016 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე სოციალური პაკეტის შეწყვეტა, მის განახლებაზე და მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურებაზე უარი და აღნიშნული ქმედების გამო მოსარჩელე ავთანდილ ასლამაზაშვილმა ვერ შეძლო მისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის აღნიშნულ პერიოდში მიღება, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოთხოვნა მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დავალების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მოსარჩელე ავ--------–----–------–---–-ს სასარგებლოდ, უნდა დაევალოს 2----–-–-----------------------------–-–------------–----- მის მიერ, მიუღებელი სოციალური დახმარების (სოციალური პაკეტის) ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლებმა წერილობით წარმოდგენილ სარჩელშიც და სასამართლო სხდომაზე, სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტებისას სასარჩელო მოთხოვნად განსაზღვრეს 2016 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოპასუხეს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მოსარჩელე ავ--------–----–------–---–-ს სასარგებლოდ, უნდა დაევალოს 2016 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მის მიერ, მიუღებელი სოციალური დახმარების (სოციალური პაკეტის) ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 24-ე 32-ე, 331-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ავ--------–----–------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 20---–-–------------------ სოციალური პაკეტის გასაცემლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის №-------- გადაწყვეტილება.

 

4. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალოს ავ--------–----–------–---–-ს სასარგებლოდ 2----–-–-----------------------------–-–------------–----- მის მიერ მიუღებელი სოციალური დახმარების (სოციალური პაკეტის) ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა № 17) 14 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე