გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017002113744
N2/969-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე შპს „ქ------------------------“
წარმომადგენელი ეკ---------------–---–ი
მოპასუხე რ---------------–ა
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე რ---------------–ას მოსარჩელე შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1658,50 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, სარგებელი - 58,50 ლარი და პირგასამტეხლო - 600 ლარი.
1.2.მოპასუხე რ---------------–ას მოსარჩელე შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.
1.3.მოპასუხე რ---------------–ას მოსარჩელე შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 10 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე რ---------------–ას შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის N-AELIROYE ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, პროცენტი 30 დღეზე განისაზღვრა 5,85%. ყოველდღიური (პირგასამტეხლო) - 0,4 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხემ არ შეასრულა მისთვის დაკისრებული ვალდებულება, არ დააბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რის გამოც მისი დავალიანება შპს „ქ------------------------ს“ მიმართ შეადგენს 1658.50 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1000 ლარი, სარგებელი - 58,50 ლარი, პირგასამტეხლო - 600 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირი 1000 ლარის, სარგებლის 58,50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის - 100 ლარის დაკისრების ნაწილში მთლიანად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ 100 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 10 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე რ---------------–ას შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, პროცენტი 30 დღეზე - 5,85%.
3.1.2. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ ძირი თანხის ნაწილში შეადგენს 1000 ლარს, ხოლო სარგებლის ნაწილში - 58,50 ლარს.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეები ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს თაობაზე არ შეთანხმებულან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს " ქ------------------------ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ რ---------------–ამ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხად მიღებული თანხის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება.
საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია და მხარეებიც არ თვლიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 10 მარტს, შპს „ქ------------------------სა“ და რ---------------–ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა სესხის თანხა 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, რომლის პროცენტიც შეადგენდა 58,50 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება.
მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ რ---------------–ას 2017 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულებით აკისრია 1000 ლარი სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება, რაც სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელზე შეთანხმება მსესხებელს აკისრებს იმგვარ ვალდებულებას, როგორიც მას გააჩნია ძირითადი თანხის გადახდის მიმართ. ამიტომ მოპასუხეს სარგებლის გადახდის ვალდებულება უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. სასამართლომ შეამოწმა სარგებლის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებელი შესაბამისობაშია სახელშეკრულებო პირობებთან და ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს რაიმე არგუმენტზე არ მიუთითებია. ამდენად, რ---------------–ა ვალდებულია სარგებელი, რომელიც შეადგენს 58,50 ლარს მოსარჩელეს გადაუხადოს სრულად და ამ ნაწილშიც სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ხელშეკრულება მოიცავდა მითითებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი თანხის 0,4 პროცენტის ოდენობით, რაც ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხის მიერ. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო 600 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მხარეები მოქმედებენ რა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო რაოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0,4%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 100 ლარი ნაცვლად 600 ლარისა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში ძირითად სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
შპს „ქ------------------------ს“ უნდა დაუბრუნდეს შპს „პ------–------- ა--------ს ბ-------ს“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 13.09.2017 წ. საგადახდო დავალება NB_2) 34,93 ლარი, ხოლო 15,07 ლარიუნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს იურიდიული მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ წარმოადგინა იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.
ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიული მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის - 100 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, ამ კუთხით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს, რომ ეს ხარჯები ფაქტობრივად და უდავოდ გასწია და რომ ეს თანხა გონივრული იყო (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Nilsen and Johnsen v. Norway [GC], no. 23118/93, §62, ECHR 1999-VIII, შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ქ------------------------ს“ სარჩელი რ---------------–ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე რ---------------–ას, შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1158,50 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1000 ლარი, სარგებელი - 58,50 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი) გადახდა.
3. შპს „ქ------------------------ს“ დაუბრუნდეს შპს „პ------–------- ა--------ს ბ-------ს“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 13.09.2017 წ. საგადახდო დავალება NB_2) 34,93 ლარი, ხოლო 15,07 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
4. რ---------------–ას შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე