გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
010210017001983163
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210017001983163

#2/2359-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.02.2018 წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი თამარ ევგენიძე

მოსარჩელე - სს ”თ----ი ბ---ი”

წარმომადგენელი - მ-----ნ ა---–---–ი

მოპასუხე - ნ----ა გ----------ნ

წარმომადგენლები - მ---------–--ე, ი-------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ----ა გ----------ნისათვის, სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 9416.29 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 6150 ლარი, სარგებელი - 656.54 ლარი, პირგასამტეხლო - 2609.75 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ნ----ა გ----------ნისათვის, სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებლის გადახდის დაკისრება კრედიტის ძირი თანხის - 6150 ლარის, წლიური 17 %-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 87.12 ლარს, 2017 წლის 18 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

1.3. მოპასუხე ნ----ა გ----------ნისათვის, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება კრედიტის ძირი თანხის - 6150 ლარის 0.5 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 30.75 ლარს, 2017 წლის 18 მაისიდან, (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) ყოველდღიურად, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარისა.

 

1.4. მოპასუხე ნ----ა გ----------ნისათვის, სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, სა----ო კრედიტის #2481120-2823593 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 10919.07 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 9221.18 ლარი, სარგებელი - 661.05 ლარი, პირგასამტეხლო - 1007.05 ლარი, დაზღვევის თანხა - 29.79 ლარი.

 

1.5. მოპასუხე ნ----ა გ----------ნისათვის, სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, სა----ო კრედიტის #2481120-2823593 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტის ძირი თანხის - 9221.18 ლარის წლიური 14.7 %-ის დაკისრება (რაც ყოველთვიურად შეადგენს 112.95 ლარს), 2017 წლის 18 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

1.6. მოპასუხე ნ----ა გ----------ნისათვის, სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, სა----ო კრედიტის #2481120-2823593 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება კრედიტის ძირი თანხის - 9221.18 ლარის 0.5 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 46.10 ლარს, 2017 წლის 18 მაისიდან, (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) ყოველდღიურად, მაგრამ არა უმეტეს 3000 ლარისა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

 

სს „თ----ი ბ---სა“ და ნ----ა გ----------ნს შორის დაიდო საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება სს “თ----ი ბ---ის“ მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სს ,,თ----ი ბ---სა“ და ნ----ა გ----------ნს შორის 2015 წლის 28 იანვარს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 6150-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო სარგებლობის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის განისაზღვრა 17%-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვის თარიღად განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 27 რიცხვი, ხოლო ყოველთვიური მინიმალური შესატანი - ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული საკრედიტო ლიმიტის ათვისების დღიდან შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო რიცხვამდე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი, ასევე დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თავსართი - ს. ფ. 16;

- 28.01.2015 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება - ს. ფ. 17-19;

 

3.2.2. ნ----ა გ----------ნი პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 2016 წლის 24 ოქტომბრის შემდეგ კი, საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა. ნ----ა გ----------ნს, 2017 წლის 18 მაისის მდგომარებით, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 2015 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაერიცხა დავალიანება - 9416.29 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 6150 ლარი, პროცენტი - 656.54 ლარი და ჯარიმა - 2609.75 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 33-43;

- დავალიანების შესახებ ცნობა - ს. ფ. 46;

 

3.2.3. სს ,,თ----ი ბ---სა“ და ნ----ა გ----------ნს შორის 2015 წლის 15 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის №2481120-2823593 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14,7 %-ით, კრედიტის ვადა - 1449 დღით, 2019 წლის 03 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 03 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაგადაცილებაზე - 20 ლარი, ამას დამატებული 0,5 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განაცხადი სესხზე - ს. ფ. 31-32;

- 15.01.2015 წლის საბანკო კრედიტის № 2481120-2823593 ხელშეკრულება - ს. ფ. 20-25;

- გადახდის გრაფიკი - ს. ფ.29-30;

 

3.2.4. საბანკო კრედიტის №2481120-2823593 ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე, ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაეხადა დაზღვევის პრემია, გადახდის მომენტში მოქმედი შესაბამისი სადზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 15 იანვრის საბანკო კრედიტის №2481120-2823593 ხელშეკრულება - ს. ფ. 20-25;

- საბანკო კრედიტის №2481120-2823593 ხელშეკრულების დანართი #1/პოლისი - #2481120-2823593 - ს. ფ. 26-28;

 

3.2.5. ნ----ა გ----------ნი, 2015 წლის 15 იანვრის საბანკო კრედიტის №2481120-2823593 ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს პერიოდულად არღვევდა, ხოლო 2016 წლის 26 ნოემბრის შემდეგ კრედიტი საერთოდ აღარ დაუფარავს. მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც სს „თ----ი ბ---მა“ ვადამდე შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა მის წინაშე არსებული დავლიანების დაფარვა. 2017 წლის 18 მაისის მდგომარეობით, ნ----ა გ----------ნს, საბანკო კრედიტის №2481120-2823593 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაერიცხა დავალიანება - 10919.07 ლმარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა - 9221.18 ლარი, პროცენტი 661.05 ლარი, ჯარიმა 1007.05 ლარი და დაზღვევა 29.79 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გადახდების ისტორია (ამონაწერი ანგარიშიდან) - ს. ფ. 44-45;

- დავალიანების შესახებ ცნობა - ს. ფ. 46;

 

3.2.6. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას კრედიტის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების თაობაზე ცნობს სრულად. ის სადავოდ ხდის ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები თავად შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე და ხელშეკრულებითვე განსაზღვრეს მისი ოდენობა. მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულობა, არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას, იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 2017 წლის 18 მაისის მდგომარეობით საბანკო კრედიტის #№2481120-2823593 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10919.07 ლარს. ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 9416.29 ლარს. მართალია, მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ 18.05.2017 წლის მდგომარეობით რიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-873-ე, 417-420-ე, 361-ე, 405-ე, 411-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ნ----ა გ----------ნზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. ნ----ა გ----------ნმა თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბ---ს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ სს „თ----ი ბ---სა“ და ნ----ა გ----------ნს შორის 2015 წლის 15 იანვარს გაფორმდა სა----ო კრედიტის #№2481120-2823593 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ნ----ა გ----------ნმა დაარღვია არაერთელ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2017 წლის 18 მაისის მდგომარეობით, ნ----ა გ----------ნს, საბანკო კრედიტის №2481120-2823593 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაერიცხა დავალიანება - 10919.07 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა - 9221.18 ლარი, პროცენტი 661.05 ლარი, ჯარიმა 1007.05 ლარი და დაზღვევა 29.79 ლარი.

 

ასევე დადგენილია, რომ სს “თ----ი ბ---სა“ და ნ----ა გირგორიანს შორის, 2015 წლის 28 იანვარს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა საკრედიტო ბარათი 6150-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. ნ----ა გ----------ნმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაერიცხა დავალიანება - 9416.29 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 6150 ლარი, პროცენტი - 656.54 ლარი და ჯარიმა - 2609.75 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ნ----ა გ----------ნისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, ნ----ა გ----------ნი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველო სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ნ----ა გ----------ნის მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბ---ს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ნ----ა გ----------ნი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ----ა გ----------ნმა სს ”თ----ი ბ---ისაგან” მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა დადავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. ნ----ა გ----------ნმა პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოითხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 9221.18 ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6150 ლარს, რომელთა ანაზღაურების ვალდებულება ნ----ა გ----------ნს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად ნ----ა გ----------ნი მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, როგორც საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში.

 

6.2. საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენდა წლიურ 14.7%-ს, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენდა 17%-ს. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც ნ----ა გ----------ნს უნდა შეესრულებინა საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს საკრედიტო თანხაზე დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2017 წლის 18 მაისამდე (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე) შეადგენს - 661.05 ლარს, (წლიური 14.7%), ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასანაზღაურებელი სარგებლის ოდენობა შეადგენს 656.54 ლარს, (წლიური 17%), რაც მოიცავს ხელშეკრულების დარღვევიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2017 წლის 18 მაისამდე პერიოდს.

 

6.3. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება დაზღვევაზე. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის თანხა, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. მასვე ერიცხება დაზღვევის დავალიანებაც. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს არა მხოლოდ სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი, არამედ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის თანხაც, რაც შეადგენს 29.79 ლარს. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს რაიმე არსებითი შედავება არ განუხორციელებია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2017 წლის 18 მაისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 2609.75 ლარის ოდენობით და 2017 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ძირი თანხის - 6150 ლარის 0.5 %-ის (30.75 ლარის) გადახდას ყოველდღიურად, ჯამში 2000 ლარის ოდენობით.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2017 წლის 18 მაისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 1007.05 ლარის ოდენობით და 2017 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ძირი თანხის - 9221.18 ლარის 0.5 %-ის (46.10 ლარის) გადახდას ყოველდღიურად, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს 0.1%-მდე და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, ხოლო 2017 წლის 18 მაისიდან ვალდებულების შესრულებამდე მოპასუხეს სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა კრედიტის ძირი თანხის - 6150 ლარის 0.1 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 6.15 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 399.75 ლარისა.

 

საბანკო კრედიტის #2481120-2823593 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 18 მაისამდე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განსაზღვროს 201.41 ლარით, ხოლო 2017 წლის 18 მაისიდან ვალდებულების შესრულებამდე მოპასუხეს სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა კრედიტის ძირი თანხის 9221.18 ლარის 0.1 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 9.22 ლარს, 2017 წლის 18 მაისიდან, ყოველდღიურად, მაგრამ არა უმეტეს 599.30 ლარისა.

 

6.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხე ნ----ა გ----------ნისათვის 2017 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სა----ო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირ თანხაზე - 9221.18 ლარზე, წლიური 14.7 %-ის ოდენობით სარგებლის გადახდის დაკისრებას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 112.95 ლარს. მოსარჩელე ასევე მოითხოვს 2017 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 6150 ლარზე, წლიური 17 %-ის ოდენობით სარგებლის გადახდის დაკისრებას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 87.12 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თვით ვალდებულებით სამართალში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევა. დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება დაარღვია და დათქმულ დროს მოსარჩელეს არ გადაუხადა ის თანხა, რაც მას ერგებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალს წარმოადგენს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნას თუ რამდენად შესაძლებელი იყო მისი მიღება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მიღებული ქონდა სასყიდელიანი სესხი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაეხადა სარგებელი ხელშეკრულებებით შეთანხმებული ოდენობით - საბანკო კრედიტის შემთხვევაში - წლიურად 14.7%-ის ოდენობით, ხოლო საკრედიტო ბარათის შემთხვევაში - წლიური 17%-ის ოდენობით. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე ბუნებრივია კარგავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლით ,,მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება გულისხმობს ასეთი ღონისძიების მიღებას სახელშეკრულებო პერიოდში და არ გულისხმობს მუდმივად. ანუ ვალდებულება დროში განსაზღვრული მოქმედებაა და თუ იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, მაშინ ასეთი ვადა უნდა დაადგინონ ხელშეკრულების მონაწილეებმა.

 

დადგენილია, რომ ნ----ა გ----------ნს #2481120-2823593 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 1449 დღის განმავლობაში, 2019 წლის 3 იანვრამდე. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად, უდავოა, რომ მოპასუხე ვერ იღებს იმ სარგებელს რომლის მიღების შესაძლებლობა მას გააჩნდა 2019 წლის 3 იანვრამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კარგავს შემოსავალს მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2017 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 3 იანვრისა, საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირ თანხაზე - 9221.18 ლარზე, წლიური 14.7 %-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 112.95 ლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივად შეეხება ვალდებულების შეუსრულებლობით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, თუმცა მხოლოდ სამართლებრივ საფუძველზე მითითება, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება 2019 წლის 3 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ამ პერიოდის შემდგომი დროისათვის მიუღებელ შემოსავალთან და ამით განცდილ ზიანთან დაკავშირებით შესაბამისი დასაბუთება არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ნ----ა გ----------ნს, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარგებლის გადახდა კრედიტის ძირი თანხის - 6150 ლარის, წლიური 17 %-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 87.12 ლარს, 2017 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 32 537.88 ლარით და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 976.14 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ სცნო სასარჩელო მოთხოვნა 16 688.77 ლარის (სესხის ძირი და სარგებელი) ნაწილში.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ს” სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 500.66 ლარი, 2017 წლის 7 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 976.14 ლარიდან, მოპასუხის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, ვინაიდან მოპასუხე ამ ნაწილში თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსკ-ის 49.2 მუხლის საფუძველზე. მოპასუხე ნ----ა გ----------ნს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 212.73 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ხოლო მოსარჩელე სს "თ----ი ბ---ის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 262.75 ლარის ოდენობით დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად (მოსარჩელის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის პროპორციულად)

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურებისათვის გასწია ხარჯი 500 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ნ----ა გ----------ნს საქართველოს სსკ-ის 53.1 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა

 

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” მოთხოვნა, მოპასუხე ნ----ა გ----------ნის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხე ნ----ა გ----------ნს, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 7328.49 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 6150 ლარი, სარგებელი - 656.54 ლარი, პირგასამტეხლო - 521.95 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ნ----ა გ----------ნს, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის გადახდა კრედიტის ძირი თანხის - 6150 ლარის, წლიური 17 %-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 87.12 ლარს, 2017 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

1.3. მოპასუხე ნ----ა გ----------ნს, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა კრედიტის ძირი თანხის - 6150 ლარის 0.1 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 6.15 ლარს, 2017 წლის 18 მაისიდან, ყოველდღიურად, მაგრამ არა უმეტეს 399.75 ლარისა.

 

1.4. მოპასუხე ნ----ა გ----------ნს, საბანკო კრედიტის #2481120-2823593 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 10113.43 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 9221.18 ლარი, სარგებელი - 661.05 ლარი, პირგასამტეხლო - 201.41 ლარი, დაზღვევის თანხა - 29.79 ლარი.

 

1.5. მოპასუხე ნ----ა გ----------ნს, საბანკო კრედიტის #2481120-2823593 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს კრედიტის ძირი თანხის - 9221.18 ლარის წლიური 14.7 %, (რაც ყოველთვიურად შეადგენს 112.95 ლარს), 2017 წლის 18 მაისიდან 2019 წლის 03 იანვრამდე.

 

1.6. მოპასუხე ნ----ა გ----------ნს, საბანკო კრედიტის #2481120-2823593 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა კრედიტის ძირი თანხის - 9221.18 ლარის 0.1 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 9.22 ლარს, 2017 წლის 18 მაისიდან, ყოველდღიურად, მაგრამ არა უმეტეს 599.30 ლარისა.

 

2. მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ს” სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 500.66 ლარი, 2017 წლის 7 ივნისს #8 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 976.14 ლარიდან;

 

3. მოპასუხე ნ----ა გ----------ნს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 212.73 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. მოპასუხე ნ----ა გ----------ნს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილ