გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2851-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7.03.2018 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე თ----- ფ-------ე
წარმომადგენელი ქეთევან ქავთარაძე
მოპასუხე ზ----- ხ------–---–ი
წარმომადგენელი დარეჯან ბუცხრიკიძე
დავის საგანი: ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ----- ხ------–---–ისათვის ზიანის ასანაზღაურებლად 6390 ლარის დაკისრება;
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 16 სექტემბერს მცხეთა სტეფანწმინდა- ლარსის საავტომობილო გზის 99-ე კმ-ზე სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ,,HONDA ODISSEY" სახ ნომრით B------, რომელსაც მართავდა ზ----- ხ------–---–ი გადავიდა საწინააღმდეგო მიმართულებით სამოძრაო ზოლში, სადაც შეეჯახა გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფ თ----- ფ-------ის კუთვნილ ავტოსატრანსპოტო საშუალებას BMW X5 სახ ნომრით Z------.
შეჯახების შედეგად დაზიანება მიიღო ავტომანქანის მძღოლმა თეიმურაზ პატაშურმა და მისმა მცირეწლოვანმა შვილმა ზურაბ პატაშურმა, რაზეც აღიძრა სისხლის სამარლის საქმე #094190917002. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულია ავტოტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც მძღოლის ზ----- ხ------–---–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ შემთხვევაში მძღოლს თეიმურაზ პატაშურს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის BMW X5 სახ ნომრით Z------ დაზიანებებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 6000 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, მისთვის მიყენებული ზიანია ასევე ავტომობილის ევაკუატორით გადაადგილებისათვის გადახდილი თანხა, რადგან ავტომობილის დაზიანების გამო მისი მართვა შესაძლებელი არ არის და ეს ხარჯი შეადგენს 389 ლარს.
(მოპასუხის განმარტება 07.03.2018წ. CD დისკი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობითი შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს შესთავაზე ავტომანქანის შეკეთება, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. ამჟამადაც თანახმაა გააკეთსო დაზიანებული ავტომობილი.
(მოპასუხის განმარტება 07.03.2018წ. CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა, რადგან საჭიროა მათი დადგენა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 16 სექტემბერს ავტომობილს BMW X5 სახ ნომერი Z------ დაეჯახა ავტომობილი HONDA ODYSSEY სახ ნომერი B------, რომელსაც მართავდა ზ----- ხ------–---–ი. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ზ----- ხ------–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ.
2017 წლის 16 სექტემბერს გაუდურიდან სტეფანწმინდის მიმრთულებით მოძრაობის დროს ავტომანქანა HONDA ODYSSEY სახ ნომერი B------, რომელსაც მართავდა ზ----- ხ------–---–ი დაეჯახა ავტომობილს BMW X5 სახ ნომერი Z------. BMW-ს მარკის ავტომობილი უამინდობის გამო გაჩერებული იყო გზის მარჯვენა მხარეს, რა დროსაც მას შეეჯახა მოპასუხის ავტომობილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტის გამო დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, რადგან საზგაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს BMW-ს მარკის ავტომობილის მგზავრებმა თემურ პატაშურმა და მის შვილმა ზურა პატაშურმა.
სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, გამოძიების მიმდინარეობის დროს ჩატარებულია რამდენიმე სახის ექსპერტიზა. კერძოდ, 2017 წლის 19 სექტემბერის დადგენილებით დანიშნულია კომპლექსური ავტოტრასოლოგიური, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, ხოლო 2017 წლის 06 ოქტომბრის დადგენილებით დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 9 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, ზ----- ხ------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვს შემთხვევაში მოცემულ საგზოა-სატრანოსრტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ თეიმურაზ პატაშურს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება.
დასკვნაში მითითებულია, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს 18.30 საათზე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილი გზის 99-ე კილომეტრზე მოძრავი ავტომობილი HONDA ODYSSEY სახ ნომერი BG 926 GB, რომელსაც მართავდა ზ----- ხ------–---–ი, შეეჯახა გაჩერებულ მდგორეობაში მყოფ ავტომობილს BMW ნომერი ZY 999 KI , რომელშიც იმყოფებოდა მძღოლი თეიმურაზ პატაშური. შეჯახების შედეგად დაზიანება მიიღეს თეიმურაზ პატაშურმა და ავტომობილში მჯდომმა ბავშვმა ზურაბ პატაშურმა.
დასკვნის თანახმად, 2017 წლის 16 სექტემბერს მცხეთა-სტეფანწმიდა-ლარსის გზას სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი HONDA ODYSSEY სახ ნომერი B------ გზის 99-ე კმ-ზე, სეტყვისა და ცუდ მეტეოროლოგიური პირობებში მოძრაობისას, ყოველგვარი სხვა რაიმე ხელისშემშლელი გარემოების გარეშე, გადავიდა საწინააღმდეგო მიმართულებით სამოძრაო ზოლში, სადაც შეეხაჯა გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფ ავტომობილს BMW X5 სახ ნომერი Z------. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზ----- ხ------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
2017 წლის 16 სექტემბერს გამოწერილია ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის თანახმად, ზ----- ხ------–---–ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმა 250 ლარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მე-6, მე-7, და მე-8 ნაწილების საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევაა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ამავე მუხლის 61-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა, სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სამართალდარღვევას წარმოადგენს მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა , ხოლო მე-8 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა.
ამდენად, ამ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ზ----- ხ------–---–ის მიერ საგზაო მოზრაობის უსაფრთოების წესების დარღვევამ, რის შედეგად იგი ავტომობილით მოძრაობისას გავიდა მისი სამოძრაო ზოლიდან მოწინააღმდეგე მხარეს და შეეჯახა გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებულ ავტომობილს.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად და გამოძიების მიმდინარეობისას მხარეებისათვსი ჩამოღტმეული ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საგზაო შემთხვევის დროს იყო უამინდობა, სეტყვა, რაც დასკვნის მიხედვით, არ წარმოშობდა ისეთ პირობებს, რომ ჰონდას მარკის ავტომობილი გადასულიყო საპისიპირო მოძრობის ზოლში დამოეხდინა შეჯახება წესების დავით გაჩერებულ ავტომობილთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ექსპერტიზის დასკვნის ასლი (ს.ფ.66-68. ტომი 2 )
3.2.2. 2017 წლის 16 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია თამთა ფოფხაძის კუთვნილი ავტომობილი BMW X5 სახ ნომერი ZY999KL, რომლის შეკეთება და მისი ნორმალური ექსპლოატაცია შეუძლებელია, ავტომობილისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 6000 ლარს.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს ჩატარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 25 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილს BMW X5 სახ ნომერი Z------ დეფორმირებული, დამტვრეული და დაზიანებული აქვს წინა ბამპერი, წინა ბამპერის ძელი, წინა მარცხენა მაშუქი, ძრავის სახურავი, წინა მარცხენა ფრთა, წინა მარცხება ლანჟერონი, წინა მარცხენა საკიდარი, ძრავის სექციის ცალკეული დეტალები, წინა საქარე მინა, წინ ა მარცხენა საყრდენი, აურბალიშები, საბურავი დისკით.
დასკვნის თანახმად, ავტომანქანაზე არსებული ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედებს თავისუფალი საბაზრო ფასები, ანალოგიური ავტომანქანის საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება, ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო ავტომობილის ნარჩენი ღირებულება ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეადგენს 4000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადენს 6000 ლარს.
ტრანსპორტის რეგისტრაციის მოწმობის თანახმად, ავტომობილი BMW X5 სახ ნომერი Z------, გამოშვების წელი 2001, აღრიცხულია თ----- ფ-------ის საკუთრებად.
ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა არ განსაზღვრულა იმის გამო, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელის ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ქონებრივი დანაკლისი შეადგენს 6000 ლარს, რადგან ავტომობილის აღდგენა და მისი ექსპლოატაცია შეუძლებელია.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შეფასების საკითხზე განმარტავს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
ამ ნორმების შესაბამისად არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს სხვა მტკიცებულებაზე უფრო მეტი სამართლებრივი მნიშვნელობა გარდა იმ შემთხვევისა, როცა გარკვეული გარემოების მტკიცებისათვის კანონით გათვალისწინებულია რომელიმე სახის მტკიცებულების არსებობა.
ავტომანქანის აღდგენის შესაძლებლობის და ამისათვის საჭირო ხარჯების შესახებ ფაქტების დადგენას სჭირდება სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ კვლევის ჩატარება. შესაბამისად, ეს გარემოებები უნდა დადგინდეს ექსპერტიზის დასკვნით ან სხვა სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ გაცემული ინფორმაციით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ავტომანქანის აღდგენა შეუძლებელია შეჯახების შედეგად მიღებული დეფექტების გამო.
ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ზიანის შეფასებისათვის განმსაზღვრელი გარემოება - კონკრეტულად მითითებულია დაზიანებული დეტალების ჩამონათვალი, შეფასებულია მათი დაზიანების ხარისხი და დასაბუთებულია ავტომობილის აღდგენის შეუძლებლობა.
ამ ექსპერტიზის დასკვნების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რის გამოც არ არის უარყოფილი ექსპერტიზის დაკვნაში მითითებული ის გარემოება, რომ ავტომობილის შეკეთება შეუძლებელია. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ შესაძლებელია ავტოობილის იმგვარად შეკეთება, რომ შესაძლებელი იქნება მისი უსაფრთხოდ ექსპლოატაცია. ამდენად, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მის შესაგებელში მითითებული გარემოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის 2017 წლის 25 სექტემბრის დასკვნის ასლი (ს.ფ. 63-65. ტომი 2)
- შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის 2017 წლის 25 სექტემბრის დასკვნის ასლი (ს.ფ. 66-68. ტომი 2)
- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი (ს.ფ. 21. ტომი 1)
3.2.3. თ----- ფ-------ის მიერ ავტომობილის ევაკუატორით ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯია 390 ლარი.
2018 წლის 7 თებერვლის №102862985 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, 112 ევაკუატორების მომსახურების სერვისისათვის თ----- ფ-------ემ გადაიხადა 389 ლარის, და ბანკის საკომისიო 1 ლარი. თანხა გადახდილია ავტომობილის BMW X5 სახ ნომერი გაწეული მომსახურებისათვის. ამდენად, თ----- ფ-------ის მიერ დაზიანებული ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის გადაიხადა ჯამურად 390 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქვითრის ასლი (ს.ფ. 80. ტომი 1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია მოპასუხის არამართლზომიერმა ქმედებამ, რის გამოც მას უნდა დაეკისროს მოთხოვნილი ოდენობით ზიანის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 412-ე, 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 409-ე, 414-ე, 411-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ საქმეში დავის საგანია სხვისი კუთვნილი ქონების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ფულადი ანაზღაურება, შესაბამისად სადაო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი პრინციპები, რომელთა ერთობლიობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კერძოდ, უნდა დადასტურდეს ზიანის ფაქტი - დაზარალებულის ქონების შემცირების ან ვალდებულებების გაზრდის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია ზიანის დადგომაში მოპასუხის ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ზიანის ფაქტი, ავტომობილის დაზიანების ფაქტი.
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოპასუხემ დაარღვია ამ ნორმით დადგენილი წინდახედულობის ნორმა, არ გაითვალისწინა ატმოსფერული პირობებით გამოწვეული შეზღუდული ხილვადობა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, სადაც დაეჯახა გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებულ ავტომობილს. ექსპერტიზის დასკვნით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი გაჩერებული იყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვით და მას ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მოთხოვნილი თანხით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიღებისას კრედიტორის მთავარი ინტერესია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც ნივთის დაზიანების შემთხვევაში გულისხმობს ზიანის მიყენებამდე არსებული ნივთის მდგომარეობის აღდგენას, მის შეკეთებას იმგვარად, რომ შენარჩუნდეს ზიანის დადგომამდე არსებული დანიშნულება. ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში კრედიტორის ინტერესია ავტომობილის უსაფრთხო ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში მისი აღდგენა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით ზიანის ანაზღაურების პრინციპი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამ ნორმის მიხედვით, კრედიტორს მიეცემა ფულადი ანაზღაურება, თუ ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ან ნივთის აღსადგენად საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამ ნორმით მიხედვით ანაზღაურდება ის ზიანი, რომლის დადგომა მოვალეს წინასწარ შეეძლო ევარაუდა და წარმოადგენს მისი ქმედების უშუალო შედეგს. ეს ნორმა ადგენს სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურების უშუალო მიზეზობრიობის პრინციპს, რომლის მიხედვით ანაზღაურდება ის ზიანი, რომლის წინასწარ გათვალისწინება შეეძლო მოვალეს და რომელიც გამოიწვია უშუალოდ მისმა ქმედებამ, პირადად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევამ. წინასწარ სავარაუდო ზიანის ანაზღაურების შესახებ დებულება შეეხება როგორც ზიანის გამომწვევი მიზეზის ფაქტებს, ასევე დამდგარი ზიანის ოდენობას.
ზიანის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შინაარსი, რომლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი არის დაზარალებულის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკლისი, მისი ქონების ღირებულების შემცირება, ზიანის გამოსასწორებლად კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯები ან ზიანით გამოწვეული ვალდებულებების გაზრდა.
საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ავტომანქანას მიყენებული აქვს მნიშვნელოვანი დაზიანებები, რომელთა გამოც მისი შეკეთების შემთხვევაშიც კი უსაფრთხო ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა საწინააღმდეგო გარემოება, რომ მოსარჩელის ავტომანქანის შეკეთება შესაძლებელია, რის გამოც მოპასუხეს ზიანის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს ავტომობილის ნარჩენი ღირებულების 6000 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მუხლის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა მოპასუხის არამართლზომიერი, ბრალეული ქმედებით, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელი თანხის გადახდა, რაც თავის მხრივ წარმოშობს მოპასუხის ვალდებულებას გადაიხადოს ზიანის ასანაზღაურებელი თანხა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტომობილის ნარჩენი ღირებულების გარდა მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანია ასევე ავტომობილის ავაკუატორით ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯი 390 ლარი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 250-ე მუხლის 12-ე ნაწილის თანახად, პოლიციელი ვალდებულია ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები რიგდებიან და ეთანხმებიან საჯარიმო ქვითარს, ან როდესაც დაზარალებულს სამართალდამრღვევთან მორიგების ან საჯარიმო ქვითარზე თანხმობის მიცემის გარეშე არ სურს სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სადგომზე გადაყვანა), რისი ხარჯებიც დაეკისრება სამართალდამრღვევს. მე-13 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) დაზარალებულს (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/ მფლობელს) უფლება აქვს, გამოიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება, თუ იგი ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს წარუდგენს სათანადო განცხადებას და საექსპერტო შეფასებას.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის საექსპერტო კვლევა ჩატარდა ქალაქ თბილისში მდებარე N112-ე საჯარიმო ავტოსადგომზე. სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად ავტომანქანის ევაკუატორით ტრანსპორტირებისათვის 2018 წლის 7 თებერვალს გადახდილია 390 ლარი ამ სადგომიდან ავტოობილის გაყვანისათვის. აღნიშნული თანხა არის მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედების გამო მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი, რადგან ავტოსადგომზე ავტომობილი გადაიყვანეს მისი დაზიანების გამო, დაზიანების ავარიული ხასიათის ხარისხის გათვალისწინებით ავტომობილის მართვა და მისი დამოუკიდებლად გადაადგილება შესაძლებელი არ არის და ამიტომ მისი ტრანსპორტირება განხორციელდა ევაკუატორით.
ამდენად, მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით მოსარჩელეს მიადგა 6390 ლარის ზიანი, რომლის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწფიო ბაჟის და ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად გაწეული ხარჯის, ბანკის საკომისიოს ასანაზღაურებლად 194 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 51 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს თ----- ფ-------ის სარჩელი;
1.1. ზ----- ხ------–---–ს დაეკისროს თ----- ფ-------ისათვის 6390 ლარის გადახდა;
2. ზ----- ხ------–---–ს დაეკისროს თ----- ფ-------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწფიო ბაჟის ასანაზღაურებლად 194 ლარის, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 51 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი