განაჩენი

სისხლის სამართლის 09.04.2018
საქმის ნომერი
020100117002071345
დავის ტიპი
19 - 137 1
თარიღი
09.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002071345

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/574-17 26 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე

1.1. პროკურორი რ-----------–--

 

2. დაცვის მხარე

2.1. ბრალდებული ა--------------------------------------------–-------–-–------------–--------------–----------–--------------------------------------–----–----–----------–----------------------–----–----------------------------------------------------–---–---------------------–----------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: გაუპატიურების, ესე იგი, პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით

 

2.2. ადვოკატი თ------–-------–------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. საპროცესო ნორმათა დაცულობა

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების განხილვამდე აუცილებელია გამოძიების პროცესში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვის/დაუცველობის შესახებ მსჯელობა, ვინაიდან, სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და მის საფუძველზე კანონის დაცვით მიღებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელი მტკიცებულებაა და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამდენად, სასამართლო უნდა დაეყრდნოს ფაქტების დადგენისას მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საპროცესო კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების მოთხოვნათა დაცვით არის მოპოვებული. ამისათვის აუცილებელია ფაქტების შესახებ მსჯელობამდე იმ მტკიცებულებების გამორიცხვა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რათა მათ ბრალდებულის საუარესოდ გავლენა არ იქონიონ ფაქტების დადგენაზე.

პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ფორმა 100-ზე, რომლის შინაარსიც ეჭვქვეშ დააყენა ბრალდების მხარემ. კერძოდ, პროკურორის მითითებით, დოკუმენტში მითითებულ პერიოდში ბრალდებული დაკავებული იყო, რის გამოც მას ექიმი ვერ შეამოწმებდა და გამოითქვა მოსაზრება ცნობის სიყალბის შესახებ. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების ჩვენებებიდან და საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებული არაერთხელ ახსენებდა, რომ ბავშვობიდან მკურნალობდა ნ----- ექიმთან, რომლის გვარიც არ ახსოვდა. წარმოდგენილი ცნობა, როგორც ჩანს, გაცემულია იმავე ექიმის მიერ, რომელიც ცნობაში ფიქსირდება როგორც ნ. გ-------. ცნობაშივე მითითებულია, რომ ბრალდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომ ექიმთან მიმართვის დროა 4 ივლისი, 2017 წელი, რომ ა----------------ს აღენიშნება ფილტვის თანდაყოლილი დაავადება - ფილტვის არქონა, რასაც თან სდევს სუნთქვის გაძნელება..., ავადმყოფობის მიმდინარეობა ქრონიკული. ამდენად, ირკვევა, რომ ბრალდებული ბავშვობიდან მკურნალობდა აღნიშნულ ექიმთან, რაც მიუთითებს ექიმის ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმირებულობაზე. ირკვევა ასევე, რომ ბრალდებულს აქვს თანდაყოლილი დაავადება, რაც ასევე ადასტურებს, რომ მკურნალი ექიმი ამის შესახებ ინფორმირებული იყო. დადგენილია, რომ ექიმისადმი მიმართვისა და ცნობის გაცემის თარიღად დაფიქსირებულია 4 ივლისი, როცა ბრალდებული იყო დაკავებული, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს, რომ შვილის მკურნალი ექიმისთვის ცნობის გაცემის თხოვნით მიემართა ბრალდებულის მშობელს ან ახლობელს, რა დროსაც სწორედ მიმართვის თარიღი მიეთითება ცნობაში (მიუხედავად იმისა, რომ თავად პაციენტს არ მიუმართავს). ცნობის მე-12 პუნქტში მითითებულია ჩატარებული გამოკვლევები, თუმცა, იმ პირობებში, როცა ნ----- გ------- ბრალდებულის მკურნალი ექიმია, არ არის აუცილებელი, ეს გამოკვლევები ჩატარებულიყო 4 ივლისს და სავსებით შესაძლებელია (როგორც ჩანს, ასეც იყო), გამოკვლევები ჩატარებულიყო ადრე, ხოლო ცნობა გაცემულიყო მიმართვის საფუძველზე მოგვიანებით - 4 ივლისს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ავადმყოფობა ქრონიკულია, რის შესახებაც იცოდა ბრალდებულის ბავშვობიდან მკურნალმა ექიმმა. ამდენად, ცნობაში დაფიქსირებული მონაცემები ავტომატურად ამ ცნობის სიყალბეზე არ მიუთითებს. პირიქით, ცნობაში მითითებული მონაცემების ახსნა შესაძლებელია ზემოაღნიშნული გარემოებებით. ამასთან, ამ ვითარებაში, როცა ახსნა მოეძებნება ბრალდების მხარის მიერ დაყენებულ საკითხებს, ხოლო ცნობა თავისთავად ბრალდებულის მდგომარეობას არ აუარესებს, პირიქით, აუმჯობესებს, არ არსებობს ამ დოკუმენტის გაზიარებაზე უარის თქმის სსსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამბულატორიული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის და მოწმე თ------------ას ჩვენების თანახმად, ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა და დადგენილებაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც საჭიროა გამოსაკვლევი პირის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა.

მოწმე მ-------------–---–ის ჩვენებით, ბრალდებული პიროვნულად უმწიფარია, ინტელექტი ნორმის ფარგლების დაბალ ზღვარზე აქვს, თუნდაც მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენა არ აღენიშნება. უმწიფარია ემოციური სფერო ზერელობის გამო. ეს არ არის კავშირში გაცნობიერებასთან, აღქმასთან, რაც რეალური აქვს ბრალდებულს. ბრალდებულს სკოლა აქვს დამთავრებული, რის გამოც ხელზე რამდენი თითი აქვს, არ უკითხავს. ისეთი ტესტები გამოიყენა, რასაც სჭირდება ანალიზი, განზოგადება, სინთეზი. შეიძლება ცოდნის მარაგი დიდი არ ჰქონდეს, მაგრამ ინტელექტი ჰქონდეს. ბრალდებულს ინტელექტი აქვს. მახვილგონიერება არ უკვლევია, წარდგენილი მაგალითები ბრალდებულმა სწორად ამოხსნა. ბრალდებული იყენებდა არაკორექტულ, თუმცა მახვილგონიერ ანალოგიებს, დაზარალებულზე ამბობდა, ისეთი შეუხედავი იყო, ჩემი ცხენი ჯობდაო. სიტუაციის აღქმა და გააზრება შეუძლია რეალურად, სიტუაციას აბრალებს გარემოს ზეწოლას, დაზარალებულს, პროვოცირება მოახდინაო, ვინც შემხვდება გზაზე, შეიძლება ყველას ვეჩხუბოო, პასუხსაგები გადაწყვეტილებებიდან გადის. ბრალდებული გასაგებად საუბრობდა, თუმცა თემიდან გადახტომები ჰქონდა, აზრს ასრულებდა, ბგერებს არ ყლაპავდა, სიტყვებს არ ეძებდა. ბრალდებულისთვის ინსტრუქციის განმეორება იყო ხოლმე საჭირო, რადგან ყურადღება იყო რხევადი და არა იმიტომ, რომ ამოცანის შინაარსი არ ესმოდა, მეხსიერების პრობლემა არ ჰქონია, არსებითის და მეორეხარისხოვნის გამიჯვნას გაართვა თავი. ბრალდებულის შესაძლებლობები მოზრდილის შესაძლებლობებს შეესაბამება. სტრესის გადატანის შესახებ კითხვა არ დაუსვამს, რადგან სტრესი არ შეიძლება იყოს ინტელექტის დაქვეითების საფუძველი. ფილტვების პრობლემას შეიძლებოდა ფსიქოლოგიური პრობლემა გამოეწვია.

მოწმე დ--------------ის ჩვენების თანახმად, ბრალდებულის კვლევისას არ აღმოჩნდა პათოლოგია. ალტერნატიულ დასკვნაში რაც წერია, არის ინტელექტუალური დეფიციტი, გონებრივი ჩამორჩენილობის ყველაზე მსუბუქი ფორმა, რა დროსაც კრიტიკა არის დაქვეითებული, არ აქვს ცოდნის მასალა, აბსტრაქტული აზროვნება. ვერ დააფიქსირეს, რომ გონებრივი ჩამორჩენის რამე ფორმა აქვს. ბრალდებულს აქვს დაბალი ინტელექტი, თუმცა ნომრის ფარგლებში. სუნთქვის ხანგრძლივად უკმარისობა დადასტურებული უნდა იოს დოკუმენტურად, აღრიცხვაზე უნდა იყოს და ასეთ შემთხვევაში ფსიქიკაში ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს. ბრალდებული, როგორც ახსოვს, წარმატებული მოკრივე იყო და თუ 1 ფილტვით ამას ახერხებდა, ძნელი სათქმელია, ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიდა თუ არა. გასაუბრება პაციენტთან ზოგჯერ 15 წუთი გრძელდება, ზოგჯერ - 1 საათი, ურთულეს შემთხვევაში - ორსაათნახევარი. თითქმის 1 კვირა იყო ბრალდებული მათთან. მის ინტელექტში ეჭვი არ შეუტანიათ.

სასამრთლო სხდომაზე გამოკვლეული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის და მოწმე ვ--------–----–---–----ს ჩვენების თანხმად, ა----------------ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა----------------ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა----------------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა----------------ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა----------------ი არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის და მოწმე ნ------–-------–-ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენა (ინტელექტის განვითარება შეესაბამება 9-12 წლის მოზარდის ინტელექტუალური განვითარების დონეს). აღნიშნული ინტელექტუალური შეზღუდვა ზოგადად და კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს განსჯის ზედაპირულობას, სიტუაციის ადექვატური აღქმისა და გააზრების სირთულეს, თავისი ქცევების მიმართ კრიტიკულობის დაბალ ხარისხს, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მისი სპონტანურად აღმოცენებული მოთხოვნილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, შერაცხული დანაშაულის ჩადენის მომენტში და ამჟამადაც მიზეზ შედეგობრივი კავშირების გაანალიზების სუსტ რესურსს.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის, მოწმეების: ალ----------------–--–---–-ს, ნ-------------–---–-ს, თ--------------------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ა----------------ს აღენიშნება არაფსიქოზური რეგისტრის ფსიქიკური ნაკლი, ფსიქიკის შეფერხებული ან არასრული განვითარება, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა /F 70/ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). ინკრიმინებული ქმედების დროს ა----------------ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ანდა ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდულად შერაცხადი). ა----------------ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას, ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით ა----------------ს არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან/და უხელმძღვანელოს მას.

როგორც ირკვევა, სასამართლოში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამება და შეფასებას საჭიროებს, თუ რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა. მნიშვნელოვანია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეების მიერ წარმოდგენილი დასკვნების ძირითადი არსი ერთმანეთის შესაბამისია, ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ ბრალდებულის გონებრივი განვითარება ნორმის ქვედა ზღვართან ახლოს არის. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის ექსპერტები ამბობენ, რომ ბრალდებულის გონებრივი შესაძლებლობები მინიმალურ ზღვარს ოდნავ სცდება, ხოლო დაცვის მხარის ექსპერტები ამბობენ, რომ ის ნორმის მინიმალურ ზღვარს ვერ აღწევს. აქვე უნდა ითქვას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტების ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ არ მიაქციეს ყურადღება გარკვეულ გარემოებებს, რომლებიც ისედაც დადგენილად მიიჩნიეს სხვადასხვა გარემოების გამო, მაგალითად საათის ცნობა, ხელზე თითების რაოდენობის ცოდნა და სხვა ისედაც დადგენილად მიიჩნიეს საშუალო განათლების ატესტატის ქონის გამო, ქრონიკური ფსიქიკური ან სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობა სათანადო დაწესებულებაში ბრალდებულის რეგისტრაციის არარსებობის გამო. ამიტომ ეს საკითხები მათ არ გამოუკვლევიათ. მათვე მიუთითეს, რომ არ წარდგენიათ სამედიცინო ცნობა ფილტვის უქონლობის შესახებ. მათგან განსხვავებით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათ ყურადღება გაამახვილეს ამ გარემოებებზე და აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც ბრალდების მხარის ექსპერტებს გამორჩათ. მათვე გამოარკვიეს, რომ ბრალდებული არ იყო აღრიცხვაზე შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ვინაიდან ოჯახი მალავდა ბრალდებულის გონებრივ მდგომარეობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, გონებრივი მდგომარეობა რომ ჩამორჩება ნორმის საშუალო მაჩვენებლებს, ამას ბრალდების მხარის ექსპერტებიც ადასტურებენ. ბრალდების მხარის ექსპერტებისთვის არ ყოფილა მიწოდებული სამედიცინო დოკუმენტაცია ბრალდებულის სუნთქვის ქრონიკულ პრობლემასთან დაკავშირებით (1 ფილტვის არქონა ბავშვობიდან), თუმცა ასეთი პრობლემის გავლენაზე გონებრივი განვითრების დონეზე ორივე მხარის ექსპერტები თანხმდებიან. ამ ფონზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაზიარებელია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტების ჩვენებები, რისი შეფასების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის საკუთარი თავის დაცვაში.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის, ამბულატორიული და სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნების, მოწმეების: ალ----------------–--–---–-ს, ნ-------------–---–-ს, თ--------------------ს, ნ------–-------–-ს, დ--------------ის, მ-------------–---–ის ჩვენებების ერთობლიობაში განხილვით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა----------------ს აღენიშნება არაფსიქოზური რეგისტრის ფსიქიკური ნაკლი, ფსიქიკის შეფერხებული ან არასრული განვითარება, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, რაც გულისხმობს განსჯის ზედაპირულობას, სიტუაციის ადექვატური აღქმისა და გააზრების სირთულეს. ა----------------ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს არ შეუძლია უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას.

ამდენად ირკვევა, რომ ბრალდებულს ყველა შემთხვევაში უნდა ჰყავდეს ადვოკატი მიუხედავად მისი სურვილისა, თუ მას აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულს აღენიშნება გონებრივი განვითარების ნაკლი, რის გამოც მარ არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდებული სოციალურად დაუცველია და, სურვილის შემთხვევაშიც კი, მის ოჯახს არ შეეძლო დაუყოვნებლივ შეთანხმებით ადვოკატის აყვანა, ეს საგამოძიებო ორგანოს უნდა უზრუნველეყო. მართალია, მოგვიანებით ოჯახმა მოახერხა შეთანხმებით ადვოკატის აყვანა, თუმცა, სოციალურად დაუცველობისა და გონებრივი ნაკლის არსებობის პირობებში, ეს გარემოება არ ათავისუფლებდა ბრალდების მხარეს, ეზრუნა დასაწყისიდანვე ადვოკატის ჩართვაზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადვოკატმა, ჩართვიდანვე მოითხოვა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა, თუმცა მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარეს ასეთი ექსპერტიზა უკვე დანიშნული ჰქონდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდების მხარეს ადვოკატის ჩართვამდეც გაუჩნდა ეჭვი ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ამდენად, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ჩატარებულია ბრალდებულის მიმართ ადვოკატის გარეშე, წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით ჩატარებულ მოქმედებებს, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულებები ვერ იქნება გაზიარებული.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა----------------ის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვა მოხდა პატაკისა და მისი ავტორის ჩვენების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დანაშაული ჩადენილია სწორედ ა----------------ის მიერ. ამდენად, ა----------------ის მიმართ პირველივე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამოძიების ორგანოს ჰქონდა ინფორმაცია მისი შესაძლო დამნაშავეობის შესახებ, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ არ ჰქონია ბრალდებულის სტატუსი, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ადვოკატის უფლება. მით უფრო, რომ ბრალდებულის გონებრივი ჩამორჩენა გამომძიებლისთვისაც უნდა ყოფილიყო შესამჩნევი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ა----------------ის მიმართ ჩატარებული პირველი საგამოძიებო მოქმედება არის მისი გამოკითხვა, რაც ჩატარდა პატაკში მითითებული გარემოებების ირგვლივ და თავიდანვე გასაგები იყო, რომ მოწმის სახით დაკითხული პირი, შესაძლო იყო, საკუთარი თავის საწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობის წინაშე დამდგარიყო. მართალია, გამოკითხვის ოქმში მითითებულია მოწმის უფლება, არ მისცეს ინფორმაცია საკუთარი თავის წინააღმდეგ, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, იმ ვითარებაში, როცა ა----------------ი ვერ ახორციელებს საკუთარი თავის დაცვას, არის გონებრივი განვითარების საშუალო ნორმასთან შედარებით ჩამორჩენილი, ვერ იქნება მიჩნეული, რომ მან სრულად გააცნობიერა ამ ჩანაწერის არსი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებული სოციალურად დაუცველია (სარეიტინგო ქულა 1000), რაც მიუთითებს ადვოკატის საკუთარი სახსრებით აყვანის სირთულეზე. ამდენად, ადვოკატის სახელმწიფო ხარჯზე მოთხოვნის უფლების სათანადო განმარტებისა და ბრალდებულისთვის გასაგებად მიწოდების გარეშე ამ უფლების წაკითხვას შედეგი ვერ მოჰყვებოდა. ამდენად, იმ ვითარებაში, როცა წინასწარვე გამომძიებელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მოწმის სახით დასაკითხი პირი შესაძლო იყო გამხდარიყო ბრალდებული, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეს აქვს უფლება, არ მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ინფორმაცია და ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, იმის გააზრებით, რომ ადვოკატის გარეშე ა----------------ს არ შეეძლო ამ ყველაფრის გაცნობიერება და საკუთარი თავის დაცვა, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ პირველივე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებიდანვე ა----------------ი ექვემდებარებოდა სავალდებულო დაცვას და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ადვოკატის გარეშე წარმოადგენს საპროცესო კოდექსის მოთხოვნების არსებით დარღვევას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, ბრალდებულს შემდგომში შეუძლია უარი თქვას გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზე და ეს ასეც მოხდა, თუმცა ა----------------ის მიერ მიცემულ ჩვენებას მოჰყვა ასევე მის წინააღმდეგ გამოყენებული სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა ბრალდებულის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გარეშე. ვინაიდან ა----------------ი, მისი ჩვენებისა და მისგან გამომდინარე სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა ბრალდებული, ხოლო ეს საგამოძიებო მოქმედებები ემყარება მის პირველ ჩვენებას, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ გამოკითხვის ოქმის შედეგად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მის შედეგად მიღებული მტკიცებულებები არ უნდა იქნეს გამოყენებული ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. ასეთი მოქმედებებია ბრალდებულის დედისგან ტანსაცმლის (რომლის შესახებ ინფორმაცია ა----------------მა ადვოკატის გარეშე მიაწოდა გამოძიებას) ამოღება, ა----------------ის ხელწერილის საფუძველზე ადვოკატის გარეშე ჩატარებული ამოცნობები და ამის ირგვლივ ჩატარებული გამოკითხვები, მისივე ხელწერილის საფუძველზე ადვოკატის გარეშე ჩატარებული პირადი ჩხრეკა. აღსანიშნავია ასევე, რომ პირადი ჩხრეკის დროს ა----------------ი უკვე დაკავებული იყო და ის უკვე სარგებლობდა ბრალდებულის სტატუსით.

ასევე ვერ იქნება გაზიარებული დაკავების შემდგომ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგად მიღებული მტკიცებულებები: ბრალდებულის ხელწერილის საფუძველზე ადვოკატის გარეშე ჩატარებული ნიმუშის აღება, ბრალდებულის დედის გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა ა----------------ის გამოკითხვის შედეგად ჩატარებული ამოღების ირგვლივ, ბრალდებულის ხელწერილის საფუძველზე ადვოკატის გარეშე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულის ხელწერილის საფუძველზე ადვოკატის გარეშე წარდგენილი ბრალდება და მისი გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზა, ბიოლოგიური ექსპერტიზა და მათთან დაკავშირებული გამოკითხვები.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სასამართლოს განჩინებებზე, რომლებითაც კანონიერად იქნა გარკვეული მოქმედებები ცნობილი. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლოს არ ჰქონდა ინფორმაცია ბრალდებულის გონებრივი განვითარების შეფერხების შესახებ, რის გამოც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ პერიოდისთვის არსებული მასალების საფუძველზე, თუმცა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რაც არის ახალი არსებითი გარემოება, რომელიც მიუთითებს გამოძიების განმავლობაში ჩატარებული მოქმედებების სავალდებულო დაცვის უგულებელყოფით ჩატარებაზე, რაც სამართლებრივად არსებითად ცვლის ვითარებას სასამართლოს მიერ გამოძიების ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამდენად, სასამართლოს განჩინებები ამ ფონზე ავტომატურად არ მიუთითებს საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ჩატარებაზე.

საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.

აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები სავალდებულო დაცვის შესახებ, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულებები და მათ საფუძველზე კანონის დაცვით მოპოვებული სხვა მტკიცებულებები, რომელიც აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2017 წლის 2----–--ს, დაახლოებით 15:00 საათზე, მესტიის რაიონში მდებარე ,,ჰ-–---–-’’-ს მთისკენ მიმავალ გზაზე ა----------------მა შენიშნა ტურისტი - ჩეხეთის მოქალაქე მ-----------------, რომელსაც დაუძახა და ჟესტიკულაციით ანიშნა, რომ მასთან სურდა სქესობრივი კავშირის დამყარება, უარის მიღების შემდეგ, ცხენით გაიქცა მისი მიმართულებით, ძალადობის გამოყენებით ყელში სტაცა ხელი, ხელი მოუჭირა მარჯვენა ხელზე, უკბინა ტუჩზე, წაიქცა და შეეცადა მისთვის ტანსაცმლის გახდას, რაც მ-----------------ს წინააღმდეგობის გაწევის ფონზე ვერ შეძლო. ამასთან, მ-----------------მ დაიწყო ყვირილი, რის შემდეგ ა----------------მა, ისე, რომ მისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, შემთხვევის ადგილიდან მიმალა.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ბრალად წარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის სქესობრივი თავისუფლება და ხელშეუხებლობა.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევისკენ საკუთარი სხეულით ან რაიმე ნივთით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების დადგენილება არ აზუსტებს, თუმცა ბრალად წარდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლება ვარაუდი, რომ ა----------------ს ბრალად წარდგენილი აქვს დაზარალებულის სასქესო ორგანოში შეღწევის მცდელობა საკუთარი სასქესო ორგანოს მეშვეობით.

ა----------------ისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხრემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელთა ნაწილს სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათი კანონდარღვევით მოპოვების გამო, რაზეც ზემოთ უკვე იყო მსჯელობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექვემდებარება განხილვასა და სამართლებრივ შეფასებას. კერძოდ,სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გოგა გაბულდანის ჩვენებით ირკვევა, რომ პირადმა წყარომ 2----–--ს საღამოს შეხვედრისას მიაწოდა ოპერატიული ინფორმაცია და უთხრა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა გაუპატიურების მცდელობა. პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას. გამოძიება უკვე დაწყებული იყო.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე დ-----------------ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, რასაც თარჯიმანი და მოწმეც ესწრებოდა. მოწმე იყო დაზარალებულის მეგობარი. მან ტყესთან გააჩერა. ეძებდნენ დაზარალებულის მწვანე საყურეს, რაც ვერ ნახეს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ბ-------------ს ჩვენების თანახმად, ინგლისური იცის თავისუფლად, სკოლაში სწავლობდა, კერძო მასწავლებელთან დადიოდა ინსტიტუტში, უფრო მეტად თავისით ისწავლა. თარჯიმნის უფლება-მოვალეობები განუმარტა გამომძიებელმა. თვითონ განათლებით აიტისპეციალისტია და სკოლაში ასწავლის. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა. შემთხვევის ადგილი არის ჰ-–---–-ს ზედა სადგურამდე 500 მეტრში. დაკითხვებში მიიღო მონაწილეობა. პრეტენზია არ გამოუთქვამთ უცხოელებს არასათანადო თარგმანის გამო. მოწმეები მოუყვნენ, რომ მიდიოდნენ ფეხით ჰ-–---–-ს ზედა სადგურზე, იყვნენ წყვილი, 1 ოჯახი და შვილი. მოშორდნენ ამ წყვილს. უკან რომ მიდიოდნენ, ისინიც გაიყვნენ. ბიჭს ფეხი ტკიოდა და ჩამორჩა. გოგო პირველ წყვილს და ბიჭს შორის აღმოჩნდა, ცხენოსანს შეხვდა, რომელმაც უცენზუროდ რაღაც ანიშნა. მოწმემ თავის დანებება სთხოვა, თუმცა ის არ შეეშვა, გამოეკიდა და იძალადა, დაიწყო ყვირილი. ზემოდან ბიჭი ჩამოვიდა და ნახა. ბრალდებული უკვე წასული იყო. ქვევით მყოფ ბიჭს შეხვდა ცხენოსანი. ბრალდებული მიესალმა. საყურე დავკარგეო თქვა გოგომ. თარჯიმნის სერთიფიკატი არ აქვს. სოუჩეკი ამბობდა, წაქცეული ხე იყოო შემთხვევის ადგილზე. რომ მივიდნენ, თქვა, ეს ადგილი იყოო. მათ მისვლამდე იმ ადგილს არავინ იცავდა. დაკითხვისას უცხოელები ერთად იყვნენ. ერთი მოწმის დაკითხვისას მეორე უცხოელი დეტალებს აზუსტებინებდა. ინგლისურის გამოყენება უწევს უცხოელებთან კვირაში ერთხელ მაინც. როცა სეზონია ტურისტების, მაშინ ყოველდღე. სასტუმრო აქვს. მასთან რჩებიან ტურისტები.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ზ----------–------ს ჩვენების თანახმად, ნიმუშები აიღო უცხოელისგან თარჯიმნის თანდასწრებით, ნებაყოფლობით.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულისგან ამოიღო ტანსაცმელი, თარჯიმანი ახლდა, აიღო ნიმუშები. დაზარალებულმა ინფორმაციის გაცნობაზე უარი განუცხადა. დადგენილება გააცნო, კაბა-შორტი და მაისური ამოიღო. თარჯიმანთან ადრეც ჰქონია შეხება და ამიტომ მოიწვია ის. ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოუთხოვია. დაზარალებულმა ტანსაცმელი გამოიცვალა და მისცა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ო---------–---ს ჩვენების თანახმად, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი თარჯიმანთან ერთად. შემთხვევის ადგილთან მიიყვანა მოწმე სავჩუკმა. მოხრეშილი საავტომობილო გზა იყო, წაქცეული დიდი ხის მიხედვით მიუთითა ადგილზე მოწმემ. შემთხვევის ადლი არ შემოუღობიათ, რადგან იქ რაიმე საქმისთვის საინტერესო არ იყო და შემოღობვის აუცილებლობა არ იყო.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ--–-------------ს ჩვენების თანახმად, უცხოელზე გასცა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და მოწმე გ--------------ის ჩვენების თანახმად, მ----------------- თავად არ გამოუკვლევია, მხოლოდ დოკუმენტების საფუძველზე ჩაატარა ექსპერტიზა, რის გამოც დაზიანების ხანდაზმულობაზე ვერაფერს იტყვის. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მ-----------------მ საავადმყოფოს მიმართა 2017 წლის 2----–--ს, სადაც დაესვა დიაგნოზი მარჯვენა მხრის მიდამოს მედიალურ ზედაპირზე მცირე ზომის სისხლნაჟღენთი.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ მ-----------------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომელთა თანახმადაც მოგზაურობდნენ მესტიიდან ი--––- და ი--–----- ჰ-–---–-----. ტურისტული გზა იყო, მაგრამ იქ ტყეც იყო. შუადღის დაახლოებით სამი საათი იქნებოდა, გზაზე მიდიოდნენ ტყეში, მაგრამ ერთად არ იყვნენ. თავიდან ყველანი ერთად იყვნენ, მაგრამ მეგობრები იყვნენ სწრაფები, სწრაფად წავიდნენ, თვითონ იყო შუაში და მეგობარი ბიჭი იყო უკან, რადგან მას ფეხი ტკიოდა. პ------------------ იყო უკან. წინ იყვნენ მ-----–--------, ტ----------------- და პატარა ბავშვი, მაგრამ ვერ ხედავდა მათ, რადგან მიხვეულ-მოხვეული გზა იყო. დაახლოებით 300 მეტრი მაინც იქნებოდა მანძილი. როდესაც ბრალდებულს შეხვდა, ის იყო ტყეში, გადაჭრილ ხეზე იჯდა და უთხარა გამარჯობა, მას ცხენის აღვირი ეჭირა. ბრალდებულმა არ უპასუხა, უბრალოდ უყურებდა დიდხანს, თითქოს მონუსხვა სურდა. შეეხო ცხენს და გააგრძელა გზა, ზევით ადიოდა გორაზე. ბრალდებული ადგა და გამოყვა, ჟესტით ანიშნა და რაღაცა ქართულად უთხრა. ჩვეულებრივად ევროპაში ეს ჟესტი ნიშნავს, სექსუალური ურთიერთობის დამყარების სურვილს. ბრალდებულს უთხრა, მომშორდი, მეგობრები მყავსო. სწრაფად მიდიოდა, გაქცევა უნდოდა. ბრალდებული ცხენზე შეჯდა, იქიდან შემოახტა, ყელში წვდა და მოუჭირა მჭიდროდ, ისე, რომ ვერ მოახერხა ამოსუნთქვა, ხელი შეავლო სახეზე და პირი გაუღო, უკბინა ტუჩზე, ფეხები გაუშალა. ისე მაგრად უჭერდა, რომ მოძრაობა ვერ შეძლო. როდესაც ფეხებს უშლიდა, ყელზე მოაშორა ხელი და ამის გამო შეძლო კივილი. კიოდა და ეუბნებოდა, რომ მასთან იყო ერთი პიროვნება. როდესაც იკივლა, ბრალდებულმა შეაჩერა შეტევა, შემდეგ ცხენზე შეჯდა და ქვევით ჩავიდა. მანამდე პირში უყოფდა ენას, სახეზე წვდა, ენა შეუყო და სუნთქვა არ შეეძლო, ტუჩზე უკბინა, გაეჭრა და სისხლი მოსდიოდა. მას შემდეგ სცადა გაქცევა და ეძახდა მეგობრებს, ძლივს სუნთქავდა. ბრალდებული ქვედა ბოლოს შეეხო, ფეხებს შორის და მაისურს. ეცვა სპორტული ქვედა ბოლო, რომელსაც თან ჰქონდა შორტი და ზუსტად მან გადაარჩინა, რადგან მთლიანი იყო და ვერ მოახერხა შეღწევა ბრალდებულმა. ბრალდებული ცდილობდა შეღწევას, მაგრამ ზუსტად ის დრო იყო, რომ იკივლა. ბრალდებულს ჰქონდა მრგვალი სახე და მუქი ფერის კანი, ღია ცისფერი თვალები, თავზე ბევრი თმა არ ჰქონდა, სახეზეც არ ჰქონდა თმა, ორი დღის გაუპარსავი იყო, სამხედრო ტანსაცმელი ეცვა და შავი მაისური. როდესაც ყველანი ერთად შეიკრიბნენ, მსჯელობდნენ, მიემართათ პოლიციისთვის თუ არა და შემდეგ გადავწყვიტეს და მიმართეს პოლიციას.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა პ-----------------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომლის თანახმადაც ადიოდნენ ჰაწვალზე მ-----------------სთან, არონების ოჯახთან ერთად. მესტიიდან მოდიოდნენ ფეხით. დაახლოებით ათი კილომეტრის შემდეგ რაღაც პრობლემა გაუჩნდა მუხლზე, ნელა მიდიოდა. ამიტომაც ბოლო იყო ჯგუფში. მ----ამისგან იყო 200 ან 300 მეტრის წინ. არონების ოჯახი იქნებოდა ალბათ 300 მეტრის წინ მ----ამისგან. ჰ-–---–-ს მთიდან ორი კილომეტრით იყო დაშორებული. მაშინ გაიგო მეგობრის კივილის ხმა. დაახლოებით 30 წამი კიოდა და ძალიან ხმამაღლა. ვერ ხედავდა, მაგრამ ესმოდა მისი კივილის ხმა. ცდილობდი ჩქარა წასულიყო, რაც შეეძლო. რამდენიმე წუთში ნახე ეს ბიჭი, ხელში ეჭირა თოკი და იჯდა ცხენზე. ის ცხენზე არ იჯდა, ფეხით იყო, უთხრა გამარჯობა და მან პასუხი არ გასცა მისალმებაზე, ის უბრალოდ უყურებდა და უთხრა რუსულად ,,აა მუჟიკ“. ჩაუარა მას და რამდენიმე წუთში შეხვდა მ----ამს და მიხეილ არონს, რომელიც მორბოდა ჰ-–---–-ს მთიდან, რომ გადაერჩინა ის, რადგან მანაც გაიგო კივილი. მ----ამი იყო სრულიად თეთრი სახეზე, პირის ღრუ სისხლით ჰქონდა სავსე და ორ ნაკადად მოსდიოდა სისხლი ტუჩის გვერდებიდან. მან უთხრა, რომ ის კაცი იყო ცხენით, ვინც ცდილობდა მის გაუპატიურებას და თითქმის დახრჩობასაც ყელზე მაგრად მოჭერით. მიხეილთან და მ----ამთან ერთად ავიდა მთაზე, რომ ენახათ დედა და შვილი და დაერეკათ პოლიციაში. გადაწყვიტეს, ასულიყვნენ ზევით ჰაწვალზე და იქ რესტორნის წინ დალოდებოდნენ პოლიციას. პოლიცია მოვიდა, უთხრეს მომხდარის შესახებ და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. შემთხვევის დროს მ----ამს ეცვა სპორტული კაბა, კომბინირებული შორტთან და უსახელო მაისური, გარდამავალი ყავისფერსა და წითელს შორის. ქვედა ბოლო იყო ნაცრისფერი. მ-----------------მ უთხრა, რომ მოდიოდა 200 მეტრით ან უფრო მეტით წინ, შენიშნა ბიჭი, რომელიც იჯდა გადაჭრილ ხეზე. მან თქვა, რომ ის მიესალმა მას, შეეხო ცხენს და უთხრა, რომ ის უყურებდა გიჟივით, თითქოს მონუსხვას ლამობდა და ცუდი ჟესტი ანახა, რომ უნდოდა მასთან სექსი. მან უთხრა, არა, მომშორდიო, შემდეგ ის სწრაფად გაიქცა, ეს ბიჭი ცხენს შემოახტა სწრაფად, მისკენ გააჭენა, გადმოხტა ცხენიდან, მოახტა მ----ამს და წააქცია. ის პიროვნება იყო დაახლოებით 170 ან 175 სანტიმეტრის, შავი მაისური ეცვა, სამუშაო სამხედრო შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი, ისეთ ადამიანს გავდა, ვინც ტყეში მუშაობდა. მუქი ფერის კანო ჰქონდა, მრგვალი სახე და თავი და მისი თვალები იყო ღია, არ იყო შავი და ყავისფერი და უცნაური გამოხედვა ჰქონდა.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ასევე მოწმეების: მ----–--------სა და ტ-------------------------ას მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომელთა თანახმადაც მიემართებოდნენ ტყის მწვერვალიკენ, რა დროსაც ტყეში შეხვდათ ახალგაზრდა ბიჭი ცხენით, რომელსაც მიესალმნენ. მან უპასუხოდ ჩაუარა. დაახლოებით 10 წუთში შემოესმათ მ-----------------ს განწირული კივილი, რომელიც მის სახელს იძახდა. ცოტა ხანში თვითონაც გამოჩნდა, მისკენ მირბოდა. მისგან გაიგო, რომ ახალგაზრდა ბიჭი ცდილობდა მის გაუპატიურებას. დარწმუნებული არ არიან, რომ შეძლებენ მის ამოცნობას, ვერ იხსენებენ, რა ეცვა.

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებიდან არც ერთი არ შესწრებია რაიმე ფაქტს შემთხვევის ადგილზე. დაკითხულთაგან თარჯიმანი იხსენებს დაზარალებულის მიერ მოყოლილ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს ირიბ ჩვენებას და მას სასამართლო ვერ დაეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. სხვა მოწმეებმაც - გამომძიებლებმა - თუ იციან რამე, იციან საქმის მასალებიდან. ამდენად, ფაქტის შემსწრე მოწმე სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ირიბ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებებს, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარდგენილი ბრალდების დეტალების შესახებ სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდება შეეძო მხოლოდ 2 პირს, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე: ბრალდებულს და დაზარალებულს. აღსანიშნავია, რომ მათგან არც ერთმა არ ისურვა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა, ხოლო სხვა თვითმხილველი პირი არ არსებობს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ არ მომხდარა დაზარალებულთან ერთად მყოფი 3 უცხოელი პირის სასამართლო სხდომაზე დაკითხვაც, რომლებსაც შეეძლოთ ინფორმაცია მოეწოდებინათ სასამართლოსთვის დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის შესახებ და უშუალოდ დაუყოვნებლივ მისგან გაგონილი დეტალების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა უარი განაცხადეს სასამართლოს წინაშე საქმის არსებითი განხილვის დროს ჩვენების მიცემაზე, რა დროსაც მათ მოუწევდათ პასუხის გაცემა მხარეთა თუ მოსამართლის მიერ წარმოშობილ კითხვებზე უშუალოდ ქმედების დეტალების შესახებ, რაზეც არ არის საუბარი გამოძიების ეტაპზე მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში. აღსანიშნავია ასევე, რომ მოწმეს არ აქვს უფლება, უარი თქვას სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდების მხარეს აძლევს არაერთ ბერკეტს, რათა უზრუნველყოს მისი მოწმის მიერ უშუალოდ სასამართლოში არსებითი განხილვის დროს ჩვენების მიცემა. ასეთი მექანიზმია მოწმის დაბარება, მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოწმის გამოძახება, მისი სასამართლოში უშუალოდ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში - დისტანციური წესით მისი დაკითხვა, საერთაშორისო დახმარების თხოვნა. უკიდურეს ღონისძიებას, როცა არც ერთი ზემოაღნიშნული არ არის ეფექტური, წარმოადგენს გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების გამოქვეყნება, თუმცა გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, რასაკვირველია, არ ცვლის მის მიერ სასამართლოს წინაშე არსებითი განხილვის ეტაპზე მისაცემ ჩვენებას, ვინაიდან ამ ეტაპზე მხარეებს უკვე აქვთ ინფორმაცია სხვა მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების, ასევე სხვა მტკიცებულებების შესახებ, რაც არ იყო ცნობილი გამოძიების ეტაპზე მოწმის გამოკითხვისას და აქვთ უფლება, მოწმისათვის კითხვების დასმით ამოწურონ მათთვის საინტერესო საკითხები.

სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე მოსამართლისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, მხარეთა პოზიციის მოსმენის შემდეგ თავად დაუსვას კითხვები მოწმეს იმ საკითხებზე, რომლებიც მას მნიშვნელოვნად მიაჩნია საქმის ბედის სწორად გადაწყვეტისათვის. მხარეები და სასამართლო მოკლებულნი აღმოჩნდნენ ამ შესაძლებლობას. აქვე უნდა განიმარტოს, რომ იმ მოწმეთა ნაწილი, რომელთა გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, გამოძიების ეტაპზევე დაიკითხა მაგისტრატი მოსამართლის წინაშეც, თუმცა, ესეც არ ცვლის მათ მიერ არსებითი განხილვისას მისაცემ ჩვენებას. არსებითი განხილვისას მოწმის მიერ მიცემული ჩვენება რომ განსხვავდება გამოძიების ეტაპზე გამომძიებლისა თუ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენებისგან, ამას ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

სსსკ-ის 114-ე მუხლი ეხება გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის შესაძლებლობას. ამდენად, როგორც ირკვევა, გამოძიების ეტაპზე გამომძიებლისათვის მიცემული ჩვენება და იმავე ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენება სსსკ-ის 243-ე მუხლის მიერ აღიქმება ერთსა და იმავე კონტექსტში, ერთნაირად, ორივე მათგანის გამოყენებას ერთი და იგივე საფუძვლები აქვს: მოწმის გარდაცვალება, საქართველოში არყოფნა, ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არქონა, მოწმის წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობის ამოწურვა. ამასთან, ეს საფუძვლები იმ შემთხვევაშია საკმარისი, თუ მოწმის დაკითხვა/გამოკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. ე.ი. კოდექსით დადგენილი წესით მოწმის დაკითხვა თავისთავად იგულისხმება, თუმცა არ არის საკმარისი ამ ჩვენების გამოსაყენებლად, თუ არ არსებობს ზემოაღნიშნული გარემოებები. აქვე უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული 4 საფუძვლიდან 3 წარმოადგენს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის შეუძლებლობის ობიექტურ საფუძველს, ხოლო მე-4 - საქართველოში არყოფნა, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში არ წარმოადგენს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის ობიექტურ საფუძველს, ვინაიდან საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დისტანციური დაკითხვის შესაძლებლობას, რაც პრაქტიკაშიც ხშირად გამოიყენება. ამდენად, მოწმის ჩვენების უშუალოდ არსებითი განხილვის დროს მიღების ყველაზე ნაკლებად ხელისშემშლელი გარემოებაა მოწმის საქართველოში არყოფნა, რაც გახდა განსახილველ შემთხვევაში პროკურორის მოთხოვნით მოწმეთა ჩვენებების გამოქვეყნების საფუძველი. სსსკ-ის 243-ე მუხლის მოქმედი რედაქცია პროკურორს მოწმის ჩვენების გამოქვეყნების უფლებას აძლევს საქართველოში არყოფნის მიზეზით მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ცოცხალია, მისი ადგილ-სამყოფელი ბრალდების მხარისათვის ცნობილია და არსებობს მისი დისტანციური დაკითხვის შესაძლებლობები, თუმცა, იგივე მუხლი ადგენს ასეთი ჩვენების იურიდიულ ძალას და მისი გამოყენების შეზღუდულ შესაძლებლობას. კერძოდ, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც განმარტებას მოითხოვს.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმაოდგინა მოწმეები, რომლებიც არ არიან თვითმხილველები, ხოლო უშუალოდ თვითმხილველი მოწმეები არ წარმოადგინა და გამოიყენა მათ მიერ გამოძიებაში (თუნდაც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე) მიცემული ჩვენებები, რის საფუძველზეც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის მიღება. აღსანიშნავია, რომ სწორედ გამოქვეყნებული (განსაკუთრებით კი დაზარალებულის) ჩვენებებია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, საიდანაც სასამართლოს შეუძლია პირდაპირი ინფორმაცია მიიღოს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. სხვა კანონის დაცვით მიღებული მტკიცებულებები, რომლებსაც შეუძლია გაიმეოროს ან განავრცოს გამოქვეყნებულ ჩვენებებში აღწერილი გარემოებები, წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, დგას საკითხი, რამდენად არის შესაძლებელი გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მიცემულ და სასამართლოში გამოქვეყნებულ ჩვენებებს. ამისათვის აუცილებელია განიმარტოს, რას ნიშნავს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სსსკ-ის 243-ე მუხლი არ არეგულირებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტებს, რადგან ამისათვის საქართველოს კონსტიტუციაში, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და საპროცესო კოდექსში არის სპეციალური ნორმები: საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლი, რომელთა თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში; საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას და ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შესაძლებლობას მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის შედეგად.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმები პირდაპირ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხარისხობრივად ასეთი რომ შეიძლება იყოს მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებები, აღნიშნული მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე აშკარაა, რომ დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, რაც არ უნდა დამაჯერებელი იყოს ის. ეს არის ძირითადი არსი, რაც გადმოცემულია გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტის შესახებ ნორმებში. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაც ამ კონტექსტში უნდა იქნეს გააზრებული, რადგან ის იმავე კოდექსის სისტემური ნაწილია და ამ ნორმებში დადგენილ სტანდარტებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

ამდენად, სიტყვები "მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს" არ ნიშნავს იმას, რომ ამ მტკიცებულებასთან ერთად სხვა ირიბი მტკიცებულებები უკვე საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად, რადგან ეს ეწინააღმდეგება როგორც საპროცესო კოდექსისა და კონსტიტუციის ძირითად სულისკვეთებას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე არ უნდა იქნეს ეს წინადადება გაგებული ისე, თითქოს ერთი გამოქვეყნებული ჩვენება არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენისთვის, მაგრამ რამდენიმე გამოქვეყნებული ჩვენება უკვე საკმარისია. საქმე ის არის, რომ გამოქვეყნებული ყველა ჩვენება, რამდენიც არ უნდა იყოს ის, ექცევა იმავე 243-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში და ყველა ასეთ ჩვენებას ერთი და იგივე ძალა გააჩნია. ვინაიდან სსსკ-ის 243-ე მუხლმა გამიჯნა თავისი იურიდიული ძალით არსებით სხდომაზე მიღებული ჩვენება და გამოქვეყნებული ჩვენება, ყველა გამოქვეყნებული ჩვენება ერთგვაროვნად განიხილება და მათი რაოდენობა ერთმანეთს ძალას ვერ შემატებს, თუ ისინი არ დასტურდება არსებით სხდომაზე მიღებული პირდაპირი ჩვენებებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ჩვენებათაგან მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა პირდაპირი, ხოლო სხვა ჩვენებები ირიბ ჩვენებებს წარმოადგენს.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ არსებითად საქმის განხილვისას აუცილებელია საქმის ბედის გადამწყვეტი მტკიცებულებების უშუალოდ მიღება პირველწყაროდან. სწორედ ამას ნიშნავს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ წესით მხოლოდ არაარსებითი მტკიცებულებების მიღებისა და გამოძიების ეტაპზე მიღებული არსებითი მტკიცებულებების მხოლოდ გამოქვეყნების შედეგად საქმის არსებითი განხილვა შეუძლებელია. მოვლენათა ასეთი თანმიმდევრობით განვითარების შემთხვევაში გამოდის, რომ ბრალდების მხარე სასამართლოში უშუალოდ არ წარადგენს არსებით მოწმეებს, წარადგენს მხოლოდ არაარსებითს, ხოლო არსებითი მოწმეების გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს გამოაქვეყნებს, რაც არის საქმის არსებითი განხილვისათვის თავის არიდება და გამოძიებაში მიღებულ ჩვენებებზე დაყრდნობით საქმის გადაწყვეტის მცდელობა.

სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების გამოქვეყნება უნდა იყოს უკიდურესი ღონიძიება, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიყენოს ბრალდების მხარემ და ისიც მხოლოდ იმ ჩვენებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იქნება საქმის ბედის არსებითად გადამწყვეტი. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ გამოაქვეყნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ყველა პირის ჩვენება, რომელთაგან ერთი არის პირდაპირი, დანარჩენი 3 - ირიბი ჩვენებები და, რაც მთავარია, ეს ჩვენებებია საქმის ბედის არსებითად გადამწყვეტი მტკიცებულებები. სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების, ასევე გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტის დამდგენი ნორმების ერთობლიობის საფუძველზე, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მით უმეტეს, რომ არც ერთი ამ მოწმის სასამართლო არსებით სხდომაზე დაკითხვის ყველა საშუალება არ იყო ამოწურული და მათი დაკითხვა არ მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ ისურვეს აღნიშნული. თავისთავად ეს გარემოება სასამართლოს უჩენს ეჭვს მათ მიერ ადრე მიწოდებული ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით. გამოძიების ეტაპზე რამდენჯერმე დაკითხვისა და გამომძიებლისთვის საკონტაქტო მონაცემების, მათ შორის ელექტრონული ფოსტისა და სკაიპის მისამართების მიცემის ფონზე გაუგებარია დაზარალებულისა და მოწმეების მიდგომა, რომ მათ არ სურთ არსებით სხდომაზე დაადასტურონ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების სისწორე. ეს პოზიცია ამძაფრებს ეჭვებს თავად გამოძიებაში მიცემული ჩვენების ზოგადი ხასიათიდან და გარკვეული გარემოებების შესახებ ინფორმაციის არარსებობიდან გამომდინარე.

სასამართლომ უნდა გაარკვიოს საქმის ირგვლივ ყველა რელევანტური დეტალი. მათ შორის ის, თუ რა მოქმედებები განახორციელა თავდაპირველად დაზარალებულმა შემთხვევის ადგილზე, როგორ შეიძლებოდა ეს მოქმედებები აღექვა ნორმალური გონებრივი განვითარების მქონე ადამიანს და შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანს, თუ თავიდანვე დაზარალებულს ეუცნაურა იქ მყოფი პირის გამოხედვა, რატომ მივიდა მასთან და მიესალმა, მისალმების გარდა სხვა რა თემაზე ისაუბრეს მათ, ჩამოჯდა თუ არა ის იქ მყოფი პირის გვერდზე, როდის და როგორ მოეფერა ცხენს, ამ დროს ესაუბრებოდა თუ არა იქ მყოფ პირს, რა სახის კონტაქტი შედგა მათ შორის, რა მიმიკებს იყენებდა ერთი ან მეორე, რა მომენტიდან გადაწყვიტა მან, რომ საფრთხე ემუქრებოდა; როცა დამხვედრი პირისთვის გაუგებარ ენაზე ამბობდა, რომ მეგობართან ერთად იყო, ამ დროს რა ჟესტებს იყენებდა; როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი აღექვა სხვას; რამდენად კეთილგანწყობას ამჟღავნებდა; იკითხებოდა თუ არა მის სახეზე შიში, ზიზღი, გაკვირვება ან სხვა გრძნობა; მისთვის თავის დანებება და მის მიერ ყვირილის დაწყება დროში ემთხვეოდა თუ არა ერთმანეთს; მისი გათავისუფლება ყვირილის გამო მოხდა, შორტის გახდის გაძნელების გამო, იქ მყოფი პირების გამოჩენის შიშის გამო თუ რაიმე სხვა მიზეზით; ხომ არ ჰქონია ადგილი ნებაყოფლობით ხელის აღებას მას შემდეგ, რაც პირი დარწმუნდა, რომ დაზარალებულს ნამდვილად არ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობის სურვილი და ა.შ. ეს არის კითხვები, რომლებიც დაზარალებულის ჩვენებით უნდა დაზუსტებულიყო, თუმცა რომლის დაზუსტების საშუალება სასამართლოს არ მიეცა. დაზარალებული ამბობს, რომ ყვირილის დაწყებისთანავე მას მიეცა გათავისუფლების შესაძლებლობა, რომ შორტმა იხსნა ის, რადგან მისი გახდა ვერ მოხერხდა, თუმცა ისიც და სხვა მოწმეებიც ამბობენ, რომ საკმაოდ იყვნენ დაშორებული მისგან და უცებ მასთან არავინ მისულა. ამდენად, აუცილებელი იყო გარკვეულიყო, ხომ არ ჰქონდა ადგილი ნებაყოფლობით ხელის აღებას. მით უფრო, რომ, სსკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. ცნობილია, რომ ნებაყოფლობით ხელის აღება შესაძლებელია დასრულებული მცდელობის ეტაპამდე. ცნობილია ასევე, რომ ბრალდებულს ბრალად წარდგენილი აქვს სწორედ დაუმთავრებელი მცდელობა, რაც, ქმედების დადასტურების შემთხვევაში მოითხოვს ნებაყოფლობით ხელის აღების საკითხის გამორიცხვას.

ამდენად, ერთი მხრივ, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან პირდაპირი მოწმეები, მეორე მხრივ, ბრალდების მხარის მიერ კანონის დაცვით მოპოვებული მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი - გამოქვეყნებული. მესამე, თვითონ ეს ერთადერთი მტკიცებულებაც კი არ არის საკმარისი წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან არ შეიცავს საკმარის მონაცემებს ნებაყოფლობის ხელის აღების გამორიცხვისათვის. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა, რომელთა ჩვენებებიც გამოქვეყნდა, უარი განუცხადეს ბრალდების მხარეს გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლოში დადასტურებაზე, მეოთხე, არც ერთ თარჯიმანს, რომელიც საქმეში მონაწილეობს, არ გააჩნია ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც მათ მიერ თარგმნილი ინფორმაციის ორიგინალთან შედარება შესაძლებელია მხოლოდ მათი ენის ცოდნის ხარისხის გადამოწმებით, რაც სასამართლო სხდომაზე ვერ განხორციელდა, ვინაიდან დაკითხულ იქნა მხოლოდ ერთი თარჯიმანი, ხოლო სხვა თარჯიმნების დაკითხვაზე ბრალდების მხარემ უარი განაცხადა. მეორე გზა უცხოელი დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების სწორი თარგმანის გადამოწმებისა იყო თავად ამ პირების სასამართლო სხდომაზე დაკითხვა, რაც ასევე ვერ განხორციელდა. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები გაშუალებული იყო თარჯიმნის მიერ ენის ცოდნით, რისი გადამოწმებაც სასამართლო სხდომაზე შეუძლებელი აღმოჩნდა, ასეთი ინფორმაცია ნაკლები სარწმუნოობით სარგებლობს.

დაზარალებულისა და მოწმეების გამოქვეყნებული ჩვენებების ნაკლებ სარწმუნოობაზე მიუთითებს ასევე ის გარემოებაც, რომ მოწმე ბ-------------ს ჩვენებით, ასევე თავად დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულისა და მოწმეების გამოძიების ეტაპზე დაკითხვა ხდებოდა არა იზოლირებულად, არამედ ისინი ესწრებოდნენ ერთმანეთის დაკითხვას და ერთმანეთს დეტალებს უზუსტებდნენ, რაც, რასაკვირველია, გავლენას ახდენდა ჩვენებების შინაარსზე.

საქართველოს სსსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნწილის მიხედვით, მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. მე-3 ნაწილის თანახმად, თუ არსებობს მოწმის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს; თუ მოწმე დიდი ხნით ტოვებს საქართველოს; თუ ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დკავშირებით, მოწმე არ დაიკითხება. ამ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს ჩვენება, თუ იგი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება.

მართალია, აღნიშნული ნორმა არეგულირებს არსებით სხდომაზე და არა გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის წესს, თუმცა ვინაიდან სასამართლო ვალდებულია, არსებით სხდომაზე ამ წესით მიიღოს მოწმის ჩვენება, მოწმის არსებით სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გამოქვეყნებულ ჩვენებაზე დაყრდნობისას, აუცილებელია ასევე ასეთი ჩვენებაც იმავე წესით იყოს მიღებული. როგორც ირკვევა, განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული და მოწმე გამოძიების ეტაპზე ერთმანეთისგან განცალკევებით არ დაკითხულან და მათ ჰქონდათ საშუალება, დაკითხვისას ერთმანეთისთვის გარკვეული დეტალები დაეზუსტებინათ. ასეთი ჩვენება ვერ მიიჩნევა მოწმის მიერ დამოუკიდებლად და ობიექტურად მიცემულ ჩვენებად, რაც ამცირებს ასეთი ჩვენების სარწმუნოობას. ამდენად, გაზიარებული ვერ იქნება დაზარალებულისა და მოწმე პროკოფ სოუჩეკის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ გარემოებაზე: მართალია, საპროცესო კოდექსის თანახმად, შეუძლებელია სასამართლო დაეყრდნოს კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მტკიცებულებები მოპოვებული იქნებოდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ისინი მაინც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, განსაკუთრებით, ძალადობის დასადასტურებლად.

მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების შინაარსის მხედველობაში მიღებით, ისინი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო გამოქვეყნებული ჩვენებები ვერ გახდება არსებითად გადამწყვეტი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

ყოველივე აღნიშნულის შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელსაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს საპროცესო კოდექსის თანახმად განაჩენის გამოტანისას, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ქმედების ობიექტური შემადგენლობის ჩადენა.

 

3.2. ჩადენილი ძალადობით

 

იმ პირობებში, როცა უტყუარად ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ძალადობის დადგენის შესაძლებლობა/შეუძლებლობის გარკვევა არარელევანტური ხდება. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ არათუ კანონის დაცვით მოპოვებული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა არ წარმოდგენილა ძალადობის დასადასტურებლად, არამედ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებიც კი არაფერს ამბობს ძალადობაზე. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ძალადობაზე საუბრობს, არის დაზარალებულის ჩვენება, რომელიც, ჯერ ერთი, ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული, ვინაიდან ვერ ქმნის მტკიცებულებების ერთობლიობას, მეორეც, დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა გამოქვეყნებული ჩვენებების სისწორე. უფრო მეტიც, მან უარი განუცხადა პროკურორს სასამართლოში გამოცხადებაზე, ხოლო მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება, სსსკ-ის 118-ე და 243-ე მუხლების თანახმად, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, თუნდაც ძალადობის დადასტურების ნაწილში.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს გაუპატიურების მცდელობას, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობას ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილ ძალადობით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

სსსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც დასაკითხად ვერ გამოცხადდება სასამართლოში ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს ჩვენება, თუ იგი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება.

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ გაუპატიურების მცდელობის შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი, ნერწყვის, ფრჩხილის ნიმუშები, დისკები, რომელთაგან მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; ნერწყვისა და ფრჩხილის ნიმუშები, იმავე ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა განადგურდეს, ხოლო დისკები უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია - აგრეთვე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. ამდენად, ვინაიდან ბრალდებული გამართლდა, უნდა გაუქმდეს მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობაში მყოფი ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რის გამოც ბრალდებულს უნდა განემარტოს აღნიშნული უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ა----------------ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და ა----------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; ნერწყვის, ფრჩხილის ნიმუშები განადგურდეს, დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

გამართლებულ ა----------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია