გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2018
საქმის ნომერი
080210017002185357
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/3517-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

 

მოსარჩელე - გ--–- ნ------–---–ი;

წარმომადგენელი - დ-----ი ბ------ე;

მოპასუხე - შპს ,,---“, დირექტორი - დ----- მ--–----;

მოპასუხე - ა-–---------- ბ--–-----;

მოპასუხე - თ------ ჩ----ე;

დავის საგანი: ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა და ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ--–- ნ------–---–ი ცნობილი იქნეს ავტომანქანა ,,ვოლკსვაგენ 1,9 TDI“-ის, სახელმწიფო ნომრით D-------ის მესაკუთრედ და ავტომანქანა ,,ვ---–-------------- 1,9 TDI“-ის, სახელმწიფო ნომრით D------ გათავისუფლდეს ყადაღისგან.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 15 დეკემბერს ქ.ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან ა-–---------- ბ--–-----სგან 3000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა „ვ---–--------------“, სახელმწიფო ნომრით D------. აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებული იყო თ------ ჩ----ის სახელზე, როგორც ა-–---------- ბ--–-----მ განუმარტა, ვინაიდან ავტომანქანა თ------ ჩ----ისაგან ყიდვის დროს არ გაუფორმებია, ამიტომ მანქანა ისევ თ------ ჩ----ის სახელზე იყო აღრიცხული. ავტომანქანის შეძენის შემდეგ ავტომანქანით სარგებლობდა მოსარჩელე და მისი შვილი მ------- ნ------–---–ი, რაც დასტურდება 2012 წლიდან დღემდე საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრებით, რომლებიც ექვსი წლის მანძილზე შედგენილია გ--–- და მ------- ნ------–---–ების სახელზე. ბოლო საჯარიმო ქვითარი ამოწერილია 2017 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შემდეგაც ის საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა 250 ლარით, ხოლო ავტომანქანა გადაიყვანეს სპეცსადგომზე, საიდანაც ჯარიმის გადახდის შემდეგაც არ გამოატანეს, ვინაიდან აღმოჩნდა რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით ის იყო დაყადაღებული თ------ ჩ----ის დავალიანების გამო შპს ,,---“-ის მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-–---------- ბ--–-----მ შესაგებლით სარჩელი ცნო და განმარტა, რომ 2011 წლის აგვისტოს თვეში მანქანა იყიდა თ------ ჩ----ისგან და აღნიშნული ა/მანქანა ნამდვილად მიჰყიდა გ--–- ნ------–---–ს და ის სარგებლობასა და მფლობელობაში გადაეცა მოსარჩელეს.

 

2.2. შპს ,,---“-იმ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ავტომანქანა რეგისტრირებულია მოპასუხე თ------ ჩ----ეს სახელზე და წარმოადგენს მის საკუთრებას, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.3. მოპასუხე თ------ ჩ----ეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ მას შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ავტომანქანა - „ფოლკსვაგენ ჯეტა“, სახელმწიფო ნომრით D------, სატრანსპორტო საშუალების, ფერი - რუხი, 1/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი 3---------------- რეგისტრირებულია თ------ ჩ----ის (პ/ნ 5----------) სახელზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2011 წლის 12 ივლისს გაცემული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა #1------.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე გ--–- ნ------–---–მა მოპასუხე ა-–---------- ბ--–-----სგან სადავო ავტომანქანა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 2011 წლის დეკემბრის თვეში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხე ა-–---------- ბ--–-----ს ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. მოპასუხე ა-–---------- ბ--–-----მ მოპასუხე თ------ ჩ----ისგან სადავო ავტომანქანა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 2011 წლის აგვისტოს თვეში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხე ა-–---------- ბ--–-----ს ახსნა-განმარტება;

 

3.2.3. ავტომანქანა - „ფოლკსვაგენ ჯეტა“, სახელმწიფო ნომრით D------, სატრანსპორტო საშუალების, ფერი - რუხი, 1/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი 3---------------- მოსარჩელე გ--–- ნ------–---–ის მფლობელობაშია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 19 დეკემბერს პატრულ-ინსპექტორის მიერ გ--–- ნ------–---–ის სახელზე გაცემული საჯარიმო ქვითარი #ე-------;

- 2015 წლის 06 მარტს პატრულ-ინსპექტორის მიერ მ-------ი ნ-------–---–ის სახელზე გაცემული საჯარიმო ქვითარი #ა-------;

- 2015 წლის 30 ოქტომბერს პატრულ-ინსპექტორის მიერ მ-------ი ნ-------–---–ის სახელზე გაცემული საჯარიმო ქვითარი #ე--------;

- 2016 წლის 07 თებერვალს პატრულ-ინსპექტორის მიერ მ-------ი ნ-------–---–ის სახელზე გაცემული საჯარიმო ქვითარი #ე--------;

- 2017 წლის 28 ოქტომბერს პატრულ-ინსპექტორის მიერ გ--–- ნ------–---–ის სახელზე გაცემული საჯარიმო ქვითარი #ე-–------;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხე ა-–---------- ბ--–-----ს ახსნა-განმარტება;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 170-ე, 186-ე, 477-ე მუხლები;

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი; ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებლად. სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გ--–- ნ------–---–მა იმის დასადასტურებლად, რომ 2011 წლიდან სადავო ავტომანქანა მის ფაქტობრივ მფლობელობაშია, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, წარმოადგინა მტკიცებულებები, კერძოდ, საქართველოს შსს 2017 წლის 08 ნოემბრის და 13 ნოემბრის მიმართვა, რომლის მიხედვითაც სადავო ავტომანქანის მართვისას 2013 წლიდან გ--–- ნ------–---–ის და მისი შვილის მიმართ შედგენილია საჯარიმო ქვითრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესების დარღვევის გამო.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.

 

ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

6.7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლი ითვალისწინებს იძულებით აღსრულების ერთ-ერთი ღონისძიებას მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება რა ის ფაქტი, რომ ავტომანქანა, რომლის ყადაღისაგან გათავისუფლებასაც ითხოვს მოსარჩელე რეგისტრირებულია მოპასუხე თ------ ჩ----ის სახელზე. შესაბამისად, სწორედ მოვალის სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე აღირიცხა ყადაღა.

 

6.8. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი ითვალისწინებს მესამე პირის უფლებას აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ) და მესაკუთრემ უნდა დაადასტუროს სადავო ქონების მის საკუთრებაში არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სრულად დადასტურდეს.

 

მართალია ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ავტომანქანის, როგორც მოძრავი ნივთის, შეძენისას საკუთრების უფლების წარმოშობისა და უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით (საქმე N ას-658-625-2014).

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. ამასთანავე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა, მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. რაც შეეხება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონს, პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება. (იხ. სუსგ ას-914-954-2011, 5 დეკემბერი, 2014 წ.)

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართალია, სადავო ავტომობილი, 2011 წლის 12 ივლისიდან რეგისტრირებულია მოპასუხე თ------ ჩ----ის სახელზე, მაგრამ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ ჩ----ემ 2011 წლის აგვისტოში ა-–---------- ბ--–-----ს მიჰყიდა აღნიშნული ავტომანქანა, ხოლო მან 2011 წლის დეკემბერში მიყიდა ავტომანქანა მოსარჩელეს და გ--–- ნ------–---–ი არის ამ ავტომანქანის მესაკუთრე და არ წარმოადგენს იმ პირს, რომელმაც თავისი ქონებით პასუხი უნდა აგოს სხვა პირის ვალდებულებებზე და შესაბამისად, მისი ქონების რეალიზაციით არ უნდა განხორციელდეს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც მისი ვალდებულება არ არის.

 

6.8. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს. კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები). მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს თ------ ჩ----ეს ვალდებულებებზე, ყადაღადადებული ავტომანქანა მოსარჩელის საკუთრებაა და ამდენად, ამ ნივთის რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილება დაუშვებელია. მოვალე თ------ ჩ----ის ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქონებიდან. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 200 და 50 ლარის ოდენობით. ასევე დადგინდა, რომ მოპასუხეებმა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო გ--–- ნ------–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოების A-------- საქმეზე 2017 წლის 31 იანვრის #2/2224-16 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული ავტომანქანის ,,VOLKSWAGEN JETTA 1,9 TDI“ სახ. ნომრით ,,D------“- რეალიზაცია, რომელიც უნდა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ--–- ნ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1 გ--–- ნ------–---–ი ცნობილი იქნეს თ------ ჩ----ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანის - „ფოლკსვაგენ ჯეტა“, სახელმწიფო ნომრით D------, ფერი - რუხი, 1/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი 3---------------- - მესაკუთრედ.

 

1.2. ავტომანქანა „ფოლკსვაგენ ჯეტა“, სახელმწიფო ნომრით D------, ფერი - რუხი, 1/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი 3---------------- - გათავისუფლდეს თ------ ჩ----ის ვალდებულების გამო წარმოშობილი ყადაღისაგან.

2. დაუბრუნდეს მოსარჩელე გ--–- ნ------–---–ს 2017 წლის 24 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: საგადასახადო დავალება №1, გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი’’ TBCBGE22, მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 3--------, ბანკის კოდი TRESGE22.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა