განაჩენი

სისხლის სამართლის 04.04.2018
საქმის ნომერი
030100118002350426
თარიღი
04.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN0380100118002350426

N1/43-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

05 აპრილი, 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - ნ---- გ------ია

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ნ----------–-–-ია,მამის სახელი: ვ----–---,დაბადებული: 3--------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს------–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლეობა: მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, ს--------–---------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 20:05 საათზე, ქ. ფოთი, ს--------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----------–-–--ამ, სიტყვიერი შელაპარაკების დროს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში თავის დედას, მ-----–--–---–--ას, რის შემდეგაც ნ-----------–-–--ა ამ უკანასკნელს ყელში სწვდა, ხოლო მარცხენა ხელზე მიაყენა დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდებულმა ბრალდებულმა ნ-----------–-–--ამ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.

 

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ: ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ის, რომ ბრალდებულმა ნ-----------–-–--ამ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე სწვდა ყელში და მარცხენა ხელზე მიაყენა დაზიანება თავის დედას მ-----–--–---–--ას, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ამით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ნ----------–-–-იას მიმართ წარდგენილი ბრალდებები, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ-----–--–---–--ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ვ----–-----–-–--ას, ქ----------------–იას და ი-----–--------–---–იას გამოკითხვის ოქმებით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის სახის არეში დარტყმისა და ხელზე დაზიანების შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად.

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

 

საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ ნ-----------–-–--ამ ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ნ-----------–-–--ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ნ-----------–-–--ა ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ნ-----------–-–--ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ-----------–-–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

 

ნ-----------–-–--ას პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ხელის დარტყმა სახის არეში ოჯახის წევრისათვის, რომელზე ზრუნვაც მას ევალება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნების გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (გულწრფელად აღიარა და მოინანია დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ: ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შროას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----------–-–--ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, (გასათვალისწინებელია, რომ ის ფაქტობრივად პატიმრობაში იმყოფებოდა 26 დღე), რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს ნ-----------–-–--ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

5.1. ამავე დროს სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელთა შეცვლისა და შეჯამების დროს, აგრეთვე სასჯელის ჩათვლისას შეიძლება სასჯელის ვადის გამოანგარიშება დღეებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე - გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.

 

ნ----------–-–-იას სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში 2018 წლის 25 თებერვლის 22:35 საათიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით - 26 (ოცდაექვსი) დღე. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობის ერთი დღე არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი. აქედან გამომდინარე, ნ-----------–-–--ას სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 26 დღე, ჩაითვლება სასჯელის ვადაში.

 

მსჯავრდებულ ნ-----------–-–--ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 თებერვლის 22:35 საათიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით, ანუ 26 (ოცდაექვსი) დღე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ნ-----------–-–--ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (02.04.2017 ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;-საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (24.06.2017 ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;-საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; -საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ნ-----------–-–--ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით, მხარეს აქვს უფლება, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვა სასჯელის ნაწილში, რადგან საქმის წარმოების ამ ეტპაზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადასინჯოს და იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის კანონიერებაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად (უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის N675აპ-16 განაჩენი)

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ----------–-–-ია ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ----------–-–-იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ნ----------–-–-იას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 თებერვლის 22:35სთ - 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით.

 

განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და ნ----------–-–-იას ქცევაზე კონტროლის მიზნით (საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლი) საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე