გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
031210017002011753
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 031210017002011753

№2/244-2017წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში

 

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ზინაიდა აბაშიძე

 

მოსარჩელე - შპს “ე-------------ი”

წარმომადგენელი - თამუნა ხიმშიაშვილი

 

მოპასუხე - ირ-----------–-ძე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ირ-----------–-ძეს შპს “ე-------------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს თანხა 900 ლარის ოდენობით (300 ლარი - ძირთადი თანხა; 84 ლარი - სარგებელი; 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა; პირგასამტეხლო - 496 ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ირ-----------–-ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მასარანაირი გადახდა არ უწარმოებია, ჰქონდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობდა, არ ჰქონდა ფინანსური საშუალება; ამჟამად კი სარჩელს არ ცნობს, ვინაიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასულია; აქედან გამომდინარე მას არ შეიძლება დაეკისროს თანხის გადახდა სარჩელის ხანდაზმულობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 4 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა №2----- ელექტრონული (ოლაინ) სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულება ძალაში იყო 2014 წლის 2 მაისამდე.

 

3.1.2. მხარეთა შეთანხმებით იმ შემთხვევისათვის თუ მსესხებელი არ გადაიხდიდა დავალიანებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 1.5 %-ის ოდენობით.

 

3.1.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულაბა და დადგენილ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.

 

3.1.4. მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულებას (სესხის გაცემას).

 

3.1.5 მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ გადახდა აწარმოა რამდენიმეჯერ და ბოლოს გადახდის ოპერაცია შესრულებულია 2014 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო სარჩელი წარმოდგენილია 2017 წლის ივლისის თვეში, მოსარჩელე თვლის, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული;

 

3.1.6 მოპასუხე საპირისპიროდ განმარტავს, რომ მას არ გადაუხდია არცერთი ოდენობით თანხა და გაურკვეველია რა სახის გადახდაზე განმარტავს მოსარჩელე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელექტრონული (ოლაინ) სესხის შესახებ ხელშეკრულება;

- საგადახდო დავალება;

- ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი გარემოებები, კერძოდ დადგენილია, რომ 2014 წლის 4 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა №2----- ელექტრონული (ოლაინ) სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულება ძალაში იყო 2014 წლის 2 მაისამდე. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი დაეფარა დადგენილ ვადაში, რაც მოსარჩელეს აძლევდა შესაძლებლობას მოეთხოვა დავალიანების დაფარვა ე.ი. სესხის დაფარვის შესახებ მოთხოვნა მოსარჩელეს წარმოეშვა 2017 წლის 2 მაისამდე, მან კი სარჩელი სასამართლოში აღძრა 14.07.2017წ. ანუ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება. ხანდაზმულობის გამომრიცხავ გარემოებად არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მითითება ცნობაზე დავალიანების შესახებ, რადგან წარმოადგენილი ცნობით გაურკვეველია რა სახის ანგარიშიდან რა სახის ანგარიშზე მოხდა ტანხის ჩარიცხვა ან როდის, რადგან გარდა ცნობაში მითიტებული გარემოებისა , რაიმე გადახდის დამადასტურებელი ა, ამსა გადახდის ოპერაციის ამსახველი დოკუმენტი - მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, გაურკვეველია ეს გადახდა მოხდა თუ არა მოპასუხის მხრიდან, ვინ გადაიხადა, რა დანიშნულებით და რა დროს; შესაბამისად აღნიშნული ცნობა საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი და საპირწონე მტკიცებულება არ არის, რაც გამორიცხავდა სარჩელის ხანდაზმულობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელექტრონული (ოლაინ) სესხის შესახებ ხელშეკრულება;

- სარჩელი;

- ახსნა-განმარტება;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მოსარჩელის მხრიდან სესხის გაცემის ფაქტს. ამასთან, მოსარჩელის მიერ გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ყოველივე აღნიშნული კი მოპასუხის მხრიდან შედავების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზე, მოპასუხეს მიღებული აქვს სესხი. კერძოდ, დადგენილია, რომ 2014 წლის 4 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა №2----- ელექტრონული (ოლაინ) სესხის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაცემული იქნა სესხის თანხა 300 ლარი. ამგვარი გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მოპასუხეს გააჩნდა სესხის დაფარვის ვალდებულება. ამგვარი ვალდებულების არ არსებობას მოპასუხე სადავოდ არ ხდის.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს სესხის თანხა გადახდილი არ აქვს. მოპასუხე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, რასაც სასამართლო იზიარებს.

 

6.2. მოპასუხეს აქვს უფლება უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე სამოქალაქო კოდექის 144-ე მუხლის თანახმად, რადგან გასულია მოთხოვნის როგორც სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც გულისხმობს ვადას, რომლის განმავლობაშიც პირს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს თავისი მართლზომიერი ინტერესის დაკმაყოფილება კანონით გათვალსიწინებული საშუალებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის არსებობა უფლების რეალურად განხორციელების გარანტიაა. ხანდაზმულობის ვადით შესაძლებელი ხდება უფლების დაცვა ამავე უფლების დაცვის აქტუალობისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე. ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა კანონით განსაზღვრული ის პერიოდია, როდესაც მოთხოვნის შესაბამისი მტკიცების განხორციელება ობიექტურად შესაძლებელია, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნისა და შესაგებლის დამადასტურებელი მტკიცებულება რეალურად მოპოვებადია. ამდენად, მოთხოვნის უსასრულოდ დაცვის (დაკმაყოფილების) შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუნდაც, მოთხოვნის მართლზომიერების პირობებში. ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, რომელიც არსებობდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ანუ, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ვითარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სესხის თანხის დაფარვის შესახებ მოთხოვნა მოსარჩელეს წარმოეშვა 2017 წლის 2 მაისამდე, მან, კი სარჩელი სასამართლოში აღძრა 14.07.2017წ. ანუ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კდოექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, სესხის დაფარვას. როგორც აღინიშნა, სახელშეკრულებო მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კანონი ადგენს 3 წლიან ვადას, რომლის განმავლობაშიც დაშვებულია მოთხოვნის შესაბამისი ვალდებულების მხარისათვის დაკისრება. შესაბამისად, 3 წლის გასვლის შემდეგ სადავო უფლების დაკმაყოფილებას გამორიცხავს ხანდაზმულობის ვადის გაშვება. ამასთან, მოსარჩელის მიერ მითითებული არ ყოფილა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით. ხანდაზმულობის გამომრიცხავ გარემოებად არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მითითება გაფრთხილების წერილზე.

 

ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

აღნიშნული ნორმა უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარცელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. სააპელაციო საჩივარის დასაშვებობა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება - 1 000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2571-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს “ე-------------ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე